როგორ დაამსხვრია ქართულმა სახელმწიფომ პედაგოგიკის ყველა პრინციპი და რატომ მიანდო მოსწავლეები ექვს კვირაში გამოწვრთნილ მანდატურებს
საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე, რომელიც სამინისტროს მისიას აღწერს, ვკითხულობთ: „საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის (წესით, არჩევნისა უნდა იყოს) თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.“ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეჭვი არც შეგვიტანია სამინისტროს შემართებასა და პრინციპებში. ერთი მხრივ, მანდატურის სამსახური ახალი ხილია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მეორე მხრივ კი, მიუხედავად ტელევიზიით რეკლამირებული რგოლების შთამბეჭდაობისა, რაკი მოარული ხმებიც მომრავლდა მანდატურების მიერ სკოლების მართვაში ჩარევის შესახებ (ხანდახან ერთობ უხეში ფორმით ჩარევისაც), პედაგოგთა უმეტესობას კი თვალითაც არ უნახავს შავით თეთრზე დაწერილი დოკუმენტი მანდატურების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ ინფორმაციისთვის. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტელეფონით გასაუბრების პატივიც არ დაგვდო (არადა, ამ მოხელის თანამდებობის დასახელებაც კი აშკარად მიუთითებს, რომ მისი მოვალეობა საზოგადოებასთან ურთიერთობაა, მაშინაც კი, თუ ეს საზოგადოება მაინცდამაინც არ ეპიტნავება). ასე იყო თუ ისე, სამინისტროს აღნიშნული სამსახურის თანამშრომლის თეონა ლალიაშვილის მეშვეობით მოვახერხეთ ჩვენს შეკითხვებზე პასუხების მიღება. თუმცა, სამინისტრომ უარი გვითხრა ცოცხალ საუბარზე (ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა ვარდების რევოლუციიდან, ვიდრე დღემდე, არც ერთი მინისტრის მუშაობისას!). მეტიც, გვირჩიეს, პასუხების ავტორად ზოგადად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაგვესახელებინა (თითქოს ეს ძალოვანი ან გასაიდუმლოებული უწყება იყოს). ჩვენ არ ვიცით, რატომ ერიდებიან ადამიანებთან საუბარს განათლების სამინისტროს მესვეურები, ან, თუ ერიდებიან, რატომღა გვარწმუნებენ, რომ „სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო გარემო.“ თუმცა, როგორც უნდა ყოფილიყო, ვფიქრობ, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაეხმარება საზოგადოებას, მართებული დასკვნები გააკეთოს, უპირველესად კი, პედაგოგებს საკუთარი უფლებების დაცვაში, რადგან არათავისუფალი ადამიანი, რაოდენ კარგი სპეციალისტიც უნდა იყოს, ვერ აღზრდის თანამედროვე სამყაროს საკადრის მოქალაქეს. მაშ, ასე, გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
– ჩემთვის ცნობილია, ბევრ სკოლაში პედაგოგები არ იცნობენ მანდატურების წესდებას. იქნებ განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მანდატურებს სკოლებში როგორც მოსწავლეებთან, ისე პედაგოგებთან და სკოლის ხელმძღვანელობასთან მიმართებაში? ვის მიერაა შემუშავებული და დამტკიცებული აღნიშნული დოკუმენტი?
– სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობის საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულება სსიპ „სკოლის მანდატურის სამსახურის“ შესახებ. შემიძლია, ჩამოგითვალოთ ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც ეხება მათ უფლება-მოვალეობებს: სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი; სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევის აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცველი ორგანოების ინფორმირება; დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება; კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება; სკოლის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა.
– როგორც ჩემთვის დაზუსტებითაა ცნობილი, მანდატურები გაკვეთილის მიმდინარეობისას შედიან გაკვეთილზე, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის (ვგულისხმობ, როდესაც დისციპლინა არ ირღვევა), ამოწმებენ მოსწავლეების რვეულებსა და წიგნებს, ასევე, საკლასო ჟურნალს. არის ეს მათი უფლება? და, თუ არის, რა მიზანი აქვს?
– მანდატურებს უფლება არ აქვთ, საკლასო ოთახში შევიდნენ საგაკვეთილო პროცესის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ირღვევა სკოლის შინაგანაწესით დადგენილი წესები. რაც შეეხება საკლასო ჟურნალს, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ ინფორმაცია დღის ბოლოს, მოსწავლის აკადემიური დასწრების შესახებ.
– პედაგოგიური თვალსაზრისით, სკოლა კი, უპირველესად, აღმზრდელობითი დაწესებულებაა, ლახავს თუ არა მასწავლებლის ავტორიტეტს მოსწავლის თვალში, ანუ ხელს უშლის აღმზრდელობით პროცესს ის ფაქტი, რომ მანდატური მოსწავლეების თანდასწრებით ამოწმებს მასწავლებელს. თუნდაც, იმას, ჩაწერა თუ არა ჟურნალში „არები“?
– ვერ დავეთანხმები აზრს იმის შესახებ, თითქოსდა მოსწავლის თვალში ილახებოდეს მასწავლებლის ავტორიტეტი, რადგან, რაც საერთო ძალებით კეთდება სკოლაში, ამით ამაღლდება დისციპლინა და ხელი შეეწყობა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.
