რატომ აღესრულა თბილისელი მარინა მეტრეველის ოჯახში ქრისტიანული სასწაული
პარანორმალურ და ამოუცნობ მოვლენებს ხშირად ადამიანები ძილ-ღვიძილის მიჯნაზე, ხილვებითა და გამოცხადებებით ხედავენ. არაერთხელ გამოსახულა ჯვრები თეთრ კედლებსა თუ ყვავილებით მოჩითულ მიწაზე. ხატებს სურნელოვანი მირონი დასდენიათ, მაგრამ ფაქტი, რაც ჩემი რესპონდენტის ოჯახში მოხდა, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი და გამაოგნებელია, მაგრამ მაინც ბევრ კითხვას პასუხობს. თბილისელი მარინა მეტრეველის საფულეზე უეცრად გაბრიელ ბერის ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. ქალბატონი მარინა პროფესიით ქიმიკოსია, ჰყავს 6 შვილი, ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი. როგორც თავად აცხადებს, ცხოვრების მძიმე გზა აქვს განვლილი. ამიტომ, არ გაჰკვირვებია მის თავს მომხდარი ხილული სასწაული, რომლის ერთ-ერთი თვითმხილველი მისი სულიერი მოძღვარი, მამა ლუკაა (დიდი დიღმის წმიდა ილია მართლის სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში მოღვაწეობს). უფალი ყოვლისშემძლეა და ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავის სამწყსოსთან მიაბრუნოს გზააბნეული ცხვრები.
მარინა მეტრეველი: რამდენიმე ხნის წინათ ჩემს ვაჟს, დავითს, მეგობარმა ლამაზი საფულე აჩუქა და მანაც ძველის გადაგდება გადაწყვიტა. ვუთხარი, არ გადააგდო, მე დავიჭერ-მეთქი და ცარიელი „ტრილიაჟის“ უჯრაში შევინახე. ზუსტად 4-5 დღეში ჩემმა შვილმა ახალი საფულე დაკარგა და ძველი მოიკითხა. სწორედ ამ დღეებში ჩემმა სიძემ, რომელიც პროფესიით მხატვარია და ხატმწერიც, მამა გაბრიელის სურათი მომიტანა და მთხოვა, მოქარგეო. დიდი ხანია, ვქარგავ, მაგრამ ხატებთან მიახლოება ჯერ ვერ გამიბედია. თვითონაც არ ვიცი, რა ძალამ მათქმევინა ჩემი სიძისთვის, მამა გაბრიელი წმიდანად არ არის შერაცხილი, ეგ რა მოსაქარგია-მეთქი. ჩემმა სიძემ, რომელიც იმჟამად სამი თვით მონასტერში, ბერებთან ერთად ცხოვრობდა, პირჯვარი გადაიწერა და ხუმრობანარევი ტონით მითხრა: შეგინდოს უფალმა, რადგან უმეცარი სიტყვა ბოროტმა მოგაწოდაო. ასეთ კომენტარებს მიჩვეული ვართ მისგან მთელი ოჯახი და არც ამისთვის მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა. მოკლედ, ჩემმა შვილმა ძველი საფულე აიღო და შეამჩნია, ეგრეთ წოდებული ფოტოს ადგილი, რომელიც ცელოფნით არის ხოლმე დაფარული, გაყვითლებული იყო. ჭუჭყიანს ჰგავდა, აიღო და გულმოდგინედ დაუწყო წმენდა. სადღაც იყვნენ წასასვლელები. მისმა ტყუპისცალმა გიორგიმ უთხრა, კარგი, რას გადააკვდი მაგ საფულეს, ისეთი რა უსვია, რომ ამდენ ხანს წმენდო? დიდხანს არ ეცლებოდა სიყვითლე, ბოლოს კი საოცრების მომსწრე გავხდით: ჩემს შვილს ემოციისა და გაკვირვებისგან კინაღამ ენა ჩაუვარდა, საფულეზე მამა გაბრიელის მკრთალი, მაგრამ შესამჩნევი ხატი დავინახეთ.
გამიჩნდა უამრავი კითხვა... ვინ არის მხატვარი?
პასუხი ერთია, ალბათ, უზენაესის ძალა. ჩემი გარდაცვლილი მეუღლეც მხატვარი იყო, 45 წლის ასაკში ხატწერაც დაიწყო. ჩემმა ვაჟმა ბესომაც სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა, მაგრამ ის ხელთუქმნელი ხატი იყო, რომელიც ჩემი შვილის საფულეზე გამოისახა, სიხარულისგან ცრემლები გვდიოდა ყველას. ვიფიქრეთ, რომ უფლისგან ნიშანი მივიღეთ, რომ ჩვენს თავს დიდი მადლი ტრიალებსო. მამა გაბრიელი კი სწორედ იმიტომ დაეხატა, რომ მის მოქარგვაზე უარი ვთქვი, რადგან წმიდანად არ ვცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ხალხი ყვება მისი საფლავიდან აღებული ზეთის მაკურნებელ ძალაზე, საფლავზე დაწყობილ სამკაულთა სიწმიდედ გადაქცევასა და მრავალ სხვა სასწაულზე.
