ვინ აუკრძალა ცოლთან ურთიერთობა თბილისის მთავარ მაშველს და რა ილეთით მოიპოვა მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული
თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე მხოლოდ ხანძრების ჩაქრობასა და წყალდიდობასთან ბრძოლაში არ არის მარჯვე – თბილისის მთავარი მაშველი სულ ახლახან პრაღაში გამართულ სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. მართალია, გამარჯვებულის ტიტული ვეტერანის რანგში ერგო, მაგრამ ეს თემურ გიორგაძეს სულ არ აშინებს – განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დახმარება ძველებურად კარგად გამოსდის, სიგელებისა და დიპლომების კოლექციასაც ახალ-ახალ გამარჯვებებს მატებს და რაც მთავარია, ბიჭის მამობისთვისაც მთელი შემართებით ემზადება.
თემურ გიორგაძე: სამბოში ვეტერანების მსოფლიოს ჩემპიონი უკვე მეოთხედ გავხდი. პრაღა კარგად მაქვს დაცდილი – პირველადაც ამ ქალაქში გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. ვეტერანებში ასაკობრივი კატეგორიები 36 წლიდან იწყება და 70 წლამდე მთავრდება. უნდა ნახოთ, 70 წლის ვეტერანი მოჭიდავეები რა დღეში არიან, სულ არ ეტყობათ ასაკი. ყველა კარგად არის მომზადებული. მსოფლიოს ჩემპიონატზე მკვდარი ვერაფერს გააკეთებს. მარტო ტატამზე რომ გაგორდე და გამოგორდე, არაფერი გამოგივა. მე გამოვდიოდი 40 დან 44 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემპიონატი სამბოს მსოფლიო ფედერაციის მიერ ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. წინა წლებთან შედარებით, წელს უფრო ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ტურნირში, ჩემპიონატის მიმართ დიდი ინტერესი იყო – 32 ქვეყანას ჰყავდა წარმოდგენილი თავისი გუნდი. ინგლისს, იტალიასა და საფრანგეთს ათ-ათი კაცი ჰყავდათ ჩამოყვანილი. საქართველოდან ორნი ვიყავით – მე და ბატონი ოთარ ყურაშვილი, რომელიც უკვე მერვედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ხუმრობით სულ მეუბნება: ასაკით მაჯობებ და შენ უფრო მეტჯერ მოგიწევს ჩემპიონობაო. ჩემპიონატზე ისლანდიიდან და პანამიდანაც კი იყვნენ ჩამოსული მოჭიდავეები, უკვე ახალ-ახალი ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ. ფედერაციაში კალენდარს ისე ადგენენ, რომ თებერვალში ევროპის პირველობა მოეწყოს, ოქტომბერში კი, მსოფლიოს პირველობაზე გაიმართოს შეჯიბრება. ევროპის ჩემპიონატიც ორჯერ მაქვს მოგებული, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონობასთან რა მოსატანია? კვარცხლბეკზე რომ დგახარ გამარჯვებული და შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის, ამას არაფერი შეედრება.
– არ გაგიჭირდათ ამ ტიტულის მოპოვება?
– არა. კარგად ვიყავი მომზადებული. შარშან ფიზიკურად ვერ მოვახერხე ჩემპიონატზე წასვლა, რაც ძალიან განვიცადე. მაშინვე დავიწყე ამ ჩემპიონატისთვის სამზადისი. მე ყოველ დილით ვვარჯიშობ, კარგ ფორმაში ვარ. ბოლო ორი თვე სპორტულ სექციებში დავიწყე ჭიდაობა ახალგაზრდა ბიჭებთან, სუნთქვა აღვიდგინე. თან ვასწავლიდი მათ, თან საკუთარ ძალებს ვცდიდი. პირველი ნაკრების წარმომადგენლებთან ნამდვილად არ მომისინჯავს ჩემი შესაძლებლობები. მათთან ჭიდაობა ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა იქნებოდა. კიდევ კარგი, ასე კარგად მოვემზადე, არ ველოდი, ჩემპიონატზე ასეთი დიდი კონკურენცია თუ იქნებოდა. ფინალამდე ორი შეხვედრა სუფთა ანგარიშით მოვუგე პოლონელ და ბელგიელ მოჭიდავეებს. ბელგიელს ადრეც შევხვედრივარ და ვიცოდი, რომ ის ჩემი მომგები არ იყო. ფინალში შევხვდი რუს ვეტერანს, რომელიც ძალიან გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭიდავეა. თავის დროზე ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა – ორგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. იმ პერიოდში მე ასეთი წარმატებები არ მქონია, მაგრამ სამაგიეროდ, ახლა ავინაზღაურე ეს დანაკლისი. ჩემი მოწინააღმდეგე, მე მგონი, ციმბირელი იყო, მაგრამ მერე იქ ისეთი ამბები მოხდა, აღარც დამიწყია მისი წარმომავლობის გარკვევა.
