კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.



რატომ დავრჩი „უცხვიროდ“



გიო, 23 წლის.

ჩემი სისულელის წყალობით, ტრაგიკულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ალბათ, მკითხველთა უმეტესობა მეტყვის, სულელი ყოფილხარ, ჯერ იმიტომ, რომ გოგოს გამო ასეთი სიბრიყვე გააკეთე, მერე კი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მთელ საქართველოს ეუბნებიო. შეიძლება, ასეც არის, მაგრამ, მაინც გადავწყვიტე, მომეწერა.

ვიყავი ჩვეულებრივი ბიჭი. განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოვირჩეოდი, იმიტომ, რომ საკმაოდ გრძელი და კეხიანი ცხვირი მქონდა (ვიცი, უკვე გეცინებათ, ამ სტრიქონებს რომ კითხულობთ). ამის გამო გოგოებში მაინცდამაინც პოპულარობით არ ვსარგებლობდი. ერთ დღეს კი გავიცანი გოგონა, რომელმაც, შემიძლია ვთქვა, თავი დამაკარგვინა. ბევრი ვუარე გარშემო, მაგრამ, არაფერი გამომივიდა. ის იყო, ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, რომ ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა მითხრა, ნანიკომ თქვა, ცხვირი „უტეხავს“, თორემ, ისე ცუდი ბიჭი არ არისო. მე სულელმა ეს „ნამიოკად“ მივიღე და, მოკლედ რომ გითხრათ, წავედი და ცხვირის ოპერაცია გავიკეთე. შესაბამისად, ორი-სამი კვირა გარეთ აღარ გამოვდიოდი – არ მინდოდა, ვინმეს ცხვირშეხვეული დავენახე და ყველას მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტებოდი. ჩემი ოპერაციის ამბავი მხოლოდ ორმა ძმაკაცმა იცოდა და იმათაც, ლამის ფიცი დავადებინე, რომ არსად არაფერს იტყოდნენ (სხვათა შორის, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფიცი პატიოსნად შეასრულეს). იმ გოგოსაც ვურეკავდი ხოლმე ხანდახან და ვეუბნებოდი, რომ რამდენიმე ხნით საქართველოდან ვიყავი გასული. გრძნობებზე საერთოდ არ გვქონია საუბარი. ვფიქრობდი, სიურპრიზს გავუკეთებ და ეფექტს მოვახდენ-მეთქი.

სახვევები რომ ამხსნეს და ნაოპერაციევზე სიწითლემაც გამიარა, დავურეკე ჩემს „მუზას“ და შეხვედრა ვთხოვე, – ჩამოვედი-მეთქი. სხვათა შორის, დამთანხმდა. ვიყიდე ლამაზი თაიგული და პაემანზე ცოტა ადრე მივედი. ნანიკო რომ გამოჩნდა, შორიდან გავუღიმე, მაგრამ მას ზედაც არ შემოუხედავს და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. მივხვდი, ვერ მიცნო და თვითონ გავემართე მისკენ. წინ რომ დავუდექი და გავუღიმე, ჯერ დამაკვირდა, მერე კი, ვაიმეო, – შეიცხადა და შეშინებულმა უკან გადადგა ნაბიჯი. ცოტა კი დავიბენი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე, ყვავილები გავუწოდე და ვუთხარი, ხომ მაგარი სიურპრიზი გაგიკეთე-მეთქი. თაიგულისთვის არც კი დაუხედავს, კიდევ ერთხელ დამაშტერდა სახეზე და მერე მოურიდებლად მაჯახა – რას დამსგავსებიხარო. კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ, მაინც ვკითხე, – ასე ხომ უფრო მოგწონვარ-მეთქი. არაო, – მითხრა, ვერ ვიტან გარემონტებულსიფათიან, თოჯინისგამომეტყველებიან ბიჭებსო, – მერე დამცინავად გადმომხედა და წავიდა.

მთელი უბედურება კი ისაა, რომ მე თვითონაც ვერ ვეგუები ჩემს ახალ სახეს. სარკეში რომ ვიყურები, ასე მგონია, ვიღაც სხვა მიყურებს. ბიჭების შაყირსა და გოგოების ირონიულ ქირქილს ხომ საზღვარი აღარ აქვს.

