რა ინცინდენტი მოხდა თენგიზ ჩანტლაძის ცხოვრებაში და ვინ მიუშვეს მის დაკრძალვაზე
თბილისელებს კარგად ახსოვთ 80-იან წლებში პლეხანოვზე მდებარე „სატირისა და იუმორის თეატრი“ და მისი დამაარსებელი თენგიზ ჩანტლაძე, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი. მონოლოგის კითხვის დროს, როცა ერთდროულად შეეძლო სხვადასხვა ტიპის ადამიანი განესახიერებინა, შთაბეჭდილება გრჩებოდა, რომ შენც მასთან ერთად იდექი სცენაზე და თამაშობდი. „ნეტავ წუთიც არ დამცლოდა, რა მინდოდა, მეც არ ვიცი – მზე ბეჭებით გადამქონდა, მთვარე – პეშვით, სული – ციმციმ. სანამ შენთან მოვიდოდი, ფრთებს ვიქნევდი სიცილ-სიცილ, დამავიწყდა, რაც ვიცოდი, რას ვიხსენებ, რაც არ ვიცი?!“ (მორის ფოცხიშვილი) ბედის ირონიაა არა? ის 1988 წელს საყვარელ თეატრში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ტრაგიკული დასასრულის მთავარი და ერთადერთი მიზეზი თეატრალურ და კინოსაზოგადოებაში კარგად არის ცნობილი, მაგრამ...
ქალბატონი ზაირა ჩანტლაძე (თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე): როგორც თენგიზის მშობლები და ახლობლები მიყვებოდნენ, ძალიან საინტერესო, არაორდინარული ბავშვი ყოფილა. უყვარდა როგორც სხვების, ოჯახის წევრების იმიტაციების კეთება. ჩემი მამამთილი ეკონომისტი, პროფესორი, აკადემიკოსი და კათედრის გამგე გახლდათ. დედამთილიც ძალიან ნიჭიერი და ლამაზი ქალბატონი იყო. მსახიობი რომ გამხდარიყო, გარწმუნებთ, ნამდვილად არაფერს წააგებდა ქართული თეატრი. ერთ მშვენიერ დღეს, თურმე, ჩემი მამამთილი თავის კოლეგას ელოდება სტუმრად. თავის კაბინეტში ყოფილა, რაღაცას აკეთებდა და, კარზე ზარის ხმა რომ გაიგო, თენგოს გამოსძახა – შენ გააღე, ალბათ, მოვიდაო. ცოტა ხანში დიალოგის ხმა მოესმა – თენგიზი და სტუმარი ლაპარაკობდნენ. ძალიან დიდხანს გაგრძელდა, თურმე, საუბარი. მამამისი დაეჭვდა, ნეტავ ამდენ ხანს რაზე ლაპარაკობენო, კაბინეტიდან გამოვიდა და რას ხედავს: კარი ღიაა, თენგიზის გარდა კი, იქ სხვა არავინ დგას – თენგიზი ლაპარაკობდა ორ ხმაში. თურმე ვიღაცას კარი შეშლია. ამან კი პატარა სცენა გაითამაშა, – ვითომ სტუმარს ელაპარაკებოდა. ტექსტი, ხმა ზუსტად მოარგო.
