რით ჰგავს მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილი ზვიად გამსახურდიას მეთოდებს და ედუარდ შევარდნაძის რა პოლიტიკური შეცდომები გაითვალისწინა საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა
პოლიტიკური ცხოვრებისთვის პოლიტიკური ბრძოლა ჩვეული მოვლენაა. ამ მხრივ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება და, თუ ქართულ პოლიტსცენაზე განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ, არც არის გამონაკლისი. პოლიტიკური ბრძოლის როგორი მეთოდები ჩამოყალიბდა საქართველოში სამი პრეზიდენტის მმართველობისას? – თემაზე თენგიზ სიგუა გვესაუბრება.
– დავიწყოთ იმით, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა: „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“. მე სხვისი მონაყოლით არ ვმსჯელობ, იმ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა ჩემი დაწერილი იყო და იმ დანაპირებებიდან, ფაქტობრივად, არაფერი შესრულებულა. ავიღოთ ერთ-ერთი მთავარი: პრესის თავისუფლება. თავისუფლების ნაცვლად ყველაფერი პირუკუ ხდებოდა: „სახალხო განათლება“ იყო განათლების სამინისტროს გაზეთი. წაართვეს და პრეზიდიუმის გაზეთად აქციეს. თბილისს ჰქონდა თავისი გაზეთი „თბილისი“, ისიც წაართვეს და უზენაესი საბჭოს გაზეთად აქციეს. „ახალგაზრდა ივერიელიც“ უმაღლესი საბჭოს გაზეთად გახადეს.
– მკითხველს შევახსენოთ, რომ „ახალგაზრდა ივერიელი“ „ახალგაზრდა კომუნისტის“ ბაზაზე შეიქმნა.
– ესე იგი, პრესის თავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და მეორდებოდა ის, რაც კომუნისტების დროს იყო, მუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მოამზადა და უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება პრესის თავისუფლების შესახებ. მართალია, ეს ქაღალდზე ეწერა, მაგრამ ყველაფერი პირიქით კეთდებოდა. ელექტრონულ მედიაზე ხომ საერთოდ არ იყო ლაპარაკი. მაგალითად, 1991 წლის მაისის შემდეგ, როდესაც დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოპოზიციონერს ერთი წუთითაც კი ჰქონოდა ტელევიზიით გამოსვლის საშუალება, თუ არ ჩავთვლით ირაკლი ბათიაშვილს, რომელსაც ხუთი წუთით მისცეს ეთერი.
– იმის თქმა გინდათ, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დამახასიათებელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლებისთვის?
– რა თქმა უნდა. ამას გარდა, მიდიოდა საშინელი პროპაგანდა. ყველა ოპოზიციონერი საღდებოდა კრემლის, სუკის აგენტად. ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს ინტელიგენციას. მაშინ გაჩნდა ტერმინი: „წითელი ინტელიგენცია“.
– დღესაც დაბრუნდა ნაწილობრივ ეს ტერმინი.
– დღესაც ისმის ხოლმე, მაგრამ ისე ხშირად არა, როგორც მაშინ. ამას გარდა, არანაირი დიალოგი ოპოზიციასთან. მით უმეტეს, რომ, სანამ გახლეჩვა მოხდებოდა, ერთიანი ძალა იყო, მაგრამ შემდეგ ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ მოსისხლე მტრებად იქცნენ.
– შემდგომმა წლებმა აჩვენა, რომ ეს ტრადიციად იქცა ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის: ყოველი შემდგომი ხელისუფლება წინასგან იშვა?