ნანიკოს მერე უთქვამს, ის დიდი ცხვირი უფრო უხდებოდა და, რომ არ მოეჭრა, მასთან შეხვედრებზე უარს არ ვიტყოდიო.

ასე დავრჩი ჩემი უჭკუობის წყალობით უცხვიროდ და უშეყვარებულოდ.





ბავშვობის მეგობარს ჩემში ეჭვი შეეპარა



თამრიკო, 29 წლის.

მე და ჩემი მეგობარი ერთად ვმუშაობთ, ერთ კერძო ფირმაში. ორივეს დაახლოებით ერთნაირი თანამდებობა გვქონდა. ჩემს დაქალს დაწინაურებას უპირებდნენ, მაგრამ დეკრეტულ შვებულებაში გავიდა, მერე მეორე ბავშვიც „მიაყოლა“ და, შესაბამისად, შვებულება კიდევ მინიმუმ, ერთი წლით უნდა გაგრძელებოდა. ამიტომ, უფროსმა მე დამნიშნა იმ ახალ თანამდებობაზე ჩემი დაქალის ნაცვლად. გულწრფელად ვამბობ, უარს ვეუბნებოდი, არ მინდოდა, ეთოს ჰგონებოდა, რომ „პერეხვატი“ გავუკეთე, მაგრამ უფროსმა მითხრა, ეთო როცა დაბრუნდება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. მე ეს ყველაფერი ავუხსენი ჩემს დაქალს და ვთხოვე, ჩემზე ნაწყენი არ დარჩენილიყო, რადგან ეს ჩემი ინიციატივითა და მცდელობით არ მომხდარა. ეთომ თავიდან თითქოს სწორად გაიგო ყველაფერი და ნორმალური რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მერე თანდათან ვატყობდი, რომ ცივად მხვდებოდა, თუმცა არაფერს მეუბნებოდა.

ეთოს სამსახურში გამოსვლის დრო რომ მოახლოვდა, უფროსთან შევედი და ვუთხარი, ჩემს თანამდებობაზე დამაბრუნეთ, ამის გამო უახლოეს მეგობარს ვერ დავკარგავ-მეთქი. მან კი მითხრა, ეთოს ორი წელია, ჩვენთან აღარ უმუშავია დეკრეტულის გამო, ჩვენი სიახლეების საქმის კურსში არ არის და, სანამ ამ ყველაფერში არ გაერკვევა, ვერ ჩაგანაცვლებ, ამას კი, მინიმუმ, ნახევარი წელი მაინც დასჭირდებაო. რომ შემატყო, მაინც ვნერვიულობდი, მითხრა, რომ გამოვა, ორივეს ერთად შემოგიყვანთ და მე თვითონ ავუხსნი ყველაფერსო. მე მაინც ვერ მოვითმინე და განცხადება შევუტანე – ისევ ჩემს ადგილზე დამაბრუნეთ-მეთქი.

ეთო რომ გამოვიდა, უფროსმა მართლაც დაგვიბარა, ყველაფერი აუხსნა და ისიც უთხრა, მე რომ არ ვეთანხმებოდი და განცხადებაც რომ შევუტანე. ეთომ ეს ყველაფერი ირონიული ღიმილით მოისმინა და უფროსთან არაფერი უთქვამს, მაგრამ, დერეფანში რომ გამოვედით, ცინიკურად მითხრა, მაგრად გიმუშავია, შეფს ჩემ წინააღმდეგ შეეკარი და თანამდებობა წამართვი, თან კი, ვითომ კარგ და ერთგულ დაქალს თამაშობო. ისე მეწყინა, ცრემლი ვერ შევიკავე. ჯერ ახსნა და მტკიცება დავუწყე, მაგრამ, ისეთი ურწმუნო და დამცინავი სახით მიყურებდა, მივხვდი, აზრი არ ჰქონდა და თავი დავანებე. იმავე დღეს მეორე განცხადება შევუტანე უფროსს სამსახურიდან საერთოდ წასვლაზე. კინაღამ გადაირია, ხელი არ მომიწერა, მაგრამ მეორე დღიდან იქ აღარ მივსულვარ. ჩემი დირექტორი დღეში ხუთჯერ მირეკავს, მაგრამ, მტკიცედ გადავწყვიტე, იქ აღარ დავბრუნდე. გოგოებმა მითხრეს, ეთო ძალიან შეწუხებულია და შენთან ბოდიშის მოსახდელად მოსვლას აპირებსო. კი ბატონო, მოვიდეს, მაგრამ, როგორღა ვიმეგობრო ისეთ ადამიანთან, რომელთან ერთადაც გავიზარდე და, ამის მიუხედავად, ჩემში მაინც ეჭვი ეპარება?!



