კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეიწირა თემურ ბოჯგუას ქოჩორი და რას ეუბნება ელიზა მეუღლის თაყვანისმცემელ მანდილოსნებს



თეიმურაზისა და ელიზას დუეტი პოპულარულია როგორც ჩვენში, ისე რუსეთში. წყვილმა სულ ახლახან დატოვა საქართველო, სადაც ერთი კვირით იმყოფებოდნენ. წასვლის წინ ჩვენ ვესაუბრეთ მათ. ელიზა ძალიან უშუალო და მომხიბვლელია. რაც შეეხება თეიმურაზს, მან ცოტა არ იყოს დაგვაბნია, იმიჯი შეუცვლია. გამოგიტყდებით, მისი ცნობა გაგვიჭირდებოდა, რომ არა ისევ და ისევ ელიზა. თუ როგორი ემოციებით დატოვეს მათ სამშობლო, რა სიახლეებია წყვილის შემოქმედებაში და რამ შეიწირა თეიმურაზის ქოჩორი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– რა სიახლეებია ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში?

თეიმურაზი: ცხოვრებაში, როგორც ყოველთვის ბევრი სიახლეა. კარგია, როდესაც ეს სიახლეები ლამაზი და პოზიტიურია.

ელიზა: მით უმეტეს, ისე იშვიათად ჩამოვდივართ საქართველოში, რომ ჩვენთვის უკვე ტრაპიდან იწყება სიახლე და პოზიტივი ერთდროულად. (იცინის).

თეიმურაზი: მშობლიური მხარის ჰაერი და გარემო უკვე იწვევს ათასნაირ ფანტაზიას, ახალ გეგმებს. ეს ის ადგილია, სადაც სამომავლოდ ლამაზი იდეები იბადება და რომლებიც გარკვეული ხნის შემდეგ ხორციელდება კიდეც.

– როგორ ჩაიარა თქვენმა ერთკვირიანმა არდადეგებმა საქართველოში?

– ჩვენ ჩამოვფრინდით ხობის ფესტივალზე. ძალიან დაკავებულები ვიყავით, მაგრამ როდესაც გავიგეთ, რომ ეს ფესტივალი ეძღვნებოდა ჩვენს საყვარელ ადამიანს, ალექსანდრე ბასილაიას, ყველაფერი მივატოვეთ, გადავდეთ და ჩამოვედით. ამასთან, არ გავუშვით ხელიდან საშუალება, რომ მშობლებს მოვფერებოდით. გარდა ამისა, მოსკოვიდან დავალება წამოვიღე, ახალი ფორმა (წონა) მიმეღო, რისთვისაც (იცინის) დღეში ხუთმაგი კვება არ დავიშურე, 4-5 კილოგრამის მოსამატებლად.

– იმიჯიც ამასთან დაკავშირებით შეიცვალეთ?

– დიახ. ქართული პურმარილი, სამეგრელოს განსაკუთრებული კერძები და შედეგი თითქმის მიღწეულია, მალე ბურთის ფორმას მივიღებ. (იცინის).

– ელიზა ხელს გიწყობდათ გასუქებაში?

– უფრო მშობლები და სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი. ძალიან გაგვიხარდა, მიუხედავად იმისა, იქით ვართ, ჩვენს სიმღერებს აქაც უსმენენ და როგორც ვხედავთ, უყვართ და მღერიან კიდეც.

ელიზა: ჩვენ ახლახან გავაკეთეთ სიმღერების სერია სამეგრელოს თემაზე. რუსეთში რაც იწერება, აქ მათ თურმე ყველა იცნობს; მთელი გალი, ოჩამჩირე, ყველა მღერის.

თეიმურაზი: აფხაზები და ქართველები ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთ სუფრასთან და ძალიან ბევრი ხალხია გულგატეხილი იმის გამო, რაც მოხდა.

– თქვენი გასუქებისა და იმიჯის შეცვლის მიზეზზეც გვიამბეთ...

– მოსკოვში იწყება სერიალის გადაღება, რომლის სახელწოდებაცაა „ლეოპარდის ნახტომი“. მისი რეჟისორია ვასილი აკიმოვი. მე ვთამაშობ სერიოზულ ქართველ ბიზნესმენს, თავისი ულვაშებითა და ბლანჟეთი. ამის გამო შევიცვალე ასე მკვეთრად იმიჯი. საქართველოში, რომ ჩამოვედი და მშობლებმა დამინახეს, ერთი-ორი დღე მეჩვეოდნენ.

ელიზა: ჩემმა დედამთილმა რომ დაინახა თემო, შეჰკივლა: ტიტუ, მე ასეთი შვილი ჩაგაბარეო?! (იცინის). მე ვუთხარი: რომელი ჯობია, ხუჭუჭთმიანი, თუ უთმო და სერიალის გმირი, ტელევიზორში რომ იხილავ-მეთქი? ო, მაშინ ასე ჯობიაო.