– დიახ. მეორდება ის, რაც 1991 წლიდან დაიწყო: განხეთქილება ხდება მმართველ ძალაში და შემდეგ ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს. ასე იყო 90-იან წლებში, ასე მოხდა 2003 წელსაც და შესაძლოა, ახლაც ასეც მოხდეს. გამსახურდიას დროს ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, რომ დამსხდარიყვნენ მაგიდასთან. ერთადერთხელ მოხერხდა ამ შეხვედრის მოწყობა, თუმცა ისიც უშედეგოდ დამთავრდა. ესე იგი, აგდებით ეკიდებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. შემდეგ დაიწყო ადამიანის ელემენტარული უფლებების დარღვევა. ყველას მოგეხსენებათ, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს, სანამ სასამართლო არ მიუსჯის, ყველა უფლება შენარჩუნებული აქვს. უცბად გამსახურდია იუსტიციის სამინისტროს ავალებს და იღებენ საშინელ კანონს: დაპატიმრების პირველი დღიდანვე ერთმევა დაკავებულს ყველა უფლება. ამას ევროკავშირის ძალიან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. გამსახურდია ერეოდა ისეთ საკითხებში, რომელში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. ერთხელ მეუბნება, მეცნიერებათა აკადემიიდან ორი კაცი უნდა გავყაროო. საბჭოთა დროსაც კი ასეთი ჩარევა არ ხდებოდა. სუსლოვმაც ვერ მოახერხა აკადემიკოს სახაროვის გარიცხვა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიიდან. დაახლოებით, საათ-ნახევარი დამჭირდა იმისთვის, რომ გადაეფიქრებინა გამსახურდიას. ვუთხარი, ერთადერთი მაგალითია მსოფლიოში, როდესაც ჰიტლერმა დაითხოვა მეცნიერებათა აკადემიიდან ალბერტ აინშტაინი და მეცნიერებისადმი მიძღვნილი ყველა მონოგრაფია ამ მაგალითით იწყება-მეთქი. ერთ დღეს გადაწყვიტა, ყველა შემოქმედებითი კავშირის პირველი პირის გამოცვლა. 8 თუ 9 შემოქმედებითი კავშირი არსებობდა მაშინ. ყველას პირველი პირი არ მახსოვს, მაგრამ თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიგა ლორთქიფანიძე, კინემატოგრაფისტთა კავშირის – ელდარ შენგელაია. ელდარი ჩემი მტერია და უნდა გავაგდოო.
– ეს არ ამართლებს ჩარევას, თუმცა შემდგომ დადასტურდა, რომ ელდარ შენგელაია ზვიად გამსახურდიას მტერი მართლაც ყოფილა.
– რა თქმა უნდა. ყველა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ იყო განწყობილი. სხვათა შორის, ყველა ყიდდა ზვიადს: პროკურატურა, უშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავიანთი ნებით ამოდიოდნენ თბილისის ზღვაზე და ინფორმაციებს გვაწვდიდნენ. ოპოზიცია ეუბნებოდა, გავარკვიოთ, რა გინდა, ვისკენ ხარ, რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენო. ბოლოს, ბუშს ჩემი სახელით გაუგზავნა წერილი, ამერიკელები ძალიან კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ცუდი პრეზიდენტი გყავთ და თავიდან უნდა მოიშოროთო. ვინ გაპატიებდა ამას?! ამის შემდეგ გამოვიდა კიდეც ამერიკის პრეზიდენტი და დინების საწინააღმდეგოდ მცურავად შეაფასა ჩვენი ხელისუფლება.
– შევარდნაძის მართვის სტილი და ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდებიც სრულიად განსხვავებული იყო. გამოასწორა მან გამსახურდიას შეცდომები? ვინც არ მოსწონდა, მათ მიტინგებს პირდაპირ ხვრეტდნენ დღისით და მზისით, ვინც მეტ-ნაკლებად მოსწონდა, პარლამენტში შეიყვანა.
– შედარებაც არ შეიძლება, შევარდნაძე გაცილებით ჭკვიანურად იქცეოდა. ისიც ებრძოდა ოპოზიციას, მიუღებელი მეთოდებითაც, მაგრამ ჩუმად. გარედან ეს არ ჩანდა. დიახ, შევარდნაძემ ოპოზიციის დიდი ნაწილი შეიყვანა პარლამენტში და სწორადაც მოიქცა. პრესას მისცა სრული თავისუფლება.
