როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
გულასპაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გულასპი.
გულასპაშვილი ძულია მოიხსენიება ბოგვში, 1742 წელს, ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
1781 წლის აღწერაში აღრიცხულნი არიან გულასპაშვილები, მოგვიანებით კი – გურასპაშვილები.
საქართველოში 469 გულასპაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 163, ქარელში – 108, კასპში – 54. არიან სხვაგანაც.
გურასპიშვილი – 185
გურასპაშვილი – 57.
კავთელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კავთელა.
1622 წელს კავთელა საღორელი მოიხსენიება ადათანგი ხერხეულიძის მიერ ელფეხი გიორგისადმი მოცემული მამულის ნასყიდობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები: კავთელიშვილი, კავთიაშვილი და კავთიევსკი.
1800 წელს კავთელაშვილი მოიხსენიება გიორგი მეთორმეტის მიერ გიორგი ციციშვილისადმი მიცემულ ეშიკა ღასბაშიძის წყალობის წიგნში.
საქართველოში 72 კავთელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, ქარელში – 16, ქუთაისში – 12. არიან სხვაგანაც.
111 კავთელიშვილი: თბილისში – 53, დუშეთში – 40, საგარეჯოში – 14. არიან სხვაგანაც.
ბერიძიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერი.
საკუთარ სახელად გვხვდება ასევე ბერიძე.
ბერიძიშვილთა გვარი, სავარაუდოდ, ბერიძის გვარიდანაა წარმოქმნილი. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, წინაპრების გადმოცემის მიხედვით, ისინი ასპინძის რაიონიდან ყოფილან გადმოსახლებულები და თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით, ბერიძეშვილებად იწერებოდნენ.
1843 წლიდან, სოფელ ბოგვში, ცხოვრობდნენ, როგორც ბერიძეები, ასევე, ბერიძეშვილებიც.
1845 წელს ბოგვში საცხოვრებლად გადმოსულან ქიტესა და დათა ბერიძეშვილები.
საქართველოში 329 ბერიძიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 170, გარდაბანში – 85, თბილისში – 45. არიან სხვაგანაც.
ბოსტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბოსტა.
ერეკლე მეორეს მაჩხაანელი გლეხი გაუაზნაურებია. 1751 წელს აგრის ბრძოლაში დამარცხებული ერეკლე ალაზანზე რომ გადმოდიოდა, ბოსტაშვილს გადაურჩენია და ხალხს ამაზე ლექსიც კი დაუწერია.
ამავე ძირისაა გვარები: ბოსტანაშვილი, ბოსტოღანაშვილი.
საქართველოში 221 ბოსტაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 96, თბილისში – 63, სიღნაღში – 20. არიან სხვაგანაც.
გაბროშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გაბრიელი.
1073 წელს ქართლის კათოლიკოსი გაბრიელი გიორგი მეფის მიერ შიო მღვიმის მონასტრისთვის მიცემულ შეუვალობის განახლების წიგნში მოიხსენიება.
საკუთარი სახელიდან გაბრიელი, მიღებულია კნინობითი სახელები: გაბა, გაბი, გაბო, გაბრო, გაბრუა, გაბეა და ასე შემდეგ, მათგან კი ნაწარმოებია შემდეგი გვარები: გაბრიელაშვილი, გაბრიელიშვილი, გაბაშვილი, გაბროშვილი, გაბუა, გაბუაშვილი, გაბუნია, გაბუნიანი და ასე შემდეგ.
1688-1694 წლებში გაბროშვილი პეტრე იყო უხუცესი. ცხოვრობდა პატარძეულში. პეტრე აზატი ანუ თავისუფალი ყმა იყო და ნინოწმიდის საყდრისთვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ევალებოდა.
საქართველოში 429 გაბროშვილი ცხოვრობს: თბილისში – 193, გარდაბანში – 119, საგარეჯოში – 74. ცხოვრობენ სხვაგანაც.
ბასილაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბასილი, რომელიც ბერძნულია და ქართულად სამეფოს ნიშნავს. დღეს ამ სახელის სულ სხვა სახე და ფორმაა გავრცელებული, კერძოდ, ვასილი – ასო ბ შეიცვალა ვ-თი.
მეთორმეტე საუკუნეში მოიხსენიება ქსნის ერისთავ, ლარგველის შვილიშვილი – ბასილი.
1721 წელს სამაჩვეთში მოიხსენიება იარალაშვილის ყმა – დათუნა ბასილაშვილი.
გოლთეთელმა გიორგი ბასილაშვილმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში მონათლა თავისი შვილი ევა. მიმრქმელი იყო თანასოფლელი ქარია წითელაური.
ამავე ძირისაა გვარები: ბასილაძე, ბასილაია, ბასილიძე.
საქართველოში 2 138 ბასილაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 693, გურჯაანში – 216, ბოლნისში – 202. არიან სხვაგანაც.
გელიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გელია.
გიორგი გელიაშვილი მოიხსენიება 1713 წლის გაყრის წიგნში, რომელსაც კათოლიკოსი დომენტი აძლევს ამილბარ და სხვა მაღალაძეებს.
ლევან გელიაშვილი ოჯახითურთ 1823 წლის აღწერაში არის შეტანილ-მოხსენიებული.
გადმოცემის მიხედვით, გელიაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.
ამავე ძირისაა გვარები: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელოვანი, გელუტაშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში 1 141 გელიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 332, მცხეთაში – 191, დუშეთში – 171. არიან სხვაგანაც.
ვარამაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვარამა, რომელიც თურქული წარმოშობისაა და ქართულად „ნაღველს“ ნიშნავს.
1710 წელს ვარამა დიასამიძე გიორგი ადუაშვილის სახელზე გაცემულ სათარხნო წიგნშია მოხსენიებული.
გიორგი ვარამაშვილი მოიხსენიება 1628 წელს, სახლთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის გაცემულ ბატონყმობის წიგნში.
ღოუბნელმა კაცია ვარამაშვილმა 1826 წელს მონათლა შვილი – ბართლომე, მიმრქმელი გახლდათ თევდორე გულუაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი ვარამიშვილი.
საქართველოში 488 ვარამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 217, სიღნაღში – 89, რუსთავში – 70. არიან სხვაგანაც.
145 – ვარამიშვილი.
ბიბილეიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბიბილა.
ბიბილა ერისთავი ტბეთის მატიანეშია მოხსენიებული.
1716 წელს ბიბილეიშვილი მოიხსენიება ვენახის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ჩიტუა გიორგაშვილმა თავის ბატონს, ვინმე ლევანს მისცა.
მთიულეთში არის სოფელი ბიბილიანი.
ამავე ძირისაა გვარები: ბიბილაური, ბიბილური, ბიბილურიძე, ბიბილაია, ბიბილაშვილი.
საქართველოში 1 247 ბიბილეიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 630, გორში – 509, დუშეთში – 108.
ბეჟიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეჟიტა.
1727 წელს მანუჩარ ქავთარაძის მიერ ქველი წერეთლის სახელზე გაცემული ყმის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ბეჟიტა აჭარაძე.
საქართველოში 1 196 ბეჟიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 354, საგარეჯოში – 253, კასპში – 169. არიან სხვაგანაც.
ზაზანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაზანა.
ზაზანაშვილი მოიხსენიება სოფელ ჩხიკვთაში, 1736 წელს, თამაზ საგინაშვილის მიერ თავისი ბიძაშვილისთვის, იორამ ანდერმანისშვილისადმი მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
1817 წლის აღწერაში სოფელ მუხათში მოიხსენიება ნონია ზაზანაშვილი.
საქართველოში 44 ზაზანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 12, გორში – 2, ახმეტაში – 1. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით