ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26–44(514)
ვერ ვიტყვი, რომ ფულმა ღირებულებები შემიცვალა, მაგრამ, ჩემს ფიქრებს რომ აშკარად უცვალა მიმართულება და გეზი, ფაქტია! დიახ, სწორად მიხვდით: ჩემი იმდროინდელი ფიქრები, როცა ფული არ მქონდა და, ახლანდელი, როცა ფული იმაზე გაცილებით მეტი მაქვს, ვიდრე საჭიროა (თუმცა, არავინ იცის, რამდენია, საერთოდ, საჭირო და რის მიხედვით იზომება ეს საჭიროება) ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება, ის კი არა, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ – რადიკალურადაც. სადავო საკითხია, რომელი ფიქრები იყო უფრო ღირებული – ის, თუ ეს, მაგრამ, რადგანაც ვიცი, რომ ზუსტად იმდენი პასუხი იქნება, რამდენი ადამიანიც ამ ჩემს ნაცოდვილარს კითხულობს, საერთოდ აღარ მაინტერესებს, ვინ რას უპასუხებს. ბობ მარლის სიკვდილის წინ შვილისთვის უთქვამს, ფულით ცხოვრებას ვერ იყიდიო. ვეთანხმები ბობს და არც ვეთანხმები... ცხოვრებასაც ხომ გააჩნია... უჰ, მგონი, მთავარ სათქმელს მოვწყდი და სერიოზულ სიღრმეებში გავიჭერი. არადა, ძალიან მარტივი და უბრალო რაღაცის თქმას ვაპირებდი. არ შეგინიშნავთ, რომ სასაუბრო ლექსიკაში ყველაზე ნაკლებად ვიყენებთ მოსაფერებელ, საალერსო სიტყვებს?! ნეტავი, რატომ, ვითომ, ამისი მიზეზი სიყვარულის დეფიციტია?
***
ანდრომ კმაყოფილმა დააქნია თავი და მოწონების ნიშნად სოფოს აწეული ცერი თითი დაანახა.
– ვიღაცას ჩემს ბინაში ფული დაუტოვებია და სრულიად შემთხვევით ვიპოვე. წარმოგიდგენია? ჰოდა, გამოვიყენე, – გაინაზა სოფო და კაცს საკოცნელად ტუჩები გაუწოდა. ანდრო მაშინვე დასერიოზულდა.
– მორჩა, სახუმაროდ ნამდვილად არ გვცალია. ის ტიპი უკვე აქ არის და სცენაზე შენი გასვლის დრო დადგა.
– მოიგო უკვე? – გულგრილად იკითხა სოფომ და მკერდზე კაბის ჭრილი გაისწორა – ზუსტად იცოდა, რა უნდა გამოეჩინა და სადამდე.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მოიგებს. შენ სხვა საქმე გაქვს და სხვა ფუნქცია გაკისრია.
სოფომ ამოიოხრა:
– მშვენიერი მოსასმენია – „ფუნქცია გაკისრია“... როცა ქალს ამას ეუბნებიან, კიდევ რაღაცას გულისხმობენ და შენ იცი, რასაც.
– ამჯერად ეს მხოლოდ ტერმინი იყო. სოფო, თემას ნუ გადავუხვევთ. ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე. მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე.
სოფომ თავი დაუქნია:
– კარგი. რადგან უკვე დაგთანხმდი, ახლა სხვა გზა აღარც მაქვს.
– ჭკვიანი გოგო ხარ – არაფერს იმჩნევ და პირდაპირ აბორდაჟზე მიდიხარ.
– შენი რჩევები არ მჭირდება, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
– ჰო, მაგრამ, ეს ჩვეულებრივი მამაკაცი არ არის, ამიტომ, განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.
– რას მელაპარაკები?! აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია...
– სოფო...
– ჰო, კარგი. ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ. თავი ჯეიმს ბონდის ქალი მგონია. ვინ მანახვებს თქვენს არაჩვეულებრივ მამაკაცს?
– ახლავე ინას დავუძახებ, – ანდრო ტელეფონს მისწვდა...
სოფოს გაეღიმა:
– ინა... კარგია, ინასაც გავიცნობ...
– რა? – ანდრო გაოცებული მიაჩერდა.
– არაფერი... – მხრები აიჩეჩა სოფომ, – არაფერი...
– მგონი, რაღაც თქვი.
– მოგეჩვენა. მაჩვენებ თუ არა იმ კაცს, ახლა აღარ გვეჩქარება?
ანდრომ ხელები გაშალა.
– შენიც ვეღარაფერი გავიგე. აი, მოვიდა და დაგანახვებს.
ინა კართან გაჩერდა, სოფომ დაუფარავი ინტერესით შეათვალიერა, მერე ხელი გაუწოდა.
– მე სოფო ვარ. კარგი გოგო ყოფილხარ, ინა...
– გამაგიჟებთ მე თქვენ. გადამრევთ!.. ინას გასაცნობად ხარ აქ მოსული? – გაბრაზდა ანდრო.
