რატომ დარბოდა ნინო კურატაშვილი ვალერიანის წვეთებით და როგორ აიწყო ცხოვრება მან საათივით
ტელეწამყვანი ნინო კურატაშვილი გარკვეული ტაიმაუტის შემდეგ კვლავ ეკრანს დაუბრუნდა და გადაცემა „სამოთხის ვაშლების“ წევრად მოგვევლინა. ეს მისი მორიგი სიურპრიზი იყო, ისევე, როგორც წლების წინ, როცა პროფესიით ექიმმა თეთრი ხალათის ჩაცმაზე უარი თქვა და პოპულარული ტელესახე გახდა.
– ჩემი ტელევიზიაში გამოჩენა სიურპრიზივით იყო, რადგან არასოდეს მიფიქრია ტელეჟურნალისტობაზე. სულ თავიდან, ჩემი მეგობარი მეორე არხზე აკეთებდა გადაცემას, რომელიც თვეში ერთხელ გადიოდა და „შავი ყუთი“ ერქვა. მან ამ გადაცემის წაყვანა შემომთავაზა. პროექტი რომ დამთავრდა, ტელევიზიიდან წამოვედი. იმ პერიოდში ვსწავლობდი უნივერსიტეტში, როცა ჩემმა მეგობარმა ნინო დარასელმა დამირეკა და ტელევიზიაში დამიბარა. როცა მოვედი, გავარკვიე, რომ თურმე, საინფორმაციო გადაცემის წაყვანას მთავაზობდნენ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა და ავნერვიულდი, გამოცდილება არ მქონდა და ამიტომაც იოლი საქმე არ იყო პირდაპირ ეთერში დაჯდომა.
– თუმცა, ტელეეთერში გამოჩენა გარისკვად ღირდა, არა?
– სანამ ეთერში დავჯდებოდით მე და ნინო დარასელი, ვემზადებოდით და ისე ვნერვიულობდით, რომ მთელი თვის ეთერში გასვლამდე ვალერიანის წვეთებს ვსვამდით (იცინის).
– პირდაპირი ეთერის დროს გამოუვალ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?
– პირდაპირ ეთერში მუშაობისას ყოველთვის ხდება კურიოზები. ხანდახან შეიძლება, შიგნით, სტუდიაში მოხდეს რამე გაუთვალისწინებელი. მაყურებელსაც რამდენჯერ უნახავს შემდეგ ეს ჩანაწერები საახალწლო გადაცემებში.
– ამბობენ, ტელევიზიის მტვერი თუ შეისუნთქე, იქაურობას ვეღარ მოშორდებიო...
– კი, ნამდვილად, ძალიან იცის მიჩვევა. თავიდან ცოტა უცნაურად ვგრძნობდი თავს, რადგან მოულოდნელად აღმოვჩნდი იქ. სტომატოლოგი ვარ სპეციალობით და სულ სხვა სფეროში მომიხდა მოღვაწეობა.
– კბილებზე ზრუნვას ტელევიზია არჩიეთ...
– რადგან აქ მოვედი და მომეწონა ეს საქმე, დავრჩი კიდეც. მერე ტელეკომპანია „ოსტანკინოში“ ვსწავლობდი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. თუმცა, მხოლოდ ტელეწამყვანობას არ დავჯერდი და მსახიობობაც ვსინჯე. გახსოვთ, ალბათ, საახალწლო პროექტი „ქეთო და კოტე“, სადაც ქეთოს როლი ვითამაშე, მანამდე კი, 15 წლის ასაკში ნანა ჯანელიძემ გადამიღო ფილმში „იავნანამ რა ჰქმნა“, ეპიზოდებში მივიღე მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ ფილმში მონაწილეობა საკმაოდ საინტერესო პროცესია, მით უმეტეს, თუ კარგ რეჟისორთან გიწევს ურთიერთობა.
– ფილმის გარდა მონაწილეობა მიიღეთ „მაგთის“ სარეკლამო რგოლში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა...
– „ნეო სტუდია“ რომ იღებდა „მაგთის“ კლიპებს, დამირეკეს და შემომთავაზეს სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მიღება. ესეც ჩემთვის მორიგი სიურპრიზი იყო.
– თქვენი ცხოვრება, მართლაც რომ, სიურპრიზებით ყოფილა სავსე...
