კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიჰყვებიან მაყურებლები მსახიობს ტყეში და რა შემთხვევაში ესვრიან მათ საზამთროებს



მსოფლიო თეატრის ისტორია ძალიან საინტერესოა, მან საოცარი განვითარება ჰპოვა, თუმცა, თანამედროვე ეპოქაში ის თითქოს საწყისებს უბრუნდება – ზოგიერთი თეატრი პირველყოფილ თეატრს ემსგავსება. თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე უცნაური და ამავდროულად საინტერესო თეატრების შესახებ გვიამბობს.



ნიკა წულუკიძე: მოდი, პატარა ისტორიული ექსკურსით დავიწყოთ, თუ როგორ შეიქმნა პირველი თეატრი: მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა და მიხვდა, რომ საჭმელი და გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო უმნიშვნელოვანესი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსავლის აღებაც საჭირო იყო. უფრო მოგვიანებით, საბერძნეთში, მას შემდეგ რაც მოსავალს იღებდნენ, ადამიანები ერთგვარი რიტუალით მადლობას სწირავდნენ დიონისეს: გამოვიდოდნენ სპეციალურად შექმნილ მოედანზე, ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ასე გამოხატავდნენ მადლობას. თეატრალურ საწყისებს სწორედ დიონისეობას უკავშირებენ. ბერძნებმა სოფლის განაპირა ადგილას ააგეს შენობა, რომელსაც არ ჰქონდა ჭერი და ეწოდა ამფითეატრი. „ამფი“ – ბერძნულად ნიშნავს „ღია თეატრს“ – „სანახაობას“. იმ პერიოდში ქალებს სპექტაკლში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ, ეს შექსპირის პერიოდამდეც კი მოდის. ამიტომ, მამაკაცები ღვინის თხლეს ისვამდნენ სახეზე, ღაწვები რომ შესწითლებოდათ, კაბებს იცვამდნენ და ასე ასრულებდნენ ქალების როლებს. ამ სანახაობებზე ხალხი დადიოდა. ამის შემდეგ გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ვიღაცას ეკარნახა ამ ადამიანებისთვის რა ეთქვათ. ასე გაჩნდა დრამატურგია. ამ დროს სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის სამი გენიოსი: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე, რომლებიც ორ ძირითად საყრდენზე მითოლოგიასა და ბედისწერაზე წერდნენ. მათ ვერც წარმოედგინათ, რომ ჩვეულებრივ ადამიანზე შეიძლებოდა რამე დაწერილიყო. პირველი „ადამიანური“ ნაწარმოები იყო ესქილეს „სპარსელები“, როდესაც მათთან ომის დროს ის დღიურებს აწარმოებდა, რომელიც შემდეგ დრამატულ ნაწარმოებად ჩაითვალა.

არსებობს თეატრი „კომედია დელ არტ“, რომელიც იტალიაში შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა. ეს არის სრულიად იმპროვიზებული თეატრი. მსახიობებმა არ იციან, რას ითამაშებენ. მათ ჰყავთ მკვეთრად გამოხატული პერსონაჟები: ეს არის ექიმი, ის – პატარძალი, მოსამართლე, მაგრამ არც ერთმა არ იცის რას იტყვის. შესაბამისად, სცენაზე მიდის იმის იმპროვიზირება, როგორ უნდა დამთავრდეს. ეს თეატრი დღემდე ფუნქციონირებს. არსებობს მეოცე საუკუნის ასეთი გენიოსი რეჟისორი – პინა პავუში, ქალბატონი, რომელიც ცეკვის თეატრის დამაარსებელია. მისი სახე პედრო ალმადოვარს თავის ერთ-ერთ ფილმში აქვს გამოყენებული. პინა პავუშს აქვს ერთი გენიალური სპექტაკლი „ვალსები“, სადაც ლაპარაკობენ ყველა ენაზე, ოღონდ, იმ ფრაზებს, რომელიც ყველამ იცის. მაგალითად, „სენქ იუ“, „არივედერჩი“... მხოლოდ ინტერნაციონალური ფრაზებით მიდის მთელი სპექტაკლი. იყო ასეთი პოლონელი მოღვაწე, თადეუშ კანტორი, რომელიც ამბობდა, რომ თეატრი მაშინ მოკვდა, როდესაც სცენაზე მსახიობი ავიდაო. იცით, როგორ რაღაცეებს აკეთებდა?! მოიტანდა და სცენაზე დადგამდა მაგიდას, აქეთ-იქიდან დასვამდა მაყურებელს. მასთან არ არსებობდა ცალკე მაყურებელი და ცალკე მსახიობი, მათ შორის სულ იყო კავშირი. ეს მიხეილ თუმანიშვილმაც გამოიყენა სპექტაკლში „როცა ასეთი სიყვარულია“. იქ ზოგიერთი პერსონაჟი პარტერში იჯდა და მერე ადიოდა სცენაზე და სხვა. მაგრამ ეს, ალბათ, ტრაგედია იქნებოდა სტანისლავსკისთვის, რომლისთვისაც სცენასა და მაყურებელს შორის უხილავი კედელი არსებობდა. მისთვის რომ გეთქვა, მსახიობი პარტერში გადაიხედავსო, გადაირეოდა. თბილისში ჩამოსული იყო ბერძენი რეჟისორი მიხეილ მარმარონოსი, რომლის სპექტაკლზე მაყურებელს წვნიანიც კი შესთავაზეს. მახსოვს, ღვეზელებიც დაგვირიგეს. ანუ, დღეს ხშირია ისეთი თეატრები, სადაც მაყურებელს უშუალო მონაწილეობის მიღება უწევს სპექტაკლის პროცესში. არის ისეთი თეატრიც, სადაც მაყურებელი ზის, უყურებს სპექტაკლს და მერე მათ ერთმანეთში უნდა განიხილონ, რაზე იყო ის და რა მოხდა. გამიგია, რომ არსებობს თეატრი, რომელიც აბანოშია. მაყურებელი შეჰყავთ და იქ პირსახოცმოხვეულები უყურებენ სპექტაკლს. ამ თეატრის მესვეურები ამბობენ, რომ აბანოში იქნება ეს თუ შხაპის ქვეშ, ადამიანი ყველაზე სუფთაა და წყალი კიდევ უფრო უკეთ აჩვენებს სიმართლესო. არის თეატრები, სადაც გწუწავენ, საზამთროებს ისვრიან და სხვა. თურქეთში, ვინაიდან ძალიან ვიწრო ქუჩებია, იმდენად, რომ მოპირდაპირე კორპუსის აივანზე შეიძლება ნარდი ითამაშო, სპექტაკლებს აივნიდან უყურებენ, მოპირდაპირე სახლში.

