კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ექცევა გათხოვილი ქალი ორ ცეცხლს შუა და რატომ ვერ პოულობს ის გამოსავალს

ძალიან ბევრი ქალი დამდგარა დილემის წინაშე: უნდა ვაპატიო, თუ არ უნდა ვაპატიო? საქმე, რა თქმა უნდა, ღალატს ეხება. რაც მეტად გიყვარს ადამიანი, მით უფრო გტკივა მისი საქციელით მოყენებული ჭრილობა. მნიშვნელობა არ აქვს, უნდოდა მას თუ არ უნდოდა, რომ შენ თავი ცუდად გეგრძნო, ფიქრობდა თუ არ ფიქრობდა იმ შედეგებზე, რომელსაც ეს შემთხვევა მოიტანდა, ფაქტი ერთია: ღალატი მძიმეა და, ბუნებრივია, მძიმეა მისი პატიებაც. თანაც, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, აპატიებ თუ არა. პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს ისეთ საკითხზე, რომელიც პირად ურთიერთობებს, მით უმეტეს, ოჯახს ეხება. რჩევა ყოველთვის შეიძლება, რჩევას არავინ დაგამადლით, მაგრამ, არჩევანი მხოლოდ თქვენზეა: ან იტყვით, ვაპატიებო და შეეცდებით, დაივიწყოთ მომხდარი, აჯობოთ საკუთარ გრძნობებს, განცდებს, ან ყველაფერს წერტილს დაუსვამთ, რომ მერე ცხოვრება თავიდან დაიწყოთ.

მარიკა (34 წლის): ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალია და ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო, მაგრამ მე ძალიან მიჭირს ამის დაჯერება. არსებობს რაღაც, რასაც ვერ შეეგუები, გამორიცხულია. მაშინ, უნდა დაყრუვდე და დაბრმავდე, გული უნდა ამოიგლიჯო, ემოციებისგან მთლად დაიცალო და რობოტად იქცე. მე კი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ ჩემი სისუსტეებით, განცდებით... არ ვიცი, როგორ ახერხებენ, ისე იცხოვრონ, ვითომ არაფერი მომხდარა, მაშინ, როცა გულზე ლოდივით აწევთ ტკივილი. იქნებ, იმათ რაღაც ისეთი იციან, რაზეც მე წარმოდგენა არ მაქვს. მინდა, დამეხმაროს ვინმე, მირჩიოს, როგორ მოვიქცე. უბედური ვარ და ამას ვერაფერი შეცვლის.

– საკმაოდ აქტუალური თემაა...

– აქტუალურიც და ბანალურიც. ღალატით ვერავის გააკვირვებ – ვისთვის არ უღალატიათო, ალბათ, იტყვიან და მართლებიც იქნებიან. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მარტო მე აღვიქვამ ამ ყველაფერს ტრაგედიად. სხვა ამას, შეიძლება, უფრო მარტივად უყურებს. მერე რა, თუ მიღალატა ვიღაც ქალთან, ქმარი ხომ ჩემიაო. მე რა მჭირს ამისთანა, რომ გული მეგლიჯება? თავს, იცით, როგორ ვგრძნობ? – თითქოს 34 წლის კი არა, გაცილებით ბებერი ვარ, აღარაფერი მახარებს.

– თუ ღალატი გთრგუნავთ, მაშინ, გამოსავალი დაშორებაა. მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მაგრამ, ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობაც არსებობს.

– გეთანხმებით. ბევრმა მითხრა, რომ საკუთარ თავს შანსი უნდა მივცე, რომ ეს აუცილებელია ჩემს მდგომარეობაში. მაგრამ, იმაზე გაცილებით რთულად არის საქმე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. საშინელებაა, როცა გტოვებენ დიდი საშინელება. თითქოს შენი სხეულის რომელიღაც ნაწილი მოგაცალეს. მე არ ვლაპარაკობ ისეთ შემთხვევებზე, როცა სიყვარული უკვე აღარ არსებობს და ერთმანეთის გვერდით ჩვევისა თუ ახირების გამო ცხოვრობენ. ჩემი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მიყვარს ჩემი ქმარი, თანაც, ძალიან მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა. ალბათ, რა სასაცილო ვარ, ამხელა ქალი, 16 წლის გოგოსავით რომ ვლაპარაკობ, ჩემი ქმარი მიყვარს-მეთქი... მგონი, ქმრის სიყვარული საერთოდ არ არის მოდაში. ალბათ, რამდენი დამცინებს. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ის არის, ცოლს ქმარი უყვარდეს, ქმარს კი – ცოლი. აბა, ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას?!

– ფიქრობთ, რომ ქმარს არ უყვარხართ?