– ვიმეორებ: ზუსტად ვიცი, რომ ზოგიერთ სკოლაში მანდატურები შედიან გაკვეთილის მსვლელობისას საკლასო ოთახებში და ითხოვენ ჟურნალს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს პედაგოგი?
– დააკონკრეტეთ სკოლები, სადაც ასეთი შემთხვევები ხდება.
– დავაკონკრეტებდი, პირისპირ საუბრის საშუალება რომ მოგეცათ. ახლა კი ვერ დავაკონკრეტებ იმ მარტივი მიზეზით, რომ ამის შემდეგ სკოლის დირექტორებს იბარებენ სამინისტროში და აფრთხილებენ, მოთოკონ ურჩი პედაგოგები, რომლებიც თავიანთ უფლებებს იცავენ. ვფიქრობ, თქვენ ჩემზე გაცილებით კარგად იცით, როგორ მოქმედებენ მანდატურები სკოლებში, რადგან, თუ არა თქვენი დასტური, ისინი არ მისცემდნენ თავს უფლებას, შევიდნენ გაკვეთილზე. რა შემთხვევაში აქვს უფლება პედაგოგს, მოიხმოს მანდატური საშველად?
– როდესაც ადგილი აქვს მოსწავლეთა შორის კონფლიქტური სიტუაციის არსებობას ან საფრთხე ექმნება მოსწავლის, მასწავლებლის ან სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
– რა სამუშაოს გაწევა ევალებათ მანდატურებს მოსწავლეებთან, გარდა იმისა, რომ გამოავლინონ დარღვევები? თუ, მათი ფუნქცია მხოლოდ ზედამხედველობაა? ჩვენ მათ შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რასაც ვიდეორგოლებში აჩვენებენ, ეს კი, შესაძლოა, არც ასახავდეს რეალობას იმ მარტივი მიზეზით, რომ დადგმულია.
– მანდატურების უფლება-მოვალეობების შესახებ პასუხი გაცემულია პირველ შეკითხვაში.
– ცნობილია, რომ მანდატურებმა, სანამ მათ სკოლებში გაანაწილებდნენ, გაიარეს მომზადების ექვსკვირიანი კურსი. პედაგოგიკისა და აღზრდის მეთოდებს ადამიანები წლების განმავლობაში ეუფლებიან. შესაძლებელია, რომ ექვსი კვირა იყოს საკმარისი სკოლაში მუშაობის დასაწყებად? ექვსი კვირის განმავლობაში შესაძლოა, შეასწავლო ძალის გამოყენება, მაგრამ არა – აღზრდის პრინციპები.
– მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ სკოლებში გაამართლა და საზოგადოებაში ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის ხარისხი თანდათან იზრდება. მთავარი პრინციპი არის, მშობელი დარწმუნებული იყოს, რომ ბავშვი შეყავს უსაფრთხო გარემოში. სკოლის მანდატურის საჯარო სკოლებში შესვლის შემდეგ, სტატისტიკური მონაცემებით, პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები; 8 პროცენტით შემცირებულია მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები; 75 პროცენტით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ეგრეთ წოდებული „შატალო“); 95 პროცენტით აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის ფაქტები; 80 პროცენტით შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები; 90 პროცენტით შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები.
– სწავლების პროცესში დისციპლინას, უდავოდ, გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან, რაოდენ წარმატებითაც უნდა ჩააბაროს პედაგოგობის მსურველმა სასერტიფიკაციო გამოცდები, თუ გაკვეთილზე ბავშვების გაჩერება არ შეუძლია, მისი ფასი ნულია. მანდატურების შეყვანით სკოლებში ხომ არ დასტურდება, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემა უძლურია, აღზარდოს მომავალი თაობა მართვის ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე? და, რამდენადაც ვიცი, პედაგოგიკა გულისხმობს წახალისებას და არა შიშით დამორჩილებას?
– ჩვენი საქმიანობა არ არის მიმართული ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისკენ და დასჯისკენ, ჩვენი მთავარი მიზანია, სკოლაში შევქმნათ უსაფრთხო გარემო, უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სკოლაში.
– რა პრინციპით ნაწილდებიან მანდატურები სკოლებში? თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელი სკოლაა ყველაზე დაუმორჩილებელი თბილისში, საქართველოში?
– მანდატურები სკოლებში ნაწილდებიან იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ სკოლაში, სადაც ვანაწილებთ, არ უნდა სწავლობდეს ან ასწავლიდეს მანდატურის ახლობელი ან ნათესავი, რათა არ ჰქონდეს ადგილი ინტერესთა კონფლიქტს.
– იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რა შემთხვევაში გადაიყვანენ მოსწავლეს სამტრედიის სპეცსკოლაში?
– სამტრედიის სპეცსკოლაში გადაიყვანენ რთულად აღსაზრდელ მოსწავლეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თანატოლებს და სისტემატურად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს.
