48 წლის მამინაცვალმა 13 წლის გერი ლოტკინის ტყეში გააუპატიურა
ეგრეთ წოდებულ ლოტკინის ტყეში კობა მ-მ 13 წლის გოგონა გააუპატიურა. მოძალადე, რომელიც ბავშვის დედის საყვარელი იყო, სამი წლის განმავლობაში დედა-შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 48 წლის კობა მ. საყვარელს ჯერ 19 წლის დეიდაშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ციხეში მისი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის გამო მოხვდა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ამ ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი განსასჯელი ბრალის შემსუბუქების მიზნით ზემდგომ ინსტანციებში ჩივის.
საგულისხმოა, რომ 13 წლის ეკა, დედის საყვარელს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, მამად მიიჩნევდა. როგორც მისი ჩვენებით ირკვევა, მართალია, ზოგჯერ კობა მ. მას სცემდა კიდეც, მაგრამ ის მაინც მამასავით უყვარდა...
შემზარავი ტრაგედია 19 ივნისს ეგრეთ წოდებულ ლოტკინის ტყეში მოხდა. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ, მიუხედავად ძალადობისა და მძიმე ტრავმებისა, ბავშვი გადარჩა და მოძალადე თავად ამხილა. 48 წლის კობა მ-ს სასამართლომ 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პატიმარმა, რომელმაც ეს შემზარავი დანაშაული ჩაიდინა, სასჯელი ზედმეტად მკაცრად მიიჩნია და შემსუბუქების მიზნით ზემდგომ ინსტანციასაც მიმართა. როგორც მის საჩივარშია აღნიშნული, ვინაიდან დანაშაულს გულწრფელად ინანიებს, ამასთან, ასაკშია, სასამართლო მის მდგომარეობაში უნდა შევიდეს და სასჯელი შეუმციროს. ანუ, პატიმრის არგუმენტით, ასაკოვანს ამხელა სასჯელი არ ეკუთვნის.
რა მოხდა ლოტკინის ტყეში
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 19 ივნისს, ღამის 22:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კობა მ-მ ლოტკინის ტყეში, საყვარლის მცირეწლოვანი შვილი გააუპატიურა. შემზარავი დანაშაულის შემდეგ კი, მოძალადე არათუ მიიმალა, ბავშვის დედასთან სახლში დაბრუნდა და კვალის წაშლის მიზნით, ტანსაცმელი, რომელიც დანაშაულის მომენტში ეცვა, გარეცხა, რადგან მასზე სისხლის კვალი ემჩნეოდა.
სამართალდამცველებმა ეჭვიმიტანილი სწორედ ნაქირავებ ბინაში დააკავეს და, მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმელზე კვალი წაშალა, ექსპერტიზით, სწორედ ტანსაცმლიდან აღებული კვალით დადასტურდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
რაც შეეხება გაუპატიურებულ ბავშვს, მომხდარი ძალადობის შემდეგ, ის შეშინებული გაიქცა და იქვე მდებარე პურის საცხობში მცხოვრებ ქალებს მიეკედლა. სოფლიდან ჩამოსული ირმა ბროლაძე, რომელიც პურის საცხობში მუშაობს, ღამესაც იქვე მდებარე პატარა ოთახში ათევს. 19 ივნისს, ვინაიდან თავს ცუდად გრძნობდა, ბროლაძე ადრე დაწვა, მაგრამ მოულოდნელად კარზე ბრახუნმა გამოაღვიძა.