– ალბათ, ამის წყალობით, პირადად მე არანაირი, არც შინაგანი და არც გამოხატული ცენზურა არ მაქვს. საერთოდაც, ვერ ვიღებ იმას, რასაც ეწოდება „ცენზურა“.
– შევარდნაძეს ძალიან ამწარებდა, რასაც მაშინ მასზე წერდნენ და იღებდნენ, მაგრამ ითმენდა. გამსახურდიას ბოლო აკორდი ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი იყო, რომელიც პარლამენტს მიაღებინა და, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის შეჩერებას. ეს იყო პოლიტიკური ცხოვრების ჩაკვლა. თბილისის ზღვაზე რომ ამოიტანეს ეს ამბავი…
– ესე იგი, თითქმის შეიარაღებული დაპირისპირება უკვე დაწყებული იყო, როდესაც ეს კანონი მიიღეს?
– ეს იმიტომ გააკეთა, რომ, ჯერ ერთი, პოლიტიკოსის ჩვევები არ ჰქონდა, და, მეორე, ამას ჩასჩიჩინებდა მისი ძალიან ცუდი გარემოცვა. რატომ გააკეთა ეს, იცით? ოპოზიცია მაშინ კატეგორიულად ითხოვდა ახალ არჩევნებს 1992 წლის თებერვალ-მარტში. იყო ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ქმნიდა ახალ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს, მაგრამ ისინი ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, თუ რეგისტრაციას არ გაივლიდნენ. ამიტომ თადარიგი დაიჭირა და, თუ საჭირო გახდებოდა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ოპოზიცია ახალი პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების შექმნას ვერ მოახერხებდა.
– ესე იგი, ჰქონია პოლიტიკოსის ჩვევები?
– არა, ეს იყო ნაბიჯი, რომელიც საკუთარი ხელით საფლავის გათხრას უდრიდა.
– ბალანსი რომ დავიცვათ. ახლა ედუარდ შევარდნაძის მეთოდებზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ცნობილია, რომ მას ჰქონდა კომპრომატები ყველა თანაგუნდელზე, რასაც მაშინვე მიეცემოდა მსვლელობა, თუკი თანაგუნდელი სხვა ბანაკში გადავიდოდა?
– ეს იყო ძალიან ცბიერი მეთოდი, მაგრამ პოლიტიკურად გამართლებული. შევარდნაძეს ვერ შეედავები, რომ სულელური ნაბიჯი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოპოზიციონერს ვერ იტანდა, ჰქონდა უნარი, მათთვის საათობით ესმინა.
– მტერი კარგად უნდა გაიცნო, ამიტომ შენ კი არ უნდა ილაპარაკო, ის უნდა ალაპარაკო.
– ეს დადებითი თვისებაა. ამიტომ მას ვერ დააბრალებდი ასე აშკარად, რომ ოპოზიციას ებრძოდა.
– მაგრამ ყველა მოიშორა თავიდან? მათ შორის ფიზიკურადაც კი?
– მისი მეთოდი ასეთი იყო: გამოიყენებდა ადამიანს, ლიმონივით გამოწურავდა და შემდეგ გადააგდებდა. „მხედრიონი“ 1995 წლამდე გვერდით ჰყავდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც უშიშროება და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოამაგრა, ერთ დღეს ჩაყარა ყველა „მხედრიონელი“ ციხეში. ესეც, ცხადია, არაკაცობაა, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით გამართლებულია.
– აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესაც სამეგრელოში „მხედრიონი“ ჩადგა, დაინიშნა ზუგდიდის კომენდანტად ერთ-ერთი „მხედრიონელი“, ცნობილია, რომ შევარდნაძის თანდასწრებით თქვა ჯაბა იოსელიანმა, მივცეთ ბიჭებს სანავარდოდ ზუგდიდიო და ამისთვის სამი დღე გამოიყო. თუმცა შემდეგ ყველა მათგანი დაიჭირა შევარდნაძემ.
