კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ეკა ფანგანი „კაგებეშნიკი“ და რა დაუქვეითდათ, მისი აზრით, „უკანასკნელი გმირის“ კაცებს

„უკანასკნელი გმირის“ ერთ-ერთი უმშვენიერესი მონაწილე – ეკა ფანგანი ოცდაათი წლისაა. მართალია, ეს პროექტი დიდი ხანია, დამთავრდა, მაგრამ მათ მიმართ ინტერესი ჯერაც არ განელებულა. მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება არა მხოლოდ მონაწილეების გამძლეობაზე, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონებისკენაც იყო მიმართული და არა მარტო მათი, თავად იმ მამაკაცებისაც, რომლებიც ამ პროექტში იყვნენ. ეკა ფანგანი თავისი ცხოვრების პერიოდულ გატაცებებზე გიამბობთ.



– როცა პირველად შეგიყვარდა, ალბათ, მაშინაც ასე გიბრწყინავდა თვალები. თან, საოცარ ფორმაში ხარ.

– პატარა რომ ვიყავი, ფანჯრიდან შევავლებდი ხოლმე თვალს ბიჭებს. სულ ვიღაც მომწონდა. ჩვიდმეტი წლისა დარწმუნებული ვიყავი, რომ სერიოზულად შემიყვარდა და ვფიქრობდი, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მამაკაცი, რომელიც გვერდით მჭირდება. დედაჩემი, დეიდაჩემი, ნათლიაჩემი მეუბნებოდნენ – შენ გგონია, რომ გიყვარს, ასაკი გაქვს ასეთი და გადაგივლისო. სიყვარულს ბედნიერებასთან ერთად, განცდებიც მოაქვს – იტანჯები, ნერვიულობ. მაგრამ მე, როგორც პოზიტიური ადამიანი, ვცდილობ, ყველგან დადებითი დავინახო. მე და ჩემი მეგობარი გოგოები მაშინაც ასეთები ვიყავით – ეიფორიაში, თვალები გვიბრწყინავდა, ერთმანეთს ჩვენს განცდებზე ვუყვებოდით, რჩევებს ვაძლევდით. იმან ჩაიარა და ახლა, რა თქმა უნდა, მეცინება. ბევრი კაცი, ალბათ, იმის ღირსი არ არის, რაზეც ჩვენ, ქალები ვიხარჯებით, მაგრამ, სხვა კუთხით რომ შევხედოთ, თუ შენ გიყვარს და იმ საფეხურზე ახვედი, რომ შენი გულის და სხეულის ნაწილი დაუთმე, ესე იგი, ღირდა. რატომღაც ასე გამოდის, როცა ცუდად ვგრძნობთ თავს მიგვაჩნია, რომ – არ ღირდა და როცა კარგად ვგრძნობთ – ვფიქრობთ, რომ ღირდა. მაგრამ, არც ერთი ურთიერთობა არ იწყება ისე, თუ ბედნიერების ჰორმონებს არ გამოვყოფთ. ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი ვხდებით. გადაფასებები ხდება და მერე ხვდები, რომ თურმე, ეს ის არ ყოფილა, ვინც გინდა.

– ესე იგი, იმედი გაგცრუებია.

– იმედგაცრუება ყველას ჰქონია. მას შემდეგ ბევრად სერიოზული გრძნობა მქონდა. შორდებიან და მეგობრებად რჩებიან, მაგრამ კარგი მიზეზით ხომ არასდროს შორდებიან. ამიტომ, ყველა ვარიანტში, ცუდად ხარ. ვერავინ იტყვის, რომ დავშორდი და კარგად ვარო. ზოგს თავისუფლება ენატრება, ან აღარ უყვარს. მაგრამ, არ არსებობს, გულში მაინც რჩება ტკივილი. მე მჭირს ასეთი რაღაც – ადვილად ვეჩვევი და რთულად მიყვარდება. იცი, რა? სულ ვამბობ, თავში პატარა „ვინტიკები“ მაქვს-მეთქი. ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ ძლიერი ვარ. შემიძლია, ყველა ტიპის ადამიანს გავუგო, ფეხი ავუწყო. ურთიერთობის აწყობა კარგად შეიძლება, მაგრამ, რაღაც მომენტში, რესურსი მეწურება, „ვინტიკები“ მიტრიალდება თავში და სიგნალივით წითელი ნათურები ინთება.

– ქალებმა ყველაფრის გაზვიადება ვიცით. რაც არ არის, ისიც უნდა გამოვქექოთ. თუმცა, ერთი მხრივ, სულაც არ არის ცუდი თვისება, როცა ყველა სიტუაციისთვის მზად, ფხიზლად ხარ.