ირმა ბროლაძე: „წნევა მაწუხებდა და ადრე დავწექი. ბრახუნის ხმამ გამომაღვიძა და შემეშინდა. მაშინვე საათს დავხედე – პირველის ნახევარი ხდებოდა. რომ ვიკითხე ვინ არის-მეთქი, გოგონას ხმა შემომესმა. ვუთხარი, რომ პური არ მქონდა, მაგრამ მან მითხრა, დამეხმარეთო. კართან გოგონა მარტო იდგა. სახეზე სისხლის კვალი აჩნდა. მას მოკლე ქვედაბოლო ეცვა და მუხლებთანაც სისხლი ჰქონდა... ბავშვი ოთახში რომ შემოვიყვანე, მაშინვე მეცნო – მას ჩემ ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, სადღეღამისო ჯიხურთან, ვიღაც ქალთან ერთად ვხედავდი ხოლმე. იმდენად ლამაზი ბავშვი იყო, მისი ვინაობით დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ ჯიხურში დედამისის დეიდაშვილ გოგონას ეხმარებოდა ხოლმე და გამიკვირდა, რომ სკოლაში არ დადიოდა.
რომ ვკითხე, რა შეგემთხვა-მეთქი, მიპასუხა – მამინაცვალმა მცემა, მე კი ვუკბინე და გამოვიქეციო. მაშინვე ვიეჭვე, რომ ბავშვი რაღაცას მალავდა. მერე მივხვდი, რომ გაუპატიურებული იყო, რადგან წელში მოხრილი იდგა და სიარული უჭირდა. თანაც, მუცლის ქვემოთ ხელი დაიდო – მტკივაო...
როდესაც დეტალები გამოვკითხე, ატირდა, შემდეგ კი აღარაფერი დაუმალავს. მითხრა, რომ დედამისის საყვარელი სახლში მთვრალი მისულა და უთქვამს, რომ გოგონა მეგობრის ცოლთან უნდა წაეყვანა – თურქეთიდან ახალი საქონელი ჩამოიტანა და ახალი ტანსაცმელი უნდა გიყიდოთო. ტანსაცმლის საყიდლად წასვლა ბავშვის დედასაც მოუნდომებია, მაგრამ საყვარელს უარი უთქვამს – შენთვის საყიდელი ფული არ მაქვს, მარტო ეკას უნდა გავუკეთო საჩუქარიო.
ბავშვი ამ დეტალებს რომ მიყვებოდა, კარზე ისევ ბრახუნი გაისმა. ამჯერად ბავშვის დედა ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. მათ დანახვაზე ბავშვმა ტირილს მოუმატა, შემდეგ კი მათაც იგივე უთხრა – კობამ სილა გამარტყა, მცემა, მაგრამ გამოვიქეციო. ცხადია, დედამისიც მიხვდა, რაშიც იყო საქმე და, ბავშვის წინააღმდეგობის მიუხედავად, შვილი დაათვალიერა. მომხდარში ყველანი დავრწმუნდით, ბავშვი გაუპატიურებული იყო...”
ბავშვის დედის ჩვენებიდან: „ქმარს რომ გავცილდი ბავშვი თავიდან მამამისთან, რუსეთში ცხოვრობდა. იქ მხოლოდ რამდენიმე კლასი დაამთავრა. ვინაიდან მამამისი დააპატიმრეს, შემდეგ ჩემთან მოინდომა ცხოვრება და საქართველოში წამოვიდა. კობა მის ჩამოსვლამდე გავიცანი, ერთად ვცხოვრობდით და კარგი ურთიერთობა გვქონდა. აეროპორტში ბავშვის დასახვედრად თავად კობამ წამიყვანა. მიხაროდა, რომ ბავშვი ჩემთან ცხოვრობდა და კობასთან მასაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. კობა მისთვის საჩუქრებს არ იშურებდა. თუმცა, ვინაიდან ბავშვი რუსეთის მოქალაქე იყო, საბუთები ვერ გავუკეთე და სკოლაში ვეღარ შევიყვანე. მაინცდამაინც არც თვითონ ჰქონია სწავლის სურვილი და ხან მე, ხანაც ჩემს დეიდაშვილს გვეხმარებოდა.
