ვინ ვერ „აღმოაჩინა“ საქართველოში სოფო ჭყონიამ და ვისთვის იქცა ის გარანტიად
ის დიდი ხანია უკვე, რაც საქართველოში არ ცხოვრობს. ქართულ ცხოვრებას, ქართული მოდის განვითარებას „მოდის მექადან“ – პარიზიდან უყურებს და აკვირდება. წელს სოფო ჭყონია თავადაც ჩართული გახლდათ „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ ორგანიზებასა და მის მაღალ დონეზე ჩატარების საქმეში. თუმცა, იმ დღეებზე დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ ნანახისადმი თავად დიდ აღფრთოვანებას არ გამოხატავდა. პრინციპში, აღფრთოვანება მისი საქმე არც იყო, სოფომ ხომ თბილისში სწორედ „აღსაფრთოვანებელი“ ადამიანები ჩამოიყვანა. თუ რა შედეგი მოჰყვება ამას, ნელ-ნელა უცხოური პრესიდან, მოდური ჟურნალებიდან გავიგებთ.
სოფო ჭყონია: პარიზში ჩემს ნაცნობ მოდის კრიტიკოსებს უნდოდათ მასტერ-კლასების ჩატარება საქართველოში. ვინაიდან და რადგანაც, ამ ყველაფრის ორგანიზების დრო არ მქონდა, რაღაც ვერ მოვაბი თავი, გადავწყვიტე, რომელიმე მოდის კვირეულისთვის შემეთავაზებინა, მით უმეტეს, ვიცოდი, რომ ამას ისედაც აკეთებდნენ. თან, მაღალპროფესიონალურ დონეზე და ორგანიზებით კმაყოფილი დავრჩებოდი. ერთი სიტყვით, შევთავაზე, მასტერ-კლასების ჩასატარებლად კრიტიკოსების ჩამოყვანა და აქედან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. კიდევ ბევრი რაღაც დაემატა ამ საქმიან ურთიერთობას და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ სტუმრების შერჩევა, მათთან მოლაპარაკება და ჩამოყვანა მე დამეკისრა.
– რა კრიტერიუმით შეირჩნენ ეს ადამიანები და თავად თქვენი პირადი ურთიერთობები როგორ ჩამოყალიბდა მათთან?
– ძირითადად პარიზთან მაქვს მჭიდრო ურთიერთობა. ჩემი მეგობრების უმრავლესობა მოდის სფეროში მუშაობს. ანუ, ესენი არიან ადამიანები, ვისთანაც ვმეგობრობ, – პირადი კავშირები და ურთიერთობები მაქვს და არა საქმიანი. რაც შეეხება შერჩევას, ეს მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე მოხდა. შერჩევით ბევრი შევარჩიე, მაგრამ ამ სიიდან საქართველოში ჩამოსვლას ის დათანხმდა, ვისაც ეცალა იმ პერიოდში. ისინი ჩამოვიდნენ თბილისში და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ ამ მიმართულებით კიდევ განაგრძობენ მუშაობას, თუ კიდევ ჩატარდება „ფეშენ-ვიქი“ უფრო საინტერესო ადამიანებს ჩამოვიყვან. მათი მხრიდანაც უფრო მეტი ინტერესი წამოვა.
– ანუ, კონკრეტულად თქვენ იყავით მიზეზი, რის გამოც ისინი თბილისში ჩამოსვლას დათანხმდნენ?
– რა თქმა უნდა. ანუ, სოფოა ჩართული – ეს მათთვის ერთგვარი გარანტია იყო. როდესაც ადამიანს იცნობ, უფრო მშვიდად მიდიხარ. იცი, რასაც გეუბნება, ზუსტად ის დაგხვდება. აღარ გეშინია უცხო ქვეყანაში ჩასვლა. საერთოდ, უცხო და მათთვის უცნობ ქვეყანაში ჩასვლა ყოველთვის უჭირთ. სასიამოვნოა, რომ ერთგვარი ნდობა გამომიცხადეს.
