ჩინეთი ქარის გიგანტურ ელექტროსადგურს ააშენებს
უახლოეს პერიოდში ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი ქარის ელექტროსადგურის აშენებას აპირებს ყვითელ ზღვაში. ენერგეტიკული ობიექტის სიმძლავრე 1 000 მეგავატი იქნება. მისი საშუალებით 600 ათასამდე სახლის ელექტროენერგიით მომარაგება გახდება შესაძლებელი. მშენებლობა ბოჰაის ყურეშია დაგეგმილი და ის, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება. ამ უნიკალური პროექტის ღირებულება 2,2 მილიარდი დოლარია და მას სანავთობო კომპანია „სიენოოკი“ განახორციელებს. ამჟამად ეს კომპანია ზღვის შელფიდან ნავთობს მოიპოვებს და მისთვის ახალი სამშენებლო გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება მომავალში ბურღვითი სამუშაოების მასშტაბების გასაფართოებლად. ამჟამად ჩინეთის ხელისუფლება ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. პროექტის თანახმად, პერსპექტივაში ქვეყნის სანაპიროსთან განთავსებული ქარის ელექტროსადგურები ჯამში 750 გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ოთხჯერ უფრო მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობის მომარაგებისთვის საჭირო ელექტროენერგია.