„ჩემი სიზმარი – შენ“
კალიფორნიის მაღალი ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებმა იპოვეს სიზმრებისა და აზრების გაშიფვრის ელექტრონული ჩაწერის მეთოდი. სწავლულების მიერ ჩატარებული კვლევების მიმდინარეობისას დაადგინეს, რომ თავის ტვინის ინდივიდუალური უჯრედების ან ნეირონების აქტივობა, განსაზღვრულ საგნებთან და სახეებთან ასოცირდება. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ როდესაც მოხალისე, მაგალითად, მერლინ მონროზე ფიქრობდა, მის ტვინში კონკრეტული ნეირონი აქტიურდებოდა.
დოქტორმა სერფმა და მისმა კოლეგებმა შეძლეს, გაეშიფრათ ნეირონი, რომელიც პასუხობს განსაზღვრულ სახეებსა და ცნებებზე, აკვირდებოდნენ, როგორ და რა თანმიმდევრობით აქტიურდებოდა კონკრეტული ნეირონი. სწავლულებმა ასე შეძლეს მოხალისეთა „აზრების წაკითხვა“ და „მათი სიზმრების ნახვა“.
მეთოდის პრობლემა ისაა, რომ ნეირონის აქტივობაზე დაკვირვებისთვის აუცილებელია, ადამიანებს თავის ტვინში სპეციალური ელექტროდები ქირურგიული მეთოდით ჩაუნერგოს. კვლევები იმ პირებთან მუშაობისას მიმდინარეობდა, რომლებსაც ელექტროდები ჰქონდათ იმპლანტირებული ეპილეფსიის მკურნალობისა და კონტროლისთვის.
მიუხედავად ამისა, სერფის აზრით, სენსორული ტექნოლოგიები ისეთი ტემპით ვითარდება, რომ მალე შესაძლებელი იქნება, ტვინის მუშაობას ქირურგიული ჩარევის გარეშე დავაკვირდეთ. აზრების გაშიფვრის ტექნოლოგიამ კი შეიძლება, გონებით მართული კომპიუტერებისა და აპარატების განვითარებამდე მიგვიყვანოს. იგივე ტექნოლოგია შეიძლება, გამოყენებული იქნეს უსაფრთხოების სფეროში. ამით წინასწარ გამოვლინდება დამნაშავეები და ტერორისტები.