მშობლებს ძალიან უნდოდათ, ექიმი გამოსულიყო. მოგეხსენებათ, მაშინ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად სამედიცინო ინსტიტუტი ითვლებოდა. თვითონ არ მოინდომა არაფრით. იმ პერიოდში ასევე, ძალიან პოპულარული სასწავლებელი იყო „გეპეი“ და გეოლოგიურ ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები. „გეპეის“ თავისი ცნობილი, პროფესიული დონის ორკესტრი ჰყავდა, საიდანაც მომღერლების დიდი ნაკადი წამოვიდა. სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორმა, დორიან კიტიამ, თენგიზი თვითშემოქმედებით ჯგუფში კონფერანსიედ აიყვანა, მაგრამ, გარდა კონფერანსიობისა, მღეროდა და პაროდიებსაც აკეთებდა. ასე დაამთავრა ინსტიტუტი, მაგრამ არც ერთი წუთი არ უფიქრია, რომ გეოლოგად ემუშავა. რაღაც პერიოდი პევზნერთანაც მუშაობდა, მარჯანიშვილის თეატრშიც იყო. მთავარი როლები არ უთამაშია, თუმცა, საინტერესო ეპიზოდური როლები შექმნა. მერე პატარა ინციდენტი მოხდა: მხიარული კაცი იყო, რეპეტიციების დროს სულ რაღაცაზე ხუმრობდა და ამაზე შენიშვნა მისცეს. თენგიზი შენიშვნების ამტანი კაცი არ იყო და წამოვიდა. ვინაიდან უკვე გარკვეული ურთიერთობები აკავშირებდა ფილარმონიასთან, იქ დაბრუნდა.
– თქვენი შეხვედრა თითქოს ბედისწერა იყო. წლების განმავლობაში ქმარს გვერდიდან ერთი წუთითაც არ მოსცილებიხართ, არ დაგიტოვებიათ უყურადღებოდ. მართლაც ძალიან კარგი წყვილი იყავით.
– თეატრალური ინსტიტუტი 1961 წელს დავამთავრე და, სოხუმის თეატრში გამანაწილეს. დედამ ჩამიყვანა. ორი კვირა ვიყავით და, ფული რომ გაგვითავდა, უკან დავბრუნდით. თან, არ მოეწონა სიტუაცია – პატარა გოგოსთვის შეუფერებელი იყო. ჩემი თანაკურსელი მეგობრები თენგიზს პირადად იცნობდნენ, მე – მხოლოდ ტელევიზიით ვუყურებდი ხოლმე, მაგრამ არაფერი. განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ნიჭიერი ადამიანი იყო. ერთი ჯგუფელი მყავდა, ოსი გოგონა ფატიმა კაჩმაზოვა. ის შეხვედრია შემთხვევით და თენგიზს მისთვის უთქვამს: ვინმე თუ არის ჩვენი კურსდამთავრებული ისეთი, რომელიც არ მუშაობს – მინდა, პროფესიონალი მსახიობები შევკრიბო და ჩემი ჯგუფი გავაკეთოო. უკვე დაწერილი მაქვს პროგრამა, ნოდარიც (ნოდარ ჩხეიძე, თემურ ჩხეიძის მამა) დაგვეხმარება და, მინდა, რომ შევიკრიბოთო. ტელეჟურნალისტი ნანა ჯაფარიძე ჩვენი ჯგუფელი იყო, ჭავჭავაძეზე ცხოვრობდა და მასთან უნდა შევკრებილიყავით. ეს იყო 1962 წლის 5 მარტი. თენგიზმა პროგრამა ისე წაიკითხა, ფაქტობრივად, ყველა როლი თვითონ ითამაშა, დადგმა აღარ სჭირდებოდა. მერე ვისადილეთ. მაშინ მოდაში „ბლუზი“ იყო და ვიცეკვეთ. სიგარეტს ვეწეოდი და ცოტა მოვწიე. მეორე დღის გეგმები დავსახეთ, რომ ისევ უნდა შევხვედრილიყავით და რეპეტიცია გაგვევლო, საღამო ხანს დავიშალეთ. იმ დროს ვერაფერს ვიფიქრებდი, მაინცდამაინც არ მიმიქცევია ყურადღება მისთვის. მხოლოდ მისი ცხვირსახოცი შევამჩნიე, რომელსაც პატარა კვატები ეხატა. გარეთ რომ გამოვედით, მივიხედ-მოვიხედე და მე და თენგიზი დავრჩით მარტო, ყველა გაიფანტა. პლეხანოვზე, ყოფილ შეროზიას ქუჩაზე ვცხოვრობდი. ლაპარაკ-ლაპარაკში ვაკიდან ფეხით წამოვედით. ჩემს სახლთან რომ მოვედით და უკვე უნდა დავმშვიდობებოდით ერთმანეთს, გაჩერდა და მეუბნება: დღეიდან პომადას არ წაისვამ და სიგარეტს არ მოსწევო. ძალიან მიხდებოდა პომადა და ვერ მივხვდი, რატომ არ უნდა წამესვა. მერე, წლები რომ გავიდა, ისევ თვითონ მეხვეწებოდა, წაისვიო. სიგარეტი კი, თვითონ არასდროს მიუწევია და არ უნდოდა, რომ მე მომეწია. 