– ისეთ მდგომარეობაში ვარ, საერთოდ არ ვიცი, რა ვიფიქრო, მართლა არ ვიცი. შეიძლება, ყველაფერი იმის ბრალა, რომ ძალიან ადრე გავთხოვდი – 17 წლისას შემიყვარდა და თვრამეტისა უკვე მისი ცოლი ვიყავი, თან – ფეხმძიმეც. იქნებ, ჩემი ქმარი ამხელა პასუხისმგებლობისთვის მართლა არ იყო მზად... ახლა იმდენი „იქნებ“ არსებობს, რომელ ერთს გავცე პასუხი, არც ვიცი.

– ანუ, თავიდანვე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეთ?

– ხომ გითხარით, ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ პასუხი – თითქმის არც ერთი-მეთქი. შეიძლება, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღე, შეიძლება, სწორედ იმ კაცის ცოლი ვარ, ვისიც უნდა ვიყო და, უბრალოდ, ურთიერთობაში დავუშვი შეცდომა. პრობლემა ისაა, რომ ჩემი ქმარი სულ ცდილობს, დამიმტკიცოს, რომ ჩემ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

– საქმე კარგად ყოფილა.

– არა. არ არის კარგად. თქვენ, ალბათ, მამხნევებთ, მაგრამ მე საშინლად დაბნეული ვარ. რომ იტყვიან ორ წყალს შუა ვარ მოქცეული. პრინციპში, გადაუჭრელი პრობლემა მაქვს. საკუთარ თავთან მიწევს ბრძოლა, რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ სულ ვმარცხდები. პირველად ოთხი წლის წინ გავიგე, რომ ქმარი მღალატობდა. რა თქმა უნდა, საშინელი რეაქცია მქონდა. ისეთი სკანდალი მოხდა, რომ ჩემი ქმარი იძულებული გახდა, გარკვეული პერიოდი სახლიდან წასულიყო. „გარკველი პერიოდს“ ვამბობ, იმიტომ, რომ დიდხანს ვერ გავუძელი მის გარეშე ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი მქონდა, არ მეპატიებინა.

– საყვარელი ჰყავდა თუ ეს შემთხვევითი ღალატი იყო?

– მე მაგ „შემთხვევითი ღალატების“ არ მჯერა. კარგი, რა! მეძავთან ხომ არ მიდის?! სანამ იმ ვიღაც ქალთან დაწვება, რაღაც კონკრეტული ურთიერთობა ხომ აქვთ, ისე ხომ არ ხდება, რომ ერთ წუთში დამთავრდეს ყველაფერი?! მეძავთან ქმრის ურთიერთობა, შეიძლება, საერთოდ ვერ გაიგო, მაგრამ, როცა კაცს აზრი უკვე სხვისკენ გაურბის, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება, გამორიცხულია. მე როგორ გავიგე ქმრის ღალატის შესახებ, ამის მოყოლას აზრი არ აქვს. გაუგებარი არაფერი რჩება, მით უმეტეს, ასეთი რამეები და, განსაკუთრებით, როცა ქმარი გიყვარს და მისი ცხოვრებით ცხოვრობ. სამი დღე ვტიროდი. უმძიმესი წუთები გავატარე. ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, ბავშვისთვის რომ საჭმელი მომემზადებინა და მომევლო, იმის თავიც არ მქონდა. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს, თავი ისე შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვიგრძენი, პიროვნულად გავნადგურდი. საშინლად მტკივნეული იყო. ვისაც გამოუცდია, ამაში ის დამერწმუნება. ამ დროს იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან, თანაც, ისეთი ბრძოლა, ნებისმიერ შემთხვევაში შენ რომ გამოხვალ დამარცხებული. რაც უნდა გააკეთო, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღო, წაგებული ხარ: თუ არ აპატიებ, დაანგრევ და გაანადგურებ ყველაფერს, ვის დააზარალებ? – საკუთარ თავს, რა თქმა უნდა; თუ აპატიებ, „გადაყლაპავ“ ამხელა წყენასა და შეურაცხყოფას – ესეც არ არის გამოსავალი. ჯერ ერთი, გულის სიღრმეში მაინც გახსოვს, გტკივა და ეს ტკივილი არსად მიდის. მეორეც, არ გაქვს იმის გარანტია, რომ ისევ არ გიღალატებენ. თანაც, უნდობლობის განცდა ჩნდება – გინდა, მაგრამ, ვეღარ ენდობი, ვეღარ მშვიდდები ბოლომდე და სულ დაძაბული ხარ. ესეც ძალიან დამთრგუნველი და დამღლელია.

– როგორც მივხვდი, პირველ ჯერზე აპატიეთ.

– დიახ, ერთი თვეც არ ვიყავით ცალ-ცალკე. თითქმის ყოველ საღამოს მოდიოდა და შერიგებას მთხოვდა.