თეიმურაზი: რომ ჩამოვფრინდით, მეგობრებმა რესტორანში დაგვპატიჟეს, სადაც შემთხვევით აღმოვაჩინე, უფრო სწორად ლიზამ დამანახვა, რომ გვერდით სუფრასთან ჩემი მეგობარი, გენიალური გიტარისტი კაკო ვაშალომიძე იჯდა და დაბნეული იყურებოდა. მე მივუახლოვდი და ვუთხარი: უკაცრავად, გიტარის აწყობაში ვერ დამეხმარებით-მეთქი? უი, ბოჯგუა შენ ხარო, შესძახა.

– ამას წინათ შევესწარი, ორი ადამიანი დავობდა, იმის თაობაზე, ელიზა ქართველია, თუ უცხოელიო. მოდით, ისიც გვიამბეთ, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

– ეს ძალიან ლამაზი ისტორიაა. მე, ვიარე, ვიარე, ვეძებე, ვეძებე, დედამიწა შემოვიარე... ლენინგრადში დავამთავრე ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი, გავხდი პროფესიონალი რკინიგზების მშენებელი და დავბრუნდი საქართველოში. მშობლებისთვის რომ დამეჯერებინა, მომავალში, ალბათ, ტრესტის მმართველობა მელოდა. სტუდენტობის პერიოდში მე და ვიქტორ სალტიკოვი, რამდენიმე მომღერალთან ერთად, მძიმე როკს ვმღეროდით. ვიქტორი, ცოი, „აკვარიუმი“ – ჩვენ ერთ სცენაზე გამოვდიოდით ხოლმე. სალტიკოვი საქართველოშიც ხშირად მირეკავდა – უკან მიხმობდა. ჩვენი საქმე გავაგრძელოთო. მამაჩემმა მითხრა, რადგან შენსას არ იშლი და მაინც მუსიკას გინდა გაჰყვე, პროფესიული განათლება მიიღეო. მეც სწავლა თბილისში თეატრალურ-საესტრადო სასწავლებელში გავაგრძელე.

ელიზა: დავიბადე მესხეთ-ჯავახეთში. ისე, მამაჩემი წარმოშობით სამეგრელოდანაა, ნადარეიშვილია. სიმღერა მინდოდა სიგიჟემდე და ამიტომ მეც იმავე სასწავლებელში მოვხვდი, რომელშიც თემური. გვყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი – ციცინო ციცქიშვილი.

თეიმურაზი: ჩვენი ოჯახი რომ შეიქმნა, ქალბატონ ციცინოსაც მიუძღვის ამაში წვლილი – მან გვამღერა პირველად დუეტი, რაც მომავალში ბედნიერებისა და ჩვენი ოჯახის საწყისი გახდა. მალე ოცი წელი შესრულდება, რაც ერთად ვართ. ლიზა, რომელიც ცხოვრებას მინათებს, ჩემზე 60 წლით უფროსია (იცინის), ის ჩემი მუზა და ჩემი ვარსკვლავია.

ელიზა: თემო ძალიან ტრადიციული და მეოჯახე მამაკაცია. ოჯახი და მეგობრები მისთვის განსაკუთრებულ ადგილზე დგას.

თეიმურაზი: ფული, რომ არ იყოს საჭირო, ალბათ მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი ჩემს საყვარელ ხალხს, სამშობლოს. პრინციპში, ასეც ვცხოვრობ, მაგრამ, ხანდახან მუშაობაც მიწევს (იცინის).

– შვილებზეც გვიამბეთ.

ელიზა: ჩვენი უფროსი ბიჭი მალე 16 წლის გახდება, უმცროსს, ვასიკოს ფანტასტიკური ვოკალური მონაცემები აქვს და „ანა-ბანაშიც“ გამოდიოდა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

თეიმურაზი: ამას წინათ ახალი სფერო და მიმართულებები გაიხსნა ჩვენს შემოქმედებაში. ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩვენი შემოქმედებისადმი ამერიკელებმა. ჯერ დაგვირეკეს ნიუ-იორკიდან. მოსკოვში მოღვაწეობს ცნობილი იუმორისტი კარენ ოვანესიანი. მე მას და „ექს-ბე-ბეს“ – გია გაგუას მოვუმზადე ალბომი. ლიზა მამით მეგრელი და დედით სომეხია, ახალციხელი. ამიტომ უფლება არ მქონდა, რაღაც არ დამეწერა ქართულ-სომხურ თემაზე, იუმორისტულ სტილში. სიმღერას ჰქვია „ია გრუზინ, ტი არმენინ“. სხვათა შორის, ამ ერთ კვირაში მოვასწარი დავრწმუნებულიყავი, რომ ეს სიმღერა საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ამ სიმღერას პირადად მე ვეძახი „მიმინო დვას“. ის კარენს ძალიან მოეწონა და როდესაც ამერიკაში იყო მიწვეული, იქ ჩაიტანა. ასე მოხდა ის ამერიკაში მოქმედ რუსულენოვან რადიოში. გადაცემას ჰქვია „ქარავანი“. მთელი რუსულენოვანი ამერიკა ამ რადიოტალღის ერთგული მსმენელია. ისინი დაინტერესდნენ ჩვენით, დაგვირეკეს, ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი დაგვითმეს. რასაც მოჰყვა მსმენელთა ზარები, შედეგად მიგვიწვიეს მომავალი ზაფხულისთვის. უკვე დასრულებულია მოლაპარაკებების პროცესი. გარდა ამისა, საშობაო კონცერტზეც ვართ მიწვეულნი 10 დღით. შუფუტინსკისა და სხვა ქალაქური სტილის შემსრულებლებთან ერთად ჩვენც უნდა შევუსრულოთ ქართული სიმღერები ამერიკელებს.

