კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად რეალურია 2012 წლისთვის ნავარაუდევი კატაკლიზმები და როგორ დავიცვათ თავი სტიქიური უბედურებისგან

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რამაც 700 000 მსხვერპლი და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. გარდა ამისა, ამ მოვლენებს დედამიწის გარკვეული პარამეტრების, კერძოდ, ბრუნვის სიჩქარისა და ბრუნვის ღერძის დახრის ცვლილებებიც მოჰყვა. დიდია თუ არა ეს გადახრები და გამოიწვევენ თუ არა ისინი მკვეთრ ცვლილებებს ჩვენს საცხოვრებელ გარემოში, ამ თემებზე პროფესორი თამაზ ჭელიძე გვესაუბრება.



– რამ გამოიწვია დედამიწის ღერძიდან გადახრა და რამდენი სანტიმეტრითაა ამჟამად დედამიწა გადახრილი?

– საერთოდ, ბრუნვის ღერძი ფიზიკური სხეული არ არის, ის პირობითი, წარმოსახვითია და ისედაც გადახრილია 23,5 გრადუსით, სწორედ ამით არის განპირობებული წელიწადის დროთა ცვლა. არანაკლებ ძლიერი მიწისძვრა იყო ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე 2004 წელს. იმხანად დედამიწის ღერძი მეტად გადაიხარა და ბრუნვის სიჩქარეც გაიზარდა. „ნასას” მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს მოვლენა გლობალურ კლიმატზე დიდ გავლენას არ მოახდენს. გარდა ამისა, დედამიწის ბრუნვის სიჩქარეს სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს: ქარები, ბრიზები, მუსონები. უკრაინელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე, პირიქით, მცირდება.

– რა საშიშროება შეიძლება, დაემუქროს დედამიწას ღერძიდან გადახრის გამო?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც ადრე არ განუცდია დედამიწას: მაგალითად, 2010 წლის ჩილეს მიწისძვრაზე (მაგნიტუდა M=8.8) გაცილებით უფრო ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა ისევ ჩილეში 1960 წელს (მისი მაგნიტუდა იყო M=9.5), ხოლო ჰაიტის დამანგრეველი მიწისძვრის (M=7) ტოლი მოვლენები დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ 12-ჯერ ხდება. რაჭისა და სპიტაკის მიწისძვრები დაახლოებით ასეთივე სიძლიერის იყო. მაგნიტუდა-7 ძალის მქონე მიწისძვრები არ იქცევს დიდ ყურადღებას, თუ დაუსახლებელ რაიონებში ხდება. დიდი აჟიოტაჟი, რომელიც ბოლო დროს შეიმჩნევა, დაკავშირებულია ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტული ძრავების ლაბორატორიის მეცნიერის, რიჩარდ გროსის განცხადებასთან, რომ მან თეორიულად გამოთვალა ჩილეს მიწისძვრით გამოწვეული დედამიწის ბრუნვის ღერძის დამატებითი გადახრა (რაც შეადგენს 7.5 სანტიმეტრს, ანუ, კუთხური სეკუნდის 2.7 მეათასედს) და დედამიწის ბრუნვის აჩქარება (1.26 მიკროსეკუნდი). აღსანიშნავია, რომ გერმანელი მეცნიერები, პროფესორები: რაინერ ქინდი (პოტსდამი), კარლ გლასსმეიერი (გერმანიის გეოფიზიკური საზოგადოება) და სხვანი, ძალზე სკეპტიკურად უყურებენ გროსის თეორიულ გამოთვლებს. მათ მიაჩნიათ, რომ მისი შედეგების ექსპერიმენტული შემოწმება შეუძლებელია ეფექტის სიმცირის გამო და ამიტომ მისი დასკვნების შემოწმებაც კი გამორიცხულია. ამ კრიტიკის პასუხად, გროსი აცხადებს, რომ ამჟამად არსებული უზუსტესი ტექნოლოგიები, კერძოდ, გლობალური პოზიციონირების სისტემები (გპს) იძლევა მიწისძვრის ეფექტების ექსპერიმენტულად დამტკიცების საშუალებას. ასე რომ, დისკუსია ჯერ არ დასრულებულა და, რამდენიმე თვეში, იმედია, დასკვნები იქნება.

