როგორ ქმნის სხვადასხვა ხასიათს თენგო იმნაიშვილი ცხოველებისა და ფრინველებისთვის
16 წლის თენგო იმნაიშვილს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, ორი გატაცება აქვს და შემიძლია, გადაჭარბების გარეშე გითხრათ, რომ ორივეს წარმატებით ართმევს თავს. მას აქვს საკუთარი ხელით შექმნილი კერამიკის ნაკეთობათა საკმაოდ შთამბეჭდავი კოლექცია და იმავდროულად – ეუფლება სროლას. ბუნებრივია, გაგიკვირდებათ ერთი მეორესთან რა კავშირშიაო. მე კი ასეთ შემთხვევაში, გირჩევთ, წაიკითხოთ ჩვენი ინტერვიუ და დარწმუნებული ვარ, თქვენი ცნობისმოყვარეობა აბსოლუტურად დაკმაყოფილდება.
თენგო იმნაიშვილი: ბავშვობიდან სულ დაკავებული ვიყავი. მართლა ყველაფერზე დავდიოდი, ერთადერთი ფარიკაობაზე არ მივლია. ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების გარდა ვეუფლებოდი უცხო ენებსა და ცეკვას.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კერამიკის გაკვეთილები და თიხასთან ურთიერთობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სასიამოვნო საქმიანობა იყო. ამიტომაც, შეიქმნა ეს კოლექცია და ამიტომ დავრჩი ამ საქმის ერთგული დღემდე.
დაახლოებით 10 წლის ვიყავი, როდესაც კერამიკაზე დავიწყე სიარული და ამით დიდი ხნის სურვილი ავისრულე. სულ რაღაცას ვძერწავდი. თავდაპირველად, აი, ეს დინოზავრი გავაკეთე და მეც კი გამიკვირდა, ისეთი კმაყოფილი დავრჩი შედეგით. მეორე იყო სალამანდრა და ნელ-ნელა მივყევი... იყო პერიოდი, როდესაც თევზების გაკეთება მიტაცებდა.
– რატომ თევზების?
– იმიტომ რომ, თევზის მრავალი სახეობა არსებობს და მრავალფეროვანია მათი შეფერილობაც. აქედან დამომდინარე, შენს ფანტაზიას დიდი გასაქანი აქვს. მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთი კონკრეტული მიმართულება არ ჰქონდა ამ კოლექციას, სანამ არ წამოვიზარდე და მამაჩემთან ერთად არ დავიწყე სანადიროდ სიარული. ბუნებასთან სიახლოვემ ჩემს კოლექციას ახალი და ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო მიმართულება შესძინა.
– ეს როდიდან დაიწყო?
– მას შემდეგ, რაც მამაჩემთან ერთად დავდივარ სანადიროდ. მამა პროფესიონალია, იგი ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონია სასტენდო სროლაში. მას, ანუ თამაზ იმნაიშვილს 112 მედალი აქვს მიღებული სპორტის ამ სახეობაში მიღწეული წარმატებებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მისი რეკორდი დღემდე მოუხსნელია. მართლა მაგარია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემია. ამიტომ მასთან ერთად სანადიროდ სიარული ერთი სიამოვნებაა. მამასგან განსხვავებით, მე ტყვიით სროლას ვეუფლები ქალბატონ ნინო სალუქვაძესთან, უკვე 2 წელია. ჩვენს შორის საერთო ისაა, რომ ორივეს გვიყვარს იარაღი. უკვე რამდენიმე მედლისა და დიპლომის მფლობელი ვარ და ეს ყოველივე დიდ სტიმულს მაძლევს, უფრო მეტს მივაღწიო. ჩვენ, ძირითადად, მწყერსა და კაკაბზე ვნადირობთ ხოლმე. ახლა ცხოველებზე ნადირობას ვგეგმავთ და ალბათ, ამის შემდეგ ცხოველებიც დაიდებენ ბინას ამ კოლექციაში, ნადირობისას მიღებული შთაბეჭდილებების გავლენით.
ერთხელ მე მამა და მამას მეგობარი ვიყავით სანადიროდ. თოფი მქონდა ჩაკეტილი და სწორედ ამ დროს კაკაბი ამიფრინდა თვალწინ. ინსტინქტურად მოვიმარჯვე იარაღი, გამოვკარი სასხლეტს და რას ისროდა! ერთი სიტყვით, გამასწრო. იმდენი ვიფიქრე იმ კაკაბზე, რომ სახლში მოსულმა აი, ეს კაკაბი გავაკეთე თიხისგან. იმ კაკაბისგან განსხვავებით, ამას სასროლად ვერ გავიმეტებ.
– ახლა მივხვდი, რატომაა ასე მრავლად შენს კოლექციაში ფრინველები. სულ რამდენი ნამუშევარია თავმოყრილი კოლექციაში?
– ალბათ, სამოცდაათამდე ნამუშევარი იქნება.
– რა ფერებს ანიჭებ უპირატესობას?
– მიყვარს სიჭრელე და მყვირალა ფერები. ფიგურებს კი, ძირითადად, დიდი ზომისას ვქმნი.
– გაჩუქება შეგიძლია?
– თუ ვიცი, რომ ამა თუ იმ ფიგურას კარგად მოუვლიან, არ დამენანება, შემიძლია ვაჩუქო. მაგრამ, ეს ნაკლებად ხდება. თუმცა, არის ამ კოლექციაში რამდენიმე ისეთი ნამუშევარი, რომელსაც მართლა ვერასოდეს შეველევი.
– რა დროს ანდომებ ერთი ნამუშევრის შექმნას?
– დაახლოებით 3-4 დღე სჭირდება ერთი ფიგურის შექმნას.
– როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც ამ კოლექციას ნახულობენ?
– არავის სჯერა, რომ ეს ნაკეთობები ჩემი ხელითაა შექმნილი და პირველად ვინც ნახავს ყველა, როგორც წესი, მეკითხება: ეს სად იყიდეო. მე მწყინს და ვპასუხობ: კი არ ვიყიდე ჩემი გაკეთებულია-მეთქი. მერე ათასნაირ კითხვას მისვამენ – ეს როგორ კეთდება? ეს სად მაგრდება? და ასე შემდეგ.
– რომელ ნამუშევარს გამოყოფდი ამ კოლექციიდან და რატომ?
– აი, ამ თევზს, იმიტომ, რომ გამომეტყველება აქვს საინტერესო, შთამბეჭდავი. მე ასე მგონია.
– ისე, ძალიან მაინტერესებს, როგორ ახერხებ ცხოველისა და ფრინველის ხასიათის გადმოცემას?
– მუშაობის დროს მოდის ყველაფერი, მეც არ ვიცი, ისე გამომდის.
– ანუ, წინასწარ არ იცი, რას გააკეთებ?
– რომ ვიტყვი, ვაკეთებ, ვთქვათ, თევზს. – გავაკეთებ თევზს, მაგრამ სახე და მიმიკა როგორი ექნება, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავ.
– რამდენი წლისაა შენი კოლექცია?
– მალე 6 წლის გახდება.
– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?
– ძალიან ბევრ რამეს. რომ ვუყურებ, ძალიან ბევრ სასიამოვნო მოგონებას აღმიძრავს.