რატომ ნიშნავს ვლადიმირ პუტინზე გამარჯვებას სტალინის ძეგლთან და კეკეს საფლავთან ბრძოლა
ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლა არახალია ქართული უახლესი სინამდვილისთვის, ისევე, როგორც მთაწმინდიდან მიცვალებულების ამოთხრის პრაქტიკა: გასული საუკუნის 90-იან წლებში წითელი ლიდერების საქართველოს ქალაქებში, ცენტრალურ ადგილებში, წამოჭიმულმა ძეგლებმა კვერცხების გემოც იწვნიეს და ჩვენ თვალწინ ოვაციების ფონზე დაიმსხვრნენ კიდეც; ზოგიერთი მათგანის ნეშტი მთაწმინდის წმიდა მიწიდანაც ამოვთხარეთ და ამით თითქოს საბჭოთა წარსულს, თავის სიმბოლოებიანად, გამოვემშვიდობეთ. შესაძლოა, იმიტომ რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლამ პოსტრევოლუციურ საქართველოშიც შეიძინა აქტუალობა. შესაბამისად, დღევანდელ არცთუ დალხენილ პოლიტიკურ ვითარებაში ქართულმა პოლიტელიტამ იმაზე სამსჯელოდაც მოიცალა, არის თუ არა იოსებ სტალინის ძეგლის ადგილი გორის ცენტრში, მისი დედის კი – მთაწმინდის პანთეონში. რამდენად უთავსდება ეს ყოველივე ქართულ ღირებულებებს, კულტურასა და ტრადიციებს. რა ფასი აქვს მიცვალებულებსა და ძეგლებზე მოპოვებულ გამარჯვებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტები ისევ თავისუფლად დათარეშობენ ჩვენს მიწაზე (შეგახსენებთ, რომ ჩვენ მათთვის აქტიური ოკუპაციის პერიოდში კენჭიც არ გვისვრია). იმის შესახებ, რა განსაკუთრებული გემო აქვს მკვდარ მტრებზე მოპოვებულ გამარჯვებას და გამოხატავს თუ არა მათზე მიტანილი იერიში ჩვენს უსუსურობას ცოცხალი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფსიქოლოგი შოთა ნადირაშვილი გვესაუბრება.
– რატომ გახდა უცებ აქტუალური სტალინის ძეგლის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება?
– წარსულის წინააღმდეგ ბრძოლა ტალღასავითაა. ეროვნული მოძრაობის დასაწყისში წარსულის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი ჰქონდა, რადგან აწმყო და წარსული მართლაც უპირისპირდებოდა ერთმანეთს და მტრების მტრებად მოხსენიებაში აზრიც იდო და მტრისადმი მტრული დამოკიდებულების გამოჩენაც ბუნებრივი იყო. როდესაც ერის ცხოვრებაში გარდამტეხი რამ ხდებოდა, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ მტრებს მტრულად მოვექეცით, თუმცა, შესაძლოა, ცოტა გადამეტებითაც. მაგრამ მაშინ ჩვენთან რელიგიური ორიენტაციები არც ისე ძლიერი გახლდათ, დღეს კი ჩვენი პატრიარქი ხშირად უსვამს ხაზს, რომ გიყვარდეთ მოყვარე თქვენი და გიყვარდეთ მტერი თქვენიო. ამ ფრაზას მაშინ ძალა არ ჰქონდა. მაშინ იყო დებულება, რომ მტერი უნდა გძულდეს და, რადგან მტერს ვებრძოდით, ამ ბრძოლაში ეს დებულება გვამაგრებდა. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ახლა სტალინის წინააღმდეგ დავიწყეთ ბრძოლა. ბუნებრივია, რომ სტალინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა და უნდა იყოს კიდეც. მეორე მხრივ, ისიც გასაგებია, რომ მის მიმართ დადებითი დამოკიდებულებაც იყო და ამ ორიენტაციის ხალხი დღესაც არის. მათი აზრით, უნდა არსებობდეს ძლიერი ხელმძღვანელი, ამქვეყნიური ღმერთი, როგორიც სტალინი იყო, თუმცა ადამიანების ნორმალურ ფენას შემორჩა სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, გამოიკვეთა ორი ფენა: ხალხი, რომელიც დღესაც იცავს სტალინს და ხალხი, რომლებიც მის ამოძირკვას ცდილობენ. ეს ორი უკიდურესობაა, თუმცა ჩვენი დღევანდელი ცხოვრება სულაც არ მოითხოვს, რომ სტალინის ძეგლი უნდა დავანგრიოთ.
– სტალინი ომში წაგებამ ხომ არ გაგვახსენა?