– ჰო, კარგი, – ხელი უდარდელად აიქნია სოფომ, – იმასაც გავიცნობ, არ არის პრობლემა. ოღონდ, შენ ცოტა დამშვიდება არ გაწყენს. მაგალითად, მასაჟი მოგიხდებოდა.
– ინა, წაიყვანე დროზე და ზურას უთხარი, შემოვიდეს. რას დაჯდა იქ? თუ კიდევ სვამს, მოვკლავ!
კაბინეტიდან რომ გამოვიდნენ, სოფომ ერთხელ კიდევ შეათვალიერა ინა და ტუჩები მოწონების ნიშნად გაბუსხა. მერე კაბინეტისკენ გადააქნია თავი:
– სულ ასეთ გუნებაზეა?
– ვინ! ბატონი ანდრო? არა, უფრო სწორად, მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ანდრო ცუდ გუნებაზე იყო. უბრალოდ, როცა რაღაც ნორმის ფარგლებს სცილდება, განიცდის და ეს ბუნებრივია, – ცივად თქვა ინამ და სოფო მიხვდა, მის ძმას ძალიან გაუჭირდებოდა ამ ქალის მოთოკვა, თავის ჭკუაზე გატარებას ხომ საერთოდ ვერ შეძლებდა... „საწყალი დათო, – გაიფიქრა სოფომ, – ეს ისეთი ვინმე ჩანს, ძალიან გაუჭირდება“... უცებ მოუნდა, ინასთვის ეთქვა, დათოს და რომ იყო და მათი ურთიერთობის შესახებაც იცოდა, მაგრამ, გაჩუმება ამჯობინა – არ იყო შესაფერისი დრო და ადგილი საამისოდ.
– ინა, შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
– მე? ვერ ვხვდები, რას მეკითხებით, – ინამ ისეთი ცივი და შეუვალი გამომეტყველებით შეხედა. სოფოს შეაჟრჟოლა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა.
– კარგია, ასე რომ მელაპარაკები. ვხედავ, ანდროს მშვენივრად გაუწვრთნიხარ, მაგრამ ჩემთან ეს არ გჭირდება. მართლა... მე შენი უფროსი არაფერს მიმალავს.
– ბატონი ანდრო თავად წყვეტს, ვისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდეს. მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ის მიბრძანებს. წამობრძანდით, თქვენთვის საინტერესო ობიექტი დარბაზის განაპირას მდგარ მაგიდასთან ზის, ჩვენკენ ზურგით. თქვენ ახლა ხედავთ მას. სწორედ ამ წუთას ფსონს დებს. შეხედეთ, ოდნავ შემობრუნდა.
სოფო მამაკაცს დააკვირდა და მისი პროფილის მხოლოდ ნაწილი დაინახა, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „ობიექტი“ ეცნო...
– არა, შეუძლებელია, წარმოუდგენელია, არ მჯერა!.. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სწორედ ის არის, ვინც ანდროს სჭირდება? არაფერი გეშლება?
ინა შეიჭმუხნა. ეს გაპრანჭული ქალი უკვე ძალიან აღიზიანებდა:
– მე არაფერი მეშლება. რამე გაუთვალისწინებელი მოხდა?
– ჰო, მაგრამ, ჯერ კარგად უნდა დავრწმუნდე, რომ არ მეშლება, – სოფომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თან მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს აკვირდებოდა დაჟინებით...
– მისი სახელი იცით? – ჰკითხა ინას ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს.
– ბატონ ანდროს არ უთქვამს, რომ მე თქვენთვის მისი ვინაობაც უნდა გამემხილა.
– რადგან ასეა, მე ბატონ ანდროსთან ვბრუნდები, კაბინეტში. გაცილება არ მინდა, გზა უკვე ვიცი... – გესლიანად წარმოთქვა სოფომ, ინას მტრულად გადახედა, შებრუნდა და ქუსლების ბაკუნით ანდროს კაბინეტისკენ გაემართა.
ინამ მხრები აიჩეჩა და უკან გამოეკიდა...
***
„გავაგრძელო თუ უკვე დაგავიწყდათ, რაზე ვსაუბრობდი?.. ან, იქნებ, სულაც არაფერში გჭირდებათ სიყვარული და ჩემი გიკვირთ – რა „სიყვარულის დეფიციტი“ აუტყდა ამას, როცა ჯიბეები ფულით აქვს სავსეო... მართალი ბრძანდებით. ფულით ხომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, აბსოლუტურად ყველაფრის. ბობ მარლი მუსიკაში კი გლეჯდა ყველაფერს, მაგრამ ცხოვრების აზრზე არ იყო. საწყალი! თანაც, ხომ უკვე გითხარით, ცხოვრებასაც გააჩნია-მეთქი, მაგრამ, არ დაიჯეროთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოკრძალებული მოთხოვნილებები აქვთ. მოთხოვნილებები შესაძლებლობების პროპორციულად იზრდება განუსაზღვრელობამდე. იმაზე აღარაფერს ვამბობ, როგორ უსწრებს წინ მოთხოვნილებები შესაძლებლობებს და რა მოჰყვება ხოლმე ამას შედეგად, თან, ხშირად სწორედ ასეა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი რეალობა სავსეა ასეთი მაგალითებით. მიიხედ-მოიხედეთ და დარწმუნდებით, მინიმუმ, სარკეში ჩაიხედეთ... გასაგებია, რომ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა ვერაფერი სიამოვნებაა, მაგრამ, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილმა ხომ მაინც უნდა აღიაროთ ჭეშმარიტება. თუმცა, არაღიარებისთვისაც არავინ დაგსჯით. ჰმ, ამაზე რომ ვინმეს სჯიდნენ!.. მოიცა, რა, ისედაც კატასტროფულად ცოტანი ვართ ქართველები... არა, არა, დემოგრაფიაზე ჯერ არ მიფიქრია... დრო არ მქონდა-მეთქი, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ ისე... ჰო, ისე, მგონი, ამის დროც მოვიდა, ნელ-ნელა და შეუმჩნევლად... მოვრჩები ამ ყველაფერს და...