– ცნობილია, რომ სკოლის დირექტორებს და, ზოგადად, სკოლის დირექციას, მასწავლებლებზე გაცილებით მაღალი ხელფასები აქვთ და ისინი ამ ხელფასებს იღებენ სწორედ იმიტომ, რომ მათი მოვალეობაა სკოლის მართვა. დღეს სკოლებს, ფაქტობრივად, მანდატურები მართავენ (გამომდინარე იქიდან, რომ აქვთ შემოწმების უფლება). ესე იგი, სკოლის დირექცია თავს ვერ ართმევს თავის მოვალეობას, მაშინ რაში იღებენ ხელფასს და რისთვის არიან საჭირო?
– რაც შეეხება მართვის პროცესს და მექანიზმს, მანდატური არ მართავს სკოლაში მიმდინარე პროცესებს, ვინაიდან სკოლას ჰყავს დირექტორი, სამეურვეო საბჭო, პედსაბჭო, რომლებიც ახორციელებენ შინაგანაწესით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
– რადგან საჯარო მოხელეები არიან, ალბათ, საჯაროა მანდატურების ხელფასის ოდენობაც. რამდენია მანდატურების ხელფასი?
– სკოლის მანდატურის ხელფასი შეადგენს 400 ლარს. შეგახსენებთ, რომ მანდატურის სამსახური არის სკოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ზრუნავს სკოლის უსაფრთხოებაზე.
– მხოლოდ 400-ლარიან ხელფასს იღებენ მანდატურები თუ პრემიასაც? ცნობილია, რომ ხშირად ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელეთა პრემიები უტოლდება ხელფასის ოდენობას.
– მანდატურის ხელფასი მხოლოდ 400 ლარია.
– ეს თანხა რამდენიმეჯერ აღემატება პედაგოგის ხელფასს. არ ქმნის ეს უხერხულობას?
– მანდატურის ხელფასი პედაგოგის ხელფასს მხოლოდ 20 ლარით აღემატება, თანაც, მანდატურს მეტი საათობრივი დატვირთვა აქვს.
– მე არ ვიცი, რას ეფუძნება თქვენი ინფორმაცია, რომ პედაგოგს აქვს 380 ლარის ოდენობის ხელფასი. ზუსტად ვიცი, რომ პედაგოგების ხელფასი იწყება 60 ლარიდან და მაქსიმალური თანხაა 250 ლარი (დირექციის ხელფასებს არ ვგულისხმობ). 250-ლარიანი პედაგოგების რიცხვი კი სკოლებში არცთუ მაღალია. ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, თუნდაც, 400 ლარი.
– პედაგოგი მუშაობს საათობრივი ანაზღაურებით, ხოლო მანდატურები სკოლაში რჩებიან მანამ, ვიდრე ყველა ბავშვი არ დატოვებს სკოლას.
– საკამათოა. არიან პედაგოგები, რომლებიც ორ ცვლაში მუშაობენ, მაგრამ 400 ლარს არ იღებენ ხელფასად. დაბოლოს, აღნიშნავთ, რომ მანდატურის მუშაობამ გაამართლა. ის, რომ სკოლებში აღარ ეწევიან თამბაქოს და აღარ ჭრიან დანებით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ, ეს ერთი ნაწილია სკოლის ცხოვრებაში: რატომ გაუქმდა ფსიქოლოგების შტატები სკოლებში და როდის აპირებს სამინისტრო, გაზარდოს სწავლების ნაყოფიერება, ოღონდ, საჩვენებლად კი არა, რეალურად?
– სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, სკოლებში ბავშვების დასწრება და სწავლის დონე ამაღლდეს და, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დიდი ხნის დაწყებული არ არის, შედეგი უკვე ჩანს. ამას ადასტურებს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც სწავლის დონის ასამაღლებლად არაერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია შეტანილი.
– ჩემი აზრით, პედაგოგი, სკოლის დირექცია და მანდატური არიან თანამოაზრეები, რომელთა საერთო მიზანია მომავალი თაობის დაცვა ძალადობისგან, სწავლების პროცესის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. მოარული ხმებით, რეალურად, პედაგოგები და მანდატურები ფარული დაპირისპირების მხარეებად იქცნენ. რას იტყვით ამაზე?
– არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, დღეს ნათლად იგრძნობა, რომ საზოგადოებაში მატულობს ამ სამსახურისადმი ინტერესი და ნდობის ხარისხის ამაღლება.
– მანდატურის ინსტიტუტი ახალია და, ბუნებრივია, მუშაობის პროცესში გამოიკვეთება, რა მიმართულებით საჭიროებს დახვეწას. რა ხარვეზები შეამჩნიეთ მას შემდეგ, რაც მოქმედებს, რაც უკვე გამოასწორეთ ან აპირებთ გამოსწორებას?
– მანდატურის ინსტიტუტის შექმნაზე მუშაობდნენ კვალიფიციური ექსპერტები და ფსიქოლოგები, მრავალი კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდა მათი უფლება-მოვალეობები.
– როგორია მანდატურების სამომავლო გეგმები?
– წლის ბოლომდე უნდა მოვიცვათ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, გორის ყველა სკოლა. ასევე, იგეგმება მანდატურებისთვის ტრენინგების ჩატარება.