ფეხითმოსიარულეთა ბედნიერება
მართალია, მაშინ, როდესაც დედაქალაქის ცენტრიდან სამარშრუტო ტაქსების განდევნის ოპერაცია დაიგეგმა, გვარწმუნებდნენ, რომ ყვითელი ავტობუსების შემოყვანის მიზანი მოქალაქეთა ბედნიერება იყო (იაფად და კომფორტულად იმგზავრებენო), იმას გარდა, რომ სამარშრუტო ტაქსები, თურმე, რეალურად, ტვირთის გადასატანი ტრანსპორტია და არა ადამიანების გადამყვანი (ლოგიკით, როგორ ეკადრებოდა რეფორმებით განებივრებული ქვეყნის მოქალაქეს ასეთი დამამცირებელი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობაო). თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა (ომით დაწყებული და გლობალური ეკონომიკური კრიზისით დამთავრებული), ჰოდა, რაკი ჩაიარა, ყვითელი (სამარშრუტო ტაქსებზე არანაკლებ მონჯღრეული) ავტობუსებით მგზავრობა თითქმის გაუტოლდა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულებას. მეტიც, გასულ კვირას ისიც გაირკვა, რომ მოქმედი 129 მარშრუტიდან 33 გაუქმდა. უფრო მეტიც, გაუქმებული ყვითელი ავტობუსები ახლა სამარშრუტო ტაქსებმა უნდა ჩაანაცვლოს. მეორე მხრივ, სავსებით ბუნებრივია, რომ უმწეო მოქალაქეები, რომლებიც ყვითელი ავტობუსებით (რაკი ავტობუსები მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა) მგზავრობისას შეღავათით სარგებლობენ, სავსებით ბუნებრივია, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობისას ვეღარ ისარგებლებენ. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სამარშრუტო ხაზები, რომლებიც ახლა უნდა გაიხსნას, უკვე არსებობდა და გააუქმეს, ოპოზიციის ეჭვი, რომ სახელისუფლო ძალები სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის ჩაგდებას ცდილობენ, მთლად საფუძველსაც არ უნდა იყოს მოკლებული. ასეა თუ ისე, რაკი საკრებულომ ამ საქმეზე ხელი დაიბანა (ახალი სამარშრუტო ტაქსების ხაზების შექმნა მთლიანად მერიას გადააბარა), უნდა ვივარაუდოთ, რომ, საბოლოოდ, ისევ მგზავრები აღმოჩნდებიან დაზარალებული. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ექიმის კონსულტაცია ძვირი სიამოვნებაა, არანაკლებ ძვირი – მედიკამენტები, ფეხით სიარული კი ჯანმრთელი სიცოცხლის საწინდარია, შესაძლოა, მერიის ამ ინიციატივაში („ჯერ გააუქმეს, შემდეგ აღადგინეს“) სიკეთის მარცვალიც დავინახოთ: ვიაროთ ფეხით და ვიყოთ, თუ მთლად კაჟივით ვერა, განვითარებადი ქვეყნის მოქალაქის კვალობაზე ჯანმრთელი მაინც!