როგორ აპირებს ხელისუფლება საპენსიო ასაკის ორი წლით გახანგრძლივებით ბიუჯეტში 120 მილიონი ლარის დაზოგვას
მართალია, ჩვენს ქვეყანაში პენსიები არც საარსებო მინიმუმის ადეკვატურია და არც სტაჟისა და დამსახურებისა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, ქალბატონებმა – 60 წელს, მამაკაცებმა კი – 65 წელს მიღწევის შემდეგ, ის მაინც იციან, რომ 70-იოდე ლარს მიიღებენ. თუ გაუმართლათ და თბილისში ცხოვრობენ, ზედაც შრომის წიგნაკიც აქვთ, რომლებიც მათი მუშაობის სტაჟს დაადასტურებს, თითოეულ ნამსახურებ წელიწადზე თითო-თითო ლარსაც დაიმატებენ. შესაბამისად, ქართული პენსიის მაქსიმუმი 100 ლარია, მაშინ, როდესაც, მაგალითად, ბელორუსიაში პრეზიდენტი ლუკაშენკო გასულ კვირას დაჰპირდა თავის მოსახლეობას, რომ პენსიის ოდენობას 500 ამერიკულ დოლარამდე გაზრდის. ამის პარალელურად, მოარული ხმებით (შესაძლოა, იმიტომაც, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საპენსიო ასაკს ახანგრძლივებენ, რის გამოც ფრანგებმა ლამის ქვა-ქვაზე არ დატოვეს პარიზში), საქართველოშიც იგეგმება საპენსიო ასაკის ორი წლით გახანგრძლივება. იმავე ხმების მტკიცებით, ეს მოვლენა 100 000-120 000 ჩვენს თანამოქალაქეს შეეხება. ქართული საპენსიო რეალობისა და მოსალოდნელი საპენსიო პერსპექტივის ანალიზი ზაზა სოფრომაძეს ვთხოვეთ.
– როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენი ქვეყანა საპენსიო უზრუნველყოფის თვალსაზრისით?
– საერთოდ, ასაკის მიხედვით პენსიების გაცემა, ჩვეულებრივ, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ხდება და ეს საპენსიო ასაკი მერყეობს 60-დან 65-წლამდე. ეს მიღებული პრაქტიკაა და ჩვენი ქვეყანა ამ სტანდარტში ჯდება. სხვათა შორის, ადრე სხვა სტანდარტი იყო: ქალებისთვის – 55 წელი, მამაკაცებისთვის – 60 წელი, რომელიც, დაახლოებით, 15 წლის წინათ შეიცვალა იმ დროინდელი საბიუჯეტო კანონის მიღების შემდეგ და საპენსიო ასაკს 5-5 წელი დაემატა.
– 55 და 60 წელიც, ალბათ, საბჭოთა ინერცია იყო?
– დიახ და საკმაოდ უმტკივნეულოდ მოხდა ასაკობრივი ზღვრის 5 წლით გაზრდა 15 წლის წინათ, თუმცა მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ელოდებოდნენ პენსიას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ და უცბად აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ არც სამუშაო ჰქონდათ და საპენსიო უზრუნველყოფის გარეშეც დარჩნენ. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, მაინც მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გადაიარა საპენსიო ასაკის გაზრდამ. ალბათ, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ დროს პენსიის ოდენობა, დაახლოებით, 9 ლარი იყო. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას: დღეს, როდესაც ლაპარაკია საპენსიო ასაკის გაზრდაზე და იგულისხმება ყველა ქვეყანა და არა მხოლოდ საქართველო…
– ეს ინიციატივა, უპირველესად, სწორედ დასავლური ქვეყნებიდან წამოვიდა.
– იქ ეს ხდება საბიუჯეტო სირთულეების გამო. განსაკუთრებით კი ეს ეხება განვითარებად ქვეყნებს, ანუ ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნებს, რომელთა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება. შესაბამისად, არ შეიძლება, ავტომატურად შევადაროთ ერთმანეთს საფრანგეთში მომხდარი მოვლენები და ის მოვლენები, რაც შეიძლება, საქართველოში განვითარდეს, ჩვენთანაც რომ გაიზარდოს საპენსიო ასაკი. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში იზრდება საპენსიო ასაკი, იქ უამრავი საკომპენსაციო მექანიზმი ირთვება, იმ მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც შეიძლება, გამოიწვიოს საპენსიო ასაკის გახანგრძლივებამ.
– ორი წლით საპენსიო ასაკის გაზრდა ნიშნავს ევროპელი მოქალაქისთვის, რომ იმ ორ წელს ჰაერში რჩება?