– უხილავისაგან შექმნილი ხატი მოძღვრისთვის არ გიჩვენებიათ?
– ხატმა ბოლომდე ხორცშესხმა და გამუქება სწორედ მის ხელში დაამთავრა. ხელთუქმნელი ხატი არავისთვის მინახვებია, არც დამიჯერებდნენ და ამპარტავნებაშიც ჩამომერთმეოდა. ამიტომ, წავედი ტაძარში და ჩემს მოძღვარს ვუთხარი მომხდარის შესახებ. მან გამომართვა მამა გაბრიელის ხატი და სულიწმიდაც მის ხელში დაეხატა მტრედის სახით. მამა ლუკას არც დიდი გაკვირვება გამოუხატავს და არც გაოცება, ეს ამბავი ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნია. მითხრა, სულაც არ მიკვირს, რომ მაინცდამაინც შენს ოჯახში მოხდა ეს საოცრებაო.
– რატომ? რით არის გამორჩეული თქვენი ცხოვრება სხვებისგან?
– ჩემს ოჯახში ექვსი წლის წინათ კიდევ ერთი სასწაული მოხდა, რაც მამა ლუკამ იცოდა და ალბათ, ამიტომაც არ გაჰკვირვებია ხელთუქმნელი ხატის გამოსახვა.
– რა სასწაული?
– ავარიაში მოყვა ჩემი შვილი, სადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. საჭესთან ჩემი მაზლიშვილი – 27 წლის ბიჭი იჯდა, იქვე იყო ჩემი მულიშვილი – 19 წლის ბიჭი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა და ჩემი ქმარიც. სამივეს ფუძის ძვალი ჰქონდა გადამტვრეული. სახეზეც ვერავინ ცნობდა, ისე იყვნენ, ჩემს ბიჭს კი მხოლოდ კისერი ჰქონდა ოდნავ გაკაწრული. თუმცა, ტკივილით მთელი სხეული სტკიოდა. ქმრის სიკვდილსა და ოჯახის ტრაგედიას რომ მისამძიმრებდნენ, თან შვილის გადარჩენას მილოცავდნენ. ვეღარ ვიგებდი, ბედთან სასაყვედურო მქონდა თუ სამადლობელი? ჩემს ვაჟს მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვდა. მანქანა ისე იყო დაკეცილი, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ იქიდან ცოცხალი ადამიანის გამოსვლა შესაძლებელი იქნებოდა. ბავშვი კი, იქიდან გადმოხტა და გამალებული გარბოდა. თუმცა, გონზე არ იყო და არ იცოდა, სად მიდიოდა. საავადმყოფოში გაიგო, რომ მისი ახლობლები გარდაიცვალნენ. ისიც კი არ იცოდა, რომ ავარიაში მოყვა და ვინ ახლდა. ამ ავარიამ სხვა არხები გაუხსნა ბესოს. მამის ნიჭმა, რის მიმართაც ის მის სიცოცხლეში გულგრილი იყო, ერთბაშად ამოხეთქა შვილში. უცებ დაიწყო ხატვა და ინსტრუმენტზე დაკვრა, რაც მისთვის არავის უსწავლებია – გარმონზე, ფორტეპიანოზე. ახლა ცნობილ ანსამბლებში უკრავს და ხატვით არის დაკავებული. მამა გაბრიელი, რაც მე უნდა მომექარგა, ჩემმა შვილმა დახატა. მისი პედაგოგები ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს სწავლა აკადემიაში და ხატწერა მისი უშუალო მოღვაწეობის სფერო გახდეს. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა მისთვის მუსიკის სამყარო. ხელთუქმნელი ხატის შექმნაზე დიდ სასწაულს არ შევსწრებივარ, მაგრამ მამის ნიჭის ერთბაშად შვილში გადასახლებაც სასწაულად მიმაჩნია. ჩემი ხატი დაბრძანებულია სხვა ხატებთან და მის ძალმოსილებას ყოველ წუთში ვგრძნობ.
ჩემი აზრით, ღმერთმა ეს სასწაული იმიტომ მომივლინა, რომ მამა გაბრიელის უდიდესი მადლიც დამანახა და ძალაც. თანაც, მაგრძნობინა, რომ გზააბნეული ვარ და მის სამწყსოს უნდა შევუერთდე.