კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა ედუარდ შევარდნაძემ „იმელის“ პარლამენტში 26 პარტიის შეყვანა ისე, რომ გადამწყვეტი ხმის უფლება მაინც თავის მომხრეებს ჰქონოდა

1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტი დღემდე რჩება ყველაზე ეგზოტიკური ელფერის მქონე საპარლამენტო შემადგენლობად. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დემოკრატიის შუქურად არავინ გვიხმობდა, ედუარდ შევარდნაძემ მოახერხა და 1992 წლის მოწვევის პარლამენტში მრავალპარტიულობა უზრუნველყო, რაც, ბუნებრივია, სულაც არ უშლიდა ხელს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში. მეორე მხრივ, დღეს, მართალია, გვაქეზებენ, დემოკრატიისკენ მიიწევთო, მაგრამ ფაქტია, ბოლო რამდენიმე მოწვევაა საქართველოს პარლამენტში მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს (როგორც ჩანს, ასეთია ქართული დემოკრატიის ხიბლი). იმ და ამდროინდელი ქართული პარლამენტების შედარება საქართველოს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის წევრს ლუიზა შაკიაშვილს ვთხოვეთ.



– როგორ მოგწონთ 2008 წლის მოწვევის პარლამენტი?

– პარლამენტის სხდომებისადმი, სადაც არანაირი პოლიტიკური დებატები არ იმართება, არ შეიძლება, რამე ინტერესი გქონდეს. რას უნდა ვუსმინო, მართლაც, ისეთი პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, რომელშიც ყველაფერი იქცეოდა?! 26 პარტიის წარმომადგენელი იყო მაშინ იმ პარლამენტში, თუმცა 235 წევრი ვიყავით, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! განა 150 კაცში არ შეიძლება, გაიმართოს პოლიტიკური დებატები?!

– როგორ იღებდით გადაწყვეტილებას 26 პარტიის წარმომადგენლები?

– მაშინ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია არ არსებობდა, ყველანი პარლამენტში იყვნენ თავმოყრილი. შევარდნაძემ სპეციალურად შემოიღო ისეთი საარჩევნო კანონი, რომელიც იძლეოდა საშუალებას, ყველა მოხვედრილიყო პარლამენტში, ვინც კი ოდნავ გადალახავდა ბარიერს. ისეთნაირად ითვლიდნენ ხმებს, რომ გარეთ არავინ დარჩენილიყო.

– შევარდნაძემ ხელოვნურად გააკეთა ის, რომ ყველა პარლამენტში მოეხვედრებინა?

– შექმნეს ისეთი კანონი, რომელიც ამას ხელს უწყობდა, ამიტომ ეს ხელოვნური აღარ გამოდის. ყველაფერი ხდებოდა საზოგადოების თვალწინ, მით უმეტეს, რომ სხდომების ტრანსლაცია მაშინაც მიმდინარეობდა. ახლა კი რა ხდება დღევანდელ პარლამენტში?! ჩვენ დროს იქცეოდა იქაურობა, მეორედ მოსვლა გეგონებოდა.

– გაწევ-გამოწევებიც ახლდა ხშირ-ხშირად.

– რა თქმა უნდა, მაგ დონემდეც კი მიდიოდა დაპირისპირება. იმიტომ რომ პოლიტიკური დებატები იმართებოდა, ისეთ საკითხებზეც კი, რომლებიც სულაც არ იყო დღის წესრიგში. მე ამ მოწვევის პარლამენტში განცხადება არც კი მომისმენია პარლამენტარებისგან, მაშინ, როდესაც ჩვენი ყველა სხდომა პოლიტიკური განცხადებებით იწყებოდა და შემდეგ გადავდიოდით დღის წესრიგზე. ამ განცხადებებს დეპუტატები აკეთებდნენ. მე პროპორციული სიით მოვხვდი პარლამენტში შევარდნაძის ბლოკ „მშვიდობიდან“, შემდეგ დავაარსეთ ფრაქცია „კონსერვატორები“, რომელიც „მონარქისტების“ ბაზაზე შეიქმნა. ფრაქციის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი იყო, რომელიც ახლა ციხეში ზის. საწყალი, ყველა მთავრობის პატიმარია: შევარდნაძემაც დაიჭირა, ზვიად გამსახურდიამაც და ამანაც. მე მხოლოდ ერთხელ ვიჯექი, ისიც კომუნისტების დროს.