– ეს საკითხი დღესაც აქტუალური იმიტომ გახდა, რომ ჩვენ რუსეთთან ომში ჩავებით. ეს კი არანორმალური მდგომარეობაა. როდესაც ჩვენი ერი გამოეყო რუსეთს და დამოუკიდებელი გახდა, დამოუკიდებლობის იდეა გაშინაგნებული გვქონდა, რადგან ჩვენი წინაპრები მუდმივად მოგვიწოდებდნენ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ. ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ და, ამიტომ, ბუნებრივი იყო, რომ მტრების მიმართ შევინარჩუნეთ უარყოფითი დამოკიდებულება. ჩვენ ისიც კი არ ვაპატიეთ ნოე ჟორდანიას, როდესაც თქვა: ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივაო. არ იყო სწორი ამის თქმა, მაგრამ ნოე ჟორდანიას მთელი დადებითი საქმიანობა სრულიად წაიშალა ამ ფრაზით. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ ჩვენმა წინაპარმა განგვაწყო და მანვე ჩაგვინერგა ეს იდეა. ჩვენ მართლაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ამის შემდეგ საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის, როგორც ეროვნული სახელმწიფოს, აშენება, მაგრამ ჩვენმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეროვნული სახელმწიფოს აშენებისთვის აუცილებელი საკითხების განხილვა ვერ შეძლო, ვერ დაგვისახა უახლოესი მიზანი. დღევანდელმა ხელისუფლებამ უახლოეს მიზნად დაისახა ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ერი. ეს არის უდიდესი მიზანი და ამოცანა, მაგრამ არა – უახლოესი. ჩვენ ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ამ საკითხისთვის დაგვეწყო ბრძოლა. ჩვენ უნდა დაგვეწყო სხვა უახლოესი ამოცანებით: შეგვექმნა ოსებისა და აფხაზებისადმი დადებითი დამოკიდებულება; ისინი ჩაგვერთო ჩვენს მთავრობაში; ჩვენ ჩავრთულიყავით იმათ მთავრობაში. რუსეთი, თავისთავად, საშინელი დამპყრობელია და ჩვენ ბუნებრივად ვმტრობდით რუსეთს, მაგრამ მან იმეგობრა ოსებთან და აფხაზებთან და ამით ისინი ჩვენ მიმართ მტრულად განაწყო. შესაბამისად, მათი მეგობარი გახდა, ჩვენ კი მტრად დაგვსახა.
– ანუ, რადგან აგვისტოში გაყინული მტერი ისევ ცხელი და მოქმედი გახდა, საჭიროა ახალი სიმბოლოების მსხვრევა?
– რუსეთი მტერია, ამიტომ დღესაც იმავე პოლიტიკას ვატარებთ, ისევ ვქმნით ჯარებს, უცხოეთშიც სულ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, სულ უფრო და უფრო ვემხრობით ამერიკას. რუსეთი მართლაც საზიზღარი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენი ქმედებებით რუსეთი კიდევ უფრო ღიზიანდება. ეს კი არ არის პოლიტიკა და სწორი მიდგომა. ჩვენმა ერთმა უვიცმა მინისტრმა ასე თქვა: ჩვენი ჯარი ავღანეთსა და ერაყში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავსო. როგორ უნდა დაიცვა ავღანეთსა და ერაყში შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა?! ერთი სიტყვით, ჩვენში მტრობის იდეა ისევ არის, მაგრამ ამ მტრობამ გამოლია სამტრო საქმეები. ახლა რა ვქნათ?! რუსეთს როგორ ვემტროთ?! ავიღებთ? ვერ ავიღებთ! ომს გამოვუცხადებთ? ვერ გამოვუცხადებთ! ამიტომ, ყველაფერს, რაც რუსეთს უკავშირდება, ხაზგასმით მტრულად მოვიხსენიებთ და მის მიმართ საქმიანად მტრული დამოკიდებულების გამომჟღავნება გვსურს. ჩვენ გვინდა, რაღაც ვავნოთ რუსეთს. ჩვენში არსებობს შეხედულება, რომ მტრობის სათავე სტალინთანაა დაკავშირებული და სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა აღიქმება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლად, მაგრამ დღეს ჩვენი ამოცანა არ არის სტალინისა და ლენინიზმის დამხობა, ჩვენი ამოცანაა თავისუფალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის კი არ არის აქტუალური, რას უზამ სტალინის ძეგლს. ამის პარალელურად, ჩვენში არიან ადამიანები, რომლებიც სტალინს ქართველად მიიჩნევენ და ამით ამაყობენ. შესაბამისად, ისინი ცდილობენ სტალინის დაცვას, მათი მოწინააღმდეგეები კი ცდილობენ მისი ძეგლის განადგურებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სადაც დგას, იქიდან გადასახლებას, მაგრამ ეს არ არის საკითხი, რომლის გადაჭრაც ჩვენ დღეს გვჭირდება.
– გამოდის, რაკი ცოცხალ მტერს ყურებზე ხახვიც ვერ დავაჭერით, სტალინის ძეგლზე ვიყრით ჯავრს, იმიტომ რომ მკვდარი ვერაფერს დაგვაკლებს?
– ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში იმდენად აქტიურად ვართ ჩართული, რომ დღეს სტალინიც შეიძლება გაფორმდეს მტრად. სტალინმა დაღუპა რუსეთიც და საქართველოც. ჩვენს ძალიან მორევოლუციონერო ხელისუფლებას უნდა, რომ მსოფლიოში მოწინავე ადგილი დაიჭიროს, ხაზი გაუსვას, რომ ამერიკის გვერდითაა, ამიტომ მათთვის სტალინის წინააღმდეგ ბრძოლა ამ სიძლიერის გამოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან რუსეთს ომს ვერ გამოვუცხადებთ! თუმცა შარშან თითქმის გამოვუცხადეთ ომი.