– ვინ დაამტკიცა, რომ დედამიწა ღერძიდან გადახრილია და რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

– ნებისმიერ ენციკლოპედიაში შეიძლება წაიკითხოთ, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი მუდმივად დახრილია 23.5 გრადუსით, ანუ, მრავალი კილომეტრით ორბიტისადმი ნორმალის მიმართ, რაც განაპირობებს დედამიწის სეზონების ცვლას. ეს დახრა, პრაქტიკულად, უმნიშვნელოდ (მხოლოდ გრადუსის მემილიონედით) შეიცვალა მიწისძვრის გამო. ცხადია, რომ ასეთი უმცირესი ეფექტი ვერაფერს შეცვლის ჩვენს კლიმატში. უნდა ისიც გავითვალისწინოთ, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე გაცილებით უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მუდმივი მიმართულების ქარები, დედამიწის მიმოქცევები და სხვა, რის გამოც ბრუნვის სიჩქარე განუწყვეტლივ მცირდება დაახლოებით 0.5 მილი-სეკუნდით წელიწადში, ანუ, მიწისძვრის ეფექტი ძალზე სწრაფად განეიტრალდება მუდმივმოქმედი ფაქტორებით.

– როგორი კლიმატური ცვლილებები შეიძლება მოხდეს დედამიწაზე?

– კლიმატის ცვლილება დედამიწაზე რეალური საფრთხეა. მისი გამომწვევი მიზეზია ბუნებრივი კლიმატური დათბობის ფლუქტუაცია, რომელსაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ატმოსფეროში ეგრეთ წოდებული სათბური გაზების (ძირითადად ნახშირორჟანგის) დაგროვება, რაც ადამიანის სამეურნეო აქტივობის შედეგია. მიმდინარე საუკუნის ბოლომდე (თუ მომავალშიც იგივე ტემპით გაიზრდება სათბური გაზების ემისია), სხვადასხვა მოდელით, ტემპერატურა აიწევს 1.4-4.0 გრადუსით, ძირითადად მაღალ განედებში (არქტიკა, ანტარქტიდა), ხოლო სამხრეთ ევროპისა და კავკასიის არიდულ ზონებს გაუდაბნოება მოელის.

– მოსალოდნელია თუ არა მიწისძვრები, წყალდიდობები, ვულკანური ამოფრქვევები და სხვა სტიქიური უბედურებები?

– დედამიწა დინამიკური პლანეტაა, მისი ზედაპირი შედგება უზარმაზარი ლითოსფერული ბლოკებიდან, რომლებიც განუწყვეტლივ მოძრაობენ, ამიტომ მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები მომავალშიც იმავე რაოდენობით მოხდება, როგორც წარსულში. მაგალითად, მაგნიტუდა-7-ის მქონე მიწისძვრა, ანუ, ისეთი, რომელმაც ჰაიტიზე 250 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წელიწადში საშუალოდ 12-ჯერ ხდება. საბედნიეროდ, უმეტესობა ნაკლებად დასახლებულ არეზე მოდის და ამიტომ კატასტროფაში არ გადაიზრდება.

– მზად არის თუ არა მეცნიერება მოსალოდნელი საშიშროებისგან თავის დასაცავად?

– ბუნებრივი საშიშროებების რიცხვის შემცირება ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ, მეცნიერებამ გამოიმუშავა ისეთი მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შემცირდეს კატასტროფებით გამოწვეული რისკები, ანუ, მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი. მაგალითად, მიწისძვრების რისკის (და არა რაოდენობის) შემცირება შესაძლოა ანტისეისმური სამშენებლო ნორმების დაცვით. ზოგი კატასტროფის გამომწვევი ფაქტორი ექვემდებარება პროგნოზს მაგალითად, ცუნამი, ტაიფუნი.

– რა ხერხები არსებობს, რათა თავი დავიცვათ სტიქიური საშიშროებისგან?

