რას ვერ უმტკიცებს გიორგი დემეტრაძეს პროკურატურა და რა დაუმალეს მის ადვოკატებს
2 ნოემბერს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის – გიორგი დემეტრაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. რამდენიმე თვის წინ მის დაკავებას საზოგადოების საკმაოდ დიდი ინტერესი მოჰყვა. „დემეს” ქურდული სამყაროს წევრობა ბრალდება და სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით ასამართლებენ, თუმცა, როგორც მისი დამცველები აცხადებენ, პროკურატურას ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს. როგორც ცნობილი ფეხბურთელის ადვოკატი მარიკა ფხალაძე განმარტავს, საბრალდებო დასკვნა გიორგი დემეტრაძეს ქურდული სამყაროს წევრობაში ვერ ამხელს.
მარიკა ფხალაძე: მე და ადვოკატი გიგი ზირაქიშვილი გიორგი დემეტრაძის საქმეში მისთვის ბრალის წაყენების შემდგომ ჩავერთეთ, როცა გიორგის აღმკვეთი ღონისძიება მიუსაჯეს. გიორგი 7 მაისს დააკავეს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თუმცა, ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომლებსაც, ალბათ, აუცილებლად გაეცემა პასუხები. საბრალდებო დასკვნაში მოყვანილი მტკიცებულებებიდან არც ერთი არ ადასტურებს გიორგი დემეტრაძის ბრალეულობას. უფრო მეტიც, გამოძიების მიერ მოყვანილი მოწმეთა ჩვენებებით, გიორგი არ არის კრიმინალი და რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი. ძირითადი აქცენტი ბრალდების მხრიდან გადატანილია სატელეფონო საუბრების კრეპსებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ გიორგის დანაშაული არ ჩაუდენია. ის არ ცნობს თავს დამნაშავედ, რაც პირველ სასამართლო სხდომაზეც განაცხადა.
– გიორგის დაკავებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ამ კრეპსების გარდა, ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულებების მოძიება არ უნდა გასჭირვებოდა. იქნებ ეს სიურპრიზი იყოს მათგან სასამართლო პროცესზე?
– ველით ასეთ სიურპრიზებსაც, მით უმეტეს, რომ დაცვის მხარეს არ მოგვეცა საშუალება, გავცნობოდით საქმის მასალებს, სანამ ის სასამართლოში არ დაიდო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა, რაზეც ჩვენ მივმართეთ როგორც პროკურატურას, ასევე სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს იყო ბრალდებულის უფლებების არსებითი დარღვევა. ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა სატელეფონო კრეპსები – ეს მოხდება სასამართლო განხილვის დროს. როგორც ახლა ვხვდებით, ეს ყველაფერი დამალული იყო იმიტომ, რომ საქმეში არ არსებობდა გიორგის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი სიტყვა. მათ არ აწყობდათ, რომ ჩვენგან გაკეთებულიყო გარკვეული შუამდგომლობები, რისი საფუძველიც ჩვენ ნამდვილად გვქონდა. სატელეფონო საუბრების შინაარსის მიხედვით, დავით ფეიქრიშვილი, რომელიც ამ საქმეზე ასევე განსასჯელია, ურეკავს დემეტრაძეს და სთხოვს, რომ ნახოს დავით გაგნიძე, ოღონდ, არ ეუბნება, რატომ უნდა ნახოს ის. მას შემდეგ დემეტრაძე ურეკავს დავით გაგნიძეს და მას ეკითხება: რა ხდება, რატომ უნდა გნახოო? მათი საუბრიდან არსად ჩანს დანაშაულის ნიშნები. უფრო მეტიც, როცა გაგნიძე რეკავს მამაკაცთან, მას ეუბნება: დემემ არ იცის, რატომ უნდა შემხვდეს და რატომ არ აყენებთ საქმის კურსშიო. ეს მამაკაცი ეუბნება გაგნიძეს: როცა დემე შეგხვდება, ჯერ მე დამალაპარაკეო. გიორგი დემეტრაძე დააკავეს სწორედ მაშინ, როდესაც ის დავით გაგნიძესთან შესახვედრად მივიდა, აქ მთავრდება სატელეფონო მოსმენები, რომლითაც გამოიკვეთა, რომ დემეტრაძემ არ იცოდა, რატომ მივიდა იქ, სადაც დაიბარეს.
– როდესაც გიორგი დემეტრაძე დააკავეს, პროკურატურამ მაშინვე განაცხადა, რომ ის „მაზავშჩიკებთან” იყო დაკავშირებული, საქმეში ფიგურირებდა ვატო ყიფიანიც, რომელიც ასევე, ქურდული სამყაროს წევრია.