– ის დაბოღმილი იყო დასავლეთ საქართველოზე, მაგრამ ასეთი „ჩაჭრა“ ხშირად არ მოსდიოდა ხოლმე. ცდილობდა, შეენიღბა თავისი ქმედებები. შემოვლითი გზებით ცდილობდა ოპონენტების დასამარებას, მაგრამ არასდროს – პირდაპირ. შევარდნაძე დაშიფრული მეთოდებით მოქმედებდა: მას ოპოზიციისთვის არანაირი იარლიყი არ მიუკერებია. ინტელიგენციასთანაც საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. არც ერთ მათ შეკრებას არ გააცდენდა. დადიოდა პრემიერებზე, დაკრძალვებზეც, ქმნიდა სამთავრობო კომისიებს. ინტელიგენციასთან გარეგნულად ჩახუტებული იყო, თუმცა იქაც ჰყავდა გამორჩეულები, მაგრამ ამას აშკარად არ აკეთებდა. თუ ვინმეს მოშორება უნდოდა, გარეგნულად ვერც შეატყობდით. მაგალითად, როდესაც კიტოვანმა განაცხადა, უნდა გადავდგე თავდაცვის მინისტრობიდანო, ნახევარ საათს ეხვეწა, თუმცა გულში უხაროდა, ოღონდ თავიდან მოგიშოროო. ჯაბა იოსელიანიც ისე დააპატიმრა, ვითომც არაფერი. ახლახან დაწერა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში: სოხუმი რომ დავკარგე, თავის მოკვლა მინდოდა და ჯაბა იოსელიანმა გადამაფიქრებინაო.
– თავის მოკვლა თუ უნდა ვინმეს, არავის უთანხმებს ამ გადაწყვეტილებას.
– თამაშობდა და ახლაც თამაშობს.
– შედეგით აშკარაა, რომ გამსახურდიას მართვის მეთოდებმა არ გაამართლა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერც შევარდნაძის შემოვლითმა მეთოდებმა?
– შევარდნაძე ორმაგმა თამაშმა დაღუპა. ამერიკამ არ აპატია მას ის, რომ არ გაჰყავდა რუსეთის ბაზები. ასე რომ, შევარდნაძის მოშორება ვაშინგტონში გადაწყდა.
– შეიძლება, ვთქვათ, რომ სააკაშვილი ორივე წინამორბედის პოლიტიკური ბრძოლის სისუსტეებს ითვალისწინებს?
– რა განსხვავებაა სააკაშვილსა და გამსახურდიას შორის? გამსახურდია აგინებდა დასავლეთს, აგინებდა და ხან თბილად იხსენიებდა გორბაჩოვს, სააკაშვილმა კი გამოკვეთილად პროდასავლური კურსი აიღო. ბევრი წერს, რომ სააკაშვილი მოსკოვის მიერ დანიშნული კაციაო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში: ის არის ვაშინგტონის დანიშნული. ჩვენ კი ვამბობთ, დამოუკიდებლები ვართო, მაგრამ დღეს დამოუკიდებელი გერმანია და დიდი ბრიტანეთი არ არის, არათუ ჩვენ. მართალია, ევროპა ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი ვაშინგტონის ბატონობას, მაგრამ არ გამოსდის. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს გადარჩენა პროდასავლურობაა. დღეს სულ ორი გაერთიანებაა: ნატო და დსთ. სხვა არჩევანი, ფაქტობრივად, არც არსებობს. რაც შეეხება სააკაშვილის მართვის სხვა მეთოდებს: პრესა მეტ-ნაკლებად თავისუფალია, მაგრამ ელექტრონული მედია – თითქმის არა. გაანგარიშებულია, რომ მოსახლეობას უჭირს და პრესას ვერ ყიდულობს, მაშინ, როდესაც ტელევიზიას უყურებს. ჩვენი ელექტრონული მედია პროპაგანდისტულია და ძალიან დაემსგავსა „ვრემიას“. ასე რომ, დღეს პროპაგანდის უძლიერესი საშუალებაა ელექტრონული მედია და არა ნაბეჭდი პრესა.