– ფაქტის უარყოფას არ შეეცადა?

– როგორ არა. რომელი მამაკაცი ნებდება მაშინვე, თუ უკვე გადაწყვეტილი არ აქვს შენი მიტოვება? ჩემს ქმარს კი ეს დღესაც არ უნდა, მით უმეტეს, მაშინ ისე გადაირია... უნდა გენახათ, როგორ იბრძოდა „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“: არაო, რა სისულელეაო. ვიღაცას შეშურდა ჩვენი ბედნიერება და შენც ამ აბსურდს იჯერებო. მაგრამ, ფაქტი ისეთი მქონდა... ერთი სიტყვით, მაშინ იყო სკანდალი და მერე შერიგება. როცა სახლში დაბრუნდა, მივხვდი, როგორ ცუდად ვიყავი მის გარეშე. აუტანელი იყო, სიცარიელეში ვცხოვრობდი ის დღეები. იმიტომაც დავთმე. რაღაც გარკვეული პერიოდი ისე იქცეოდა, თითქოს ხელახლა აღმომაჩინა. წუთითაც არ მტოვებდა, გვერდიდან არ მცილდებოდა. განა ვერ ვხვდებოდი, ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ, მაინც მიხაროდა. საშინელება ყოფილა, როცა გიყვარს, ასეთ დროს ყველაზე წარმოუდგენელ აბსურდსაც კი იჯერებ. მეც დავიჯერე, რომ ჩემს ქმარს ძველებურად ვუყვარდი და ჩემზე ძვირფასი არავინ ჰყავდა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ თავი მოიტყუეთ?

– ჰო, ასე ვფიქრობ. არ ვიცი, რა ხდება, შეიძლება, ჩემმა ქმარმა მართლაც მარტო ასეთი სიყვარული იცის. შეიძლება, მართლა ვეძვირფასები... აბა, რა გითხრათ? ფაქტია, რომ ის შემთხვევა მისთვის საკმარისი და ერთადერთი არ აღმოჩნდა – როგორც კი ცოტა სიტუაცია ჩაწყნარდა, როგორც კი დამშვიდებული დამიგულა და იგრძნო, რომ მოვეშვი, მაშინვე „ძველი საქმიანობისკენ“ წაუვიდა ჭკუა და გონება. ამჯერად „კეთილის მსურველების“ დახმარება აღარ დამჭირვებია, ჩემით მივხვდი, უფრო ვიგრძენი, რომ ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული იყო, ვიდრე პირველად, მაგრამ, ამჯერად შევძელი, ემოციები მომეთოკა და ერთბაშად არ ავფეთქებულიყავი.

– ისევ იმ ქალთან განაახლა ურთიერთობა?

– არა, არა, შემცვლელი მოუძებნა. ჩემი ქმარი ხომ ამტკიცებს, რომ მარტო მე ვუყვარვარ და გრძნობა მხოლოდ ჩემ მიმართ აქვს. მგონი, ფსიქოლოგიურად მხდის მასზე დამოკიდებულს, ამით მიკრავს ხელ-ფეხს, რომ საბოლოოდ არ მივატოვო.

– ისევ განქორწინებას აპირებთ?

– სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. საშინელ გაურკვევლობაში ვარ. ზუსტად ის ვიცი, რომ სკანდალს აზრი არ აქვს, ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს... ვიკივლებ, ვიჩხუბებ და, რა, მერე? მერე, რა იქნება? ისევ მისი სახლიდან გაგდებით უნდა დამთავრდეს ყველაფერი? ეს ერთხელ უკვე იყო და ვნახე, რომ არანაირი შვება არ მქონდა. ისე ცუდად ვიყავი, სახლში რომ არ მოდიოდა, ლამის მოვკვდი. დილით ცარიელ საწოლში გაღვიძებამ კინაღამ გამაგიჟა. ანუ, ვგრძნობ, რომ გაშორებისთვის, მარტო ცხოვრებისთვის მზად არ ვარ.

– ეს ფინანსური დამოუკიდებლობის არქონის გამოა?

– ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად ძალიან ვარ ქმარზე დამოკიდებული. მეც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მაქვს და მის დაუხმარებლადაც არაფერი მომაკლდება. თუმცა, ბუნებრივია, როცა ის ზრუნავს ოჯახის საჭიროებაზე, პირადი მოხმარებისთვის გაცილებით მეტი თანხა მრჩება. მაგრამ, ამაზე არ არის ლაპარაკი. ფიზიკური და სულიერი დამოკიდებულებაც მაქვს ჩემს ქმარზე და ფსიქოლოგიურიც. ეს ყველაფერი მე გააზრებულიც მაქვს და გაცნობიერებულიც. ამიტომ ვარ ჯერჯერობით ჩუმად, ისე ვიქცევი, თითქოს ვერაფერს ვხვდები და იმანაც „გაილაღა“ – დადის გაბრწყინებული და ჰგონია, რომ გასდის. არადა, ყველაფერი ვიცი: სად დადის, როდის და ვის ხვდება... გამოცდილება მიღებული მაქვს და მაძებარი ძაღლივით განმივითარდა ყნოსვა. რომ არ ავფეთქდე, ვცდილობ, ნაკლები ვიფიქრო. რას აღარ ვაკეთებ: მაქსიმალურად ვუვლი საკუთარ თავს, მასაჟზეც დავდივარ, აუზზეც და იოგაზეც; ვიცვამ ისე, როგორც არასდროს ჩამიცვამს. მეუბნებოდნენ, რომ ეს ერთგვარი თერაპიაა, მაგრამ, არ მშველის. მაინც ძალიან უბედურად ვგრძნობ თავს. ვითმენ, ვითმენ, მერე ისეთ წვრილმანზე ავშარდები და ვიწყებ ჩხუბს, იმას კი არა, მეც მიკვირს. მიზეზი სხვაა, საბაბი კი, ყოვლად უაზრო. რა უნდა ვქნა, დაველაპარაკო და ვათქმევინო სიმართლე?

– ფიქრობთ, რომ ეს გამოსავალია?

– რომ ვერ ვფიქრობ, იმიტომაც ვიკავებ თავს საუბრისგან. საუბარი ისევ იქამდე მიმიყვანს, რისიც მეშინია – გაყრამდე. არ მაქვს იმის ილუზია, რომ სინდისს გავუღვიძებ და ამას აღარ გააკეთებს. შეიძლება, ისევ ცოტა ხნით გაჩერდეს, რომ მერე ახალი ენერგიით „აიშვას“ და ასე იქნება, სანამ არ დაბერდება.

– თქვენც სიბერემდე უნდა ითმინოთ ღალატი?

– ვაიმე, მაგაზე ფიქრიც არ მინდა, ჭკუიდან შევიშლები! არადა, ძალიან რეალური პერსპექტივაა, სამწუხაროდ, რეალური. ზოგჯერ ისეთ ზღვარზე ვარ მისული, არ ვიცი, რა ძალა მაჩერებს, არ წამოვხტე და თავზე არ დავამხო ყველაფერი. ერთხელაც, თავი რომ ვერ შევიკავო, საშინელება მოხდება.

– ამიტომ, რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მიხვიდეთ.

– რომ ვერ მივდივარ, ეგ არის ჩემი მთავარი და გადაუჭრელი პრობლემა – სიყვარული მიშლის ხელს. ორ წყალს შუა ვარ-მეთქი, იმიტომაც გითხარით. ჩემი „მე“ მსაყვედურობს და გონებაც ეთანხმება, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. მაგრამ, გული ვერ დავიმორჩილე. თან, რა არის, იცით? გგონიათ, ყურადღებას ან სითბოს მაკლებს? არანაირად. უფრო პირიქით – ზოგჯერ ისეთი სიყვარულით მეფერება, შოკში მაგდებს. მისთვის მთავარია, ჩუმად ვიყო. არ ვიწუწუნო, არ ვიბუზღუნო და სახლში სასიამოვნო გარემო დავახვედრო. ზოგი ქმარი რომ საყვარელს გაიჩენს და ცოლს გამონაცვალი ჩუსტივით მიაგდებს კუთხეში, ასე არ არის. ისეთ სიურპრიზებს მიკეთებს, ისეთ საჩუქრებს...

– და თან საყვარელიც ჰყავს?..

– ჰო, ჰყავს – ამას ეჭვის დონეზე არ ვამბობ, ზუსტად ვიცი. ოღონდ, არ მკითხოთ, როგორ და რანაირად მოვიპოვებ ინფორმაციას. იმდენი რაღაცეები ვისწავლე და ისეთი გამოცდილება მივიღე... შეუცდომლად ვხვდები, როდის არის „იმისგან“ მოსული და როდის მატყუებს.

– და... მაინც ამბობთ, რომ გიყვართ?

– რა თქმა უნდა! თანაც, ძალიან მიყვარს. მიჭირს, ვწვალობ, ვიტანჯები, განვიცდი, მაგრამ, ვერაფერს ვცვლი – ვერც საკუთარ თავს ვჯობნი და ვერც მასზე ზემოქმედებას ვახერხებ. წარმოიდგინეთ, ჩემთვის ქმართან დარჩენაც შეუძლებლად იქცა და მასთან განშორებაც. ასე, შუაში გაჩხერილი, როდემდე ვიქნები ან როდემდე გავუძლებ, წარმოდგენა არ მაქვს. ნეტავი, თუ ვინმეს შეუძლია, რამე კონკრეტული მირჩიოს?!


скачать dle 11.3