„ბეემვეს“ სამართლიანი კონკურენციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ
შვეიცარიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ავტოგიგანტ „ბეემვეს“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიამ თავის დილერებს შვეიცარიელებზე მანქანების გაყიდვა აუკრძალა ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რადგან შვეიცარიელები ვალუტის მაღალი კურსითა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდნენ, რათა ავტომობილები ევროპის სხვა ქვეყნებში შეეძინათ და შემდეგ ჩამოეყვანათ სამშობლოში. „ბეემვემ“ მათ ეს შესაძლებლობა წაართვა. შვეიცარიის ანტომონოპოლიური სამსახურის განცხადებით, „ბეემვეს“ გადაწყვეტილება – ავტომობილები კლიენტების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაყიდონ, სამართლიანი კონკურენციის წესებს არღვევს. ანტიმონოპოლიურ სამსახურში საჩივრები ქვეყნის იმ მოქალაქეებისგან შედიოდა, რომლებიც ავტომობილის შეძენას გერმანიასა და ავსტრიაში ცდილობდნენ. შვეიცარიული ფრანკის მაღალი კურსის გამო, მის მოქალაქეებს ურჩევნიათ, ავტომობილები უცხოეთში შეიძინონ. ანტიმონოპოლიური სამსახურის გამოძიება შესაძლოა, 12 თვემდე გაგრძელდეს. თუ „ბეემვე“ დამნაშავედ ცნეს, გერმანული კონცერნი ბოლო 3 წლის განმავლობაში შვეიცარიის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავლის 10 პროცენტით დაჯარიმდება.