– ამბობენ, ფეხი მოტეხა მოწინააღმდეგესო, მართალია?
– ჭიდაობის დროს მოტყდა. მე ძალით არ გამიკეთებია ეს, მაგრამ მაინც მე მედება ბრალი (იცინის). სპორტში ყველაფერი ხდება. ჭიდაობა რომ დავიწყეთ, თავიდანვე მივხვდი, რომ ხელში კარგად მომხვდა და გამარჯვება არ უნდა გამჭირვებოდა. რუსთან ყოველთვის დაძაბული გადიხარ. შეხვედრაც განსხვავებული გამოდის ხოლმე. რუსი სპორტსმენისთვის სუფთად არასდროს მომიგია, ყოველთვის ახერხებენ ქულის აღებას. ახლაც ასე მოხდა, ისე ვერ ვაბურთავე ჩემი მოწინააღმდეგე როგორც მინდოდა, მაგრამ მაინც მოვუგე. თავიდან ძალიან პასიურობდა, რის გამოც ჯერ შენიშვნა მისცეს, მერე – გაფრთხილება, რაც ჩემთვის ერთი ქულა იყო. მერე მე წავბორძიკდი ჭიდაობის დროს და იმან აიღო ქულა. დროს შევხედე, მივხვდი, რომ საკმარისი დრო იყო დარჩენილი, გავაგრძელე ჭიდაობა და კიდევ ერთი ქულა ავიღე. ბოლო წუთზე ილეთი გავაკეთე, რომელიც ჩემი მოწინააღმდეგისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – მყესები გაუწყდა და ფეხი მოტყდა. ეს, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, პოლიტიკური დამოკიდებულება სპორტში არაფერს ნიშნავს. ჩემი მხრებით გავიყვანე მოწინააღმდეგე ტატამიდან და მე თვითონ დავსვი საკაცეზე. მეორე დღეს გავიგე, რომ ფეხი თაბაშირში ჩაესვათ მისთვის.
– მსოფლიოს ჩემპიონის პრიზი რა იყო?
– სიგელი, მედალი, რომელსაც ოქროს მედალი კი ჰქვია, მაგრამ ოქროსი არ არის. ნამდვილ ოქროს მოქმედ ჩემპიონებს არ აძლევენ და ვეტერანებში რა ღმერთი გაუწყრებოდათ (იცინის) ოქროს ნაწილაკებს ალბათ, შეიცავს, მაგრამ არც ერთი სპორტსმენი არ ინტერესდება ოქროს შემადგენლობით, მთავარი გამარჯვებაა. არც ერთი ფედერაცია არ აჯილდოებს გამარჯვებულს ფულადი პრიზით, მაგრამ თბილისის მერიის ხელმძღვანელობის წყალობით, ვიცი, რომ არ დავრჩები ფულადი პრიზის გარეშე. ჯერ ახალი ჩამოსული ვარ და ვნახოთ. მაგრამ თუ ფულადი პრიზი არ იქნება, არც ესაა პრობლემა. მე ის მიხარია, რომ შრომა დამიფასდა და ჩემი ქვეყანა ვასახელე. უკვე იმას მივაღწიე, რაზეც მაშინაც ვერ ვიოცნებებდი, როცა მოქმედი სპორტსმენი ვიყავი – ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ, რეკორდი უნდა დავამყარო. სანამ შემეძლება ჩემს წონით და ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებას ვერავის დავუტოვებ. ასეთი „ჟილკა“ მაქვს, ვეტერანებში არავინ არ უნდა მაჯობოს. არა მგონია, რომ ჩემსავით იყოს ვინმე ფორმაში. რაც ჩამოვედი მილოცვებს ვიღებ, ხვედელიძის არ იყოს, მესიჯებს იცით, როგორი ტექსტით მწერენ? – გაგიჭირდებოდაო (იცინის). მით უმეტეს, რომ სანამ პრაღაში წავიდოდი, მერიის საფეხბურთო გუნდმა სამინისტროებს შორის გამართულ ტურნირში გაიმარჯვა. მე ვიყავი ამ გუნდის კაპიტანიც, მწვრთნელიც და თავდამსხმელიც. აბა, დაცვისთვის ხომ არ შევწუხდები? მაგარი გუნდი მყავს ძალიან. ძველი ფეხბურთელი ვარ და გუნდის შექმნა გამიჭირდებოდა? ჯერ არც ერთი ტურნირი არ წამიგია. ასე გავაგრძელებ მომავალშიც.
– აი, მაშველობა როგორ გამოგადგათ, თქვენი მოწინააღმდეგეებიც ასეთი ეგზოტიკური პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ?
