“თეირანი 2010“
„ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო“
იმას გარდა, რომ ირან-საქართველოს შორის „ისტორიულად თბილი ურთიერთობები“ უნდა აღდგეს, გასულ კვირას ბათუმში ირანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოც გაიხსნა. ამ ფაქტს კომენტარი აჭარის თავმაც შეაწია: „ბათუმს დიპლომატიური ქალაქის სტატუსი უბრუნდებაო.“ ბათუმის დიპლომატიური წარსულის დასტურად კი ბ-ნმა ვარშალომიძემ ფაქტები ისტორიიდან გამოიხმო: „XIX საუკუნის ბოლოს ბათუმში ირანის საკონსულოსთან ერთად 27 ქვეყნის საკონსულო ფუნქციონირებდა. ეს პროცესი, რომელიც დროებით შეწყვეტილი იყო, ახალ ძალებს იკრებს.“ შესაბამისად, აჭარის თავს იმედი აქვს, რომ ბათუმში საკონსულოთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ბ-ნ ვარშალომიძეს აღარ დაუკონკრეტებია, ვის შემადგენლობაში იყო საკონსულოიანი ბათუმი XIX საუკუნეში. სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ, თუკი შარშან აჭარაში 250 ირანელს დაუსვენია, წელს მათი რიცხვი 5 000-მდე ასულა, რაც მას იმის ფიქრის საფუძველს აძლევს, რომ მომავალ წელს, თუ მთლად ორი არა, ამ რიცხვს ერთი ნული მაინც მიემატება.
ირანის გენსაკონსულო ბათუმში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოთაქმა პირადად გახსნა. მეტიც, დაგვპირდა, რომ ირანი მზადაა, აქტიურად ჩაერთოს კავკასიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად („ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო“). არ დაუმალავს, რომ „ირანისთვის კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები ძალზე მნიშვნელოვანია (რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მასაც აქვს თავისი ტერიტორიული და გავლენის პრეტენზიები?!). მე ვიტყოდი, ირანი ამ თემის მიმართ ძალიან მგრძნობიარეც კი არის. იმედი გვაქვს, რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანად გადაიჭრება. თავის მხრივ, თეირანი ყოველთვის მზადაა, ამ პროცესში საკუთარი როლი შეასრულოს.“
თუ გავიხსენებთ, რომ აი, იმ XIX საუკუნეშიც, რომელსაც ბ-ნი ვარშალომიძე აგრერიგად სიამაყით იხსენებს, ჩვენ (სომხეთ-აზერბაიჯანიანად) თურქეთ-რუსეთ-ირანის დაპირისპირების საგანი ვიყავით და იმ დაპირისპირებაში მაშინ რუსეთმა იძალა, შესაძლოა, ირანის მოწვევით თავი ახალ შარშიც გავყავით (ამაზეა ნათქვამი: „შენ ამტეხე ძალადაო“). ისე კი, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველო თურქეთის იყო და ახლა როგორ გაიყოფენ ნეტავ?!