– ჩვენს ქვეყანაში საპენსიო ასაკის გახანგრძლივება ზუსტად ამას ნიშნავს, რადგან ჩვენთან, როგორც წესი, ამ ასაკის ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დაუსაქმებელია და მოკლებულია სამსახურის პოვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიაა და ისინი საპენსიო ასაკის გაზრდის შემთხვევაში, სრულიად დაუცველები რჩებიან, თუ პენსიის გარეშეც დარჩებიან. სრულიად საპირისპირო სიტუაციაა განვითარებულ ქვეყნებში. იქ, როდესაც ასეთი რეფორმა ტარდება, ჯერ ერთი, ეს ეტაპობრივად ხორციელება. წინა დღეს არ უცხადებენ ადამიანს, რომ ის მეორე დღეს პენსიის გარეშე დარჩება. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმ ქვეყნებში ძალიან ეფექტურად მუშაობს სოციალური დაზღვევის სისტემები. რას ნიშნავს სოციალური დაზღვევის სისტემის ეფექტური მუშაობა? იმას, რომ ადამიანი იღებს არა მხოლოდ პენსიას, თავისი სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არამედ სხვადასხვა სახის დახმარებას ან დაზღვევასაც. ჩვეულებრივ ეს არის უმუშევრობის დაზღვევა, მრავალშვილიანობის დაზღვევა, პროფესიული დაზღვევა. ანუ დასავლეთის ქვეყნებში არსებობს ბევრი ბერკეტი, რომელთა ამოქმედებითაც შესაძლებელია, გადაიფაროს ის ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება, მოჰყვეს საპენსიო ასაკის ზრდას ან პენსიის გარეშე დარჩენას. ამასთან, დასავლეთის ყველა განვითარებულ ქვეყანაშია სოციალური დახმარებების სისტემები. რა იგულისხმება უმუშევრობის დაზღვევაში? თუ ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და, უპირველესად, ეს ეხება იმათ, ასაკის გამო რომ ვერ შოულობენ სამუშაოს – ვთქვათ, თუ 65 წლის ასაკში მამაკაცი და 60 წლის ასაკში ქალბატონი დარჩნენ პენსიის გარეშე და, პარალელურად, უმუშევრები არიან, მიიღებენ უმუშევრობის დაზღვევას, რომელიც სრულად აკომპენსირებს იმ დანაკარგს, რაც მათ სამსახურის დაკარგვის გამო განიცადეს.
– როგორც ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანი, რომელმაც დამსაქმებლის მიზეზით დაკარგა სამსახური, ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ახალ სამსახურს იპოვის, ძველი ხელფასის ნახევარს იღებს.
– უმუშევრობის საკომპენსაციო თანხა სხვადასხვაა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ქვედა ზღვარი ყოველთვის განსაზღვრულია და ის არასდროსაა საარსებო მინიმუმზე დაბალი, ანუ მათ საარსებო ყოფაზე უმუშევრობა და საპენსიო ასაკის გახანგრძლივება არსებით ასახვას ვერ ჰპოვებს.
– ცივილიზებული ქვეყნების მოქალაქეებს მოთხოვნებიც განსხვავებული აქვთ: მათ სიბერეში ღირსეულად უნდათ დასვენება იმისგან, რომ მთელ ცხოვრება მუშაობდნენ?
– რა თქმა უნდა. დავუშვათ, ადამიანი ვერ იღებს უმუშევრობის დაზღვევას, მაშინ საქმეში ერთვება სოციალური დახმარებების სისტემა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. არც სოციალური გასაცემელი შეიძლება, იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი. ამიტომ ცივილიზებულ სამყაროში გამორიცხულია, ადამიანს შიმშილისა და ოჯახის რჩენის პრობლემა დაუდგეს. ანუ გამორიცხულია სოციალური მდგომარეობის გაუარესება. რაც შეეხება პროფესიულ დაზღვევას: ზოგიერთი ადამიანი მუშაობს ისეთ საწარმოში, სადაც მის ჯანმრთელობას ზიანი ადგება. მაგალითად, ისევე, როგორც ტყიბულის მაღაროში, ზესტაფონში.
– ალბათ, კაზრეთშიც.
