რას არ იცავს ლელა მებურიშვილი და როდის გაუჩნდა მას ქალური ინსტინქტი
ლელა: თუ სახლიდან 11 საათზე უნდა გავიდე, დაახლოებით, 9 საათზე ავდგები, ანუ ორი საათი მჭირდება, ნელა, მშვიდად მოვემზადო, არ ავჩქარდე. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც 15 წუთშიც გავმზადებულვარ და გავსულვარ სახლიდან.
– როგორ უვლი სახის კანს? კოსმეტოლოგთან თუ დადიხარ?
– სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე მიწევს გრიმის გაკეთება. წესით, კოსმეტოლოგთან ხშირად უნდა დავდიოდე, მაგრამ ვცდილობ, წელიწადში ერთხელ მაინც მივიდე. ერთი და იმავე კრემს არასდროს ვხმარობ, სულ ვცვლი. ძირითადად, ვხმარობ დილისა და ღამის კრემებს, ასევე თვალის გარშემო წასასმელს. ნიღბებს დროის უქონლობის გამო, იშვიათად ვიკეთებ. გვიან, რომ მოვდივარ სახლში, ერთი სული მაქვს დავწვე და დავიძინო. სახლის პირობებში, ხილის ნიღბები არასდროს გამიკეთებია. თუმცა, მეუბნებიან, რომ ძალიან კარგია. როცა დიდ შვებულებას ავიღებ, მაშინ გავიკეთებ.
– ძილის წინ ყოველთვის იშორებ მაკიაჟს, თუ გავიწყდება ხოლმე?
– აუცილებლად. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ სახიდან არ ჩამოვიბანო მაკიაჟი და ისე დავიძინო. მაქვს სპეციალური ტონიკები, რძე და სახის დასაბანი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მაკიაჟს ყოველთვის ვიშორებ რძით და ტონიკით, მერე აუცილებლად ვიბან, იმიტომ, რომ ისე ვერ ვიძინებ.
– მაკიაჟს თავად იკეთებ?
– ჩემით მიყვარს მაკიაჟის გაკეთება, ზოგჯერ ხომ არ იცი, როგორ გაგიკეთებს სხვა. თუმცა, ისიც კარგია, როდესაც მაკიაჟს პროფესიონალი გიკეთებს, თანაც განსხვავებულს. საერთოდ, არ მიყვარს მაკიაჟი, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მივეჩვიე. თუ საჭირო არ არის, მაშინ არაფერს ვისვამ.
– „შუა ქალაქში” სულ სხვადასხვანაირი ვარცხნილობა გაქვს. გიყვარს ექსპერიმენტები?
– თმაზე მიყვარს ექსპერიმენტები, ხან რა ვარცხნილობას ვიკეთებ, ხან კიდევ – რას. გრძელი თმა მაქვს და ვერ ვბედავ შეჭრას. სტილისტთან ძირითადად ვივარცხნი, იმ ვარცხნილობის ფორმას, რომელიც მაქვს ხოლმე, მე ვიგონებ. რაც შეეხება შეღებვას, ერთხელ შევიღებე მხოლოდ. ერთ-ერთ სპექტაკლში ნაწნავები მეკეთა, რომელიც ჩემი თმისგან ოდნავ განსხვავდებოდა, ფერით და შევიღებე.
– გახსოვს, პირველად როდის გაგიჩნდა ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?
– მგონი, ძალიან გვიან გამიჩნდა ეს ინსტინქტი. უნივერსიტეტი, რომ დავამთავრე, საერთოდ არ ვიღებებოდი, ტუშსაც კი არ ვისვამდი. ყურებიც არ მქონდა გახვრეტილი, როცა თეატრალურში სწავლობ, თან სამსახიობოზე, წესით, ეს ყველაფერი უნდა გქონდეს. მაგრამ, ახლა, რომ მახსენდება, აბსოლუტურად არ მქონდა იმის შეგრძნება, რომ უნდა გავპრანჭულიყავი. შემდეგ უკვე, როდესაც სპექტაკლებში დავიწყე თამაში, სადაც აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი შეღებილი, მომეწონა და მივხვდი, რომ მაკიაჟით სხვანაირი ვარ. როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, იმ დღესვე წავედი და სამ ადგილას გავიხვრიტე ყურები. ასე დავიწყე თავის მოვლა.
– როგორ უვლი სხეულს?
– ძალიან მიყვარს და ვხმარობ დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს, როგორც კი ახალ-ახალი რაღაც შემოდის, მაშინვე ვყიდულობ. რა თქმა უნდა, ის აუცილებლად უნდა იყოს კანისთვის სასარგებლო და შესაფერისი. სამწუხაროდ, არ მაქვს იმის დრო, რომ ვივარჯიშო. ძალიან მინდა დილით ადრე ავდგე და აუზზე ვიარო. უკვე საჭიროა, რომ სხეულის ფორმის შენარჩუნებაზე ვიფიქრო. ჯერჯერობით ამ მხრივ პრობლემა არ მქონია, დიეტაც არ დამიცავს. ადრე უფრო ვვარჯიშობდი სახლში, ნახევარი საათის განმავლობაში და ძალიან მსიამოვნებდა, ახლა აღარ ვვარჯიშობ.
– მასაჟები გიყვარს?
– მასაჟები ძალიან მიყვარს, მაგრამ ამით ვერ ვანებივრებ საკუთარ თავს. ძალიან მინდა, როგორც აღვნიშნე, დილით აუზზე წავიდე და მერე იქვე მასაჟები გავიკეთო.
– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?
– მსუბუქი, გრილი სურნელის სუნამოები მომწონს, ოდნავ მოტკბოც შეიძლება. ისეთი პერიოდიც მქონია, რომ საერთოდ ვერ ვხმარობ სუნამოს. ისე ხშირად ვიცვლი, ორჯერ ერთი და იგივე სუნამო არასდროს მიხმარია. თითქმის არაფრის ამოჩემება არ ვიცი, ტანსაცმელს ზოგჯერ ამოვიჩემებ ხოლმე, მაგრამ მერე მბეზრდება.
– სუნამოს სურნელით თუ იმახსოვრებ ადამიანებს, ცხოვრებისეულ მომენტებს?
– კი, როგორ არა, ადამიანებს, სიტუაციებს ყოველთვის ვიმახსოვრებ და ეს შეგრძნებები მძაფრად მაქვს განვითარებული.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცი არ უნდა უვლიდეს თავს?
– აუცილებლად უნდა მოუაროს სახის კანსაც, თმასაც, სუნამოსაც უნდა ისხამდეს, მოწესრიგებული, სუფთა უნდა იყოს. ფრჩხილებიც წესრიგში უნდა ჰქონდეს. თუმცა, ძალიან მოწესრიგებული ფრჩხილები რომ აქვთ და გამჭვირვალე ლაქი უსვიათ, მაღიზიანებს. ვიცი, რომ ეს დამცავია, მაგრამ არ მსიამოვნებს. რომ ვუყურებ, ცუდად ვხდები.
რჩევა: სილამაზის პირველი რეცეპტია, იყო კარგ ხასიათზე და შინაგანად კარგად განწყობილი, დადებით აურას ატარებდე და ეს ყოველთვის აისახება შენს გარეგნობაზე.
ნათია უტიაშვილი