კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში არ ეთანხმება ჭაბუა ამირეჯიბი თავის ყველაზე საყვარელ პერსონაჟს, დათა თუთაშხიას და როგორ ამხილა ის

ახლახან მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა. მწერლის ეს ნაბიჯი განსაკუთრებით გასაკვირი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც მიიჩნევდა, რომ ჭაბუა ამირეჯიბმა თავისი შეხედულებები, წუთისოფელზე განაწყენებული კაცის საფიქრალი და სათქმელი „თავს მოახვია“ ლიტერატურულ გმირს – დათა თუთაშხიას. არც ერთ ქართულ მხატვრულ ნაწარმოებს იმდენი ჭორი და მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლია, რაც ახლა უკვე ღვთისმსახურის, ზემოთ ხსენებულ რომანს. „თუთაშხიას“ ავტორობას ხან კონსტანტინე გამსახურდიას აბრალებდნენ, ხან გრიგოლ რობაქიძეს, ხანაც არარსებულ ემიგრანტ ქართველებს. ჭაბუა ამირეჯიბისთვის რომანის ავტორობის ეჭვქვეშ დაყენება არ იყო გამაღიზიანებელი ფაქტი, რადგან შურის ფენომენით გამოწვეული „გასხვისება“ „დათა თუთაშხიას“ მაღალმხატვრულ ღირებულებებსა და დიდ გამარჯვებას მოასწავებდა. მიუხედავად ჭორ-მართლისა, ქართველმა მკითხველმა განსაკუთრებით შეიყვარა „დათა თუთაშხია“, რადგან ყველა ეპოქასა და ყველა ერში, ათასში ერთი თუ გამოერევა ისეთი მართალი, ზნეკეთილი და მოუსყიდველი კაცი, როგორიც ჭაბუა ამირეჯიბის გმირი – თუთაშხია იყო. სწორედ დათასნაირ კაცს ჰქვია ღვთისმოსავი. მაგრამ, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, აბრაგად ქცეული თუთაშხია აპროტესტებს არა მხოლოდ კაცთა გაუტანლობას და საწუთროს მუხანათობას, არამედ თვით მართლმადიდებელ ღვთისმსახურთაც. როგორც კი, ჭაბუა ამირეჯიბის ბერად შედგომის ამბავი შევიტყვე, გონებაში მაშინვე ამოტივტივდა ეპიზოდები რომანიდან, სადაც თუთაშხია ნამდვილ საქმის საკეთებლად ერისკაცობას მიიჩნევს და არა ბერობას.

გავიხსენოთ მისი საუბარი მოხუც მურდუხაისთან ბერობასა და ერისკაცობაზე:

„ყველა სარწმუნოებაში და ჩვენს სახარებაშიც მარტო ის მწამს და მომწონს, ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანიო, რომ წერია. დანარჩენი, მე თუ მკითხავს ვინმე, არ ვარგა იქ. საკვირველი ის არის მხოლოდ, ამ უვარგისი დანარჩენისთვის რომ შედიან მონასტერში ბერად, ისე კი კეთილი საქმის საკეთებლად ერისკაცობა ჯობს, ნამდვილია ეს. არ შევდგები, არ წავალ მე“...

დათა თუთაშხია რომ ჭაბუა ამირეჯიბისთვის კაცურობისა და ზნეობის საზომი კრიტერიუმია, ეს მწერალსაც არაერთხელ აღუნიშნავს და მისი შემოქმედების მკვლევრებსაც. მაგრამ, აბრაგი დათა, რომელმაც სიკეთისა და ერთგულების სანაცვლოდ მხოლოდ მტრობა და ფარისევლობა იწვნია, ერთნაირად ექცევა ერსა და ბერს. ერთხელ მიეშველა მოხუც იასე ბერს ვიღაც გაჭირვებულის ტვირთის ზიდვაში და რადგან მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, არავის საქმეში არ ჩარეულიყო, რაც მას არ ეხებოდა, სინანულით თქვა:

„გამაბრიყვეს მაინც:

ბერს ეგონა, თუთაშხია ნანობს, ჩემს თხოვნას სწრაფად რომ არ დათანხმდაო და „დაამშვიდა“.

– ღმერთი მოწყალეა.

თუთაშხიამ გაიცინა.

– მე ის ვთქვი, ვნანობ, რომ შეგიბრალე, მამაო“.

ცხოვრების ორომტრიალისგან დაღლილმა საშინელი განაჩენი გამოუტანა უსულგულო კაცობრიობას: ყოველთვის სიკეთის მკეთებელმა და ყველას გაჭირვების ტალკვესმა დათამ.

„იქნებ არ ღირდეს ადამიანის მოდგმა წესიერი კაცის ზრუნვად და ქვეყნის არეულ-დარეულ საქმეებში ჩარევად..“

როცა სასულიერო თუ საერო პირებმა დათა თუთაშხიას ბერად აღკვეცა ურჩიეს და ეშმაკეულისგან განდგომა – აქვე გამოიკვეთა ბატონი ჭაბუას არჩევანიც. არის ხსნის გზა – განშორდე ერს, სადაც მართალი კაცი გვერდს ვერ აუქცევს ეშმაკის განსაცდელს. თუმცა, მისი დათა მაინც ღიმილით უყურებს მარხვისა და ლოცვის, ასევე სხვის საქმეში ჩარევის საფასურად, სამოთხეში მოხვედრის თუ მარადიული სასუფევლის „საეჭვო დაპირებას“.