– ჩემთვის სიურპრიზია – ჩემი ახლობლები, ჩემი 4 წლის მარიამი, მეუღლე, რომელიც მიყვარს. მათგან ნებისმიერი ყურადღება ისედაც სიურპრიზია. ალბათ, ამიტომ, არ მქონია სურვილი, მთელი დრო ტელევიზიისთვის დამეთმო, მაშინ, როცა უკვე მეუღლე და შვილი მყავდა. მერჩივნა, ოჯახის წევრებთან ვყოფილიყავი მეტხანს. მოგეხსენებათ, საინფორმაციოში მუშაობა დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს. ჩემთვის ამჟამინდელი საქმიანობა იდეალურია, მე შემიძლია, დრო დავუთმო სამსახურს – მქონდეს ჩემი საქმე და ოჯახისთვისაც მოვიცალო. ახლა მარი უკვე ბაღში დადის, ჩემი მეუღლეც სამსახურშია და დღის მეორე ნახევარს კი, ერთად ვატარებთ.
– მართლა საათივით გქონიათ ცხოვრება აწყობილი...
– დიახ, ახლა კარგად მაქვს დრო გადანაწილებული. როცა შემომთავაზეს „სამოთხის ვაშლებში“ მისვლა, ძალიან გამიხარდა. ყოველდღე ერთი სიამოვნებაა, როცა ქალბატონ ნანასთან, სალომესა და ნინოსთან მაქვს ურთიერთობა. ჯერ მაყურებელი არაა მიჩვეული ჩემს „ვაშლობას“, რადგან მაინც ახალი დაწყებული მაქვს ამ გადაცემაზე მუშაობა და მაყურებელს ჯერ კიდევ „მაგთის“ რეკლამიდან ან მოამბიდან ვახსოვარ.
– „სამოთხის ვაშლების“ წამყვანს, საინტერესოა, ვაშლი თუ უყვარს?
– შემწვარი ვაშლი ბევრად უფრო მიყვარს, ვიდრე ცოცხალი. ჩემი აზრით, ბევრ საინტერესო თემაზე გვიწევს საუბარი და მაყურებელი აქტიურად რეკავს, რაც მისი რეიტინგულობის მანიშნებელია.
– თქვენი გარეგნობით კმაყოფილი ხართ?
– მე ჩემს თავს ასეთი კუთხით არ ვუყურებ. არ მგონია ადამიანი, რომელიც სარკეში ჩაიხედავს და საკუთარი თავი ყველაფრით მოეწონება, ეს უფრო ნარცისიზმია. როცა მე სარკეში ვიხედები და სამსახურში წასასვლელად ვემზადები, ფორმაში უნდა ვიყო, თუნდაც იმიტომ, რომ ეკრანზე ვჩანვარ. თუმცა, ეკრანიც რომ არ იყოს, ქალმა საკუთარ თავს რომ უნდა მოუაროს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მე ჩემი გარეგნობის მოწესრიგებას დიდ დროს არ ვუთმობ, ამაზე ვიზაჟისტები ზრუნავენ.
– ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
– მოამბეში უფრო მკაცრი იმიჯი მქონდა. ვალდებული ვიყავი, პიჯაკით ვმჯდარიყავი. ამ გადაცემაში არავინ გვზღუდავს ჩაცმის თვალსაზრისით. თუმცა, სულ ტელევიზიაში არ ვარ და როცა გავიღვიძებ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვიქნები და სად მივდივარ, იმის მიხედვით ვარჩევ ტანსაცმელს. როცა იცი, სახლიდან რომ გადიხარ, ბევრი სიარული გიწევს, ბუნებრივია, მაღალქუსლიანი არ უნდა ჩაიცვა, უფრო სპორტულად უნდა შეიმოსო. ყველაზე ხშირად ჯინსს ვიცვამ. ის ჩემთვის განუყრელი ატრიბუტივითაა. ზოგჯერ სპორტულ სტილს ვირჩევ, ზოგჯერ – კლასიკურს, გარემოებების შესაბამისად.
– თქვენი მეუღლეც გაგვაცანით...
– ჩემი მეუღლე – აკო კვარაცხელია სპეციალობით ეკონომისტია, აქვს საკუთარი ბიზნესი. იგი ჩემი მამიდაშვილის მეგობარი იყო, მას ადრეც ვიცნობდი, ოღონდ ახლო ურთიერთობა არ გვქონია. მერე უფრო, ხშირად მოგვიწია ერთმანეთის ნახვა და სასიყვარულო ურთიერთობაც ასე დაიწყო.
– კერძოდ, როგორ აგიხსნათ სიყვარული და გთხოვათ ხელი?