– და მივიღეთ კიდეც?!
– ის კი არ არის მთავარი, ვინ გაისროლა პირველმა, რადგან პირველად, შეიძლება, შენ გაისროლო, როდესაც მტერი გესხმის თავს, მაგრამ ომის დამწყები მაინც არ გამოდიხარ. ასე რომ, იმის ძიება, ვინ ისროლა პირველმა, არ არის სწორი. მაგრამ ჩვენ საომარი სიტუაციის აქტუალიზაცია მოვახდინეთ, რომელზეც რუსეთმა გვიპასუხა, იმიტომ რომ რუსეთი ტრადიციული მტერი და დამპყრობელია. ის გავაღიზიანეთ და წამოვიდა ჩვენზე, ახლა კი დადგა მომენტი, როდესაც დიდი და სერიოზული საქმეების კეთება გვინდა. ჩვენს ხელისუფლებას გამოელია დიდი წარმატებები, არადა, ჩვენი პრეზიდენტი თითქოს დავით აღმაშენებელია, დიდ საქმეებს აკეთებს, დიდ ადამიანებს ებრძვის, ისეთებს, როგორიცაა სტალინი, მაგრამ ვიმეორებ, სტალინთან ბრძოლა დღეს არ არის აქტუალური.
– ამერიკას რატომ მოეწონება, თუ ჩვენ სტალინის ძეგლს გადავდგამთ? თუ, ამერიკის სიამოვნებისკენ არ არის მიმართული ეს ინიციატივა?
– უფრო „შიდა მოხმარებაზეა“ გათვლილი. თუმცა, ხელისუფლება ხშირად უსვამს ხაზს, რომ დღევანდელი რუსეთი ისევ სტალინის პოზიციაზე დგას. ამიტომ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა ამართლებს სტალინის წინააღმდეგ ბრძოლას.
– სტალინის დედის მთაწმინდიდან გადმოსვენება როგორ უთავსდება ქართულ ტრადიციებს?
– ეს სტალინის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა. რბილად რომ ვთქვათ, ეს ცოტა ულამაზო საქმეა. შეიძლება, შეცდომა იყო იმის იქ დასაფლავება, მაგრამ სტალინის დედის გადასვენება არაფრით არ არის გამართლებული. სტალინი თავისი დედის დასაფლავებაზე არც ჩამოვიდა. სტალინისთვის დედა არავინ იყო და ჩვენ უფრო მეტ ღირებულებას ვდებთ სტალინის დედის გალანძღვაში. ადამიანის ამოთხრა და გადაგდება არ არის ყველაზე სწორი გზა შენი იდეის გამართლებისთვის, თუმცა „მონანიებაში“ ეს იდეა არის. შეიძლება, იმიტომ, რომ ისიც იმ დროსაა გადაღებული, როდესაც მტერს მტრულად ვექცეოდით. მიუხედავად ამისა, ეს არ შეეფერება ქართულ ტრადიციებს. ქართული ტრადიცია ასეთ მოპყრობას არ შეიწყნარებს. უკვე დასაფლავებულის, თან ქალის, დედის, საფლავიდან ამოღება და სხვაგან დასაფლავება ან გადაგდება არაფერს შეჰმატებს ქართველ ერს და არაფრით წაგვწევს წინ. ბოლშევიკების ამოთხრა და გადასვენება ცხელ გულზე მოხდა და, თითქოს გასაგებია, თუმცა მაინც არ იყო სწორი საქციელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი დასაწუნებელი ხალხია და მათ პატივისცემით არ უნდა მოვეპყრათ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ უღირსი საქციელი უნდა ჩავიდინოთ. სტალინის ძეგლი საზოგადოდ, შეიძლება, იქ არ უნდა იდგას, მაგრამ დღეს მისი გადატანა არ პასუხობს ქართული ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ამოცანას. ეს უხერხულია როგორც ადამიანური ურთიერთობების, ისე სარწმუნოების თვალსაზრისით. მაგრამ იმდენად არ არის ნათელი ჩვენი ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საფეხურები, დღევანდელი მდგომარეობა და ამოცანები, რომ ხელისუფლების წიაღში ჩნდება საკითხები, რომელთაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის, თუმცა მათ გამო ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და მათი ენერგია იხარჯება. სხვათა შორის, პათოლოგიის ერთ-ერთი ფორმაა ნევროტული ფუსფუსი. როდესაც ადამიანი ვერ აღწევს თავის მიზანს, იწყებს ნევროტულ ფუსფუსს, ვითომ საქმეს აკეთებს. აი, ასეთი ნევროტული ფუსფუსის სტადიაში ვართ ჩვენ. თუ ის გაძლიერდა, ეს ფსიქიკურ აშლილობას იწვევს, შიზოფრენიას.
ნინო ხაჩიძე