... ფულით ყველაფერს იყიდი. დამიჯერეთ. გარდა ერთისა: ღმერთის კეთილგანწყობას – აი, ერთადერთი, რისი ყიდვაც მართლა არ შეიძლება. იქნებ იმიტომ, რომ ჯერ მასთან შუამავალი, ვერავინ გამოიძებნა. სამაგიეროდ, რაღაც შანსი გაქვს, რომ ღმერთის კეთილგანწყობა მოიპოვო – ფულითაც და ისეც – ღმერთი ამის შანსს მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირად აძლევს...
***
ანდრო სოფოს დანახვამ ისე გააბრაზა, ინასაც აღარ მორიდებია, პირდაპირ ყვირილზე გადავიდა:
– აქ რიღასთვის შემობრუნდი, გოგო, ჭკუიდან გინდა, შემშალო? რა გინდა, ტო... ჩემს ნერვებზე რატომ თამაშობ?
– მე კი არა, შენ თამაშობ, – სოფომ შეუბღვირა და სკამზე მოწყვეტით დაეხეთქა, – მგონი, მართლა გაგიჟდი... ვის „შესაბმელად“ მიშვებდი?
– რაა?! – ანდროს თვალები დაუმრგვალდა აღშფოთებისგან, – ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში აქვს და, თანაც, ძალიან დიდი.
– სოფო, პირდაპირ თქვი, რომ არ გინდა ამის გაკეთება და აღარ იცი, თავი როგორ დაიძვრინო.
– რატომ დამიმალე, ვისთან მიშვებდი?
– რას ჰქვია, დაგიმალე? რას ნიშნავს, დაგიმალე? მე ყველაფერი გითხარი, რისი თქმაც საჭიროდ მივიჩნიე.
– ეს უნდა გეთქვა, – თქვა სოფომ და თვალები აენთო, – ამ საქმიდან არაფერი გამოვა, პირდაპირ გეუბნები!
– რატომ? რატომ? ხომ ყველაფერზე შევთანხმდით, ახლა უნდა „გადამაგდო“? სოფო, ამას არ გაპატიებ, იცოდე!
– პატიება-არპატიებაზე თუ მიდგება საქმე, მეც არ გაპატიებ, ჩემი გამოყენება რომ გინდოდა შენი ბინძური ზრახვის შესასრულებლად!
ანდრო გალურჯდა. თვალები ლამის გადმოცვენაზე ჰქონდა. ინა უსიტყვოდ მივარდა პატარა ბართან, ჭიქაში ვისკი ჩაასხა და ანდროს წინ დაუდგა. ანდრომ მაშინღა შენიშნა მისი იქ ყოფნა.
– ინა, გადი და დაგვტოვე ცოტა ხნით. როცა დამჭირდები, დაგიძახებ.
– ეს დალიეთ, ბატონო ანდრო, ცუდად გრძნობთ თავს? – ინამ მტრულად გადახედა სოფოს.
– გადი! – ამოიხრიალა კაცმა და ხელი გაუქნია.
– დამშვიდდი, ძვირფასო, თვალების ბრიალით ვეღარაფერს შეცვლი. ვერაფრით დამითანხმებ, გამორიცხულია! მე ახლა ავდგები და წავალ, შენს გორილებს უთხარი, ჩემი გაჩერება არ გაბედონ.
– სოფო, ჭკუას მოუხმე! შენ მე პირობა მომეცი!..
– ნუ მაშინებ! დაგთანხმდი, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ მქონდა, ჩემი მეგობრის ქმრის შებმას თუ მავალებდი. თან, უსინდისოდ რომ მეუბნებოდი, თუ საჭირო გახდება, ლოგინშიც ჩაუწვებიო...
– რა?! რა?! რომელი მეგობრის? არ მესმის, რაზე ლაპარაკობ...
– ძალიან კარგად გესმის, არაჩვეულებრივად... ისე, შემიძლია, მოგილოცო. მართლა გამაკვირვე. ასეთ სულმდაბლობას შენგანაც კი არ ველოდი. ქალი ვერ დაითანხმე და ახლა ამაზე მიდიხარ?! მერე რას გააკეთებ? ალბათ, ესეც მოფიქრებული გაქვს უკვე. თუმცა, რა დიდი მიხვედრილობა ამას უნდა – ერთ დღეს პირდაპირ თავზე დაგვაყენებდი და თვითონვე იქნებოდი, მანუგეშებლის როლშიც... ფუჰ, როგორი გულისამრევია!..
ანდრომ ვეღარ მოითმინა, წამოხტა, სოფოს მივარდა, მხრებში მოჰკიდა ხელი და მაგრად შეანჯღრია.
– ხელი გამიშვი, იდიოტო, მეტკინა!..
– გეტკინა? გეტკინა? უნდა გეტკინოს!.. რა სისულელეებს ბოდავ, ქალო, ვინ იქნებოდა მანუგეშებლის როლში, ან, ვინ უნდა ვანუგეშო?..
– ვინ? ლიკა, რა თქმა უნდა! მორჩა, ანდრო... გაიშიფრე. უკვე ზუსტად ვიცი, ეს თამაში რისთვისაც წამოიწყე.
– სოფო, არ გამაგიჟო!
– ნუ ბღავი, ოთახიდან ხმა გავა და პრობლემები შეგექმნება. გირჩევნია, გამიშვა. ისევ შენთვის აჯობებს, და... აღარ დამირეკო... იმისაც მადლობელი იყავი, რომ ლიკას არ ვურეკავ და ყველაფერს არ ვუყვები...
ანდროს თითქოს მდუღარე გადაასხეს... სოფოს მაშინვე გაუშვა ხელი და უკან გახტა...
– რა?! შეუძლებელია!..
– რა არის შეუძლებელი? ყველაფერს რომ მიგიხვდი? – სოფომ ნიშნისმოგებით გადააქნია თავი, – შენ რა, მართლა ისეთი სულელი გგონივარ, რომ ამ ყველაფერს შემომატყუებდი? მაინც, რისი იმედი გქონდა? ისე, ვერსია კი კარგი მოიგონე, ვერაფერს ვიტყვი... შესაშური ფანტაზია გქონია...
– გაჩუმდი, გაჩუმდი და მაფიქრე! – დაიღმუვლა ანდრომ. – შენ გინდა, თქვა, რომ ის ტიპი... ის... ლიკას ქმარია?
– არ იცოდი, არა?.. ნუ თამაშობ, არ გიხდება... მართლა არ მეგონა, ამაზე თუ წახვიდოდი. ვერ ხვდები მაინც, როგორ დამამცირე?..
– სოფო, გაჩუმდი!.. – ანდრომ მაგიდაზე დაჰკრა მუშტი... – შეუძლებელია, კიდევ არ მჯერა! მე რატომ არ ვიცოდი? თუმცა, საიდან უნდა მცოდნოდა, შენთვის ხომ მისი სახელი არასოდეს მიკითხავს, არც ლიკას უხსენებია საუბარში... მაგრამ, რომც ეხსენებინა, მაინც ვერაფერს მივხვდებოდი... ლიკას ქმარია? ლიკასი?!
სოფო გაჩუმდა და ანდროს მიაჩერდა:
– მოიცა, შენ რა, მართლა არაფერი იცოდი?
– ეჭვი გეპარება? ოჰ, სოფო, სოფო... რამდენი წელია, ურთიერთობა გვაქვს და მაინც ვერ გამიცანი. როგორ იფიქრე, რომ ლიკას დასათრევად შენ გამოგიყენებდი და მისი ქმრის შებმას დაგავალებდი, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ცხოვრებაში პირველად არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო...
სოფომ იგრძნო, რომ კაცი არ ტყუოდა – არ სჭირდებოდა ამას განსაკუთრებული მიხვედრილობა. ანდროს ხმაში რიხიც გაქრა და მზერაც ჩაუქრა. სოფომაც გადაიფიქრა შეტევა. გვერდით მიუჯდა და მხარზე ლოყით მიეყრდნო:
– ანდრო... რა ხდება?..
***
ლიანას დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია შვილში მომხდარი ცვლილება. ლიკას უჩვეულოდ უციმციმებდა თვალები და სასმლის სუნსაც შესამჩნევად აფრქვევდა... ტანსაცმელიც დაუდევრად მიეყარა და საწოლზე წამოწოლილს, შვილის ამბავიც არ უკითხავს... ლიანა შეშფოთდა. შვილს არაფერი უთხრა და ლოჯიაში, ტელევიზორის წინ მშვიდად მჯდარ ქმარს დაესხა თავს:
– არა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! რამე თუ არ ვიღონეთ, დაგვენგრევა ოჯახი თავზე და ის იქნება... დროა, ჩაერიო, მეტის მოცდა აღარ შეიძლება! არ გესმის თუ ყურს იყრუებ? გამორთე ეგ ტელევიზორი და მომაქციე ყურადღება!
– რა გინდა, ლიანა? ვერ ხედავ, საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ?..