– ჩვენ ალბათობით ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ეს ბაზარი არავის გამოუკვლევია და ის ბედის ანაბარაა მიგდებული. პროფესიული დაზღვევა ნიშნავს იმასაც, რომ ამ ადამიანებს საპენსიო ასაკი უმცირდებათ. გარდა ამისა, მათი საპენსიო უზრუნველყოფა ევალებათ იმ შესაბამის საწარმოებს, სადაც ისინი მუშაობენ და ამას განსაზღვრავს სპეციალური კანონი. ასე რომ, მათ, მაინცდამაინც არ აწუხებთ სოციალური გაჭირვება.
– ჩვენთან რა პრინციპითაა დათვლილი საშუალო პენსია – 70 ლარი, რომელსაც იღებს ყველა, ვინც მუშაობდა და ვისაც საერთოდ არ უმუშავია?
– ეს საპენსიო თანხა არაფერზე არ არის მიბმული. ეს არც არის საპენსიო სისტემა. ეს არის სოციალური გასაცემელი და თავისი შინაარსით არ არის პენსია. პენსიას საბოლოოდ მაშინ მოეღო ბოლო, როდესაც ქვეყანამ გააუქმა კანონი საპენსიო დაზღვევის შესახებ და ამის ნაცვლად მიიღეს კანონი კომპენსაციების შესახებ.
– ესე იგი, რეალურად დღეს პენსია არავის აქვს?
– არა, ეს არის კომპენსაცია, რომელიც ადამიანს გარკვეული ასაკის შემდეგ ეძლევა და თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პენსიის გასაცემელიც მხოლოდ თბილისშია დიფერენცირებული სამუშაო სტაჟის მიხედვით. მაგრამ აქაც უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს და ამიტომ ამ დანამატის სამართლიანად განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. ერთი ფაქტორი ისაა, რომ შრომის წიგნაკი სავალდებულო აღარ არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანებს თავად უწევთ მათი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება. სხვა საქმეა, სწორია თუ არა ეს დოკუმენტები და ასახავს თუ არა სინამდვილეს, მაგრამ, ფაქტია, რომ კანონით არ არსებობს სამუშაო სტაჟის დამდგენი ობიექტური კრიტერიუმი.
– დევნილებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია სამუშაო სტაჟის დადგენა.
– როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და დაკარგულია იმ ტერიტორიაზე არსებული ყველა დოკუმენტი, ბუნებრივია, გამორიცხულია ობიექტური სურათის შექმნა. გარდა ამისა, ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდება და აშკარა სოციალური უსამართლობაა ის, რომ ამ სტაჟის მიხედვით დანამატებს ადამიანები იღებენ მხოლოდ თბილისში. რა დააშავა, ვთქვათ, საჩხერელმა, რომელსაც მუშაობის 30-წლიანი სტაჟი აქვს?! რატომ უნდა იყოს განსხვავება თბილისში და თბილისს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეს შორის? მით უმეტეს, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პენსიის ოდენობა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს ადამიანის ელემენტარულ მოთხოვნილებებს და ჩვენს ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში პენსიის ოდენობა არ გაზრდილა.
– ზუსტად მახსოვს, 2008 წლის სექტემბერში აპირებდა მთავრობა იმ კანონის განხილვას, რომლის მიხედვითაც პენსია 100 ამერიკულ დოლარს უნდა გატოლებოდა, მაგრამ ამის შემდეგ, მიუხედავად მტკიცებისა, ეკონომიკური კრიზისი არ შეგვხებიაო, ეს თემა აღარავის გახსენებია?
– თუ დსთ-ის ქვეყნებს გადავხედავთ, პენსიის ოდენობით ორ-სამ ქვეყანას ვჯობნით, ისიც შუა აზიის ქვეყნებს: ტაჯიკეთს და, ალბათ, ყირგიზეთს. კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, რომ სოციალური გასაცემელი, რომელსაც მოქალაქეებს აძლევს, დაკავშირებული იყოს საარსებო მინიმუმთან. სხვათა შორის, იმ ქვეყნებში, რომლებსაც ვუსწრებთ პენსიის ოდენობით, საარსებო მინიმუმიც დაბალია, რადგან ფასები გაცილებით დაბალია როგორც ენერგომატარებლებზე, ისე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ჩვენთან შეუდარებლად მძიმე ვითარებაა. განსაკუთრებით დამძიმდა ეს მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში: ძალიან გაიზარდა სამომხმარებლო ფასები.
– ერთი კილოგრამი ლობიო 6 ლარი ღირს.
– წიწიბურა – 6-7 ლარი… საშუალოდ 50 პროცენტითაა გაზრდილი სამომხმარებლო ფასები. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს თავის ხანდაზმულ მოქალაქეებს.
– ფასების ზრდა ნიშნავს იმას, რომ რეალურად პენსია განახევრებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში?
