როგორ იპოვეს ერთმანეთი უკრაინაში მცხოვრებმა დამ და ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა ძმამ და როგორ დასრულდა მათი თექვსმეტწლიანი განშორების ამბავი
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
26 წლის ლია რეზოს ასული ნეკრასოვა ეძებდა დაახლოებით 40-45 წლის (სინამდვილეში კი – 42 წლის) სულიკო რეზოს ძე მოფრინაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნახევარძმას, დაახლოებით 40-45 წლის სულიკო რეზოს ძე მოფრინაძეს. სამწუხაროდ, მამაჩვენის დასაფლავების შემდეგ ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს. ბოლოს სულიკო 1994 წელს ვნახე, მაშინ 10 წლის ვიყავი. ორი წელია, რაც ძმას ვეძებ და ვერ ვპოულობ. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ძმას ვიპოვი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩვენი რუბრიკის საშუალებით ნაპოვნი ადამიანების რიცხვმა უკვე 200-ს გადააჭარბა. საბედნიეროდ, ნაპოვნი იქნა 25 ოქტომბრის „თბილისელების“ ნომერში დაბეჭდილი ამ ისტორიის გმირიც. დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი, ნაპოვნი 42 წლის სულიკო მოფრინაძე, თავად მოუყვება მკითხველს თავის ისტორიას.
ინტერვიუ სულიკო მოფრინაძესთან:
– რა მიზეზით დაკარგეთ ერთმანეთი 16 წლის წინ და-ძმამ, პირადად თქვენ თუ ეძებდით ნახევარდას და როგორ?
– ჩვენი დაშორება გამოიწვია ცხოვრებისეულმა პრობლემებმა. მამის გარდაცვალების შემდეგ მე ვეღარ მოვახერხე ხარკოვში ჩასვლა, როგორც ჩანს, ლიამაც ვერ შეძლო, ჩამოსულიყო საქართველოში და დროის განმავლობაში ნელ-ნელა დავკარგეთ ერთმანეთი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საიტის საშუალებით ვეძებდი ჩემს დას, მაგრამ უშედეგოდ. თქვენ რომ არა, დღემდე დაკარგულები ვიქნებოდით.
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ლია ნეკრასოვა გეძებთ?
– პირველი ემოცია, რაც დამეუფლა, ისეთი ძლიერი იყო, რომ ცრემლები ვერ შევიკავე, თან, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩემი მეუღლეც და შვილებიც ტიროდნენ. მე უკვე მყავს 18 წლის ვაჟი და 10 წლის ქალიშვილი, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ მამიდის პოვნა, რადგან სულ მეკითხებოდნენ მის შესახებ და იცოდნენ, რომ უკვე წლებია ვერ ვპოულობ. ყველა ნათესავი, ჩემი დებიც, რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები არიან.
– პირველმა ვინ და როგორ გითხრათ, რომ გეძებენ, რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს დებს? მე, მაგალითად, ერთ-ერთის მეუღლემაც კი დამირეკა და მითხრა, რომ ყველას უხარია ლიას პოვნა.
– ჩემმა ერთ-ერთმა მეზობელმა მახარა ეს ამბავი, მას სრულიად შემთხვევით უყიდია თქვენი ჟურნალის ეს ნომერი, სადაც უნახავს ჩემი სურათი და მიცნო. ჩემი ორივე და ძალიან გახარებულია, ჩემს სიძეებსაც უხარიათ. მოკლედ, მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა ამ ამბავმა.
– რუბრიკა „დაკარგულების“ შესახებ თუ გსმენიათ რამე, ან, თუ გიფიქრიათ, რომ საქართველოში ამას ვინმე აკეთებდა?
– ხშირად ვკითხულობდით თქვენს სტატიებს და ერთმანეთშიც გვისაუბრია თქვენს საქმიანობაზე, მაგრამ ლიას ამ გზით გამოჩენაზე არც კი მიოცნებია. სასწაულს მართლაც სჩადიხართ. მე, საქართველოში მცხოვრები, ვეძებდი დას და ვერ მოგმართეთ, თქვენ კი უკრაინიდან დარეკილ ზარს უპასუხეთ და გულისხმიერად მოეკიდეთ უცხო ადამიანის სათხოვარს. ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში ვცხოვრობთ და ჩვენი ამბავი უკვე ყველამ იცის. დიდი და პატარა, ყველა გვგულშემატკივრობს.
– ვის გაუხარდა ეს ამბავი ყველაზე მეტად?
– ყველას ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ, ყველაზე მეტად, მაინც, ვფიქრობ, მე ვარ ბედნიერი, რადგან ლია ნანახიც მყავს, ჩემს ნახევარდებს კი ის არ უნახავთ.
– გეგონათ თუ არა, რომ და-ძმა ოდესმე იპოვიდით ერთმანეთს?
– ხშირად მიფიქრია ამაზე, მაგრამ, იმედი გადაწურული მქონდა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, თქვენ ასეთი რუბრიკისთვის და ჟურნალ „თბილისელებს“.