– აუცილებლად „კურიერში“ უნდა გამოგიცხადონ შენი ოჯახის ამბავი, რომ მიხვდე, რა უბედურებაც გვჭირს? ნუ გეშინია, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, ეგეც მალე იქნება. მაგრამ მანამდე მე გამისკდება გული. აი, ნახავ, ასე თუ არ მოხდეს! – ხმას აუწია ლიანამ.
– ფანჯარა მაინც დახურე, შეიყარა სამეზობლო, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კაცმა, ადგა, ტელევიზორი გამორთო და ამოიოხრა:
– აჰა, გამოვრთე. ახლა კმაყოფილი ხარ?
– კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როცა შენს ძვირფას შვილსა და სიძეს დაელაპარაკები. მე მეტის ატანა აღარ შემიძლია!
– რაზე უნდა ველაპარაკო ან ერთს ან მეორეს?
– როგორ, არ იცი? გადამრევთ მე თქვენ და მართლა გამიხეთქავთ გულს!.. აბა, ლიკა რატომ ცხოვრობს აქ ბავშვთან ერთად და სახლში რატომ არ ბრუნდება? ჩვენ ვეღარ შეგველია თუ აქაურობაზე გიჟდება?
– ლიანა, რამდენჯერ გითხარი, მაგათ საქმეში არ ჩავერევი-მეთქი. როცა ცოლად მიჰყვებოდა, მაშინ არაფერი მითქვამს და ახლა რაღა ვთქვა? ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტონ. შენც გირჩევ, თავი დაანებო.
– რას ნიშნავს, თავი დავანებო? აბა, მშვიდად დავჯდე და ვუყურო, როგორ ვიღუპებით?!
– რატომ ვიღუპებით? თუ ოჯახი დაენგრევათ, ეს ძალიან არასასიამოვნო იქნება, მაგრამ ქვეყნის აღსასრულად ვერ ჩავთვლი. რა ვუყოთ, ჩვენ ხომ არა ვართ გამონაკლისები.
– და, მერე მშვიდად უყურებ, როგორ გამოიცვლის შენი ქალიშვილი ქმრებს? – ლიანა უკვე კანკალებდა.
– ჯერ დამშვიდდი... ასეთ პირობებში ლაპარაკი, მით უმეტეს, სერიოზულ საკითხზე მსჯელობა, არ შემიძლია. თანაც, მეჩვენება, რომ ცოტას აჭარბებ. მგონი, ჯერ ისეთი არაფერი ხდება.
– შენ „ისეთს“ რას ეძახი, მაინცდამაინც სახლში უნდა მოგვიყვანოს ლიკამ საყვარელი და სადილზე დაგვიპატიჟოს? გეუბნები, მალე ესეც იქნება-მეთქი.
– ლიანა, დამშვიდდი. ბავშვებს რთული პერიოდი აქვთ. ასეთი რაღაც ხდება ხოლმე, გადაუვლით და ყველაფერი მოგვარდება. ჩვენ მარტო ის შეგვიძლია, გვერდში დავუდგეთ და მათ გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. ვერაფერს ვუბრძანებთ და ვერაფერს მივუთითებთ.
– რატომ? მშობლები არ ვართ? უფლება არ გვაქვს? თუ, ეს ოჯახი არ არის?
– ოჯახიც არის და ჩვენც მშობლები ვართ, მაგრამ, მათი ცხოვრება მათი ცხოვრებაა. ლიანა, ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ, ხვდები, ხომ? მთავარია, მე და შენ ვატოს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, სანამ მის მშობლებს არ სცალიათ და სანამ პირად პრობლემებს მოაგვარებენ.
– აი, მაგაში კი გეთანხმები. ვატოზე ნამდვილად ჩვენ მოგვიწევს ზრუნვა. ქალბატონი ახლა მობრძანდა და შვილი არც მოუკითხავს. საწოლზე წევს და ნებივრობს. მიდი, ერთი, ჰკითხე, სად იყო...
– არაფერს არ ვკითხავ. თუ საჭიროდ ჩათვლის, თვითონ გვეტყვის.
– გამაგიჟებ! იქნებ, რა ხდება, ასე მშვიდად როგორ ხარ? სოფოსავით თუ აიწყვიტა, მერე წუწუნი და თვალების ბრიალი ვეღარ გვიშველის...
– სოფო რა შუაშია?
– რა შუაშია და შუაშია. ერთად მუშაობენ, მეგობრობენ... იქნებ, მოსწონს კიდეც, როგორც ის ცხოვრობს, რა ვიცი მე! მის მაგალითს რომ მიჰბაძოს? გეკითხები, რომ მიჰბაძოს? მარინამ ბევრი იყვირა და იჩხუბა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ეგ ქალბატონი აღარც კი მიდის მშობლებთან.
– ჰოდა, ის გინდა, ლიკაც არ მოვიდეს ჩვენთან? დამშვიდდი, ლიკა ჭკვიანი გოგოა. სისულელეს არ ჩაიდენს.
– რას ეძახი შენ სისულელეს? მე არ მინდა, ჩემმა შვილმა სოფოსავით იცხოვროს, არ მინდა! შეიძლება, ეს ახლა მოდაშია, მაგრამ მე ძველი ყაიდის ადამიანი ვარ და ვერაფრით შევეგუები მისი პარტნიორების ცვლას.