– სიყვარული თვითონ ისეთი გრძნობაა, რომ შიგნით რა ხდება, ამის ახსნა რთულია. როცა ადამიანი გიყვარს, ისედაც სულ ცდილობ, მაქსიმალურად ასიამოვნო მას და ელემენტარული ყურადღებაც კი საკმარისია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიურპრიზი მაინცდამაინც გამოიხატება საჩუქრით, თუმცა, ამ მეთოდსაც ხშირად იყენებენ შეყვარებულები და ჩემი მეუღლეც, რასაკვირველია. სიტუაციამ მოიტანა და მითხრა, მიყვარხარო, ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, რადგან ისედაც ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი. ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, დაახლოებით 2 თვეში დავქორწინდით. ეს ყველაფერი ოფიციალურად მოხდა.
– თქვენს მეუღლეს მოსწონხართ ტელეწამყვანის ამპლუაში? ხომ არ გაძლევთ შენიშვნებს?
– შენიშვნებს არ მაძლევს, თუმცა ობიექტურია და თუ რამე არ მოეწონება, მეტყვის და მის აზრს გავითვალისწინებ.
– ქართველი მამაკაცების უმეტესობა აზიატი და ეჭვიანია. როგორ აქვს ამ მხრივ საქმე თქვენს მეუღლეს?
– ჩვენ არაფერი გვჭირს ერთმანეთის გასაკონტროლებელი. თუ ურთიერთობა ნდობაზე არაა დამყარებული, არ მიმაჩნია, რომ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ასეთ წყვილს. მე და ჩემი მეუღლე ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ და ვენდობით ერთმანეთს.
– კადრს მიღმა როგორია ნინო კურატაშვილი?
– მართლა რთულია, საკუთარ თავზე საუბარი, ჩემმა ახლობელმა რომ დამახასიათოს, უფრო გამართლებული იქნებოდა. ისე, მინდა გითხრათ, რომ სამსახურიდან გამოვდივარ თუ არა, სახლში გავრბივარ. მიყვარს ოჯახურ სიტუაციაში ყოფნა.
– გარდა პროფესიული საქმიანობისა, კიდევ რამით ხომ არ ხართ გატაცებული?
– თავისუფალ დროს მე და ჩემი მეუღლე ერთად ვატარებთ, ბავშვი მიგვყავს სასეირნოდ. ასევე, მეგობრების გარემოცვაშიც მშვენიერი დროის გატარება შეიძლება. ადრე დავდიოდი ფიგურულ სრიალზე, რომელიც განტვირთვის საუკეთესო საშუალება იყო. ახლა, ფაქტობრივად, ჩემს შვილზე ვარ გადართული. მასაც ვატარებ ფიგურულ სრიალზე და მეც მაქვს სურვილი, გავიხსენო ბავშვობა.
– მას მერე, რაც დედა გახდით, რა შეიცვალა თქვენში?
– ზოგადად ყველაფრის მიმართ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. როცა ქალს შვილი არ გყავს, ძირითადად, შენი პრობლემებით ცხოვრობ. სანამ გავთხოვდებოდი, ჩემთვისაც ასე იყო, სამსახური გახლდათ მნიშვნელოვანი. როცა ქალს ქმარ-შვილი ჰყავს, სხვა დანარჩენი მისთვის უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. მთელი შენი ყურადღება მათზეა გადატანილი.
– თუმცა, კარიერისტი ქალები ასე არ ფიქრობენ...
– დიახ. შესაძლოა, მაგრამ მე კარიერისტი არ ვარ ნამდვილად. ისე, როცა რამე საქმეს ვაკეთებ, მინდა კარგი და ხარისხიანი გამოვიდეს. ვფიქრობ, თუ ქალი ორივეს ახერხებ, – ოჯახსაც დაუთმო ყურადღება და სამსახურის საქმეც მოასწრო, ეს იდეალური ვარიანტია. რაც არ უნდა იყოს, ქალმა თვითრეალიზაცია უნდა შეძლოს. მთელი დღე მხოლოდ სამზარეულოში არ უნდა იყოს ელემენტარული ყოველდღიური პრობლემებით დაკავებული.
– დიასახლისობას როგორ ართმევთ თავს?
– ექვსი წლის განმავლობაში მე მეუღლის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემი დედამთილი გადასარევი დიასახლისია და ის ართმევდა თავს მთლიანად ამ ფუნქციას. ახლა ცალკე გადავედით საცხოვრებლად და ვცდილობ, დედამთილს მივბაძო და კარგი დიასახლისი გავხდე.
– წლების მერე, როცა ეკრანზე აღარ იქნებით, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?
– მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ ფიარკომპანია „სმარტ ფენსილს“, რომელიც დამკვეთს ფიარს უკეთებს და ამ კუთხითაც მინდა, რომ აქტიურად ვიმუშაო. 20 წლის მერე, არ მიფიქრია, რას ვიზამ. ბუნებრივია, თუ არ იქნება ტელევიზია, მას რაღაც სხვა საინტერესო საქმით ჩავანაცვლებ.