რატომ არიან „ვიცე-მის საქართველო“ ანი ესაკიასთან ურთიერთობისას ბიჭები ზედმეტად აქტიურები და რატომ დარბოდნენ „მის საქართველოს“ გოგონები ჩუმ-ჩუმად სასტუმროს ნომრებში
ანი ესაკია სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ მოდელია. ის სულ ახლახან მონაწილეობდა კონკურსში „მის საქართველო 2010“ და საუკეთესო ხუთეულშიც შევიდა – „ვიცე-მის საქართველო“ გახდა.
ანი ესაკია: ვსწავლობ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე. 15 წლის ასაკიდან მოდელი ვარ. ჯერ სხვა სააგენტოში ვიყავი, მერე, როდესაც შევიტყვე „ელიტ მოდელ ლუქის“ კონკურსის შესახებ, მივედი, მივიღე მონაწილეობა და მას შემდეგ „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ვარ. „ელიტზეც“ ხუთეულში მოვხვდი და ძალიან გამიხარდა. ამ კონკურსზე დიდი გამოცდილება შევიძინე, რაც მერე „მის საქართველოზე“ გამომადგა.
– გოგონები მოდელობაზე ძირითადად ბავშვობიდან ოცნებობენ.
– პატარა რომ ვიყავი, ძალიან მომწონდა მოდელები, სულ „ფეშენ-თივის“ ვუყურებდი და ვოცნებობდი, ნეტავ, მეც აქ ვიყო-მეთქი. მერე გადამიარა, მაგრამ, ერთ დღესაც, ჩემმა მეგობარმა, რომელიც უკვე მოდელი იყო, მითხრა, სამოდელო სააგენტოში წამოდიო და აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. მოდელობა გოგონას ბევრ რამეში ეხმარება, ბევრ რამეს სწავლობ, უფრო იხვეწები, მოკლედ, ძალიან კარგია. მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, რატომ არ იღებ კონკურსში მონაწილეობას, გადი, გადიო. მეც წელს გადავწყვიტე გავსულიყავი, თან, 18 წლის გავხდი, უნივერსიტეტშიც ჩავაბარე და ბევრი დრო მქონდა. ჩემთვის ხუთეულში მოხვედრაც ძალიან დიდი წარმატება იყო. ქასთინგზე რამდენიმე ათასი გოგონა მოდის და, მათ შორის რომ აგირჩევენ, უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ბოლოს, როდესაც სცენაზე ვიდექი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემს გვარს გამოაცხადებდნენ და ძალიან გამიხარდა, თუმცა, თავიდან უცებ დავიბენი.
– „მის საქართველოს“ შემდეგ თუ შეიცვალა შენი ცხოვრება?
– უფრო აქტიური, საინტერესო გახდა. ბევრი გადაღება მაქვს. ეს კონკურსი ძალიან ბევრ რამეში გეხმარება – ჯერ ერთი, დიდ გამოცდილებას იძენ, იხვეწები, ხალხთან ურთიერთობა უფრო მოზომილი, დახვეწილი გაქვს.
– საკუთარი თავი დაახასიათე, როგორი ადამიანი ხარ?
– მეგობრული, კომუნიკაბელური, მხიარული, გართობა მიყვარს მეგობრებთან ერთად. ღამის კლუბებში იშვიათად დავდივარ – არ მაქვს ამის დრო. ჩემთვის მთავარია, მეგობრებთან ერთად ვიყო და, სად გავერთობი, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ცეკვაც მიყვარს – ადრე ქართულ ხალხურ ცეკვებზე დავდიოდი. ჩემი ბავშვობის ოცნებაა სიმღერა, მაგრამ არ გამომდის. ჩემი მეგობრის ბებიაა მომღერალი და მასთან მივედი – იქნებ, რამე შანსი მაქვს-მეთქი, მაგრამ, მითხრა – არაო და შევეგუე.
– თვითკრიტიკული ხარ?
– ყველა მეუბნება, ნუ ხარ საკუთარი თავის მიმართ ასეთი მკაცრიო და მეც ვებრძვი ამ თვისებას. თვითკრიტიკული ვარ, როგორც საკუთარი ხასიათის, ასევე გარეგნობის მიმართ. სარკეში ძალიან ბევრჯერ ჩამიხედავს და საკუთარ გარეგნობაში არაფერი მომწონებია. სულ ვცდილობ, რაღაც ნაკლი დავფარო, მაგრამ, არ გამომდის, სულ რაღაც არ მომწონს. ჩემი უარყოფითი თვისებაა არაპუნქტუალობა – ყველგან ვაგვიანებ. სულ ვცდილობ, გამოვასწორო ეს თვისება, მაგრამ, ხან გამომდის, ხან – არა.
– როგორი რეაქცია გაქვს, როდესაც სხვები გაკრიტიკებენ?
– თუ რაღაც ისეთია, რასაც მეც ვეთანხმები, ვცდილობ, გავითვალისწინო, მაგრამ, თუ უაზრობაა და არ მიმაჩნია სწორად, არ ვაქცევ ყურადღებას. რატომ უნდა მოვიშალო ვიღაცის ჭორებსა და ლაპარაკზე ნერვები. დედაჩემის და ჩემი დების რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, თუ დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ამას გავაკეთებ, აღარ ვყოყმანობ.
– დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?
– პატარაობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვარ, რადგან ბავშვობიდან ბევრ რამეზე მიწევდა სიარული. შესაბამისად, ბათუმში ყოფნა არ გამჭირვებია, თან, გოგონები კარგ დროს ვატარებდით, კარგად ვერთობოდით, მოწყენის საშუალება არ გვქონია. ის წვალებაც, რაც მაშინ იყო, დღეს ძალიან კარგად მახსენდება. გვენატრება ღამით ნომრებში აქეთ-იქით ჩუმ-ჩუმად სირბილი.
– ახლა ისიც მითხარი, როგორი ბიჭები მოგწონს? ალბათ, პირველ ეტაპზე, მაინც გარეგნობას ანიჭებ უპირატესობას.
– არ არის გამორიცხული, ბიჭი თავიდან გარეგნულად არ მოგეწონოს, მაგრამ რომ დაგელაპარაკება და გაიცნობ, შეიძლება, მისი გარეგნობა სულ აღარ გახსოვდეს, აღარ მიაქციო ყურადღება. ან შესაძლოა, ძალიან კარგი ბიჭი იყოს, სიმპათიური, მაგრამ, ჯობია, ხმა არ ამოაღებინო. ამიტომ, გარეგნობაც და ხასიათიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ ან ასეთი უნდა მომეწონოს, ან – ისეთი, უბრალოდ, რაღაც შარმი უნდა ჰქონდეს, რომ მომხიბლოს. ხასიათით, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ყურადღებიანი და პატივს უნდა სცემდეს ზოგადად ქალბატონებს. თავისუფალი უნდა იყოს, უშუალო, ურთიერთობაში ადვილად უნდა შემოდიოდეს. მუდო და ჩაკეტილ ადამიანთან ვერ დავამყარებ ურთიერთობას.
– ხშირად ბიჭები წარმატებულ გოგონებთან ურთიერთობისას ცოტათი კომპლექსდებიან. შენ გიგრძნია ეს?
– პირიქით, უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ – აი, ნახე, მოდელია, „მის საქართველოზე“ გამოდიოდაო, ანუ, ჩემთან ურთიერთობისას ზედმეტად აქტიურები არიან.
– ასეთ დროს როგორ იქცევი?
– ძალიან ვღიზიანდები, რადგან, არ მიყვარს ასეთი რაღაცეები. ძალიან კარგია, მოდელი რომ ხარ, „მის საქართველოზე“ რომ გამოდიხარ, მაგრამ, მხოლოდ ამიტომ არ უნდა მოგინდეს ადამიანის გაცნობა, უფრო ღრმად უნდა ჩახედო მის პიროვნებას. უბრალოდ, არ მიყვარს, როდესაც ასე იწყებენ ურთიერთობას. თან, ისეთი ადამიანი ვარ, მერიდება, მათ რამე ვუთხრა უხეშად და ბოლოს ისე გამოდის, ხოლმე, რომ თვითონ ვვარდები უხერხულ სიტუაციაში. მერე, ოდესღაც, ხვდებიან, რომ თავი უნდა დამანებონ.
– რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ მოგხიბლოს და შეყვარებული თუ ყოფილხარ?
– სერიოზულად არა, მაგრამ გატაცებები ყოფილა. ძალიან მიყვარს სიურპრიზები, ამიტომ, სიურპრიზებს უნდა მიკეთებდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბანალური, ორიგინალური უნდა იყოს.
– შენი ასაკის გოგონები, ხშირ შემთხვევაში, მამაკაცების მატერიალურ მდგომარეობას აქცევენ დიდ ყურადღებას.
– მე არ ვაქცევ დიდ ყურადღებას მატერიალურ მდგომარეობას, მთავარია, იყოს ორიგინალური და ხალისიანი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენკარატიან ბრილიანტს მაჩუქებს.
– როგორი რეაქცია გექნება მამაკაცის მხრიდან შეზღუდვებზე, აკრძალვებზე?
– არ მიყვარს შეზღუდვები, ადამიანი ისეთი უნდა იყო, როგორიც ხარ და ასეთი უნდა შეგიყვარონ. შეიძლება, მოკლე კაბა არ მოსწონდეს, მაგრამ, მოდელი არ უნდა იყო, არ იმუშავებ, სახლში იჯდებიო – ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ანუ, ჩემს ცხოვრებაში უხეშად რომ ჩაერიოს, ვერ ავიტან, გამორიცხულია. არც მე ჩავერევი მის ცხოვრებაში უხეშად. როდესაც ადამიანი გიყვარს, გიყვარს მისი ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. სიყვარული ურთიერთგაგებაზე უნდა იყოს დამყარებული.
– შენ თქვი, პატარ-პატარა გატაცებები მქონიაო. ასეთ დროს როგორი ხარ?
– თვალებში მეტყობა ყველაფერი – მიბრწყინავს და სულ ვიცინი. დაბნეული არ ვარ, მაგრამ, ძალიან ბედნიერი ვხდები. როდესაც ვიღაც მოგწონს, ეს დიდ სტიმულს გაძლევს, სულ გინდა, ხალისიანი იყო, იცინოდე, კარგად, ლამაზად გამოიყურებოდე. მეტ წარმატებას მიაღწიო, რომ მის თვალში კიდევ უფრო ამაღლდე. როდესაც ბიჭი წარმატებულია, ცდილობ, წარმატებაში მას დაემსგავსო, ხოლო როდესაც შენ ხარ წარმატებული, პირიქით, ის ცდილობს, რომ გაიზარდოს, მიაღწიოს წარმატებას და ეს ორივესთვის ძალიან კარგია.