ბერლინელთა წარმატება იანინას ბრალდება
ბერლინის „ჰერტა“ გერმანიაში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და გუნდს შესაბამისი სტადიონიც აქვს. სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა. მაგრამ, რად გინდა, შარშან გუნდმა არადამაჯერებლად ითამაშა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა. გულშემატკივრებმა ბევრი იფიქრეს, თუ რა შეიძლებოდა „ჰერტას“ წარუმატებლობის მიზეზი გამხდარიყო და... ყველაფერი ადგილობრივ მოდელს, იანინა ჰაბეკს დაბრალდა.
იანინა „ჰერტას“ თავგადაკლულ ქომაგად ითვლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ფოტოები „ფლეიბოიში“ დაიბეჭდა, გოგონას ძალიან ბევრი საქმე გამოუჩნდა. მუდმივად გადაღებებზეა და გასულ სეზონში სტადიონზე, პრაქტიკულად, არ უვლია. ჰოდა, გულშემატკივრებმა იანინას სთხოვეს, ეგებ მოიცალო ხოლმეო და გოგონაც სტადიონზე პატიოსნად დადის. შედეგად, ბერლინელები მეორე ბუნდესლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ და უძლიერესთა შორის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ჩვენი ლევან კობიაშვილიც თამაშობს და გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს მისი და იანინას საქომაგოდ სტადიონზე მისვლას ვურჩევთ. ამ გოგონას რეალურად ნახვა აშკარად ღირს.