7 წლის ყოფილა, რომ გაუსინჯავს, მამას გაუროზგავს და მას მერე ვერ იტანდა. ხვალ ცირკში წავიდეთო, დამპატიჟა. მეორე დღეს ცირკში წავედით, მესამე დღეს – მუსიკალური კომედიის თეატრში და ასე მოვიარეთ კინო და თეატრები. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული მამა ჰყავდა, ოჯახში არავინ ანებივრებდა. ცდილობდა, დამოუკიდებლად გაეკვლია გზა. ამიტომ ბევრის საშუალებაც არ ჰქონდა. შემდეგ დაიწყო რეპეტიციები, ავაწყვეთ პროგრამა და მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო. თენგიზი ჩვენთან მოდიოდა სახლში, მე მასთან მივდიოდი. არ უყვარდა ზედმეტად აქეთ-იქით სიარული. მომკიდებდა ხელს და თავისთან სახლში წამიყვანდა. ასე რომ, მის ოჯახს შეუღლებამდეც ვიცნობდი. ყველაფერი თავისით აეწყო. ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით. ხელი მოვაწერეთ და მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით. სხვათა შორის, აი, პირველად რომ ვიცეკვეთ, ცეკვის დროს, თურმე მასთან ახლოს მივსულვარ და ფეხით შევხებივარ, მაგრამ მე ეს არ მახსოვს და მერე ხუმრობით მეუბნებოდა – შენ იაქტიურეო. დავდიოდით ქალაქგარეთ, ვწვალობდით. მეც და თენგოსაც თითო გამოსვლაში რვა მანეთი გვხვდებოდა. გასტროლებიდან რომ ჩამოვდიოდით, ახალი პროგრამა უნდა დაეწერა, მერე რეგიონებში გასვლა რომ დაიგეგმებოდა, მაშინ ვიღებდით ჰონორარს, თორემ, მეტი ჩვენ არაფერი გვქონდა.
– მახსოვს, პლეხანოვზე „სატირისა და იუმორის თეატრის“ წინ საღამოს 7 საათისთვის რამდენი ადამიანი იყრიდა თავს. ყველა მოუთმენლად ელოდა ბატონი თენგიზის გამოჩენას. მაშინ თბილისში თქვენი თეატრი პირველი და ერთადერთი იყო, რომელიც იუმორისტული ჟანრის სპექტაკლებს დგამდა.
– იმდენად წავიდა თეატრი წინ და რაოდენობრივადაც გაიზარდა, რომ გადავწყვიტეთ, ჩვენი საკუთარი თეატრი გვქონოდა. 1975 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მოგვანიჭეს, მაგრამ იმ შენობაში, სადაც ჩვენ ვიყავით, სხვებიც იყვნენ და რიგში ვიდექით ხოლმე, რომ რეპეტიცია ჩაგვეტარებინა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენ დავრჩით. ძალიან პატარა სცენა იყო. მერე, დეკორაციები დაგვჭირდა, საგრიმიოროები და პატარა მოშენება გავაკეთეთ. იმ შენობაში 1986 წლამდე ვიყავით. თენგიზი ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
– ბატონი თენგიზის სიცოცხლის ბოლო წელი მართლაც რომ, მძიმე აღმოჩნდა – ის თეატრს შეეწირა და მისი გარდაცვალების საბაბი გახდა ის პიროვნება, რომელიც თბილისში თეატრალურ და კინოსამყაროში დღეს საკმაოდ ცნობილი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, მას დღემდე მძიმე ლოდივით აწევს გულზე ეს ამბავი და ბევრს ნანობს.