– ვაიმე, ლიანა, რომ ვეღარ ვხვდები, რას მოითხოვ ჩემგან? შევარიგო? ეს გინდა? თუ ერთად ცხოვრება არ უნდათ – მაინც?
– დაელაპარაკე ლიკას, მეტს არაფერს გთხოვ... – ასლუკუნდა ქალი.
– ჰო, კარგი... ოღონდ შენ დამშვიდდი და დაველაპარაკები. მაგრამ, მართლა არ ვიცი, რაზე უნდა ველაპარაკო.
– აჩი, გეხვეწები...
– მივდივარ...
***
ლიკამ თვალები დახუჭა... ცდილობდა, შეხვედრის ყველა წვრილმანი აღედგინა: ანდრო შეუდარებელი იყო – ხალისით სავსე, პატარა ბავშვივით უშუალო და სასაცილო... ან, იქნებ, თამაშობდა ასეთს... ლიკას არ უნდოდა ამის დაჯერება, ლაშასთან კონფლიქტის მერე ასეთ კარგ გუნებაზე აღარ დამდგარა. კარუსელზე ტრიალისა თუ შამპანურისგან თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ, ესეც ძალიან სასიამოვნო იყო... მამის შესვლა არ გაუგია... კაცმა მორიდებით ჩაახველა.
– მამა?! რა მოხდა? – ლიკას ცუდად ენიშნა მამის მის ოთახში შესვლა. ასეთი რამ თითქმის არასდროს ხდებოდა. ლიანასავით არასოდეს უაქტიურია მამას, პრაქტიკულად არ ერეოდა შვილის პირად ცხოვრებაში.
– რა მოხდა-მეთქი, მამა, ვატუნას შეემთხვა რამე? არ მოუყვანია, ხომ, იმ დეგენერატს? – ლიკა წამოხტა და მობილურს დასტაცა ხელი, აი, ახლა ნახავს, რა ამბავს დავმართებ! არამზადა, ვეღარ ეღირსება ბავშვის ნახვას!
– ვატუნა სახლშია, ლიკა, უკვე დიდი ხანია, მოიყვანა ლაშამ. საქმე ამაში არ არის...
ლიკამ ტელეფონი გათიშა და მამას მიაჩერდა.
– ჰოო! – ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა, – აბა, რა ხდება... თუმცა, მგონი ვხვდები: ლიანას ხელწერაა... რა გითხრა? რომ სულელი ვარ და საკუთარ ბედნიერებას ვანგრევ?
– ლიკა, მომისმინე, შვილო... იცი შენ ჩემი ხასიათი და, დედაშენს რომ არ ვგავარ, ამასაც ხვდები, მაგრამ, ლიანასაც უნდა გაუგო. ნერვიულობს და ვიცი, რატომაც. არ არის მისთვის ადვილი, უყუროს როგორ ანადგურებთ შენ და ლაშა თქვენს სიყვარულს.
– სიყვარულს? რომელ სიყვარულს? გვქონდა კი ოდესმე სიყვარული? მგონი, ეს ილუზია იყო, რომლითაც ორივე თავს ვიტყუებდით. მაგრამ ტყუილში დიდხანს ვერ იცხოვრებ. ჰოდა, ჩვენი ლამაზი ზღაპარიც დამთავრდა...
– დარწმუნებული ხარ?
– დარწმუნებული რაში? რომ ჩემი და ლაშას ურთიერთობას მომავალი არ აქვს?
– ჰო... – კაცს ეტყობოდა, რომ უჭირდა ლაპარაკი.
– ამ ეტაპზე არანაირი მომავლის პერსპექტივა არ ჩანს და მეეჭვება, მომავალშიც გამოჩნდეს.
– იმიტომ, რომ შენ ვიღაც სხვა მოგეწონა? – ნაძალადევად წარმოთქვა კაცმა და უხერხულად შეიშმუშნა.
– ჯერ არაფერი არ ვიცი. მაგრამ, რადგან ასე დაინტერესდით ჩემი პირადი ცხოვრებით, გეტყვი: თაყვანისმცემელი მყავს. სერიოზული ადამიანია და ძალიან მოვწონვარ... თუმცა, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს, აბსოლუტურად არაფერს...
– კარგი, შვილო. იმედი მაქვს, გადაწყვეტილებას ცხელ გულზე არ მიიღებ.
– „ცხელ გულში“ იმ წყენას გულისხმობ, რაც ლაშამ მომაყენა? სიმართლე რომ გითხრა, ეგ ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. მას შანსი მივეცი და არ გამოიყენა. გული მატკინა, ძალიან მატკინა, მაგრამ უკვე ამანაც გაიარა. ვატო სად არის, უნდა დაველაპარაკო.
– მამამისზე ცუდს მაინც ნუ ეტყვი, ისედაც ისეთი მოწყენილია.
– ჰმ, რა აწყენინა ბავშვს, მაგისთვის წაიყვანა?
