ფარმაცევტები უხარისხო წამლის გამოშვება-გაყიდვისთვის 750 მილიონით დაჯარიმდებიან
ბრიტანეთის უმსხვილესი ფარმაკოლოგიური კომპანია „გლექსოსმიტკლაინი“ ამერიკას 750 მილიონ დოლარს გადაუხდის ჯარიმის სახით უხარისხო წამლების გამოშვებისა და გაყიდვის გამო. ბრიტანულმა კომპანიამ ვერ შეძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება. „გლექსოსმიტკლაინის“ საქმე 2002 წელს დაიწყო, როდესაც ფარმაკოლოგიური კომპანიის თანამშრომელმა ჩერილ ეკარდმა, რომელიც პროდუქციის ხარისხზე აგებდა პასუხს, აღმოაჩინა, რომ პუერტო-რიკოს ქალაქ ციდრაში არსებულ ქარხანაში წამლები ტექნოლოგიური დარღვევებით მზადდებოდა. ეკარდმა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ხელმძღვანელობის ყურადღების მიქცევა, მაგრამ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან „გლექსოსმიტკლაინს“ სასამართლოში უჩივლა. საბოლოოდ ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ დანაშაული აღიარა. „გლექსოსმიტკლაინსა“ და ამერიკის იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კომპანია 150 მილიონ დოლარს სისხლის სამართლის ჯარიმის, 600 მილიონს კი – ადმინისტრაციული ჯარიმის სახით გადაიხდის, ხოლო ჩერილ ეკარდი, გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის, ამერიკული კანონების თანახმად, 96 მილიონს მიიღებს.
დავით ბახტაძემ