– ხელფასი რამდენი გქონდათ, როდესაც პარლამენტის წევრი იყავით?

– პარლამენტის წევრებმა, თუ ვტყუოდე, ღმერთმა დამრისხოს, 24 ლარით დავამთავრეთ საპარლამენტო მოღვაწეობა.

– ეს, როდესაც უკვე ლარი შემოვიდა. მანამდე კუპონებში რამდენს იღებდით ხელფასს?

– ვერ მოგატყუებთ, კუპონებში არ მახსოვს, მაგრამ რიგით დეპუტატებს გვქონდა 24 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარეს 2-3 ლარით მეტი თუ ექნებოდა.

– რით ცხოვრობდით იმ პერიოდში?

– მე მაშინ მშობლების ხარჯზე ვცხოვრობდი.

– ვგულისხმობ, ზოგადად, პარლამენტის წევრები რით ირჩენდით თავს?

– თამრიკო ჩხეიძე, რეზო ჩხეიძის ქალიშვილი, რით იცხოვრებდა?! ხომ არ გაუჭირდებოდა ცხოვრება?! მას ხომ პურის ფულს არავინ სთხოვდა?! მაშინ ბევრი ახალგაზრდა იყო პარლამენტში, მეცნიერების შვილები. მაგალითად, რუსუდან ბერიძე, ჩემი მეგობარი, ვიცე-სპიკერი, იმით ცხოვრობდა, რომ რეპეტიტორობდა, მე ნახევარი განაკვეთი მქონდა ტელევიზიაში. კანონი არ გვიკრძალავდა საგანმანათლებლო და სახელოვნებო საქმიანობას. იმ 235-კაციან პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარეს, სულ რაღაც, ორი მოადგილე ჰყავდა, მაშინ, როდესაც ამ 150-კაციან პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარეს 8 თუ 9 მოადგილე ჰყავს.

– შესაძლოა, მაშინდელი პარლამენტარები 24 ლარს იღებდით, მაგრამ, სანამ ლარი შემოვიდოდა, უამრავმა ადამიანმა, მათ შორის, პარლამენტის წევრებმაც დიდი რაოდენობით სესხი გაიტანეს და შემდეგ კუპონებში დააბრუნეს?

– დიახ და მილიონები იშოვეს ამაზე. სხვათა შორის, ამის ყველაზე დიდი შესაძლებლობა მე და რუსუდანს გვქონდა, ისე ახლოს ვიყავით ცხონებულ დვალიშვილთანაც – ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და შევარდნაძესთანაც, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიკადრეთ, თორემ ჩვენც მილიონერები გავხდებოდით. მაგრამ, ვინც იკადრა, ყველა მილიონერი გახდა. საწყალ დვალიშვილს მათი სიაც ჰქონდა და სწორედ ამას შეეწირა. ვითომ თავი მოიკლა, მაგრამ რეალურად, სწორედ ამის გამო მოკლეს. ის სიაც გააქრეს, არავის თვალითაც არ გვინახავს. სია არ მაქვს ნანახი, მაგრამ მაშინ არ გახდა ჟვანიას „მწვანეთა პარტია“ მილიონერი?! ჟვანიაზე იმიტომ ვიცი, რომ მასზე, რატომღაც, ბევრს ლაპარაკობდნენ, თითქოს მხოლოდ მან გაიტანა ფული და სხვამ არავინ.

– ყველაზე მკაფიოდ რა გახსოვთ იმ პარლამენტის მუშაობიდან?

– დსთ-ში შესვლასთან დაკავშირებული დებატები. გვარწმუნებდნენ, თუ არ შევიდოდით დსთ-ში, დავკარგავდით ყველაფერს.