– თემური რუსეთში პოპულარული კავკასიელი მამაკაცია. ელიზა, არ გიჭირთ რუს მანდილოსნებთან გამკლავება?

ელიზა: მე დაახლოებით, 8-9 წლის განმავლობაში ჩამოშორებული ვიყავი მუსიკას, ვიჯექი სახლში და ვზრდიდი ბავშვებს. იმ პერიოდში არ მქონია პრობლემები და ახლა, რაღა უნდა მოხდეს, ყველგან ერთად დავდივართ.

თეიმურაზი: უწესიერესი ვარ, ელიზას გვერდით როცა ვდგავარ, მარჯვნივ და მარცხნივ არ ვიყურები (იცინის).

ელიზა: ხანდახან ხდება ხოლმე, მოვლენ და ეუბნებიან: „თეიმურაზიკ, მი ტაკ ტებია ლიუბიმ“, შემდეგ მეორე ეტყვის პირველს: „ტი შტო, ჟენა ტუტ რიადამ.“ მე ვეუბნები: „დევოჩკი, პრავილნა“. ისე, მართლა უყვართ ჩვენი სიმღერები. ნებისმიერ კონცერტზე მოდიან და გვთხოვენ, რომ ვიმღეროთ „თბილისო“. თემურის ვოკალური მონაცემებით მოხიბლულია ყველა, მათ შორის მეც.

თეიმურაზი: დიდი ხნის განმავლობაში არც ვალერი მელაძე, არც სოსო პავლიაშვილი არ აღიარებდნენ, რომ დაოჯახებულნი იყვნენ. შოუ-ბიზნესს თავისი კანონები აქვს. ზოგი მამაკაცი უნდა მუშაობდეს ქალთა აუდიტორიაზე და პირიქით. თუმცა, არიან ოჯახური წყვილებიც, ვარუმისა და აგუტინის სახით, რასაც თავისი ხიბლი აქვს – დამეთანხმებით.

– ვისთან გაქვთ საქმიანი კონტაქტები ძირითადად?

– სლავა მალეჟეკთან, კარენ ოვანესიანთან, ნიკალაი ტრუბაჩთან...

ელიზა: ამ ბოლო დროს, ებრაული თემატიკა მოირგო თემომ და ხშირად გვიწვევენ კონცერტებზე. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ხშირად ვგრძნობ მათ ზრუნვასა და გვერდში დგომას.

– მესხეთ-ჯავახეთში გაზრდილი ელიზა, როგორ მიიღეს მეგრულ ოჯახში?

თეიმურაზი: სულ მეუბნებოდნენ, შვილო, შენ ვინც შეგიყვარდება, ის ჩვენთვისაც მისაღები და საყვარელი იქნებაო. ჩემს მშობლებს როდესაც გავაცანი ლიზა, მოიხიბლნენ. მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ ლიზა ნადარეიშვილია (იცინის). მშობლებთან რომ ჩამოვდივართ, საუზმისას, საუკეთესო ნაჭერს ლიზას თეფშზე ათავსებენ. (იცინის) ორმაგსულგუნიანი ელარჯი ლიზასია.

ელიზა: სამმაგი თემოსი (იცინის). რაც მთავარია ჩემი დედამთილის გაკეთებული ტყემალი განსაკუთრებული და განუმეორებელია. მოსკოვში ჩვენი ოჯახის სტუმრები ერთხმად აღიარებენ ამას.

თეიმურაზი: ახლა, რომ მივდივართ დადებითი ემოციების გარდა, ძალიან ბევრი მჭადის ფქვილი, სულგუნი, ტყემალი და რაღაც-რუღაცეები მიგვაქვს. ეს ტვირთის წონაზეც აისახება. ჩვენი მეგობარი მიფრინავს და მოველაპარაკეთ, ბარგი უნდა გადავუნაწილოთ, სამაგიეროდ, დედაჩემის მომზადებული საწებლის წილში ჩაგვიჯდა უკვე.

ეკა სალაღაია


скачать dle 11.3