– კანონი განსაზღვრავს ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდობას და ქურდული სამყაროს წევრობას, ამ განსაზღვრების მიხედვით კი, ქურდული სამყაროს წევრობა ნიშნავს სარგებლის მიღებას ძალადობით, შანტაჟით, გამოძალვით და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით. გიორგი დემეტრაძეს არც ერთი მსგავსი ქმედება არ ჩაუდენია. რაც შეეხება „მაზავშჩიკობის” თემას, ეს ქმედება ჩვენი კანონმდებლობით არ ისჯება. სისხლის სამართლის კოდექსში ვერ ნახავთ მუხლს, სადაც მითითებულია, რომ ეგრეთ წოდებული „მაზავშჩიკობა” დასჯადი იყოს. სისხლის სამართლის საქმე შეიძლება, აღიძრას იმ შემთხვევაში, თუ წაგებული თანხის მოთხოვნა სცილდება კანონის ჩარჩოებს და ფულის აღება ხდება გამოძალვით, შანტაჟით და ასე შემდეგ. მოცემულ სიტუაციაში, როცა ვინმე კვიჟინაძემ ლურსმანაშვილთან ტოტალიზატორში წააგო 140 ათასი ლარი და გადაიხადა 70 ათასი ლარი, ლურსმანაშვილი საქმეში მოყვანილია მოწმედ, კვიჟინაძეს არავინ არ ეძებს და არავინ კითხულობს, დემეტრაძე კი დაკავებულია. რა ფორმით არის ის გარეული კვიჟინაძისა და ლურსმანაშვილის საქმეში ეს არ ჩანს. თუ დემეს უნდა მიეტანა ფული ფეიქრიშვილისთვის, ვისაც გადააბარა ლურსმანაშვილმა ფულის ამოღება, ეს არც გამოძალვაა, არც შანტაჟი და არც სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ბრალდების მიხედვით, ფულის ამომღები იყო ვატო ყიფიანი, დემე მხოლოდ ფულის მიმტანის როლს ასრულებდა, რაც, საუბრებიდანაც ჩანს, რომ დემემ არც კი იცოდა.
– დემეტრაძე დაკავებულია, ვატო ყიფიანი კი – თავისუფალი. მას ეძებს პროკურატურა?
– მოცემულ სიტუაციაში არც ვატო ყიფიანის მიმართ არის კრიმინალური ქმედებები გამოკვეთილი, მასთან მეგობრობა, მგონი, არ უნდა იყოს კრიმინალური სამყაროს წევრობის საფუძველი. როგორც ვიცი, დემეს ვატოსთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვს. იგივე სიტუაციაა დავით გაგნიძესთან დაკავშირებითაც. მე წლებია, ვიცნობ ამ ბიჭს. მართალია, მასზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა შეადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც, დავით გაგნიძე ხასიათდება უარყოფითად, არის ქურდული ტრადიციების მატარებელი და აქტიურად ეხმარება ამ სამყაროს წარმომადგენლებს. მე გამოვკითხე მთელი უბანი და ვერ ვნახე ერთი ადამიანიც კი, რომელიც გაგნიძეზე ამ ინფორმაციას დამიდასტურებდა. ასეთი მტკიცებულებები არც ბრალდების მხარეს აქვს, თუ არ ჩავთვლით პოლიციის უფროსის წერილს. მე ვაპირებდი იმავე გამოკითხვის ჩატარებას გიორგი დემეტრაძესთან დაკავშირებითაც, მაგრამ დემე იმდენად ცნობადი სახეა, რომ ამის გაკეთება სამარცხვინოდ ჩავთვალე. გიორგის ქურდული სამყაროს წევრობის დასადასტურებლად ბრალდებას რამე რომ ჰქონოდა, მე შევეცდებოდი, წარმომედგინა საპირისპირო მტკიცებულებები. ამ საქმეში ყველაზე დიდი კურიოზი ის გახლავთ, რომ, დაკავებულებს კი ჰბრალდება ქურდული სამყაროს წევრობა, მაგრამ, ვისი და რა დაჯგუფების წევრები არიან ისინი, არ ჩანს. ბრალდებამ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ადამიანი, ვის მითითებებსაც ასრულებდა დემეტრაძე, ან, არსებობს დაჯგუფება და ამ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან ამ საქმეზე დაკავებული ადამიანები.
– რას ამბობს თავად დაკავებული, როგორ მდგომარეობაშია ის და ვინ ზრუნავს მასზე საპატიმროში?
– დემე დაკავებიდან დღემდე შოკშია და მხოლოდ იმას კითხულობს, ამიხსენით, რისთვის დამაკავესო. ყველა შეხვედრისას მეკითხებოდა: რატომ ვზივარ, რა უნდათ ჩემგანო. გიორგი გლდანის საპყრობილეში იხდის პატიმრობას, სულიერად საკმაოდ მხნედ არის, რადგან დარწმუნებულია, რომ არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რასაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება, მოჰყვეს. იგი დარწმუნებულია, რომ გაათავისუფლებენ, იმასაც ვერ ხვდება, ვინმეს რამე სხვა ინტერესი ხომ არ აქვს მის მიმართ. დემეზე ძალიან ზრუნავენ მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ – ის ხომ სხვადასხვა კლუბში თამაშობდა. მისი კოლეგები ხშირად რეკავენ და კითხულობენ დემეს ამბებს. ისინი ფინანსურ დახმარებასაც თავის თავზე იღებენ. მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორი პატივისცემით სარგებლობს დემე პატიმრებს შორის, მას თანაუგრძნობენ და ყველა გულისტკივილით კითხულობს მის ამბავს.
– დემეს ქართველი კოლეგები ამ თემაზე საუბარსაც კი ერიდებიან.
– ეს, ალბათ, უფრო მათი პრობლემაა. როგორც ჩანს, ყველა საკუთარ ტყავს უფრთხილდება და ამ სიტუაციაში გარევა არ უნდათ. ვნახოთ, როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი, მოწმეთა ბაზა შედგება იმ ადამიანებისგან, ვინც ისმენდა სატელეფონო საუბრებს და ვინც ჩაატარა ამ პირების დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაცია. სხვა მოწმეები ამ საქმეში არ არსებობენ და შესაბამისად, ახალი მტკიცებულებებისა და გარემოებების მოძიება საკმაოდ რთული უნდა იყოს, სანამ სასამართლო გამოძიება გარკვეულ ეტაპზე არ მივა, დემეს თავისუფლების პერსპექტივაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა, ცხადია, არ შეიძლება, რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელს არაფრის გამო მომავალი წაართვან.