როგორ გაახარა „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ პატარები
„საქართველოს ლატარიის კომპანია“ მუდმივად ახერხებს ჩემს სასიამოვნოდ გაოცებას. ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს არის კომპანია, სადაც მუდმივად ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ და გაახარონ ის ადამიანები, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
საქართველოს ლატარიის კომპანიის მორიგი აქცია საქველმოქმედო იყო, რომელშიც უნიჭიერესი ქალბატონი, მომღერალი ეკა მამალაძე და ულამაზესი, წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური მონაწილეობდნენ – ისინი სერვისცენტრში შემოსულ მოქალაქეებს კომპანიის პროდუქტის შეძენას სთავაზობდნენ.
„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“, კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საჩუქრები შეიძინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აქციის ფარგლებში შემოსულმა თანხამაც შეიტანა და 2 ნოემბერს ბავშვებისთვის ძალიან ლამაზი დღე დაიგეგმა.
„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ელი კეიდარი, კომპანიის დროებითი თანამშრომლები – ქალბატონები ეკა და ქრისტინე, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, საჩუქრებით გაემართნენ კოჯორში. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის მათ ჩაიტანეს დიდი პლაზმური ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, კარაოკე და კიდევ სხვა უამრავი საჩუქარი, რამაც ბავშვები ძალიან გაახარა. პატარებში ყველაზე დიდი ემოციები თბილისიდან სპეციალურად ჩასულმა ზღაპრის გმირებმა გამოიწვიეს. სპაიდერმენს, პიტაჩოკსა და მიკი მაუსს სპეციალური გასართობი პროგრამა ჰქონდათ, რომელშიც ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელი იყო ჩართული. მათთვის სადღესასწაულო ტორტიც გაიჭრა და თითოეული მათგანი ტკბილეულით დასაჩუქრდა.
– მოხარულები ვართ, რომ ეს აქცია ჩავატარეთ და ქველმოქმედება გავწიეთ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. გვიხარია, როცა მათ ასეთ ბედნიერებს ვხედავთ. გპირდებით, ჩვენი კომპანია მსგავს აქციებს მომავალშიც განაგრძობს, – თქვა ელი კეიდარმა.
– „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ ძალიან კარგი აქცია ჩაატარა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, დავეხმაროთ ამ ბავშვებს და ხშირად ჩავატაროთ ასეთი კარგი აქციები, – განაცხადა ეკა მამალაძემ.
რაც შეეხება ეკა მამალაძეს, მისი სტუმრობით ერთი პატარა გოგონა განსაკუთრებით ბედნიერი იყო, რადგანაც მომღერალი მას დუეტის ჩაწერას შეჰპირდა. მომღერლობაზე მეოცნებე გოგონას ლედი ნოღაიდელს, ვუსურვებთ, რომ ყველა მისი ჩანაფიქრი ისე ასრულებულიყოს, როგორც ეს ნატვრა აუხდა. იმავეს ვუსურვებთ დანარჩენ პატარებსაც, რომლებსაც „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ ნამდვილად დაუვიწყარი დღე აჩუქა. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავს აქციებს სისტემატური სახე მიეცემა.
აქვე გაგაცნობთ საქართველოს ლატარიის კომპანიისგან გაბედნიერებულ კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც 2 ნოემბრის გათამაშებაში მეორე საპრიზო კატეგორიაში მოიგო 73 590 ლარი. იღბლიანი ზვიად თაგაური წარმოშობით თელავის რაიონიდან, სოფელ რუისპირიდანაა, „თელასში” მუშაობს და დედაქალაქში მამიდასთან ცხოვრობდა, მაგრამ მოგებული თანხით ის უკვე საკუთარი ბინის მფლობელი გახდება თბილისში. თავად ბატონი ზვიადი ხუმრობს, ბინა ორ ლარად ვიყიდეო, რადგან გათამაშებისთვის მხოლოდ ერთი ბილეთი შეიძინა და სწორედ ის აღმოჩნდა ფორტუნის რჩეული.
ზვიად თაგაური: „ერთი ბილეთი გლდანში, კონიაკის დასახლებაში „ნოვას“ აპარატით ვიყიდე. რიცხვები სპონტანურად ავარჩიე, მხოლოდ ერთ რიცხვს – 17-ს ვწერ ხოლმე მუდმივად, რადგან ჩემი დაბადების დღეა და ყველა ბილეთში მქონდა. გადაცემისთვის არ მიყურებია და მეორე დღეს სამსახურში მისულმა ვნახე ამოსული რიცხვები. დავიბენი, არ ვიცოდი, რამდენი მოვიგე, რა იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ 73 590 ლარის მფლობელი გავხდი. ეს დაუჯერებელი ამბავია, ბედნიერი კიდევ სუსტი სიტყვაა იმასთან შედარებით, რაც მჭირდა. ამხელა სიხარულიც არ შეიძლება, ჯანმრთელობისთვის საზიანოა”.
ვულოცავთ ბატონ ზვიადს გამარჯვებას, ვუერთდებით მის სიხარულს და ყველას მოგებას გისურვებთ!