სიბრძნე მინიატურებში
ბაიაზიდ ბისტამიმ, სუფიების ოსტატმა ავტობიოგრაფიაში ჩაწერა: „ახალგაზრდობაში ყველა ჩემი ლოცვის ამოსავალი სამყაროს შეცვლის სურვილი იყო. ასე ვლოცულობდი: „მაღალო ღმერთო, მომეცი იმის ძალა, რომ სამყარო შევცვალო!“
ამქვეყნად ყველაფერი არასწორად მიმაჩნდა. რევოლუციონერი ვიყავი და დედამიწის გადასხვაფერება მეწადა.
ასაკი რომ მომემატა, მერე ასე ვლოცულობდი: „მგონი, ეს მეტისმეტია. ცხოვრება ხელიდან მისხლტება. ნახევარი გზა გავლიე და ჯერ ერთი ადამიანის შეცვლაც კი ვერ შევძელი. ამიტომ, უფალო, მომეცი ძალა, შევცვალო ჩემი ოჯახი!“ დავბერდი და გავაცნობიერე, რომ ოჯახის შეცვლაზე ფიქრიც მეტისმეტი იყო. ჩავწვდი სიბრძნეს და გავიაზრე, რომ თუკი საკუთარი თავის შეცვლას შევძლებდი, ეს უკვე საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტიც იქნებოდა. მას შემდეგ ასე ვლოცულობ:
– ღმერთო, მივხვდი, რომ საკუთარი თავის შეცვლა მინდა! შემეწიე, დამეხმარე, რომ შევიცვალო!
უფალმა მიპასუხა:
– ახლა უკვე დრო აღარ დაგრჩა. ამით უნდა დაგეწყო, თავიდანვე ამაზე უნდა გეფიქრა.
მდიდარი და ქვრივი
ქრისტე, თავის მოწაფეებთან ერთად, ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში დადიოდა და ქადაგებდა. უკვე ბინდი წვებოდა, როდესაც ერთ სოფელში შევიდნენ, დაინახეს საკმაოდ დიდი სახლი და რადგან ადგილი იქ ყველასთვის იქნებოდა, გადაწყვიტეს, მასპინძლისთვის ეთხოვათ დარჩენის ნებართვა. სახლში დროსტარება გაემართათ და შექეიფიანებულმა მასპინძელმა სტუმრები ეზოდან გაყარა. კეთილმა ხალხმა იესოს და მოწაფეებს უთხრა, რომ სოფლის ბოლოს ერთი ღარიბი ქვრივი ცხოვრობდა, რომელიც, რითაც შეეძლო, ყველას დიდი სიხარულით უმასპინძლდებოდა. როდესაც ქრისტე თავისი მოწაფეებითურთ ეწვია მას, ქალმა ისინი დიდი პატივით მიიღო. აღმოსავლური ტრადიციისამებრ, ფეხები დაბანა, აჭამა და მოასვენა. დილით სტუმრებმა ქალს მადლობა გადაუხადეს და გზას გაუდგნენ. მოწაფეებმა მოძღვარს ჰკითხეს. რა სასჯელი მოელოდა მდიდარ ძუნწ კაცს და როგორ გადაეხდებოდა ქვრივს თავისი სიკეთისთვის... უფალმა კი, ცნობისმოყვარეებს უთხრა, რომ ქვრივს უკანასკნელი ძროხაც მოუკვდებოდა, ხოლო მდიდარი კიდევ უფრო მეტ სიმდიდრეს შეიძენდა. მოწაფეები აღშფოთდნენ:
– უფალო, სად არის სამართალი, ნუთუ ბოროტი უნდა დაჯილდოვდეს და კეთილი დაისაჯოს?
ქრისტემ კი მიუგო მათ:
– თქვენ არ იცით, როგორია ღვთის ნება. ამ ქალს მცირეოდენი ცრემლი კიდევ სჭირდება ცოდვათა გამოსასყიდად, რათა შემდეგ სამოთხეში დატკბეს ღვთაებრივი ნეტარებით, ამიტომაც მოუკვდება მას ძროხა. ამ მდიდარ კაცს კი, არც მონანიება შეუძლია და არც გამოსწორების სურვილი აქვს, ამიტომ ღვთის ნებაა, აქ, ამ ცხოვრებაში მაინც გაიხაროს, აისრულოს გულის წადილი, რადგან მის სულს სამარადისო ტანჯვა ელოდება ჯოჯოხეთში.