– მახსოვს, ჯანსუღ ჩარკვიანმა თქვა, იმაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, უნდა შევიდეთ თუ არა, არამედ იმას ვდარდობ, დაგვიანებული ხომ არ არის დსთ-ში შესვლაო?

– გვაშინებდნენ, მაგრამ რას გვაშინებდნენ.

– უფრო მეტად ვინ გაშინებდათ?

– უფრო შევარდნაძე და მისი მომხრეები. არც რუსუდან ბერიძეს მიუცია ხმა დსთ-ში გაწევრიანებისთვის, არც მე, არც თამარ ჩხეიძეს, არც „კონსერვატორებს“, მაგრამ ისეთი მობილიზაცია გააკეთა შევარდნაძემ, რომ ეს საკითხი მაინც გაიტანა. სპეციალურად იმ კენჭისყრისთვის მოსკოვიდან ზურაბ წერეთელიც კი გამოიძახეს და ხმა მიაცემინეს. ეშინოდათ, არ ჩავარდნოდათ ეს საკითხი. მართალია, იმ პარლამენტში 26 პარტიის წარმომადგენელი ვიყავით, მაგრამ, საერთო ჯამში, იმ 235 დეპუტატიდან ოპოზიციონერი 70-მდე დეპუტატი თუ იქნებოდა. ამიტომ, როდესაც შევარდნაძე მობილიზაციას აცხადებდა, ვერ ვუგებდით და გაჰქონდა ყველა საკითხი.

– ნოღაიდელმა როგორ დაგამახსოვრათ თავი, იმას გარდა, რომ, როგორც ზურაბ ჟვანიას მაშინდელმა ყველა თანაგუნდელმა დსთ-ში გაწევრიანებას მისცა ხმა?

– რომ გითხრათ, ნამეტანი ფახიფუხობდა-მეთქი, ტყუილი იქნება, ის ხომ ჟვანიას მეგობარი იყო?! მე იმიტომ არ შევედი არც ერთ პარტიაში, რომ პარტიულ შეზღუდვას ვერ ვიტან. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საბჭოს წევრიც გახლდით და სწორედ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა აფხაზეთში ჯარის შეყვანა. არც ამ საკითხისთვის მიგვიცია მაშინ ხმა არც მე, არც რუსუდან ბერიძეს, არც გელა ნიკოლაიშვილს, არც ნოდარ ნათაძეს, არც თამრიკო ჩხეიძეს და არც კიდევ რამდენიმე ადამიანს, მაგრამ შევარდნაძემ მაინც მოახერხა ამ საკითხის გატანა. სულ 80-ნი ვიყავით სახელმწიფო საბჭოში, შევარდნაძემ ჩამოწერა თავისი მომხრეების სია და ყველანი შეიყვანა საბჭოში. ამიტომ, როდესაც დასჭირდებოდა, თავის მომხრეებს მობილიზაციას უკეთებდა და ყველა საკითხი გაჰქონდა. ისინი უმრავლესობაში იყვნენ.

– მობილიზაციას აცხადებდა, როდესაც დასჭირდებოდაო, თუმცა 1993 წლის 24 ივლისის სხდომაზე, როდესაც 27 ივლისის ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოეხდინა პარლამენტს, შევარდნაძემ ვერ შეკრიბა უმრავლესობა და ამიტომ თქვა, ჩემი პასუხისმგებლობით გავუკეთოთ ამ ხელშეკრულებას რატიფიკაციაო. იმ ხელშეკრულებას რა მოჰყვა, ვიცით, რატომ არ მოსთხოვეთ პასუხი?

– ასეთებიც ხდებოდა. შევარდნაძის ბლოკის პარტიული სიით მოვხვდი პარლამენტში, მაგრამ გაგრის დაცემის შემდეგ ჩავუდექი ოპოზიციაში. ამის შემდეგ შევარდნაძეზე გული ვეღარ მოვიბრუნე.