– არა, მაშველი მარტო მე ვიყავი და ეს თითქმის ყველა მონაწილემ იცოდა. ჩემზე პრაღის გაზეთებშიც კი დაწერეს. ვეტერანების მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოსულები იყვნენ ბიზნესმენები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიციის გენერალ-მაიორიც კი. სახელმწიფო და ფედერაცია ძირითადად გუნდის პირველი ნომრების წარგზავნას აფინანსებენ ხოლმე, ბიზნესმენები საკუთარი ფინანსებით იოლად ჩადიან ჩემპიონატზე და არ ამბობენ უარს იმ სიამოვნებაზე, რაც ძალიან უყვართ. ამის გამო ჩემპიონატზე სპორტიდან ბიზნესში გადასული ადამიანები ჭარბობენ. როგორც გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა დამაჯილდოვა. მადლობა გადავუხადე, ინგლისურად დიდი მოლაპარაკე არ ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, რუსული ვიცი კარგად. ჩემპიონატებზე ვინც ჩამოდის, რუსული ენის პრობლემა თითქმის არავის არ აქვს, მით უმეტეს, მსაჯთა კოლეგიას.
– აქ ხანძრებსა და წყალდიდობებში კი არ გჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნა, მაგრამ ჩემპიონატებისთვის კი უნდა მოემზადოთ.
– სადა მაქვს მაგის დრო, ბიჭის გასაკეთებლად ვერ დავამთხვიე გრაფიკი (იცინის). ერთი-ორჯერ ვცადე ინგლისურის სწავლა, მასწავლებელთანაც ვსინჯე, მაგრამ არ გამოგვივიდა, ბოლოს ვუთხარი: თქვენც შეგაწუხებთ და მეც ძალიან შევწუხდები, ამიტომ ჯობია ერთმანეთს „დავშორდეთ“ და ამ ტანჯვისგან გავთავისუფლდეთ-მეთქი. ინგლისურად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ რაღაცეები მესმის. ჩემს საქმეში ინგლისური არაა აუცილებელი, ჩემპიონატებისთვის კი იმდენს ვისწავლი, რომ გაქცეული მოწინააღმდეგე მოვაბრუნო. თუმცა, სპორტში არის ერთი საერთო, სპორტული ენა, რომელიც ყველას ერთნაირად ესმის.
– გულშემატკივრები გყავდათ?
– ძალიან ბევრი. პრაღაში ცხოვრობს ჩემი ნათლული და ძველი მეგობარი, რომელიც ყველა ჩემს შეხვედრას ესწრებოდა. სხვა მეგობრებიც „მბალეშჩიკობდნენ“, დარბაზში ქართული ყიჟინა და ხმაური არ შეწყვეტილა. ყველაზე მაგარი „ბალეშჩიკი“ იყო ჩემი მეუღლე, ახლა კადრებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რა ამბავში ყოფილა. დარბაზში მარტო მაგის ხმა ისმის, თორემ როცა ვჭიდაობდი, მაგისი მოსმენისთვის სად მეცალა. მე და ჩემი მეუღლე ტურნირის დამთავრების შემდეგ სამი დღე კიდევ დავრჩით პრაღაში. ცოლს კი უნდოდა, რომ მეორე თაფლობის თვე მოგვეწყო პრაღაში, მაგრამ მაგისი დრო არ იყო. ტურნირის პერიოდში ასეთი რაღაცეები არ შეიძლება, სპორტულ პოტენციალზე მოქმედებს ცუდად და ამ აკრძალვას მეც ვემორჩილებოდი. ტურნირის შემდეგ კი, დიდი ხნის უნახავ მეგობართან ქეიფს გადავყევი, აღარც მეუღლე მახსოვდა და არც თაფლობის თვე (იცინის).
– ტიტული ძალიან კარგია, მაგრამ ვეტერანობის განცდა არაა ცუდი?
– მედალს რომ გკიდებენ, აღარ გახსოვს ვეტერანი ხარ თუ მოქმედი. მე ცხოვრებაშიც არ ვგრძნობ თავს ვეტერანად, მართალია ჩემი ახალგაზრდა მაშველები ბაგირზე ჩემზე მაგრად დაცოცავენ, მაგრამ სამაგიეროდ, ხანძრების ჩაქრობაში მე ვარ მაგარი, რაც მარტო გამოცდილებას მოაქვს. მე მიხარია კიდეც, ახალგაზრდებმა რომ მაჯობონ. ისე რა გამოვა? ფიზიკურად მეც კარგ ფორმაში ვარ. ერთი ოცი წელი, კიდევ ასე ვიქნები. ვეტერანად რომ ჩავთვლი თავს, პენსიაზე გავალ. დიდი ეზო მაქვს, მიყვარს თოხნა, ბარვა. ჩემი სახლის უკან დიდი მინდვრებია, ხან იქით გავისეირნებ, ხან – აქეთ. ხან პენსიონერულ ექსკურსიებზეც წავალ და გავერთობი, მე პენსიონერობაც აქტიური მექნება – მანამდე ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, რომ მოვდუნდე. სანადიროდაც დავდივარ, ღვინოსაც ვსვამ კარგად და ბიჭზეც „ვჩალიჩობ“, მე ვარ ახლა ვეტერანი?! (იცინის).