უფრო უარესსაც გავიხსენებ, როცა დურუს დუქანში მისი ქალიშვილის – ფულზე უიმედოდ შეყვარებული კიკუს გაშიშვლება ითხოვეს თუმნიანების სანაცვლოდ, თუთაშხიას თავი არ აუწევია იასე ბერის ხვეწნაზე, ეხსნა ქალწულის უმანკოება – „თუ სისხლსა და მოდგმაში აქვს, მაინც იზამს... არ ჩავერევი მე“.

მაგრამ, როცა პირადად მისი შეურაცხყოფა სცადეს, „დათამ ხის ბუდიდან ისე მაგრად დააძრო მაუზერი, რომ მისი ხელის მოძრაობას თვალი ვერავინ შეასწრო. დაძრობა და სროლაც ერთი იყო. თუთაშხიას ტყვიამ იასე ბერის იღლიის ქვეშ გაიარა.

სანამ გავარკვევდეთ, ახლოსაა თუ არა ჭაბუა ამირეჯიბი დათა თუთაშხიას სარწმუნოებრივ მრწამსთან, ერთხელ კიდევ შევავლოთ თვალი მონასტერში მოღვაწე ღვთისმსახურებს...

დედათა მონასტერში დათას ბრალდებებს უყენებს ეფემია წინამძღვარი და მისგან ბერად აღკვეცას მოითხოვს, რომელიც მომავალ წინამძღვრად ამზადებს საკუთარ ძმისშვილს – სიცოცხლეზე შეყვარებულ 20 წლის გოგოს, რომელიც სიყვარულს გაარიდეს საერო ცხოვრებიდან. მომავალ წინამძღვარს სიცილ-კისკისსა და მასხარაობაში გაჰყავდა დღეები და რაც ცხოვრებას უადვილებდა, იყო მამიდის სიყრუე.

ეფემიას ხელის აწევაზე მის შეხედულებებსა და მტკიცებულებებზე კვერის დასაკრავად კი, მის საწინააღმდეგო შინაარსის ნაწყვეტებს ამბობდა...

საინტერესოა, როცა „დათა თუთაშხიას“ წერდა, მიუწევდა თუ არა ამ დროს ბატონ ჭაბუას გული მონასტრისკენ. რატომ ათქმევინა თავის სათაყვანებელ დათას: „ცუდია ის დანარჩენი, რისთვისაც მონასტერში შედიან ბერადო“, რა განსხვავებას ხედავს იმდროინდელ ბერ-მონაზვნებსა და დღევანდელ მოღვაწეთა შორის. ან იქნებ, ათეიზმის ხანაში, როცა „დათა თუთაშხია“ იქმნებოდა, სხვა დანარჩენისთვის ხდებოდნენ ღვთისმსახურნი. სამოცდაათწლიანი ჯოჯოხეთის შემდეგ კი, დავიბრუნეთ დაკარგული რწმენა. დავგლიჯეთ ეკლესია-მონასტრების ეზოში ლენცოფა თუ ეკალ-ბარდები. გაუქმებულ ეკლესიებში კი, სადაც ავდარს შეფარებული ნადირის ღმუილი ისმოდა, დღეს საღვთო ლეტურგია აღესრულება...

ბერად აღკვეცილმა მწერალმა თავი აარიდა, გული გადაეშალა ბერად შედგომის მიზეზის გამხელაზე. თუმცა მისი მეუღლისგან – პოეტ თამარ ჯავახიშვილისგან გავიგეთ, რომ „ჭაბუას ბერად აღკვეცა იყო ღვთის ნება და დიდი ხნის წინანდელი სურვილის აღსრულება“.

– ქალბატონო თამარ, ჰგვანან თუ არა ბატონი ჭაბუა და დათა თუთაშხია და ემთხვევა თუ არა ერთმანეთს, ამირეჯიბისა და თუთაშხიას შეხედულებები ღვთისმსახურებასა და ერისკაცობაზე?

– მიუხედავად იმისა, რომ ჭაბუას ძალიან უყვარს დათა, უიშვიათეს პიროვნებად და ღვთის რჩეულ კაცად მიიჩნევს, მსოფლმხედველობით მაინც ერკინებიან ერთმანეთს დათა და ჭაბუა. ბერობას თუთაშხია აპროტესტებს და არა ჭაბუა ამირეჯიბი. მწერალმა იასე ბერისა და ეფემია წინამძღვრისგან დათას განკითხვით, ზოგადად, თვით მართალ და კეთილ კაცთა ადამიანური სისუსტენი ამხილა. დაასკვნა, რომ ეშმაკის მახე საწუთროში ყოველ ნაბიჯზეა და შეუძლებელია, ერში ბერივით ცხოვრება. თუმცა, დიდი ნებისყოფისა და ბოროტებასთან ძალისხმევის ფასად – ხსნა ყველგან არის!


скачать dle 11.3