– კი, ასეა. მე ვარ ზუსტად ასეთი, ჩვეულებრივი „კაგებეშნიკი“. ისეთ დეტალებს გავშიფრავ უცებ და ისეთ რაღაცეებს ამოვაძვრენ, შეიძლება, გადაირიო. ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი ტაქსით მივდიოდით და ვსაუბრობდით. მძღოლმა მკითხა: შვილო, სად მუშაობო. რატომ მეკითხებით-მეთქი? – ვითომ ვერ მივხვდი. არა, აი, გამომძიებლად ან ისეთ ადგილას რომ გემუშავათ, ამდენი ბანდიტი დადის ქალაქში და ხომ დაიჭერდიო. ასეთი პრინციპი მაქვს. ყველაფერი უნდა ვიცოდე, გამოვარკვიო. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე ისტერიკები დამემართება, რაღაცეების დალეწვას დავიწყებ. შეიძლება, საერთოდ არაფერი შევიმჩნიო. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, არის რაღაცეები, როგორი მაგარიც არ უნდა იყო, ქალს ამდაბლებს. ბოლოს და ბოლოს, მონიკა ბელუჩის უღალატა ქმარმა.

– შენი რჩეულიც შენი ჭკუის უნდა იყოს?

– ტანგოს უნდა ცეკვავდეს კარგად. მარტო ფიზიკური მონაცემები, ვის რა თავში სახლელად უნდა. ჩემზე ძლიერი ტიპი უნდა იყოს. მე თვითონ შინაგანად ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ – პოეტური, რომანტიკული, თან, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ცოტა ვაფრენ, მიყვარს გიჟობა. ვერ ვიტან ქენქერა, დებილ კაცებს. პირიქით, ჭკუადამჯდარი უნდა იყოს, მაგრამ ქალთან ურთიერთობაში თავისუფალი, ცოტა ინტელიგენტი, ინტელექტუალური, ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ჰქონდეს. გვერდით ვერასოდეს ავიტან მუდო ადამიანს. მომწონს, როცა მამაკაცი ცდილობს, ბოლომდე შეიგრძნოს ცხოვრების სიამოვნება, ამქვეყნად ერთხელ მოდის. ასეთმა მამაკაცმა შეიძლება, ქალს ასწავლოს რაღაც-რაღაცეები. სამწუხაროდ, ზოგი ისე მიდის ამქვეყნიდან, რომ ამის შეგრძნება არ აქვს.

– აუ, რა ძნელი ყოფილა შენი გულის მოგება. მე ვერაფერი გავიგე და იმ „საცოდავმა“ რაღა ქნას?

– ჩემი რამდენიმე მეგობარი ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა. მეც ვფიქრობდი, მაგრამ მგონია, ბევრად უფრო მყარი და ბედნიერი ოჯახები აქვთ, როცა ზრდასრულ ასაკში დგამენ ნაბიჯს. ჯერ ეს ერთიც, კაცს ოჯახის გარდა, კიდევ რაღაცეები სჭირდება ცხოვრებაში და როცა არაფერი აქვს ნანახი, გარე-გარე იწევს და სახლში მისვლა არ უნდა. ძმაკაცებთან ქეიფი, დროსტარება და მთელი ამბები ხდება. ცხოვრება ერევა. გადაფასება ხდება. რაც ათი წლის წინათ მომწონდა, ახლა არანაირად აღარ მომწონს. მე რომ თექვსმეტი წლის ვიყავი, ჩემი მეგობარი მაშინ გათხოვდა. ცუდი დრო იყო. ძველი ბიჭები იყვნენ მოდაში. ახლა რაღა დროს ძველი ბიჭია? ცუდი გაგებით არ ვამბობ – არ ნიშნავს, რომ ქუჩაში იდგნენ, იგინებოდნენ და იარაღს ატრიალებდნენ. ძველი ბიჭი ჩემთვის ვაჟკაცურ ქართველ ბიჭთან ასოცირდება.

– როგორ წარმოგიდგენია თავი გათხოვილი ქალის ამპლუაში?

– მაგ ასაკში რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, ოთხი შვილი მეყოლებოდა. თვითონ ძალიან შეკრული ოჯახი მაქვს: დეიდა, მამიდა, დეიდაშვილები, მამიდაშვილები კვირაში ორჯერ მაინც ვიკრიბებით და ვსადილობთ. შესაბამისად, რომ გავთხოვდები, ჩემი ოჯახიც ასეთი იქნება.

– არა მგონია, მერე ასეთი აღტაცებით ილაპარაკო.

– მიუხედავად ჩემი ამ სილაღისა, მიტირია და ჩავკეტილვარ კიდეც. მაგის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. როდესაც ძალიან ცუდი რაღაც ხდება, სერიოზულ ტრავმას აყენებს კაცი ქალს და ხშირ შემთხვევაში, ეს ღალატის გამო ხდება – შინაგანად ინგრევი. ვინმეზე რომ ვიგებ ასეთ ამბავს, იმ დროს მინდა, ის ქალი ჩემი მეგობარი იყოს და რაღაცით დავეხმარო. ქალები სენტიმენტალურები ვართ, ადვილად ვღიზიანდებით, აქლემისგან სპილოს ვქმნით, ვტირით და მთელ განცდებში ვართ. ზოგჯერ გვინდა, რომ იმათაც დაინახონ ეს, რომ გული აუჩუყდეთ. თუმცა, გააჩნია ჩვენი ცრემლების სიმძიმეს და ურთიერთობის რა ეტაპია. მთავარია, შენ მიმართ პატივისცემის გრძნობა არ დაკარგოს კაცმა. ეგ თუ დაკარგა, აღარაფერი ეშველება, დასაკიდებელი უნდა დაიკიდო.

