რატომ არის სახიფათო კანის ქავილი და წვა ცივ სეზონზე და როგორ დავიცვათ გამოშრობისგან ზამთარში სახე და ხელები
ამინდი შეიცვალა და საკმაოდ აცივდა. შესაბამისად, გახშირდა სიცივით გამოწვეული კანის პრობლემებიც. ამიტომ აუცილებელია, ადამიანმა ზუსტად იცოდეს, როგორ დაიცვას სახის კანი და თავიდან აიცილოს ის დაავადებები, რომლებიც სეზონურად მწვავდება. თუ როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები და პრობლემები, ამ საკითხზე გვესაუბრება ექიმი-დერმატოლოგი, ქალბატონი ქეთევან ბერიანიძე.
– აცივებასთან ერთად, საკმაოდ იზრდება კანის პრობლემები. კერძოდ, რომელი დაავადებების გამწვავებაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი და როგორ დავიცვათ თავი?
– აცივებას თან სდევს კანის მთელი რიგი პრობლემები. ამიტომ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების სიმპტომები და ის, თუ როგორ დავიცვათ თავი. აცივებასთან ხშირია ჭინჭრის ციების, მოყინვის, სიცივისმიერი ერითემიის, ჰერპესისა და ეგრეთ წოდებული მეტეოროლოგიური ქეილიტის შემთხვევები.
– რა დაავადებაა მეტეოროლოგიური ქეილიტი და რა გამოვლინებები აქვს მას?
– მეტეროლოგიური ქეილიტი ტუჩების კეთილთვისებიანი ანთებითი დაავადებაა. თუ მას დროულად არ უმკურნალეთ შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობითა და დანიშნული კურსის დაცვით, შესაძლოა, მისმა გართულებამ სერიოზული პრობლემის წინაშე დაგაყენოთ. ის ვითარდება სხვადასხვა მეტეოროლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით. გეტყვით იმასაც, რომ უფრო ხშირად ეს დაავადება მამაკაცებში აღინიშნება, რადგან ისინი, ჩვენგან განსხვავებით, სათანადოდ არ იცავენ ტუჩებს სიცივეში. პომადა ადამიანის ტუჩების ზედაპირულ შრეებს არასასურველი და არახელსაყრელი მეტეოროლოგიური ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. სიცივეში ტუჩები ხშირად შრება და კარგავს ელასტიკურობას. ამიტომ, უმჯობესია, ამ სეზონზე გამოიყენოთ ცხიმიანი პომადები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ჟოჟობას ზეთი ან ჰიალურის მჟავა, რომ ტუჩი ესტეთიკურად დატენიანდეს და არ გამოშრეს. ქეილიტის დროს აღინიშნება კანის სიმშრალე, სებორეა, ეგზემა და სხვა. ვიზუალურად კი ტუჩი შესიებულია, გაწითლებული, დაჭიმული და გამომშრალი. ეს დაავადება ქრონიკულია და თუ მას უყურადღებოდ დატოვებთ, შესაძლოა, ავთვისებიან ფორმაში გადავიდეს. სიცივის ზემოქმედებისას, ძირითადად სახე, ყურები, თითები და ტერფები ზიანდება. აღინიშნება შეშუპება, რასაც თან სდევს მოწითალო-მოლურჯო შეფერილობის ლაქები. ამ დროს დაზიანებულ ადგილას იწყება წვა, ტკივილი, ქავილი, რაც კანის მოყინვის ნიშნებია. ამის შემდეგ კი, შესაძლოა, ინფექცია შეიჭრას დაზიანებულ კანში და ეროზიული ზედაპირი კიდევ უფრო საშიში გახდეს. ასევე, საკმაოდ საშიში სეზონური კანის დაავადებაა სიცივისმიერი ჭინჭრის ციება, რადგან მწვავედ მიმდინარეობს. აღინიშნება კანზე სიწითლე, ქავილი, ასევე, სისუსტე, თავის ტკივილი. ერითემიის დროს კი, აღინიშნება კანის ტკივილი და წვა. ნუ გაამწვავებთ ამ დაავადებებს და დახმარებისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
– როგორ მოვუაროთ სიცივეში კანს, რომ არ გამოშრეს და ელასტიკურობა არ დაკარგოს?
– ცივ სეზონზე კანის მოვლის ძირითადი პრინციპებია დატენიანება, კვება, დაცვა გარე ფაქტორებისგან, მაგალითად, ყინვისა და ქარისაგან. დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით კანი ადვილად შრება, კარგავს ტონუსს, ელასტიკურობას და, შესაძლოა, გაჩნდეს ნაადრევი ნაოჭებიც. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ კანი და როგორ მოვახდინოთ მაქსიმალური ადაპტაცია დაბალ ტემპერატურასთან, სპეციალური დამცავი კრემების და ნიღბების საშუალებით.
– ამ მხრივ, კონკრეტულად, რომელი კრემების შერჩევას და ხმარებას გვირჩევთ?
– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ და სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით, გეტყვით, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: თავის მოვლის ნებისმიერი საშუალება, რომელიც შეიცავს წყალს, დამატენიანებელი კრემი იქნება ეს, ტონალური თუ სხვა, გამოიყენება სახლიდან გასვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, რადგან მასში შემავალი ტენი ხელს შეუწყობს კანის გადაცივებას, რაც, თავის მხრივ არღვევს აღდგენის პროცესებს, ამის გამო კი კანი იწყებს აქერცვლას და ქავილის შეგრძნებას. რადგან ზამთრის პირობებში ადამიანის კანი ძალიან შრება, ყოველ საღამოს გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ან გელი, რომელთა შემადგენლობაშიც, სასურველია, შედიოდეს ლეციტინი და ჰიალურის მჟავა. ხოლო, დილით, სახლიდან გასვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, გამოიყენეთ ცხიმიანი კონსისტენციის დამცავი და მკვებავი კრემი, რომლის ზემოდანაც დასაშვებია ტონალურიც გადაისვათ, (თუ, რა თქმა უნდა, მას ხმარობთ). ან მშრალი კომპაქტური პუდრი, რომელსაც გარდა დეკორატიული ეფექტისა, დამცავი ფუნქციაც ექნება. მაკიაჟის მოსაშორებლად კი, მოერიდეთ სახის ხშირ დაბანას – სასურველია, გამოიყენოთ რძე-ტონიკი ან კოსმეტიკური ყინული – სხვადასხვა მცენარის ნახარშისგან მომზადებული ყინულის კუბიკები. ეს, შესაძლოა, იყოს პიტნა, ჩაი, გვირილა და სხვა. ასევე, დიდი როლი აკისრია ამ სეზონზე ნიღბებს, რომლის შემადგენლობაშიც, სასურველია, შედიოდეს კვერცხის გული, ხაჭო, ვიტამინები და მცენარეული ზეთი. რაც შეეხება კანის ტიპის მიხედვით ზამთარში დამცავი საშუალებების მოხმარებას, გასწავლით ისეთი ნიღბების მომზადების წესს, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ადვილად მოამზადებს სახლის პირობებში. მაგალითად, თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: 2 ჩაის კოვზი ლიმონის ან ვაშლის წვენი, 1/2 კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ცხიმიანი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი – ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ათქვიფეთ. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ სახეზე, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი კრემი. ნორმალური ტიპის კანისთვის: 1 ცალი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 ცალი საშუალო ზომის გახეხილი ვაშლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, ნახევარი საათის შემდეგ კი, თბილი წყლით დაიბანეთ და გადაისვით მკვებავი. მათ კი, ვისაც ცხიმიანი ტიპის კანი აქვთ, შემდეგი სახის ნიღაბი გამოადგებათ: 1/2 კოლოფი საფუარი, 1 კვერცხის გული, 3-4 წვეთი ლიმონი, 1 ჩაის კოვზი მაწონი აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი კრემი.
– სიცივეში ბევრი ადამიანი უჩივის ხელის კანის გამოშრობასა და აქერცვლას. ამ პრობლემას როგორ გავუმკლავდეთ?
– მართალია, ამ პრობლემას ბევრი უჩივის, განსაკუთრებით, აცივების შემდეგ. რაც შეეხება ხელების მოვლას, ის აბსოლუტურად განსხვავდება სახის კანის მოვლისგან. კერძოდ, სახის კანისგან განსხვავებით, ხელის კანი ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს, რის გამოც ხელის კანის დამცავი ჰიდროლიპიდური ფენა ძალიან თხელია და, ამავდროულად, მსუბუქი. ამიტომ, ცივ სეზონზე, დღეში რამდენჯერმე წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემები. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ პერიოდში არ უნდა დაივიწყოთ ვიტამინები, რადგან მათ დიდი როლი ენიჭება კანის უჯრედების აღდგენის პროცესში. ვიტამინების ნაკლებობა პროვოცირებას უწევს კანის ნაადრევ სიბერესა და ნაოჭების გაჩენას. ამიტომ, ჩემი რჩევაა, გამოიყენეთ პოლივიტამინების კომპლექსი, ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები და, ასევე, რეგულარულად იხმარეთ ვიტამინების შემცველი კოსმეტიკა. კარგია, თუ B და C ვიტამინებს ბუნებრივი სახით მიიღებთ, ამისთვის კი ცივ სეზონზე უნდა ჭამოთ ციტრუსი, წიწაკა და ასე შემდეგ.
– ცივ სეზონზე, ასევე, ხშირია ჰერპესის გამოვლენის შემთხვევები. რა გამოვლინებები აქვს ამ დაავადებას, რამდენ ხანს გრძელდება და როგორ ვუმკურნალოთ მას?
– მართალია, აცივებასთან ერთად, იზრდება ჰერპესით დაავადების რისკიც. ჰერპესის განვითარება კი, თან სდევს ადამიანის იმუნური სისტემის დაქვეითებას. ეს დაავადება ვირუსული წარმოშობისაა და გამოიხატება დაზიანებულ არეზე წვრილი, ბუშტუკოვანი ელემენტების განვითარებით. მისი დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებაა ცხვირისა და ტუჩის არეზე წვის შეგრძნება, ტკივილი და შეშუპება. სხვათა შორის, ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს ერთ კვირამდეც კი და მას მკურნალობენ შესაბამისი ექიმების დანიშნული ანტიბიოტიკების შემცველი საცხებითა და მალამოებით. ზოგადად, ცივ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კანს, რომ არ გამოშრეს და არ დაიწყოს ნაადრევი დანაოჭება.