– სუმატრას, ჰაიტისა და ჩილეს მიწისძვრების კატასტროფული შედეგები ბუნებრივად აღძრავს კითხვებს: მოხდება თუ არა ძლიერი მიწისძვრები საქართველოში? შეიძლება თუ არა ამგვარი მოვლენების პროგნოზი და როგორ უნდა დავიცვათ თავი ამგვარი უბედურებებისგან? მიწისძვრის პროგნოზი გულისხმობს სამი პარამეტრის, კერძოდ, ადგილის, სიძლიერისა და დროის დადგენას. დროის პროგნოზი თუნდაც თვეების სიზუსტით ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საბედნიეროდ, საკმაოდ კარგად პროგნოზირდება მიწისძვრების შესაძლო ადგილი და სიძლიერე, რაც აისახება ეგრეთ წოდებულ სეისმოდარაიონების რუკებზე. თუ მშენებლობა განხორციელდება სეისმოდარაიონების რუკის გათვალისწინებით, მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი მინიმუმამდე დაიყვანება.

საქართველო მდებარეობს ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ ზოლში და ჩვენთან ძლიერი მიწისძვრები ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დაზუსტებული სეისმური საშიშროების რუკების შედგენასა და განახლებას და ამ რუკების საფუძველზე თანამედროვე სამშენებლო ნორმების დადგენას. 1999 წელს გეოფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების დონის საქართველოს სეისმური საშიშროების რუკა, ხოლო 2009 წელს დამტკიცდა ამ რუკის საფუძველზე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული საქართველოს ახალი სამშენებლო ნორმები, რაც გარკვეულ გარანტიას გვაძლევს, რომ ახალი შენობები მოსალოდნელ სეისმურ რყევებს გაუძლებს. სწორედ სეისმომედეგი მშენებლობა არის ამჟამად ერთადერთი რეალური ხერხი კატასტროფის რისკის შემცირებისა: დამტკიცებულია, რომ ადამიანებს მიწისძვრა კი არა, დანგრეული შენობები კლავს.

– რეალურია 2012 წლისთვის ნავარაუდები კატაკლიზმები?

– წლის დადგომასთან დაკავშირებით გამოთქმული სხვადასხვა შემაშფოთებელი პროგნოზი (კალენდრის წინასწარმეტყველება მსოფლიოს დასასრულის შესახებ, პლანეტა ნიბირუ, ნოსტრადამუსის მესამე მსოფლიო ომი, მზის აქტივობის მაქსიმუმი, გეომაგნიტური პოლუსების შებრუნება, გალაქტიკური სწორება) ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და მეცნიერულად სრულიად უსაფუძვლოა, თუმცა, ამგვარი სიუჟეტები შესანიშნავი მასალაა ბლოკბასტერების შესაქმნელადაც, რაც მშვენივრად განახორციელეს ფილმ „2012-ის” შემქმნელებმა. ასევე, პლანეტა ნიბირუს ვერსია გაახმოვანა 1995 წელს ვინმე ნანსი ლიდერმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას უკავშირდება უცხოპლანეტელი მის ტვინში ჩანერგილი მოწყობილობით. მათ აცნობეს ქალბატონ ლიდერს, რომ უახლოეს მომავალში დედამიწას შეიძლება, შეეჯახოს სხვა პლანეტა. ეს შეჯახება ლიდერმა იწინასწარმეტყველა 2003 წელს, ხოლო როცა ის არ მოხდა, წინასწარმეტყველება 2010 წლისთვის გადაიტანა. მივანდოთ მკითხველს იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად დასაჯერებელია ქალბატონი ლიდერის პროგნოზები.

– საქართველოში თუ არის მოსალოდნელი დამანგრეველი მიწისძვრა?

– არა, ასეთი მასშტაბის მიწისძვრა არ გველის. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეისმურ ზონაში ვართ და აუცილებელია მაღალი სეისმური შენობების აშენება, რათა მიწისძვრებისგან დავიცვათ თავი.

– რას შეიძლება ველოდოთ, ასე თუ გაგრძელდა, რა ეშველება დედამიწას?

– ჩვენ არ გამოვრიცხავთ დედამიწასთან მსხვილი კოსმოსური სხეულების (ასტეროიდების) შეჯახების ალბათობას. ამგვარი შეჯახება მრავალჯერ მომხდარა დედამიწის ისტორიაში და ამის საშიშროება მომავალშიც რეალურია. ამისთვის კი არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც რეგულარულად აკვირდებიან ციურ სხეულებს, ითვლიან მათ ტრაექტორიებსა და დედამიწასთან შეჯახების ალბათობას. ამ სამსახურების მონაცემებით, ახლო მომავალში არავითარი შეჯახება მოსალოდნელი არ არის.


скачать dle 11.3