რაზე ოცნებობდნენ „ზვიოზდობის“ დროს ცისანა და თეკლა უგულავები და როგორ გახდებიან ისინი ქართველი სერენა და ვენუს უილიამსები
ცისანა და თეკლა უგულავები უკვე პოპულარული პატარები არიან, რაც გადაცემა „ეკივოკის” დამსახურებაა. თუმცა, პატარები სხვა შოუებშიც გამოჩნდნენ და როდესაც „ბრავოში” მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, მეგობრებს უთხრეს, დღეს ღამის ცვლაში ვმუშაობთო. იმისთვის, რომ ჩემთვის საქმე გაეადვილებინათ, ტყუპებმა გადაწყვიტეს თავად ეთქვათ, რომელი მათგანი ლაპარაკობდა, რათა ჩანაწერის მოსმენისას, მათი ხმები არ ამრეოდა. ჩვენც ინტერვიუს ამ ფორმით გთავაზობთ.
ცისანა ამბობს: ჩვენ ვართ ცხრა წლის და ვსწავლობთ 51-ე საჯარო სკოლაში. ყველაზე მაგარი სკოლაა, ლამაზი. თავიდან ბებია ფიქრობდა, საირმეზე რომ სკოლა არის, იქ შევეყვანეთ, მაგრამ მამა შეებრძოლა და როგორც ყოველთვის, უთანხმოებაში და კონფლიქტში მამამ გაიმარჯვა. უთანხმოებაში ყოველთვის მამა იმარჯვებს.
– ერთადერთი მამაკაცია სახლში?
– კი, დანარჩენი სულ გოგოები ვართ. ბაბუაც გვყავდა, მაგრამ როდესაც სამი წლისები ვიყავით, გარდაიცვალა. ისე და ან ძმა კი გვინდა, მაგრამ მაინც გოგო გვირჩევნია, რომ გვყავდეს.
– არ მოგბეზრდათ ამდენი გოგოები?
თეკლა ამბობს: არა, გოგოებს ესმით ერთმანეთის. ბიჭები აბსოლუტურად ვერაფერში ვერ გვიგებენ. მე ეს ჩემ კლასელებზე მაქვს გამოცდილი. ყველა კაცი ერთნაირია.
– ერთნაირი ცუდი თუ ერთნაირი კაცი?
– არა, ისე კაცი რატომ, ბიჭიც. ერთნაირად კარგი თუ ცუდი, ეს ჯერ დედამიწაზე ვერავინ დაამტკიცა. ეინშტეინმაც ვერ გაიგო. ზოგი წყნარია. მაინც რაღაცით განსხვავდებიან, მაგრამ ბევრი რამით გვანან.
ცისანა ამბობს: მაგალითად თუ გოგო მოსწონთ დასდევენ, უკან დაყვებიან. ვთქვათ, გოგო ბუფეტში ჩადის, ისიც მიყვება, ტუალეტში შედის, ბიჭი კარის უკან არის.
თეკლა ამბობს: თუ სხვა ბიჭთან დაინახავს იმ გოგოს ბუფეტში, მერე ძმაკაცებთან მიდის, „ჟუაჩკა”, სიგარეტს იყიდის და ძმაკაცებთან დადგება, ვითომ ნერვიულობს ისე ეწევა (იცინიან). ყველას უნდა, რომ დიდები გახდნენ, უნდათ სახეზე წვერები ამოუვიდეთ.
– თქვენ არ გინდათ, რომ მალე გახდეთ დიდი გოგონები?
ცისანა ამბობს: კი. ერთი სული მაქვს როდის გავხდები დიდი და გამოვიპრანჭები. ახლაც დედას ქუსლებს ვიცმევთ ხოლმე და სახლში დავკაკუნებთ. დედას კაბებსაც ვიცმევთ. პრანჭიაობა ძალიან გვიყვარს.
თეკლა ამბობს: განსაკუთრებით მიყვარს პედიუკიური, მანიკური, სალონები.
ცისანა ამბობს: მე განსაკუთრებით მიყვარს, გრიმს რომ მიკეთებენ და თვალებზე ფანქარს მისმევენ. არავის არ აქვს ჩვენ ოჯახში მწვანე თვალები და ჩვენ გვაქვს.
– სკოლაში ძალიან პოპულარულები გახდით?
– კი. როგორც კი მეორე დღეს სკოლაში მივედით მეგობრებმა დაგვიწყეს, რატომ არ გვითხარითო. მერე ჩავედით სადღაც და ჭორაობა დავიწყეთ. არავინ არ იცოდა, რომ გადაცემა გავიდოდა. ბებიამ ქასთინგზე წაგვიყვანა და გადაგვიღეს. პირველი სიტყვა გვითხრეს პენსია, რომელიც თეკლამ იცი, როგორ ახსნა? ბებიაჩემს აქვსო! (იცინიან) მერე გვითხრეს გრავიტაცია ახსენითო. მე ვთქვი, ეგ რომ არ იყოს ცაში ვიქნებოდით-მეთქი. არადა, თურმე იცით, რა არის გრავიტაცია? გიგანტური მაგნიტი, მოვარვარებული მაგნიტი, რომელიც დედამიწის შუაგულშია.