– ცალკე თემაა ალბათ თეატრები აზიაში.

– რა თქმა უნდა. იაპონიის კაბუკის თეატრი, ჩინური თეატრი, რომელთაც აბსოლუტურად სხვადასხვა ტრადიციები აქვთ. იაპონურ თეატრში ჰყავდათ ძალიან ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელიც ცხენის უკანა ფეხებს განასახიერებდა. ხომ ხვდებით, რას ვამბობ?! ცხენის „ფიტულში“ წინ და უკან ორი კაცი რომ დგას, რომ ის ამოძრაოს. მთელი იაპონია ამბობდა, რომ ასე კარგად ცხენის უკანა ფეხებს არავინ ასახიერებს, გენიალურიაო. ასეთი პარადოქსებიც ხდება. ესპანეთში არსებობს თეატრები, სადაც მსახიობი შეიძლება ადგეს და ტყეში, სოკოს მოსაკრეფად წავიდეს. მაყურებელი უნდა ადგეს და მას გაჰყვეს, რადგან წარმოდგენას იქ გაითამაშებს. ეს არ არის იმპროვიზებული თეატრი, მაგრამ სავსეა მისი ელემენტებით. ამ ყველაფერთან ერთად მინდა, მოგიყვეთ ძალიან საინტერესო ეპიზოდები ქართული თეატრიდან, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი: პირველი ქართული თეატრი იყო ერეკლე მეორის კარზე. ერეკლეს ორმოცი ადამიანი ჰყავდა გაგზავნილი რუსეთში სამხედრო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ისინი ჩამოვიდნენ და მეფეს უთხრეს, რუსეთში თეატრი ვნახეთ და ნება მოგვეცით, თეატრი დავაარსოთო. მართლაც დაარსდა თეატრი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელსაც „გაბრიელ მაიორს“ უწოდებნენ. ეს ადამიანი ძალიან ცნობილი იყო ტყუილებით, ანუ საოცარი ფანტაზია ჰქონდა. იმდროინდელი აფიშაც არის აღმოჩენილი, სადაც წერია: „შაური ორი, გაბრიელ მაიორი“. ამ დროს საქართველოს აღა-მაჰმად ხანი შემოესია და ჩვენი თეატრალური დასი პირველ რიგებში მოხვდა, რადგან მეფემ ბრძანა, მტერი გაართონო. ბრძოლას ხელმძღვანელობდა იმდროინდელი ცნობილი მსახიობი მაჩაბელი. ეს ის მაჩაბელია, რომელიც ლადო ასათიანს ლექსში ჰყავს მოხსენიებული – „ფიცხელ ომში, რომ მღეროდა მაჩაბელი!“ თეატრის დასის ყველა წევრი ერთ დღეს დაიღუპა.

1872 წელს აიკრძალა ქართული ენა და ეს შემდეგნაირად გამოცხადდა: „აიკრძალოს ქართულად საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“. საზოგადოების თავშეყრის ადგილი არის ის, სადაც შეიკრიბება ერთზე მეტი კაცი, ანუ, მარტო ხომ არ ილაპარაკებდი და ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ ილაპარაკებდი ქართულად. ილიამ გააკეთა ასეთი რამ: ივანე მაჩაბელთან ერთად დადგა „მეფე ლირი“ და ლირის როლი თავად ითამაშა. ილია კი არ ლაპარაკობდა, მხოლოდ მოქმედებებს აკეთებდა, კულისებში კი იჯდა ადამიანი, რომელიც ტექსტს ხმამაღლა კითხულობდა. როდესაც სამართალდამცველები მოცვივდნენ და იკითხეს, აქ ქართულად ვინ ლაპარაკობსო, ილიამ უთხრა: ის თავისთვის ხმამაღლა კითხულობს, თქვენ კი ხმამაღლა კითხვა არ აგიკრძალავთო. ამას მოფიქრება ხომ უნდა?! გენიალური ისტორიაა. სწორედ ილიამ აღადგინა მოგვიანებით ქართული თეატრი.

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3