ვერ ვხვდები, რა დავაშავე



ლეილა, 36 წლის.

ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე ექვსი შვილი მყავს და მალე მეშვიდე გვეყოლება. სიმართლე გითხრათ, ამდენი შვილის გაჩენა წინასწარ არ მქონია დაგეგმილი. სამი შვილი ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მეტზე, რატომღაც, არასდროს მიფიქრია. მაგრამ, ასე ინება უფალმა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ანგელოზები ჩემი გაჩენილები არიან. ჩემი ქმარი ძალიან მორწმუნეა და ცოლად რომ მირთავდა, მაშინ მითხრა, წინასწარ იცოდე, რამდენ შვილსაც ღმერთი მოგვცემს, ყველას გააჩენო. დავთანხმდი და, 13 წლის განმავლობაში უკვე მეშვიდე ბავშვს ველოდები, თუმცა, უნდა აღვნიშნო, მათ შორის ერთი წყვილი ტყუპია.

ჩემი ქმარი წელებზე ფეხს იდგამს, სამ ადგილას მუშაობს, ორივეს მშობლები გვეხმარებიან და, ყოველ შემთხვევაში, ბავშვები მშივრები და ტიტვლები არ გვყავს.

საერთოდ, ყოველთვის უკონფლიქტო ადამიანი ვიყავი, ჩემი ქმარი ჩემზე უფრო მშვიდი და წყნარია, შვილების გაჩენის შემდეგ კი უფრო მეტად დამთმობები და შემწყნარებლები გავხდით. ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ, აი, ჩემს მაზლსა და მის ცოლს ვერაფერი გავუგეთ. საქმე ისაა, რომ უკვე რვა წელია, ერთად არიან და შვილი არ უჩნდებათ. სხვისი შვილის აყვანა ვერ გარისკეს და ერთი პერიოდი გადაგვეკიდნენ, ბავშვი გააჩინეთ და ჩვენ მოგვეცით, მაინც სისხლი და ხორცი ვართ, თან, სანახევროდ თქვენთან გაიზრდება, მით უმეტეს, რომ თქვენ ამდენი შვილი გყავთ და ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, მაინც ვერ იგრძნობთო. კინაღამ გადავირიეთ და, რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი ვუთხარით. ის დღე იყო და ის დღე, არც ცოლი და არც ქმარი წესიერად აღარ დაგვლაპარაკებია. მე ხომ ჩემმა რძალმა განსაკუთრებით ამომითვალწუნა, რას აღარ მაბრალებდა, რას აღარ მწამებდა. თან, ჩვენ გვერდით სახლში ცხოვრობენ და ჩემთვის უსიამოვნების მოსაყენებლად დიდი გზის გავლაც არ სჭირდებოდა. ძალიან უნდოდა, ჩხუბში ავყოლოდი, მაგრამ არაფერი რომ არ გამოუვიდა, ახლა ბავშვებზე გადავიდა: დაინახავს თუ არა, მათ გასაგონად გაიძახის, საქმე ის კი არ არის, ღორივით დაყარო შვილები, მთავარი მათი აღზრდააო. ბავშვები ყოველ საღამოს ტირიან ამის გამო, ძლივს ვაკავებ, რომ ჩემს ქმარს არ უთხრან – არ მინდა, ძმებმა ერთმანეთი დაკარგონ. მაგრამ ვატყობ, უსიამოვნება გარდაუვალი იქნება, რადგან ჩემი რძალი გაჩუმებას არ აპირებს, მაზლი კი მისი ყურმოჭრილი მონაა და, ცოლმა რომ უბრძანოს, შეიძლება, ჩემზე საცემრადაც კი გამოიწიოს.

რა დავუშავე, არ ვიცი. რა ვქნა, ჩემი ბრალი ხომ არ არის, შვილი რომ არ უჩნდებათ? ძალიან მეცოდებიან, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, ასი შვილიც რომ მეყოლოს, ვერც ერთს ვერ მივცემ ვერავის, თუნდაც ვიცოდე, რომ ჩემზე უკეთეს პირობებში ეყოლება.




скачать dle 11.3