– მამაკაცებს არ უყვართ შენიშვნები, თვითონ კი, იცოცხლე, საყვედურებით გავსებენ.

– პირად ცხოვრებაში იმდენად სერიოზული ვარ, ჰარი-ჰარალე რაღაცეები არ მახასიათებს. ულტიმატუმი არა, მაგრამ უთქვამთ, რომ ასე არ გააკეთო, იქ არ წახვიდე, არ წამოხვიდე, ჩვენებაზე არ გამოხვიდეო. როცა გიყვარს, ბოლოს და ბოლოს ამას არ გააკეთებ, მაგრამ არც ისეთი ადამიანი არ უნდა გყავდეს გვერდით, მაგიდაზე მუშტებს რომ გიბრაგუნებს და სახლში გამოგკეტავს.

– კუნძულზე კარგი ბიჭები იყვნენ. არავინ მოგწონდა?

– რომელ გუნდშიც ვიყავი, მართლა ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. საცურაო კოსტიუმებში ვიყავით, არ იყო მაკიაჟის, სხვადასხვა ტანსაცმლის საშუალება, ამიტომ, მე და თამუნა, „უკანასკნელი გმირის“ გამარჯვებული, ბაწრებს ვწნავდით და თავზე ვიკეთებდით, ვითომ, რომელიმე რომ მოგვეხიბლა. გვეუბნებოდნენ კიდეც კომპლიმენტებს – რა ლამაზები ხართ, გოგონებოო, მაგრამ, მგონი, იქ კაცებს ინსტინქტი დაქვეითებული ჰქონდათ: ვინ ქალი იყო, ვინ კაცი – არ ანაღვლებდათ, იმდენად დათრგუნულები იყვნენ უძილობისა და შიმშილისგან. აი, მაგალითად, თამუნა და გიორგი რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ჭამეს, დაისვენეს, დაიძინეს და მერე მიხვდნენ, რომ ერთმანეთი ჰყვარებიათ და დაქორწინდნენ. იქ ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა მათ შორის. მაშინ თბილისში შეყვარებული მყავდა და იმის გამო უფრო ვცდილობდი, მომხიბვლელი ვყოფილიყავი, თუმცა, რომ ჩამოვედი, ყველაფერი დამთავრდა. ძალიან კარგი ბიჭია და, მინდა, ბედნიერი იყოს, მაგრამ, პიროვნულად ძალიან სუსტი ადამიანი აღმოჩნდა. სულ ცდილობს, საკუთარი თავი იპოვოს და ჯერ კიდევ ვერ იპოვა. მერე რაღაც პრობლემები ჰქონდა და იმ პერიოდში გვერდზე დავუდექი, თორემ, ისე, წელიწად-ნახევარია, რაც დავშორდით. ახლა მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

– არ ვიცი, ამ დაშორების მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ, ვიცი, რომ არსებობს ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად გრძნობ. თბილისში შენზე და პეტრე ცისკარიშვილზე ლაპარაკობენ. იცოდი?

– პეტრე და მისი ცოლი, ანუკი, ჩემი მეგობრები არიან. მე და პეტრე ერთმანეთს უკვე წლებია, ვიცნობთ, უბნელები ვართ. ისიც ვაკეში ცხოვრობს და მეც. თან, ასაკით ჩემზე უფროსია. ცოლთან ოფიციალურად არ არის გაშორებული, ზაფხულში ერთად იყვნენ ბათუმში. თბილისში ყოველთვის ასეა – როცა ვინმესთან დაგინახავენ, ესე იგი, რაღაც „სხვა“ გაკავშირებს. არასდროს მივდივარ ისეთ ურთიერთობაზე, რომ მერე ასეთი რაღაცეები ილაპარაკონ. თუ რაღაც ხდება, რატომ უნდა დავმალო? რაღაცეებს რომ ჩქმალავენ, ასე არ ვარ, მაგრამ, მართლა ძალიან ახლო მეგობარია ჩემი, დამიჯერეთ. მეცინება...

– ვინც არ უნდა მიმტკიცოს, რომ საქართველოში შეიძლება ქალისა და მამაკაცის მეგობრობა, მე ვამბობ, რომ არ შეიძლება. საქართველოში კაცები ქალს ყოველთვის ისე უყურებენ, როგორც უნდა უყურებდნენ და, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა, ძალიანაც რომ გინდოდეს, არ გამოდის.

– გააჩნია ქალსა და კაცს და, კიდევ იმას, მეგობრობის რა ეტაპია. ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს, რომლებთან ერთადაც გავიზარდე და ძმებივით მიდგანან გვერდში. პეტრე ჩემი ძმასავით არ არის, მაგრამ, ერთ-ერთი მეგობარია. მე სვანი ვარ და ჩვენში ასეთი რაღაცეები არ შეიძლება. ეს არის წმიდათა წმიდა წესი. ჩემი მეგობრების გამო ტანკით გადავუვლი ყველას, ვერავინ დამიდგება წინ, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი.


скачать dle 11.3