თეკლა ამბობს: ეს მულტფილმით გავიგეთ. არაჩვეულებრივი არხია „დისნეი” და იქიდან ყველაფერს ვიგებთ.
ცისანა ამბობს: ის მულტფილმი იცით?! „ვედმა ბლიზნიაშკი”, ტყუპებზეა. ჯადოსთან ხუმრობები ყველამ იცის, რომ ცუდია. ჯადოქრები არიან, ვინც იტყვის – ბუმ და ეგრევე გაქრები, წკაპ და ისევ გაჩნდები. „ზაკლინანიებს” ამბობენ – მელეს პარტეინეს! და შეგიძლია ყველაფერი გააკეთო.
– ესე იგი, სკოლის არჩევიდან, სად გადავხტით. ერთი სიტყვით, კონფლიქტში მამამ გაიმარჯვა. რის გამო არის ხოლმე ჩხუბი სახლში?
– როდესაც ბებია ყიდულობს ტანსაცმელს. ბებიას სულ სხვანაირი გემოვნება აქვს. კაცს მოსწონს ჯინსები, ქალს მოსწონს ლამაზი ფუმფულა კაბები. ჩვენ ბებიას კი მოსწონს მოკლე კაბები...
თეკლა ამბობს: აი, კიდევ ასეთი რუშებიანი და ფუფუშელებიანი „საროჩკები”. ბებია ყოველთვის არ ჭამს მამას, მაგრამ ზოგ საკითხებში, მაგალითად, რამე თუ მოეწონება, აუცილებლად უნდა იყიდოს. ჩვენი დედაც ძალიან კეთილი და მეგობრულია, მაგრამ ზოგჯერ მკაცრია. რამეს თუ გავტეხავთ, გვეჩხუბება ხოლმე. საერთოდ ამბობს, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ და როცა ვიძინებთ, სულ გვეჩხუბება, რადგან დავწვებით და ვლაპარაკობთ ხოლმე. არ გვეძინება. საერთოდ, ჩვენ არასდროს ვიღლებით. შინაგანი ენერგია გვაქვს, ძალა. ისე, ერთმანეთთან ხშირად ვჩხუბობთ, ვერაფერს ვერ ვიყოფთ ხოლმე.
– მგონია, რომ ერთნაირად აზროვნებთ და რაღაზე ჩხუბობთ?
ცისანა ამბობს: ზუსტად ერთნაირად ვაზოვნებთ, მაგრამ სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს. თეკლას ყვითელი მოსწონს, მე – წითელი. მე ვფიქრობ, რომ კლასიკური სტილია ლამაზი, თეკლა ფიქრობს, რომ სპორტული. „ს ნიმ სვაბოდნა”. თავისუფლად ხარ, შიგნით. ჩვენ რუსი ძიძა გვყავდა, ქართული არ იცოდა, სხვა გზა რა გვქონდა, ვისწავლეთ. ძალიან ბევრ სიტყვებს ვურევთ რუსულად. მაგრამ, ბებია ამბობს რუსული საერთაშორისო ენაა და კარგად უნდა იცოდეთო, ისევე როგორც ინგლისური. ბებიამ მითხრა, ერთმა პოლიტიკოსმა ოცდახუთი ენა იცისო და მეც მინდა.
– რატომ, პოლიტიკოსი რომ გახდე?
– არა, პოლიტიკოსობა არ მინდა, არ მომწონს. აი, როგორი მაგარია, ჩინური რომ ვიცოდეთ. მხოლოდ ანბანის სწავლას თორმეტი წელი უნდებიან. თან, იცი, როგორ არის?! სახლი რომ დაწერო, უნდა დახატო. მოკლედ, ძალიან ძნელია, სულ უნდა დახატო.
– კარგად სწავლობთ?
– მე ქართული მიყვარს, თეკლას – მათემატიკა. ისე კარგად ვყვები ქართულს, რომ ეგრევე ათიანს ვიღებ – ათიანი, ათიანი, ათიანი და მხოლოდ ათიანი!
თეკლა ამბობს: ასი ხომ არის ყველაზე მაღალი ნიშანი და ისე კარგად მოყვა „ნადაიედლივი” ყვავზე, რომ ათასი მიიღო. ერთხელ „ვეფხისტყაოსნიდანაც” მოვყევი.
– არ მოიწყინეთ „ეკივოკის” გარეშე, რომ აღარ გადის?
– კი ძალიან. ჩვენი კლასელები ამბობენ, როდის გავაო. ჩვენ თითქმის ყველა გადაცემაში ვიყავით.
