ექიმის რჩევები
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია
კითხვა: მაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. რამდენიმე თვეა, ვსვამ L-თიროქსინს. უნდა შევისვენო თუ არა? შეიძლება, ამ წამლის ხანგრძლივად მიღებამ წონის მომატება და თმის ცვენა გამოიწვიოს?
პასუხი: L-თიროქსინის მიღებისა და ჰორმონული ცვლის აღდგენის პერიოდში თმა ზოგჯერ მართლაც შეთხელდება ხოლმე. ღერები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის პირობებშია ამოსული, ცვივა. ეს მდგომარეობა დროებითია და მკურნალობის პროცესში გაივლის. მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა კი, დაუშვებელია. რაც შეეხება წონის მომატებას. ჰიპოთირეოზის დროს ასეთი რამ ხდება ხოლმე, რადგან ამ პერიოდში ადამიანი ნაკლებად აქტიური, უმოძრაოა და ამასთან ერთად სითხის შეკავებაც, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი შეშუპება უვითარდება. ამის მიზეზი L-თიროქსინით მკურნალობა არ არის. ის მართალია, რომ ამ პრეპარატის დანიშვნისას ორგანიზმის საერთო ტონუსი და მადა უმჯობესდება. ადამიანი უკეთ იკვებება და სუქდება, მაგრამ ამაში თვითონ პრეპარატი დამნაშავე არ გახლავთ.
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, რისი ბრალი უნდა იყოს საშოდან ყავისფერი გამონადენი, რომელიც გამუდმებით მაქვს. საშიშია თუ არა ეს?
პასუხი: მოყავისფრო გამონადენი რამდენიმე დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. თქვენი ასაკისა და სხვა მონაცემების ცოდნის გარეშე, ძნელია რაიმეს თქმა. მნიშვნელობა აქვს იმას, როდის აქტიურდება დენა – ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, სქესობრივი აქტის დროს, მენსტრუაციის წინ. მიმართეთ აუცილებლად გინეკოლოგს, რომელიც საჭირო გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
კითხვა: დედაჩემი 54 წლისაა. ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰორმონული საშუალებები დაუნიშნეს. როგორც გავიგე, ეს პრეპარატები ხელს უწყობს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას. როგორ უნდა იკვებოს დედა, რომ რამე არ გაურთულდეს?
პასუხი: გლუკოკორტიკოიდული ჰორმონული პრეპარატები ნამდვილად უწყობს ხელს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას და ოსტეოპოროზის განვითარებას. უნდა ეცადოთ, რომ რაციონი შეიცავდეს კალციუმით მდიდარ პროდუქტებს. შესაძლოა, დაჭირდეს ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის ან კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღებაც.
კითხვა: ვარ 68 წლის. სამი თვეა, სიცხეები მაქვს. სისხლის საერთო ანალიზში როე-46, ეოზინოფილები კი 14 აღმომაჩნდა. უკვე ერთი თვეა, გამიკეთეს ვენების ოპერაცია ორივე ფეხზე. სიცხეები მაინც მაქვს. როგორც კი სიცხის დამწევებს შევწყვეტ, ტემპერატურა მაშინვე მაღლა მიწევს. რას მირჩევთ?
პასუხი: ასეთი გახანგრძლივებული ცხელება ნამდვილად იძლევა შეშფოთების მიზეზს და საფუძველს. სამედიცინო გამოკვლევები დიაგნოზის დაზუსტებამდე უნდა განაგრძოთ. გირჩევთ, ჰეპატოლოგს ეჩვენოთ. დაგჭირდებათ სისხლის ბიოქიმიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
კითხვა: არც მამაჩემს და არც ჩემს უფროს ძმას პროსტატიტი არ ჰქონიათ. მაინტერესებს, მემუქრება თუ არა ეს პათოლოგია? დღეს ისეა გავრცელებული, რომ ძალიან მეშინია.
პასუხი: ქრონიკული პროსტატიტი ყველა მამაკაცს როდი უვითარდება. ეს დაავადება უმთავრესად იმ მამაკაცებს ემუქრებათ, რომელთა დედები ორსულობისას იღებდნენ ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, ჰქონდათ ძლიერი ტოქსიკოზი ან ნაგვიანები მშობიარობა, რამაც ახალშობილის თავის ტვინის დაზიანება ან ჟანგბადოვანი შიმშილი, ეგრეთ წოდებული ასფიქსია გამოიწვია. ბავშვობაში გადატანილი ინფექციებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: ყბაყურა, ჩუტყვავილა და მძიმე ფორმის გრიპი.