– ჩამოყალიბდა აზრი, რომ ჩვენთვის ცალკე თეატრი აშენებულიყო. ჯანო კახიძემ დაიბარა თენგიზი; ის რეჟისორიც, ვისზეც ვსაუბრობთ, იქ იყო. სადაც დღეს კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრია, ადრე კინო „ამირანი“ იყო. ჯანომ თენგიზს შესთავაზა – შენ მაინც ახალს აგიშენებენ და ეს უნდა დავანგრიოთო. ცენტრის რეკონსტრუქცია მიდიოდა და, ვითომ, ჩვენი შენობა, სადაც ვიყავით, ამ სივრცეს უნდა მიმატებოდა. მერე არც ერთი სანტიმეტრი არ გამოუყენებია კახიძეს, აღარ დასჭირდათ, მხოლოდ ერთხელ გააღეს კარი. მოკლედ, დიდი მოლაპარაკებები მიდიოდა. მერე ბატონმა რეჟისორმა უთხრა, რად გინდა, რომ აგიშენონ. მე უფრო მჭირდება, ამიტომ მოდი, შენ მუსკომედიაში გადმოდი, მე მანამდე პროფკავშირების სახლში ვიქნები, სანამ ააშენებენო. არ ვიცი, რა ინტერესები ჰქონდა, მის სინდისზე იყოს ყველაფერი. პროფკავშირებში ჩვენ უნდა გადავსულიყავით, სანამ თეატრი აშენდებოდა. მთელი ვიდეომასალა მაქვს, ნაბიჯებით რომ ზომავს თენგიზი. პროექტიც გაკეთებული იყო კულტურის სამინისტროში. რა თქმა უნდა, იმას გააქრობდნენ. თენგოს ვუთხარი, არ გინდა, არ დათანხმდე-მეთქი. იმ დღეს არ მივედი თეატრში, ყველა იქ იყო. ჩაწერილია კიდეც ჩვენი თანამშრომლების ინტერვიუ, აინტერესებდა თენგიზს, სხვები რა აზრის იყვნენ მუსკომედიაში გადასვლაზე. თეატრში დღის მეორე ნახევარში მივედი. გაბრაზდა, რატომ არ მოხვედიო. მაინც გადავედით. თეატრის მოთხოვნები თანდათან იზრდებოდა, სპექტაკლებიც სულ ანშლაგით მიდიოდა. მუსკომედიაში რომ გადავედით, ათას ორასი ადგილი იყო, მაგრამ იქაც იგივე სიტუაცია შეიქმნა. სამჯერ მეტად დიდი დარბაზი იყო და მაინც ვერ ეტეოდა მაყურებელი. ერთი სეზონი ვიმუშავეთ და მერე გასტროლებზე წავედით. იქიდან რომ ჩამოვედით, თენგიზს პარტერი ახდილი დახვდა. ჩვენ ის შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადმოგვეცა მინისტრის, ვალერი ასათიანის რეზოლუციით. ესენი უფროსი თაობა იყო და, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ, თავის ჭკუაზე ატარებდნენ. ცხადია, ის საბუთები გაანადგურეს. შეხვდნენ ვალერი ასათიანის კაბინეტში, თენგიზი და ის რეჟისორი შელაპარაკდნენ. თენგიზმა ჰკითხა ბატონ რეჟისორს, რატომ გააკეთეთ ასე, რა ვქნა ახლა, ისღა დამრჩენია, თავი მოვიკლაო. ფანჯარა ღიაა და, თუ გინდა, გადავარდიო, – უპასუხა. 7 სექტემბერს თენგიზი სამსახურში იჯდა და გული გაუსკდა – ესმოდა, როგორ ანგრევდნენ პარტერს. 4 სექტემბერს ჩემი მულის ქმრის ორმოცი იყო. ხუთში, ექვსში, შვიდში თენგიზი სულ თეატრში იყო, იქიდან არ გამოდიოდა.