– მიხეილ სააკაშვილი მართვის სტილით ვის უფრო ჰგავს?
– პარალელი რომ გავავლოთ სააკაშვილსა და გამსახურდიას შორის თვალში გვეცემა იარლიყების მიკერება: ინტელიგენციას ჩარეცხილები უწოდა, თუმცა შემდეგ თითქოს ბოდიში მოიხადა ამის გამო. სხვათა შორის, „გელაპის“ ინსტიტუტის კვლევებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმეტესობა იწონებს პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობას, ოპოზიცია აკრიტიკებს და არ იჯერებს, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები. რადგან გელაპის ინსტიტუტის კვლევები არ შეიძლება, ცდებოდეს. მას თავი არ შეურცხვენია ევროპის დიდ სახელმწიფოებში გამოკითხვების ჩატარების დროს და საქართველოში მით უმეტეს არ შეირცხვენდა. ბუნებრივია, ისმის კითხვა: მაშ, რაშია საქმე? ქვეყანაში სადაც 800 000 პენსიონერს 50 დოლარის ექვივალენტი პენსია აქვს და სადაც 30 პროცენტამდე ადამიანი უმუშევარია, რატომ უჭერენ მაინც მხარს ხელისუფლებას და რატომ ენდობიან მას? ეს ნორმალურ ქვეყანაში იქნებოდა სხვაგვარად, მაგრამ ჩვენთან ის ღარიბი კაციც კი, თუ მჭექარე ტყუილი უთხარი, გიჯერებს და ხმას გაძლევს. ამიტომ გამოკითხვის შედეგები ძირითადად სწორია.
– ისიც სწორია, რომ სააკაშვილის ბრძოლის მეთოდები ამართლებს?
– სააკაშვილმა, განსხვავებით გამსახურდიასა და შევარდნაძისგან, სწორი ნაბიჯები გადადგა. გამსახურდიამ ჯარი დაიპირისპირა, არადა არ არსებობს ხელისუფალი, რომელსაც ჯარი დაუპირისპირდება და ის ხელისუფლებას შეინარჩუნებს. მე შევარდნაძის უფრო მიკვირს, რატომ არ მოიქცა სააკაშვილივით. გახსოვთ, სააკაშვილის ლოზუნგი, როდესაც ქვეყანას უჭირს, ყველამ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ?! მაგრამ საქმით რა გააკეთა? ათჯერ გაუზარდა ხელფასები ძალოვან სტრუქტურებს: ჯარს, პოლიციას, უშიშროებას, პროკურატურას, მეცნიერება, ჯანდაცვა და განათლება კი ფეხებზე დაიკიდა. რადგან იცის, რომ ძალოვანი სტრუქტურები შენი უნდა იყოს, თუ ტახტის შენარჩუნება გინდა. შევარდნაძის დროს, როდესაც სააკაშვილი მიტინგებს მართავდა, გახსოვთ, ალბათ, რომ მაღალი რანგის ოფიცრები მიდიოდნენ მასთან და, ბოლოს, ვინ გაყიდა შევარდნაძე? ხაბურძანიამ! მან გაუღო სააკაშვილის მომხრეებს მთავრობის სახლის კარი. მე იმ შენობას ვერავინ მასწავლის: თუ კარს არ გაგიღებენ, ტანკით თუ არ მიაწექი, ვერ შეხვალ. მე ვაკვირდები და ადრეც რამდენჯერმე ვთქვი: დღეს ძალოვან სტრუქტურებში ოპოზიციისკენ ოდნავ გადახრასაც კი ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ისინი კმაყოფილი ჰყავს სააკაშვილს. უზარმაზარ ხელფასებსა და პრემიებს უხდის. ანუ ძალოვანი სტრუქტურები იმდენად უდევს ჯიბეში, რომ მათგან საშიშროება არ ელის.