– როგორ შეაფასებთ კვირეულს თქვენ და რა ითქვა მათი მხრიდან თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა თავი უხერხულად გეგრძნოთ დიზაინერების გამო?
– არა და გეტყვით, რატომ. როდესაც საქართველოში მოდიოდნენ, მათ იცოდნენ, რა დახვდებოდათ აქ. უფრო ზუსტად, იცოდნენ, რომ აქ ასე ერთბაშად ვერ აღმოაჩენდნენ – მაკქუინს, ბალენსიაგას თუ შანელს. მათ იცოდნენ, ვის სანახავადაც მოდიოდნენ. აქედან გამომდინარე, არ აქვთ პრეტენზია იმაზე, თუ რა ხარისხია, რა ქსოვილებია, რა შესრულებაა. უბრალოდ, ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი, და თუ უნდათ, ჩემს რჩევად ჩათვალონ ქართველმა დიზაინერებმა – იმ იდეების განხორციელების გარდა, რაც თავში აქვთ, საჭიროა, ცოტა მსოფლმხედველობის გაშლა, გამრავალფეროვნება, რისთვისაც საჭიროა უცხოეთში სწავლა. ჩემი სურვილი იქნება, მაქსიმალურად ეცადონ და რამენაირად, ისწავლონ, ან სტაჟირება გაიარონ რომელიმე მოდის სახლში. ეს აუცილებელია, ამის გარეშე ვერაფერს მოახერხებენ, ვერ განვითარდებიან. ძალიან ჩაკეტილები, ლოკალურები ვართ. ისე მოხდა, რომ საქართველო გეოგრაფიულად ჩაკეტილ წრეში მოექცა და როდესაც გეოგრაფიულად ჩაკეტილი ხარ მენტალურადაც იკეტები. არ გაქვს თავისუფალი აზროვნების საშუალება, არ იცი, რამდენად ლაღი და უჩვეულო შეიძლება იყოს შენი შემოქმედება. ძალიან ბევრი რამ, რაც ამ სფეროში მუშაობისთვის საჭიროა, ფიზიკურად არ უნახავთ და ეს მათ ხელწერაზეც მოქმედებს. ძალიან ბევრ ახალგაზრდა დიზაინერს ვუყურებ და ვხვდები, რომ მათი ერთადერთი პრობლემა სწორედ ეს ჩაკეტილობაა. ეს მათ ხელს უშლის სწორად წაიყვანონ თავიანთი შემოქმედება. ალბათ, მეტი უნდა იკითხონ, უპირველესად, ისწავლონ მოდის ისტორია, მისი განვითარება. გუშინდელ დიზაინერებს კი არ უნდა მიჰბაძონ, არამედ იმ დიდი დიზაინერებისგან, ლეგენდარული სახელებისგან აიღონ მაგალითი, რომლებმაც საერთოდ შექმნეს მოდა. ეს თუ არ იცი, ახალს ვერაფერს ვერ გააკეთებ. საერთოდ, ახალს ისედაც ვერაფერს გააკეთებ, მაგრამ უმჯობესია კარგი ძირებიდან, ფესვებიდან აიღო და ძველი განაახლო. იმ კოლექციის გადმოღებით კი, რომელიც გუშინ რომელიღაც დიზაინერმა აჩვენა, ვერაფერს იზამ. მით უმეტეს, რომ იმ ადამიანებს, ვინც მათ შესაფასებლად ჩამოვიდნენ, ყველაფერი ნანახი აქვთ. ამიტომ, იყვნენ უფრო მობილიზებულები, პროფესიონალები. პროფესიონალიზმი, საერთოდ ქართველებს ყველაფერი გვაკლია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ. ხომ არ შეიძლება, სულ ვიძახოთ, არა ვართ და არა ვართ! გასაგებია, მაგრამ ამას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული?! ამის დასრულებაში კი ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი მოდის კვირეულიც ეს არის. დღეს არ გამოგივიდა, ხვალ უფრო მეტს უნდა ეცადო, ზეგ კიდევ უფრო მეტს. კონკრეტულად რომელიმე დიზაინერის დასახელება, ეს მეტად მოეწონათ თუ ის ნაკლებად...