ცისანა ამბობს: ყველაზე მეტად იცი, რომელი დამამახსოვრდა?! ოფლი რომ გამოვწურე და ტანსაცმლის შემოხევამდე რომ მივედი, მთელი ბიბლია რომ მოვყევი და სტუმარმა რომ თქვა, ნიანგიო. ვის არ გაუგია ვინ შეაცდინა ადამი და ევა, ეს ორი წლის ბავშვმაც კი იცის – გველი, გველი, გველი... ღმერთმა ერთხელ შექმნა დედამიწა, მეშვიდე დღეს ადამიანი, მას დაარქვა ადამი. მერე რომ ნახა ადამმა მოიწყინა, შექმნა ევა და ასე ბოლომდე მოვყევი. სიტყვა იყო გველი და მან თქვა ნიანგი. იცი, რა მომივიდა?! კინაღამ დავეცი.
თეკლა ამბობს: კინაღამ ტრიბუნებიდან გადმოვხტი, ისე გავბრაზდი. კიდევ ძალიან მაგარი იყო, რომ ავხსენით სიტყვა „როკერის” ხელთათმანები „კლიკებიანიო”.
– სკოლის გარდა სად დადიხართ?
– „ტენისზე”. არა ისე სიმღერაზეც დავდივართ, მუსიკაზეც, მაგრამ ყველაზე ძალიან „ტენისი” მოგვწონს.
– ქართველი და ლამაზი – სერენა და ვენუს უილიამსები უნდა გახდეთ?
– აუ, ვიცი, მე ეგ „ტენისისტები”, შავკანიანები. მაგრები არიან.
ცისანა ამბობს: პირველად რომ მივედით მასწავლებელთან და თეკლამ რომ დაარტყა ბურთს, ათმეტრიან გალავანს ზემოთ ავარდა, ხეზე ყვავს მოხვდა და ყვავმა დაიძახა ყვაა... ყვავი ჩამოვარდა და გარდაიცვალა საწყალი (იცინიან). მარტო ჩოგნით კი არა, თეკლას ისე შეუძლია, ვიღაცას დაარტყას ცოცხალი მკვდრად აქციოს.
თეკლა ამბობს: მაგრამ ჩვენ არ ვჩხუბობთ და არ ვცემთ ხოლმე ბიჭებს. პირიქით, ვაშველებთ.
– თქვენი გარჩევა არ უჭირთ?
ცისანა ამბობს: არა. იოლად გვარჩევენ. ერთმანეთის მაგივრად დაფასთანაც არ გავსულვართ. მაგრამ, ეს ერთხელ უნდა გავაკეთოთ. თეკლას თუ უნდა, რომ ერთხელ მაინც ათიანი მიიღოს, სულ არ იცის გაკვეთილი. არადა, სახლში სხლავს. მე სახლში არ ვსწავლობ და სკოლაში ვსხლავ. რა ხდება, არ ვიცი. მე იცი, როგორი ეშმაკი ვარ?! ბოლოში ვჯდები და ყველას რომ კითხავს, მერე მეკითხება. თან, იცი, როგორი ვარ?! ერთხელ რომ მოვისმენ, ეგრევე ვიცი.
თეკლა ამბობს: როგორც კი ერთხელ წავიკითხავთ, ვამბობთ – დედა, მოგიყვებით, რაა.
– რა გინდათ გამოხვიდეთ?
ცისანა ამბობს: ბებიას უნდა რომ თეკლა ოპერის მომღერალი გამოვიდეს. მაგრამ ჩვენ გვინდა „ტენისისტები” გამოვიდეთ. ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, თეატრალურში ჩამებარებინა. ზურიკელასი არ იყოს, რომ თქვა ბებიამისმა, ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო. მე თეატრალურში ჩაბარება მინდა... არ გამაგონო, ეგ!
– ერთნაირად გაცმევენ?
– სხვადასხვანაირი სტილი გვაქვს და გვინდა, სხვადასხვანაირად გვეცვას, მაგრამ ერთნაირ რაღაცეებს გვყიდულობენ. მოდელობაზე ძალიან ვოცნებობდი, ხუთი წლის რომ გავხდი მაშინ. ფოტოსესიებს ვუყურებდი ტელევიზორში. ერთხელ ვნახე, ვარსკვლავთან როგორ იღებდნენ ლამაზ გოგოს „სრედსტვა დლია აჩიშენიე კოჟი“ – ასეთი რეკლამისთვის. თეკლამ იცი, რა თქვა?! მთელი ჩემი „ზვიოზდობის” განმავლობაში ვოცნებობდი, გრიმი რომ გაეკეთებინათ ჩვენთვისო. მაგრამ, ახლა „ბრავოში” გაგვიკეთეს და ძალიან გამიხარდა. იცით, რა?! აი, ის „ბრავოს” წამყვანი ქალი სიცოცხლეში უფრო მაღალი და ლამაზია.
თეკლა ამბობს: მომეწონა ყველაზე არგენტინული ცეკვა „ფლამინგო”! აუ, ისე, ჩვენც ძალიან პოპულარულები ვართ, ყველგან გვცნობენ და გვეუბნებიან, რა მაგრები ხართო.