– რა უნდა ეწყენინებინა, დატვირთული მოვიდა საჩუქრებით. უამრავი რამე უყიდია და მერე მე დამირეკა, ქვევით ჩავედი და ფული მომცა, – კაცმა ჯიბიდან რაღაც შეხვეული ამოიღო.
– აი... ლიკას მიეციო, დამიბარა.
ლიკამ შეხვეული გამოართვა.
– ოჰო, ეგ აღარ ხუმრობს... ამით უნდა, შვილის სიყვარული იყიდოს? – თქვა დაუფარავი ბოღმით.
– შვილო, იქნებ შენი სიყვარულის, ნდობის ყიდვა უნდა? იფიქრე ამაზე... – არჩილმა კარი გაიხურა...
ლიკამ საწოლზე გაშლილ კუპიურებს დახედა და ამოიოხრა...
***
ანდრო მაგიდასთან ხელებში თავჩარგული იჯდა. სოფო ოთახში სცემდა ბოლთას.
– დაჯექი, რა, შენი ქუსლების კაკუნი ნერვებს მიშლის, ისედაც, ლამის გავგიჟდე! ლიკას ქმარი როგორ არის, მითხარი, ეს უბრალო დამთხვევაა თუ მე დამცინის ბედი?...
– მოიცა, ჯერ მეც შოკში ვარ და ვერაფერს მივმხვდარვარ. აქ უკვე ისეთი ხლართი იკვრება... ესე იგი, ლაშას არავითარი საყვარელი არ ჰყავს? ჰმ, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი...
– ლაშას საყვარლის ყოლა-არყოლის ამბავი მე სულ ფეხებზე მკიდია! – იფეთქა ანდრომ, – ეგ ტიპი მე სერიოზულ პრობლემებს მიქმნის, ძალიან სერიოზულს!.. შენ ეს მითხარი, ლიკამ არ იცის, თავისი ქმარი „ოქროს კვერცხებს“ რომ დებს? დარწმუნებული ხარ?
სოფოს არც გაუგონია მისი სიტყვები, თავისთვის ფიქრობდა რაღაცას, თან ბუტბუტებდა, – აი, თურმე საიდან აქვს ლაშას ფული!.. ლიკამ კი, რა აღარ იფიქრა, რა აღარ დააბრალა საწყალს... ჰმ, როგორი უცნაური დამთხვევაა... მეცინება...
– ვერაფერს ვხედავ სასაცილოს, – შეუბღვირა ანდრომ, – ეგ ტიპი ჩემი ფულით ნელ-ნელა მდიდრდება, მე კი ხელს ვერაფრით ვუშლი.
– მოიცა. მართლა იგებს?
– არა, გეთამაშები! – გამწარდა ანდრო, – იგებს, ჰო, იგებს და ნელ-ნელა მაკოტრებს...
– ვერასდროს წარმოვიდგენდი, ლაშა ასეთი ჭკვიანი თუ იქნებოდა! მაინც, როგორ ახერხებს, ჰა?
– სოფო, თავს ნუ იშტერებ! ეგ რომ ვიცოდე, შენ რაღაში დამჭირდებოდი? ახლავე გავუსწორებდი ანგარიშს. ფაქტია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ რა?
სოფომ მხრები აიჩეჩა:
– რა გიყო, მეც ვერაფრით დაგეხმარები, არ შემიძლია...
– რა არ შეგიძლია, სოფო? უარის თქმის უფლება არ გაქვს!
– შენ, მგონი, ვერ გაიგე – ლაშა ჩემი მეგობრის ქმარია. მეგობრის ქმრები კი, ჩემთვის მამაკაცები არ არიან – ეს ჩემი პრინციპია, რომელსაც არ ვღალატობ.
– მე შენი პრინციპები ფეხებზე მკიდია! არაფრის მოსმენა აღარ მინდა, რადგან ასე მოხდა, დღეს თქვენი შეხვედრა აღარ მოხერხდება... ჯანდაბა! მაგრამ, ყველაფერს გააკეთებ, რომ მისი საიდუმლო ამოხსნა!
– ანდრო, მომისმინე...
– არა, შენ მომისმინე! პრინციპში, შეიძლება კარგიც იყოს, ერთმანეთს რომ იცნობთ. უფრო გაგიადვილდება მასთან ურთიერთობა. მართალია, ამან ჩვენი გეგმები ცოტა არია, მაგრამ, არა უშავს. იქნებ, ასეც ჯობდეს...
– ლაშას სხვა ქალები არ აინტერესებს, თავის ცოლზე გიჟდება და არაფერი გამოგვივა. სხვანაირად უნდა მივუდგეთ...
– ჰოდა, მიუდექი. ყველაფრის ნებას გაძლევ, აბსოლუტური თავისუფლება გაქვს...
სოფოს გაეღიმა.
– რა გაცინებს? – ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შენი გადასაწყვეტი იქნება, მასთან როგორ მოიქცე. მე ინფორმაცია მჭირდება. როგორ და რა საშუალებით მოიპოვებ მას – შენი საქმეა, – უთხრა ანდრომ.