19 ივნისს სახლში მე და ეკა ვიყავით, როდესაც კობა მთვრალი მოვიდა. უკვე გვიანი იყო, მაგრამ ბავშვს უთხრა, რომ საყიდლებზე უნდა წაეყვანა. ავუხსენი, უკვე გვიანაა და მეორე დღეს წაიყვანე-მეთქი, მაგრამ კობამ – ხვალ საქონელი უკვე ბაზრობაზე უნდა გაიტანოს იმ ქალმა და, შეიძლება კარგი ვეღარაფერი შევურჩიოო. ცუდი არაფერი მიფიქრია, მაგრამ, მაინც ძალიან არ მინდოდა ბავშვის შუაღამისას გაშვება, ვინაიდან მთვრალს ცუდი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ, ბავშვს გაუხარდა ახალი ტანსაცმლის ყიდვა, ვეღარ შევეწინააღმდეგე და გადავწყვიტე მეც გავყოლოდი.
სახლიდან ჯერ კობა და ბავშვი გავიდნენ. მართალია, მეც მივდიოდი, მაგრამ ვიდრე საგარეო ტანსაცმელი გადავიცვი და კარი დავკეტე, დრო გავიდა. როდესაც გარეთ გავედი ვერც ერთი ვეღარ ვიპოვე, ძალიან შემეშინდა და ძებნა დავუწყე. ამ დროს გზაში ჩემი დეიდაშვილი შემხვდა. ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ, ვთხოვე, რომ ძალიან მეშინოდა და მათ საძებნელად გამომყოლოდა. იმ ოჯახში რომ მივედით დიასახლისმა გამოგვხედა – კობა უკვე წამოვიდაო. უფრო შემეშინდა, სად არ ვეძებე, ვურეკე კიდეც მაგრამ, ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ვერსად მივაგენით.
ამასობაში დაახლოებით საათ-ნახევარი გავიდა და ბოლოს ატირებულ ბავშვს პურის საცხობში მივაგენით. ფეხები სისხლით ჰქონდა დასვრილი. მითხრა, კობამ სილა გამარტყა, მიწაზე დამაგდო და მცემაო. როცა დავრწმუნდი, რომ გაუპატიურებული იყო, მაშინვე პოლიციაში წავედით. ჩვენების მიცემის შემდეგ მე სახლში დავბრუნდი და გავოგნდით – კობა სახლში დამხვდა. ტანსაცმელი კი, რომელიც სახლიდან გასვლისას ეცვა, გაერეცხა და ეზოში გაეფინა, რასაც არასდროს აკეთებდა.
როგორც კი დამინახა, ჩხუბი ატეხა – სად დადიხარო. სახე ჩამოვკაწრე და ბოლო ხმაზე ვუკიოდი. ხმაურზე მეზობლები შემოვიდნენ და გვაშველებდნენ. ცოტა ხანში კი, ჩემი დეიდაშვილი გამოჩნდა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა...
დაახლოებით ორი წლის წინ სახლში კობამ პორნო-კარტი მოიტანა და საწოლთან გაიკრა. ჯერ ვეჩხუბე, შემდეგ ჩამოვუხიე, მაგრამ მაინც ჩამოკიდა. ბინძური ფოტოები მანამდე ჰქონდა გაკრული, ვიდრე ბავშვი არ ჩამოვიდა. მართალია, კობა ზოგჯერ ბავშვს სცემდა, მაგრამ, არასდროს მიფიქრია, რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა, ჩემთან სქესობრივი კავშირის დროსაც არ იქცეოდა ისე, რომ მის სიგიჟეში ეჭვი შემპარვოდა. თანაც, ბავშვი მას „მამას“ ეძახდა.
მომხდარში მაინც საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე მემუქრებოდა, როგორც კი შენი დეიდაშვილი ჩვენთან გადმოვა საცხოვრებლად, როგორც მინდა, ისე „ვიხმარო”. ნასვამი ამას ხშირად მიმეორებდა ხოლმე...”
