როგორ მიუსადაგა „ბალმაინმა“ ერთმანეთს თანამედროვე პოპ-სტილი და ლუდოვიკო მეთოთხმეტის ვერსალი
„ბალმაინისა“ და კრისტოფერ დეკარნინის შარშანდელი სეზონის ჩვენებებმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მოდის სფეროში. მაიკლ ჯეკსონით ინსპირირებულ კოლექციებს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ამ სტილმა ყველა წამყვანი თუ სრულიად უცნობი დიზაინერების კოლექციებში ჰპოვა თავისი ადგილი, მოხდა ისეთი „გადამღერება“, რომ „ბალმაინის“ ჯეკსონისეულ სამოსს უკვე ნებისმიერ ჟურნალში, ვებ-გვერდსა თუ მაღაზიაში ნახავდით. მაღალი მხრები, მხრებზე ჯაჭვები, გადახეული ჯინსები, შავ ფეხსაცმელზე თეთრი წინდები – როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს მიმართულება თბილისშიც ძალიან აქტუალური გახდა. განსაკუთრებით, ეს მაღალ მხრებს ეხება. ერთი სიტყვით, ყველაფერ ამის გამო, ამ სეზონის კოლექციას, რომელიც ისევ კრისტოფერ დეკარნინმა შემოგვთავაზა, მოუთმენლად ელოდებოდნენ როგორც მოდის კრიტიკოსები და დიზაინერები, ასევე ის ქალბატონები, რომლებიც მაღალ მხრებს მიეჩვივნენ და განაზებულ, შერბილებულ ფორმებთან ხელახლა შეგუება, აღარ სურთ.
მაგრამ ჯაჭვები მაიკლ ჯეკსონიანად, მაინც დაივიწყეს. ამ სეზონზე დეკარნინის კოლექცია შეიძლება ასე შეფასდეს – ფხიზელი, გაწონასწორებული მინიმალიზმი? – ნაკლებად! ვინც არ უნდა იყოს დეკარნინის მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი, ფაქტი ერთია – ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია, ძალიან ცხელი და სექსუალური კოლექციის პოდიუმზე გაცოცხლება. ამ სეზონზე მან აქცენტი ბაროკოსეულ როკენროლზე გააკეთა. რა კავშირი აქვს ბაროკოსა და როკენროლი ერთმანეთთან, ამის წარმოდგენა მხოლოდ „ბალმაინს“ შეეძლო და ჩვენც გვაჩვენა. ხელოვნური ბეწვის მოსაცმელები, კლასიკური აბრეშუმის, მაქმანებიანი პერანგები და ტყავის შარვლები – სინთეზი ნამდვილად ძალიან საინტერესოა. დეკარნინი თითქოს ლუდოვიკო მეთოთხმეტის ვერსალისეულ საფრანგეთსა და თანამედროვე ჯგუფ „ფარფალ რეინის“ შორის ჩარჩა და ამ ორი, რადიკალურად განსხვავებული სტილის სინთეზიც იოლად მოახერხა. ბევრი ოქროსფერი, სერთუკები, ფარჩა, ლენტებით შეკრული მაღალქუსლიანი ბოტები, მბრწყინავი ელემენტებით გაფორმებული კაბები, პიჯაკები და შარვლები – დეკარნინი ამაზე წავიდა და რისკმაც, უნდა ითქვას, რომ გაამართლა.
დიზაინერმა ძალიან ბევრი ჭკვიანური სვლა განახორციელა. მას შემდეგ, რაც „ბალმაინის“ მილიტარისტული კოლექცია ძალიან ძვირად გაიყიდა მსოფლიოს უამრავ მაღაზიაში, იოლად დამზადდა მისი იაფფასიანი პატენტიც. ამ შემთხვევაში კი, დიზაინერის ძვირფასი, კლასიკური კოლექცია, რომელიც, ალბათ, კიდევ უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე მისი წინამორბედი, ძალიან იოლად გაირჩევა იაფასიანი პატენტისგან. ის კი არა, მისი პატენტის დამზადებაც ძალიან რთული იქნება და დიდ ხარჯებს მოითხოვს. ოქროსფრად დაფერილი ჯინსები, ბეწვის პალტოები მეჩვიდმეტე საუკუნის სტილში – ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეხამება მხოლოდ დეკარნინს შეეძლო.
რაც შეეხება მხრებს, მართალია, ის შედარებით დარბილდა და მომრგვალდა, მაგრამ გარკვეული სიმაღლე მაინც რჩება. რამდენიმე სეზონია, რაც მაღალი მხრები აქტუალობას ინარჩუნებს. თუმცა, ამ ყველაფერთან შელევა, როგორც ჩანს, როგორც დიზაინერებს ისე მოდის მიმდევრებს ძალიან უჭირთ. ამიტომ, მხრების პატარა აქცენტები მაინც რჩება. ასეა თუ ისე, ზამთარში დეკარნინი უცნაურად ჩაცმულებს „გვატარებს“. შეგვიძლია ძალიან თბილად ვიყოთ იასამნისფერ ხელოვნურ ბეწვში ან შეგვცივდეს, მაგრამ ჩვენს სილუეტს ხაზი გავუსვათ ტანზე მომდგარ, მოკლე პიჯაკში.