– მართლა? – ისევ გაიცინა სოფომ, – მე რომ ლიკას მოვუყვე, რაც სინამდვილეში ხდება? იქნებ, ის დამეხმაროს სიმართლის გარკვევაში? ოღონდ, ამ შემთხვევაში, შენ ლიკასთან ურთიერთობაზე უარის თქმა მოგიწევს.
ანდრო შეიჭმუხნა:
– სოფო, შენ მართლა ფიქრობ, რომ ჩემთვის ქალი ბიზნესზე მნიშვნელოვანია თუ მეკაიფები? მინდა გითხრა, რომ საამისოდ ძალიან ცუდი დრო მოგინახავს. აქ მარტო ფულზე არ არის საუბარი. მე ვერ ავიტან, სხვა მკარნახობდეს თამაშის პირობებს, მით უმეტეს, ეს ხელმოცარული რაინდი, რომელსაც საკუთარ ცოლთანაც კი არ აქვს ავტორიტეტი!
– კაცის ღირსება ამით იზომება? – ირონიულად ჩაილაპარაკა სოფომ.
– არ იცოდი? თუ საკუთარი ცოლი არ გაღიარებს, როგორც მამაკაცსა და პიროვნებას, თუ მის თვალში ავტორიტეტი არ გაქვს, ნული ხარ როგორც კაცი და რაღაზე უნდა გქონდეს პრეტენზია? ყველა აწყვეტილი ქალის უკან სუსტი და დაკომპლექსებული კაცი დგას.
– ყოველ შემთხვევაში, ლაშამ შენი გაოცება მოახერხა და საგონებელშიც ჩაგაგდო. კიდევ, ვერ წარმომიდგენია, რომ ლაშამ შეიმუშავა შენი გაყვლეფის ისეთი სქემა, რომ ამდენ ხალხს ჯერაც ვერაფერი გაგირკვევიათ. აქამდე მეგონა, რომ მამაკაცებს კარგად ვიცნობდი. როგორ ვერ დავინახე მასში დამალული ამხელა პოტენციალი?
ანდრომ კბილები გააღრჭიალა:
– მე გულზე ვსკდები, შენ კი – ერთობი... არაჩვეულებრივია! არავის იმედი არ უნდა მქონდეს რთულ სიტუაციაში. ისიც არ გესმის, რომ აქ ძალიან სერიოზულ პრობლემაზეა ლაპარაკი, იმაზე სერიოზულზე, ვიდრე წარმოგიდგენია.
– ძალიან გაზარალა? – სოფოს ხმაში ტონი აშკარად შერბილდა და უფრო შემწყნარებლური გახდა.
– შენ როგორ ფიქრობ? – ღრენით ჩაილაპარაკა ანდრომ, – მე იმის კაცი ვარ, რომ ათას, თუნდაც ხუთი ათას დოლარზე ავტეხო სკანდალი? მე ამ ადამიანში იმაზე დიდ საფრთხეს ვხედავ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
– მგონია, რომ ცდები. მე ლაშას ვიცნობ და ადამიანებშიც რაღაც გამეგება. ვფიქრობ, უბრალოდ, გაუმართლა, სულ ეს არის.
– უბრალოდ, გაუმართლა და ცოლს ეჭვი აქვს, რომ მის ქმარს ფულს საყვარელი აძლევს? ჩვეულებრივ, ბუნებრივ სიტუაციაში, ცოლებს უხარიათ ხოლმე ქმრების ასეთი „უბრალო გამართლებები“.
– ლიკა ეჭვიანია.
– ეჭვიანი? ყველა ქალი ეჭვიანია, მაგრამ ლიკასთვის რაღაც არ შემიმჩნევია, რომ ირეოდეს თავის ქმარზე. გეუბნები, ეგ ტიპი არაფერს წარმოადგენს, მაგრამ, რაღაც ისეთი იცის... – ანდრომ შუბლი მოისრისა და სოფოს მიაშტერდა, – მოდი, ასე მოვიქცეთ: ეგ ტიპი მარტო არ არის, მუდმივად ერთსა და იმავე ბიჭთან ერთად მოდის. თუ მეგობრის ქმართან ურთიერთობა შენთვის პრობლემაა, იმ ტიპზე იმუშავე.
– ვინ ტიპია?
– ამჯერად სახელსა და გვარს გეტყვი – შემთხვევით ეგეც შენი მეგობრის ქმარი ან შეყვარებული არ აღმოჩნდეს.
– შენი ირონია უადგილოა, თანაც, ახლა ვიფიქრე, რომ...
– ჯერ მე მალაპარაკე, თუ შეიძლება! ამ გაურკვევლობაში დიდხანს ვეღარ ვიქნები – ეს ჩემს ხასიათთან ისეთ კონტრასტშია, რომ, მალე, ალბათ, გავაფრენ და, რომ არ გავაფრინო, ამაში, ვერავის დაველოდები, შენ უნდა დამეხმარო, იმიტომ, რომ ვიცი, რასაც სპეცსამსახურები ან დაქირავებული დეტექტივი ვერ შეძლებს, შენ არაჩვეულებრივად გამოგივა. მთავარია, არ იჯიუტო. დამიჯერე, შენ ამით მხოლოდ მოიგებ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში