ვინ მოიგონა...
ვინ მოიფიქრა „სწრაფი კვება“? აბა, რომელ ჩვენგანს არ უყვარს გემრიელი ბუტერბროდებით და „ჰოთ-დოგით“ წახემსება, მაგრამ, ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორ გაჩნდა ის ჩვენს მენიუში.
სენდვიჩის დაბადება საკმაოდ ორიგინალურ ვითარებაში მოხდა, ჯონ მონტეგიუ, სენდვიჩის დინასტიის მეოთხე გრაფი, გამოუსწორებელი აზარტული მოთამაშე იყო – კარტს ვერაფრით სცილდებოდა და ხშირად ჭამაც კი ავიწყდებოდა. მისი ერთგული მსახური შეწუხდა და გადაწყვიტა, საუზმე ორ პურს შორის დაწყობილი მიეტანა, რომ გრაფს ხელები არ დასვროდა. მართლაც პურის ნაჭრებს შორის მოათავსეს ბოსტნეული და ხორცის ნაჭერი და გრაფს მიართვეს, იდეამ არათუ გაამართლა, საყოველთაო აღფრთოვანებაც კი გამოიწვია და მას გრაფის პატივსაცემად „სენდვიჩი“ ეწოდა.
„ჰოთ-დოგი“ – ანუ „ცხელი ძაღლი“. მისი შექმნის იდეა გერმანელ ყასაბს ეკუთვნის. მან პირველი „ჰოთ-დოგი“ გასართობად გააკეთა – გრძელი პურითა და ძეხვის ნაჭრებით და „ტაქსა“ უწოდა. მერე მიხვდა, რომ ამერიკაში ამით კარგ ფულს იშოვიდა. პირველივე წელს მან 35 840 „ტაქსა“ გაყიდა. გერმანელმა ყასაბმა ფული იშოვა, ჩვენ კი „ჰოთ-დოგი“ შეგვრჩა.