– ვიცი, რომ გიორგი ფანცულაია მოეწონათ.
– კი, გიორგი ჩემი მეგობარია და რომ ვიძახო ახლა გიორგი, მოეწონათ-მეთქი, ვიღაცამ შეიძლება თქვას, პროტექციონიზმს აქვს ადგილიო. მაგრამ, მართლა მოეწონათ. პრეტ-ა-პორტეს ფედერაციის პრეზიდენტმაც აღნიშნა მისი კოლექციის შესახებ. მით უფრო მახარებს ეს ამბავი, რომ ვიცი, გიორგიმ რა ფინანსურ პირობებში შექმნა ეს კოლექცია. საერთოდ, ფინანსური პრობლემები ყველას აქვს და ამიტომაც სტუმრები მაქსიმალურად ლოიალურები იყვნენ. საერთოდ, ის, რომ ჩვენზე ვიღაც აუცილებლად გადაირევა, არა მხოლოდ ქართველებს, პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში სჭირთ. ვიღაც მოვა და სადღაც წაგვიყვანს, ამ ილუზიით ცხოვრება ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, ასე მარტივად ეს ყველაფერი არ ხდება. დღეს გაგიჟდა ჩემზე, ხვალ წამიყვანს და მე მწვერვალზე აღმოვჩნდები – არარეალურია. უდიდესი შრომა სჭირდება ყველაფერს. მაგრამ, სტაჟირებაზე მართლა შეიძლება, ვინმე მოხვდეს. ერთადერთი, რაც „ფეშენ-ვიქმა“ შეიძლება, დიზაინერს გაუკეთოს, ეს დიდი მოდის სახლში სტაჟირებაა. ეს კოლექციები რომ წაიღონ და გაიყიდოს, ამაზე ფიქრი და ოცნება რეალურ მუშაობაში ხელს ძალიან შეუშლის ყველას.
– თქვენ თავად რომელ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას? ძალიან ხშირად ხართ შავ სამოსში.
– კი, შავი ძალიან მიყვარს. შავი სილუეტს უფრო კვეთს და ალამაზებს. საერთოდ, ტანსაცმელში უფრო სილუეტს ვაქცევ ყურადღებას. არის სამოსი, რომელიც შეიძლება ძალიან მომეწონოს პოდიუმზე, მაღაზიაში, საკიდზე დაკიდული, მაგრამ არ ჩავიცვამ. შავი კლასიკაა, მაგრამ კლასიკა არ არის იმის მიზეზი, რის გამოც მიყვარს. შავი თავდაჯერებულობას გმატებს, უფრო კომფორტულად ხარ ამ ფერში. თან, მარტივი გადაწყვეტილებაც არის. ამბობენ, თუ უცებ სახლიდან გადიხარ და ვერაფერი მოიფიქრე, რა ჩაიცვა – ჩაიცვი შავი! ეს ერთგვარ ფრთიან გამონათქვამად იქცა.
– თქვენ საქმიანობთ პარიზში?
– მოდის სფეროში ვარ. ვიღებ ფილმს მოდის შესახებ, დოკუმენტური ფილმივით გამომდის და იმ ადამიანებზეა, ვინც მოდის მიღმა მუშაობს. არა „ბექსთეიჯი“, არამედ ყველაფერი, რაც ხდება პოდიუმამდე, ჟურნალში იმიჯამდე. ანუ, ეს იქნება ფილმი სტილისტებზე, როგორიც მაგალითად, კეტრინ ბაბაა, იმ ადამიანებზე, რომლებიც დღევანდელ მოდას ქმნიან. ესენი არიან მოდის ერთგვარი „იკონები“. დიზაინერებს ძალიან უყვართ თავად კეტრინ ბაბაც. მის აზრს მნიშვნელობა აქვს ყველასთვის, ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ამ ფილმის ავტორი ვარ და ინტერვიუებსაც ჩემთვის საინტერესო პიროვნებებთან თავად ვწერ. ასე რომ, ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე ფილმის შექმნაში ვარ ჩართული.