ბავშვის ჩვენებიდან: „როდესაც კობა მთვრალი იყო, დედაჩემის თვალწინაც კი მცემდა. დედა ცდილობდა ჩემს დაცვას, მაგრამ მასაც სცემდა. იმ დღეს მთვრალი იყო, მითხრა, ტანსაცმელი უნდა გიყიდოო. დედამ სთხოვა, რომ თვითონაც წამოვიდოდა, მაგრამ ეჩხუბა – შენ მაინც არაფერს გიყიდიო. თავიდან წასვლა არ მინდოდა, უკვე ღამე იყო და მეძინებოდა, მაგრამ, რომ მითხრა, შენ რომ მოგწონს, იმ შორტებსაც გიყიდიო, გამიხარდა. მეგონა, დედაც წამოვიდოდა, მაგრამ ის დარჩა. კობამ ხელი მომკიდა და ტყეში შემიყვანა – დედაშენს დაველოდოთო. შემდეგ მიწაზე ძალით დამაწვინა და მკითხა – უნდა მითხრა, დედაშენი ვისთან მღალატობსო. არაფერი მითქვამს. შემდეგ კი გაბრაზებით მიყვიროდა – დედაშენი შენ გამო ჩემგან შვილს არ აჩენს, ორსულად იყო, ძალით მოიშალა მუცელიო – და სილა გამაწნა. გადავვარდი და მეტი აღარაფერი მახსოვს. როცა გონზე მოვედი, ჩემი ხელი ეჭირა. ვუკბინე, სახეში ხელებს ვურტყამდი, მაგრამ არ მიშვებდა. რამდენიმე წამით გამიშვა და მეც სწრაფად გავიქეცი...”
განსასჯელმა კობა მ-მ დანაშაული, ფაქტობრივად, მთლიანად აღიარა, თუმცა დეტალებზე საუბარს თავი აარიდა: „მეგობართან დავლიე. გავიგე, რომ მისი ცოლი დაბრუნდა და თურქეთიდან ქალისა და ბავშვის ტანსაცმელი ჩამოიტანა. გადავწყვიტე ჩემი საყვარლის შვილისთვის მეყიდა, რადგან გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ ჰქონდა და ჭუჭყიანი დადიოდა. სახლში რომ დავბრუნდი, სერიალი მთავრდებოდა. ჯერ ვუყურე და შემდეგ გადავწყვიტე მისი წაყვანა. გარეთ რომ გამოვედით, ბავშვს ვუთხარი, რომ დედამისს დავლოდებოდით და მანამდე ტყისთვის წრე დაგვერტყა. რაც მოხდა – იცით...
დედა-შვილთან თითქმის ოთხი წელი ვცხოვრობდი. ბავშვს არ უყვირია, თორემ ყველა გაიგებდა. როგორც ახლა ვიხსენებ, მან უმიზეზოდ ჩხუბი დამიწყო... გავაუპატიურე, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ მსურს. ვიცი, რომ, რაც ჩავიდინე იმდენად ამაზრზენია, გამოსწორება შეუძლებელია. ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი...”
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბავშვის მამას 5 წელი აქვს მისჯილი. რაც შეეხება ბავშვის დედას, კობა მ-ს გაცნობამდე მწყემსებთან ცხოვრობდა. უცნაურია, მაგრამ მას ჩვენებაში არ დაუმალავს, რომ იქ ვიღაც მოხევე ბიჭის საყვარელი იყო, ბოლოს კი იქაურობას გაეცალა. მისი თქმით, ის ორსულად იყო, მაგრამ ეკონომიურად გაჭირვებულს მეორე შვილის რჩენა არ შეეძლო და ამიტომ მუცელი მოიშალა.
როგორც ირკვევა, სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან კობა მ. რომელმაც ქალი ნაქირავებ ბინაში გადაიყვანა და არა მხოლოდ მას, ბოლო სამი წელი მის შვილს, შემდეგ კი მის დეიდაშვილსაც ინახავდა. რაც შეეხება თავად კობა მ-ს, ის ვაგზლის ბაზრობაზე დარაჯად მუშაობდა, ხოლო როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ისევ ბაზრობაზე მტვირთავად მუშაობით ირჩენდა თავს.