– ის, ახლა რომ კონსულტაციებს უწოდებენ, არ იმართებოდა იმდროინდელ პარლამენტში? თუ შევარდნაძეს რომ მოუნდებოდა, გააკეთებდა მობილიზაციას და საკითხიც გადაწყვეტილი იყო?

– ფრაქციებში და კომისიებში იმართებოდა მსჯელობები და შემდეგ გადიოდა კენჭისყრაზე.

– არ ვაჭრობდით?

– მე პირადად ვერავინ მიბედავდა ვაჭრობას და, მაინცდამაინც, დიდად არავინ მაყენებდა საქმის კურსში. მე ვერავინ გამიბედავდა მოსყიდვას რამე საკითხში, მაგრამ იმასაც არავინ გამიმხელდა, თუ ვინმემ გაყიდა თავი ან სული. ასეთი რამეები ხომ ჩუმად ხდება ხოლმე?! თუმცა ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. სხვათა შორის, შეწყალების კომისიის წევრიც გახლდით, ბატონმა შევარდნაძემ შემიყვანა თავისი სურვილით. სამხედრო ფონდი რომ შეიქმნა ომის დროს, იმის გამგეობის წევრიც ვიყავი ნოდარ ნათაძესთან ერთად. თავმჯდომარე იყო ჭაბუა ამირეჯიბი, თუმცა პარლამენტის წევრი არ ყოფილა, შევარდნაძემ დანიშნა. მაგრამ შემდეგ თითო-თითოდ მივატოვეთ ის ფონდი.

– რატომ?

– იმიტომ რომ, ფორმალურად ვიყავით და არავინ არაფერს გვითანხმებდა, არც გვეკითხებოდა, ისე აკეთებდნენ, ხან იარაღს ყიდულობდნენ და ხან – რას და რატომ უნდა ვყოფილიყავი ფორმალურად?!

– ესე იგი, რა გამოდის? ახლა ჩვენს პარლამენტს თვალის ერთი შევლებისთანავე ეტყობა, რომ ყველაფერი წინასწარაა შეთანხმებული, მაშინ კი შევარდნაძე იდეალური დემოკრატიისა და აზრთა სხვადასხვაობის ფასადს ქმნიდა, რეალურად კი, რა საკითხიც უნდოდა, გაჰქონდა?

– დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია კენჭისყრა, საკითხები კი იმ პარლამენტში კენჭისყრით წყდებოდა. დემოკრატიის ფასადს შევარდნაძე უფრო იცავდა. რა შედარებაა? თუ დღევანდელობას შევადარებთ, შევარდნაძე იყოს დემოკრატიის სუპერვარსკვლავი და, მართლაც, კავკასიის მანათობელი შუქურა. შევარდნაძეს სად დაუხურავს იმდენი სატელევიზიო გადაცემა და ტელევიზია?!

– თუმცა შევარდნაძის დროს დღისით და მზისით ხვრეტდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიტინგებს?

– მაგაში გეთანხმებით, მე გითხარით სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, თორემ დემონსტრაციების დახვრეტა სხვა საქმეა. სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე გამოვედით მაშინ მე, თამრიკო ჩხეიძე, ნოდარ ნათაძე. სახელმწიფო საბჭოს სხდომები არ გადაიცემოდა, ამიტომ ეს ხალხმა არ იცის.

– ისე, საყურებლად მთლად სასიამოვნო არ იყო „იმელის“ პარლამენტის სხდომები?

– ვერ დაგეთანხმებით, რამდენ წელს ითვლიდა მაშინ საქართველოში პარლამენტარიზმის ისტორია?! გადახედეთ ამერიკის, იაპონიის პარლამენტებს, არ გინახავთ, რა ხდებოდა და ხდება?! ჩვენთან მსგავსი რამეები მაშინაც არ ხდებოდა. გადახედეთ ჩვენს ახლანდელ პარლამენტს, ვითომ ის ჯობია, ინკუბატორის წიწილებივით რომ აჭერენ ხელს პულტებს და ყველანაირი ფუნქცია აქვთ დაკარგული?! ეტყობა ახლანდელ პარლამენტს რამე საიმისო, რომ ქვეყნის პოლიტიკას ქმნის და აკონტროლებს?! პარლამენტი ჰქვია ასეთ პარლამენტს?! პირადად მე, ასეთ პარლამენტს ბევრად მერჩივნა ჩვენი პარლამენტი. საერთოდაც, ის პარლამენტი ჯობდა ყველა მოწვევის პარლამენტს, იმიტომ რომ იქ სიცოცხლე დუღდა. ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ ხუთშაბათს ვიწვევდით მთავრობის წევრებს.

– შედეგი თუ ჰქონდა იმ მოწვევებს?

– შედეგი შეიძლება, ყოველთვის არ ჰქონოდა, მაგრამ საზოგადოებას ხომ ვაგებინებდით სიმართლეს? სიმართლეს ხომ ვამბობდით? ვიღაცეები ხომ მაინც ვეწინააღმდეგებოდით სიტყვიერად თუ პულტზე ხელის დაჭერით?! პოლიტიკური ცხოვრება იგრძნობოდა იმ პარლამენტში. იმ დღეს, როდესაც დსთ-ში გაწევრიანებას მისცა ხმა პარლამენტმა, სულ ფაშისტები ვეძახე ყველას და ბოლოს ვიმღერე: „შიროკა სტრანა მოია როდნაია“. ისე გავმწარდი, ხმამაღლა დავიწყე სიმღერა. გადაღებულიც კი არის. ახლანდელ ან წინა პარლამენტებში მომხდარა მსგავსი რამ?!

– ახლანდელ პოლიტიკოსებში ვის ატყობთ პოლიტიკურ სიცოცხლეს?

– ჯერჯერობით უკვდავ-უბერებელი და უჭკნობი არის „ლეიბორისტული პარტია“ თავისი ლიდერიანად. არ დაიღალნენ ბრძოლაში. ისინი ოპოზიციაში 1994 წლიდან ჩადგნენ, ჩვენი პარლამენტი რომ ამთავრებდა მოღვაწეობას, თორემ მანამდე შალვა ნათელაშვილი შევარდნაძის ბანაკში იყო.

– სხვები?

– რაღაცნაირი მერყევები არიან, წამოიწყებენ თითქოს ბრძოლას და შემდეგ მიივიწყებენ.

– შეიძლება, ისევ გაცოცხლდეს პოლიტიკური ცხოვრება ჩვენთან?

– ოპოზიცია თვითონ არ ამბობს, საქართვლეოსგან არაფერი დარჩაო?! თუ ასეა, მაშინ რა პაუზებს აწყობენ?! თუ ქვეყანა თავზე გენგრევა, რა ზაფხულები და შემოდგომა აგიტყდა?! ახლა იმას ამბობენ, საარჩევნო გარემო უნდა შევცვალოთო, ვინ არის საარჩევნო გარემოს შემცვლელი?! საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?! ამდენს ვეღარ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?!

– სკამები უნდათ?

– მერედა, ვერ ხედავენ, რომ სკამებსაც არ უტოვებს მიშა სააკაშვილი და რაზე უნდა დასხდნენ?!

– მიხეილ სააკაშვილი, მგონი, ძალიან აქტიურია?

– რა თქმა უნდა. სააკაშვილმა თვითონ არ თქვა, ოპოზიციის ადგილას რომ ვიყო, სამ თვეში დავამხობდი ამ მთავრობასო?! მეტი როგორღა თქვას?! გაიძახიან, მხოლოდ კონსტიტუციური გზით უნდა შევცვალოთ ხელისუფლებაო, თუ სხვა გზა არ გინდა, იმას მაინც ხომ უნდა მიხვდე, რომ ეს კონსტიტუციური გზა არ გამოდის?! ჰოდა, დაანებე რა თავი პოლიტიკას, ან წიგნები გამოეცი, ან ლექციები ჩაატარე, ან სხვა რამეთი გაერთე.


скачать dle 11.3