– ახლა რომ საუბრობთ, ალბათ, ყველაფერი თვალწინ გიდგათ.
– შვიდში, დილით ქალაქიდან უნდა გავსულიყავით – ქობულეთში მივდიოდით. გამთენიისას ცუდად გახდა. სასწრაფო გვყავდა. ლოგინშიც არ ჩაწვა, პიჟამათი გამოვიდა ლოჯიაში. კარგად ვარო, – ამბობდა. მერე ცოტა გამოკეთდა. 12 საათისთვის მაინც წავიდა თეატრში. მე დედასთან წავედი. ჩვენს მეზობლად ოჯახის ახლობელი ქალი გარდაიცვალა და იქ ვიყავი. ამ დროს თენგიზი თურმე უკვე გარდაცვლილია, მაგრამ ტელეფონით ვერაფრით ვერ დამიკავშირდნენ, დედაჩემს იმ დღეს ტელეფონი გაუფუჭდა. თეატრის თანამშრომელი ქალი ეზოში შემოვიდა და კითხულობს, ქალბატონი ზაირა სად ცხოვრობსო. მის ხმაზე გამოვედი, – მანანა, აქ რა გინდა-მეთქი. გაფითრებული მიყურებდა. ბატონი თენგიზი შეუძლოდ არის და იქნებ წამოხვიდეთო. თურმე მთელი ამბებია, ქუჩა გადაკეტილია, ყველამ ყველაფერი იცის ჩემ გარდა. შეურაცხყოფილი იყო, ასე რომ გაწირეს სააღდგომო ბატკანივით. მოატყუეს და ეს ვერ გადაიტანა. მახსოვს, ვერ მაკავებდნენ, ტანზე შემოვიხიე ტანსაცმელი.
გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი მოვიდნენ. იმ რეჟისორმა ოთარის პირით შემომითვალა – მოსვლა მინდაო. არავითარ შემთხვევაში-მეთქი – იმას როგორ მოვუშვებდი. მას უნდოდა, ხალხს დაენახა, რა კარგი კაცია, რომ მოვიდა. მას შემდეგ ძალიან ცუდი მცდელობები მქონდა. ნეტავ ის ჩამედინა, რისი ღირსიც იყო, მაგრამ, გააპარეს. განაჩენი მინდოდა, გამომეტანა მისთვის, უფრო მშვიდად ვიქნებოდი. დამიჭერდნენ და დამიჭერდნენ, მერე რა მოხდა?!
– შვილი არ გყავდათ და, ალბათ, ამასაც ძალიან განიცდიდა.
– ყველაფერს ზედმეტად განიცდიდა და გამოხატავდა. ჩვენი ცხოვრება თეატრი იყო. სხვა არაფერი აინტერესებდა ამ ქვეყანაზე. ჩვენ შვილი არ ვიყოლიეთ, რადგან, სულ გასტროლებზე დავდიოდით და არც ერთი წამით არ ვნანობ. სულ ამბობდა, შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო. ძალიან ეჭვიანი იყო. ბავშვივით მოვლა უნდოდა. საერთოდ ვერ ვხედავდი თენგიზს უძლურ მდგომარეობაში, თუნდაც მოხუცებულობაში, მით უმეტეს, რომ ჩემზე ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან. ის არ იმსახურებდა ასეთ მოპყრობას. არავისთვის არაფერი ენანებოდა და არავისი არაფერი აინტერესებდა, მარტო თავისი თეატრი უნდოდა. ჩემზე კარგად არავინ იცის, თენგიზი ვინ იყო. არასდროს არ ვლაპარაკობ ცოლის პოზიციებიდან. მე ჯერ მისი პარტნიორი ვიყავი, მეგობარი და მერე გავხდი ცოლი. ცოლობა არაფერი ყოფილა. ყველაზე რთული მისი ქვრივობაა – ეს ჩემთვის დიდი სასჯელია.