– რა თქმა უნდა, თანაც გასათვალისწინებელია ლარის მსყიდველუნარიანობაც. აქედან გამომდინარე კი, ჩვენი, საპენსიო ასაკში მყოფი მოქალაქეები დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე ორი-სამი წლის წინათ იყვნენ.
– საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდა ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 120 000 მოქალაქე დარჩება პენსიის გარეშე, რომლებიც ელიან საპენსიო ასაკის დადგომას. წამხედურობას უკავშირებთ საპენსიო ასაკის მატების მოარულ იდეას?
– ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან ერთადერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანაში არის საბიუჯეტო კრიზისი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ შემოსავლების კრიზისია. გავიხსენოთ, თუნდაც, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ვგულისხმობ ფინანსურ ეგზეკუციას, როდესაც აჯარიმებენ სხვადასხვა მსხვილ ობიექტებს, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს: საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა. თუ ხელისუფლება გადადგამს ასეთ ნაბიჯს, საპენსიო ასაკის გაზრდას ვგულისხმობ, ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული საბიუჯეტო კრიზისთან. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ამის შედეგად კი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაცვივდება სწორედ ჩვენი ქვეყნის 120 000 მოქალაქე, რადგან მათ არ ექნებათ შემოსავლის არანაირი წყარო.
– 60 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები ვერც სამედიცინო დაზღვევით ისარგებლებენ, თუ უმწეოთა კატეგორიაში არ არიან. ამასთან, მართალია, ჯერჯერობით 60 წლის ზემოთ მოქმედებს თანადაფინანსების სისტემა, მაგრამ საიდან უნდა მოიტანოს უმუშევარმა და უპენსიო, თუნდაც, პენსიის მქონე ადამიანმა საოპერაციო თანხის 20 პროცენტი?
– აბსოლუტურად მართალი ხართ, ბუნებრივია, ყველა ვერ ხვდება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ელემენტარული გაანგარიშებით, საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდა ბიუჯეტს გამოუთავისუფლებს 100-120 მილიონ ლარს და, როგორც ჩანს, ხელისუფლებას უღირს ამ თანხის სანაცვლოდ, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყაროს თავისი მოქალაქეები.
– გამოსავალი, ალბათ, იქნებოდა საპენსიო სავალდებულო დაზღვევა. იმედი მაქვს, ხელისუფლება ფიქრობს ამაზე. მაგრამ რა ასაკში უნდა დაიწყოს მოქალაქემ საპენსიო დაზღვევა, რომ მშიერი სიბერე აიცილოს თავიდან?
– ეს ძალიან მტკივნეული თემაა და ყველა ქვეყანაში ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მსგავსი რეფორმები. მე დღეს ხელისუფლების მხრიდან ვერანაირ ნებას ვერ ვხედავ, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას, თუმცა შექმნილ სიტუაციაში ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ალბათ, მოსახლეობა ორად უნდა გაიყოს: უფრო ახალგაზრდები, სავარაუდოდ, 35-წლამდე, რომლებიც მოასწრებენ თავიანთთვის საპენსიო დანაზოგის დაგროვებას და 35 წლის ასაკს ზემოთ მყოფი მოქალაქეები. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დათქმა: ეს ადამიანები დასაქმებულები უნდა იყვნენ, იხდიდნენ სოციალურ შენატანებს, რომ შემდგომ უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე. დღეს, სამწუხაროდ, არანაირი ჩანასახიც კი არ არსებობს იმისა, რომ ამ სისტემაზე აპირებდნენ გადასვლას: არ არსებობს არც საკანონმდებლო ბაზა და არც ხელისუფლების ნება. ყველა ის პოპულისტური ნაბიჯი, რომელსაც ამ მიმართულებით დგამს ხელისუფლება, მიმართულია ლოკალური ხანძრების ჩასაქრობად, რაც თავისთავად მცდარი პოლიტიკაა და არ შეიძლება, ამან უარყოფითი შედეგები არ მოიტანოს.
– იმედი მაქვს, რომ ჩემს სტაჟს დავადასტურებ. ესე იგი, ჩემი პერსპექტივა 100-ლარიანი სიბერეა ჩემს ქვეყანაში?
– თუ გადახედავთ საკანონმდებლო გარემოს, სხვას ვერაფერს აღმოაჩენთ: როდესაც საპენსიო ასაკის გახდებით, მიიღებთ ხელისუფლების მიერ ერთჯერადი გადაწყვეტილებით დადგენილ თანხას და მეტს ვერაფერს.