მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა ქალი გათხოვდეს 50 წლის ასაკში, რომელიც მანამდე არასდროს ყოფილა გათხოვილი?
პასუხი: ქორწინების საიდუმლოსთან ზიარება და ქრისტიანული ოჯახის შექმნა ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია.
კითხვა: რა არის ყველაზე დიდი შესაწირი ეკლესიისთვის?
პასუხი: უფლის წინაშე მატერიალურ შესაწირს სულიერი შესაწირი აღემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, უპირველესად, ქრისტიანული ცხოვრების წესით, მოყვასის სიყვარულითა და სათნოებით უნდა ცხოვრობდეთ. ყველაზე დიდი შესაწირი უფლისთვის თქვენი მხრიდან არის ეკლესიური ცხოვრება, ხოლო ამის შემდეგ, თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეგიძლიათ, შესწიროთ თანხა. რაოდენობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, შესწიროთ წრფელი გულით.
კითხვა: იოგას მიმდევრები და არა მარტო ისინი, მრავალ სასწაულს სჩადიან, მაგალითად, შეუძლიათ, ნაკვერჩხლებზე გავლა, რამდენიმე დღე მიწაში დამარხული ყოფნა და სხვა. რა ძალა ეხმარება მათ ამ სასწაულების ჩადენაში?
პასუხი: კარგად ნავარჯიშევ, გამოწვრთნილ ადამიანს მართლაც შეუძლია ასეთი „სასწაულების“ ჩადენა. მაგრამ, სასწაული მაშინ არის ჭეშმარიტი, თუ ის გარეგნული ეფექტისთვის, ადამიანების გასაოცებლად კი არ სრულდება, არამედ კაცთა სარგებლისთვის. ამ თვალსაზრისით, ყველაზე დიდ სასწაულებს უფალი და წმიდა მამები აღასრულებდნენ. მაგალითად, შიო მღვიმელმა ხელისგულზე დაიწყო ნაკვერჩხლები, ისე წილკნელმა წყალს კვერთხი დაჰკრა და მდინარე აღმართს შეუყვა. თუმცა ეს ყველაფერი მათ ადამიანებში რწმენის განსამტკიცებლად გააკეთეს.
კითხვა: თუკი ფიზიკური უძლურების გამო გვიჭირს ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს გაჩერება, შეიძლება თუ არა, დროდადრო გავიდეთ ტაძრიდან ეზოში?
პასუხი: როგორც ამბროსი ოპტელი ამბობს: „თუ არ შეგიძლია მთელი საეკლესიო მსახურების განმავლობაში ფეხზე დგომა, დაჯექი, ოღონდ კი ნუ წახვალ ეკლესიიდან!“
კითხვა: ჩემს მეგობარს უნებურად გავუწყვიტე გულსაკიდი ფსალმუნი. ხომ არ შევცოდე ღვთის წინაშე?
პასუხი: თუ ეს საქციელი უნებურად მოგიხდათ, ცოდვად არ ჩაგეთვლებათ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.