მილიარდერები შვეიცარიას ირჩევენ
„მსოფლიოს ყოველი მეათე მილიარდერი შვეიცარიაში ცხოვრობს. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის 3 პროცენტი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე დანარჩენი 97 პროცენტი“, – აღნიშნულია ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორ, ული მედერის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში. შვეიცარიაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის მეათასედი ცხოვრობს, მსოფლიოს კერძო კაპიტალის 1,1 პროცენტია თავმოყრილი. გარდა ამისა, მსოფლიოს ათასი მილიარდერიდან დაახლოებით ასი – შვეიცარიაში ცხოვრობს. მედერი უკვე არაერთი წელია, იკვლევს, რატომაა შვეიცარია მიმზიდველი მილიარდერებისთვის. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მილიარდერებს შვეიცარიაში ამ ქვეყნის ფინანსური სექტორის საიმედოობა, აქტივების მართვის მრავალწლიანი რეპუტაცია და სახელმწიფოს ცალკეული კანტონის საგადასახადო ორგანოებთან შეთანხმების შესაძლებლობა იზიდავს. ექსპერტების დაკვირვებით, უმდიდრესი ადამიანები იქ არჩევენ ცხოვრებას, სადაც თავისივე მსგავს ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ, თუნდაც პოპულარულ შვეიცარიულ სამთო კურორტ სანკტ-მორისში. თუმცა, ყველა მილიარდერს როდი იზიდავს შვეიცარია – მაგალითად, ცნობილი რუსი ოლიგარქები დიდ ბრიტანეთს ანიჭებენ უპირატესობას.