კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამიერტაოს ბაგრატიონთა უკანასკნელი უფლისწულის ლიკვიდაციაში

გიორგი მესამეს ქართველ მეფეთა შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ის იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილი და თამარ მეფის მამა. მან ქვეყნის გაერთიანების საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა, ისტორიაში არის რამდენიმე ფაქტი, რომელიც მის სახელს ჩრდილს აყენებს. ამის შესახებ ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია გვესაუბრება.



– მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მესამე საკმაოდ დიდი მასშტაბების პოლიტიკური ფიგურაა, მის მოღვაწეობას მაინც გასდევს რამდენიმე ჩრდილი, რომელიც მთლიანობაში, მისი პიროვნების დახასიათებისას, არასახარბიელო მდგომარეობაში გვაგდებს. როდესაც ამ მონარქზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება თვალწინ არ წარმოგვიდგეს მისი ფრესკა ვარძიაში, ყინწვისში, საიდანაც ის მრისხანე გამომეტყველებით გვიმზერს. მისი თვალებიდან სიმკაცრე გამოსჭვივის. როგორც ჩანს, თვით მხატვრებმაც მისი ხასიათის წარმოჩენა მოახდინეს ამ ფრესკების მეშვეობით, განსხვავებით სხვა მეფეებისგან. გიორგის მზერაში აშკარად ჩანს მრისხანების დეტალი.

გიორგი იყო დემეტრე მეფის შვილი. დემეტრეს უფროსი ვაჟიც ჰყავდა – დავითი, რომელიც ძალაუფლების მოყვარე პიროვნება გახლდათ. მან 1156 წელს ჩამოაგდო ტახტიდან მამამისი, მონასტერში განაწესა და თვითონ დაჯდა მეფედ. ამ მომენტში, გიორგი მესამე ძმის გვერდითაა, მაგრამ იქვე ქართულ წყაროში იმასაც ვკითხულობთ, რომ დემეტრეს გაცილებით უფრო უყვარდა გიორგი, ვიდრე დავითიო. უფრო მეტიც, წყაროში აღნიშნულია, რომ დემეტრე ნატრობდა, დავითის სიცოცხლე დამოკლებოდაო. ეს აშკარად წარმოაჩენს, რომ მამა-შვილს შორის საკმაოდ დიდ კონფლიქტი არსებობდა და ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ – ოჯახური. აშკარად ჩანს, მსოფლმხედველობითი განსხვავება ამ მამა-შვილს შორის. ის, რასაც აკეთებს დემეტრე, აბსოლუტურად განსხვავდება დავითის ქმედებებისგან. ვინც დაჭერილი ჰყავდა დემეტრეს, დავითმა – გაათავისუფლა. ასე რომ, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. კონფლიქტი, რომელიც მამა-შვილს შორის არსებობდა, იმდენად გაღრმავდა, რომ გადაიზარდა სერიოზულ სამოქალაქო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში.

– ასეთ ვითარებაში, როგორი იყო გიორგის პოზიცია?

– გიორგი ერთი მხრივ მამის უსაყვარლესი შვილია, მეორეს მხრივ კი, ძმის გვერდით დგას. სწორედ ამ დროს, მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი. ერთ მშვენიერ დღეს საღ-სალამათი დავით მეხუთე, 6 თვის მეფობის შემდეგ, მოულოდნელად ავად გახდა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. როგორც სომეხი ისტორიკოსი ამბობს, დავით მეხუთე თავის სიკვდილით არ უნდა გარდაცვლილიყო. მას, როგორც ჩანს, სიცოცხლე მოუსწრაფეს. ეს ისტორიკოსი პირდაპირ ამბობს, დავითი მოწამლესო.

– ვინ მოწამლა?

– აქ იწყება მთავარი ინტრიგა – სომეხი ისტორიკოსი ხელს გიორგისკენ იშვერს, რომ გიორგი მესამემ მოაწამვლინა დავით მეხუთე ორბელთა მეშვეობითო. ძალიან მძიმე ბრალდებაა. ყოველივე რთულად აღიქმება, რადგან დავითმა სიკვდილის წინ, დემნა უფლისწული გიორგის შეავედრა და სთხოვა – სანამ დემნა გაიზრდება, მანამდე მართე ქვეყანა, ხოლო შემდეგ, ტახტი დემნა უფლისწულს გადაეციო. თითქოს, გიორგიმ მიიღო ძმის წინადადება, მაგრამ უცებ ჩნდება სომეხი ისტორიკოსის ცნობა, რომელიც თავდაყირა აყენებს ყველაფერს. ის ამბობს, რომ გიორგი იყო ინიციატორი ძმის მკვლელობისო. რა თქმა უნდა, დღეს, როდესაც ამდენი საუკუნე გავიდა, ძნელია ადამიანს დააბრალო ძმის მკვლელობა. დღეს ძნელია, სომეხი ისტორიკოსის ცნობა გადამოწმდეს სხვა ფაქტებით. თუმცა, კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს, რომ გიორგის ძმის წინააღმდეგ შეთქმულება მოუწყვია. ასევე შესაძლებელია, რომ ამ პროცესში ჩართული ყოფილიყო სამეფო ოჯახის წევრებიც.

ასე მოდის გიორგი მესამე ქვეყნის სათავეში. მაგრამ, მოდის არა როგორც მეფე, არამედ, როგორც რეგენტი, ადამიანი, რომელმაც უნდა გაზარდოს უფლისწული. ტახტი კი, ეკუთვნის დემნა უფლისწულს. რომელსაც საკმაოდ ცუდი ბედი ერგო. გიორგიმ ფიცი დადო სამღვდელო პირებისა და დიდებულების წინაშე, რომ როდესაც დემნა გაიზრდებოდა, მას საკუთარი ხელით გადასცემდა ტახტს. ამ პირობით ეკურთხა გიორგი მეფედ და დაიწყო ქვეყნის მართვა.

უნდა ითქვას, რომ მისი მეფობის პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, გაიზარდა საქართველოს საზღვრები. ის არ არის სუსტი მონარქი, რომელმაც სახელმწიფო ჩაიბარა და ვერ ითავა მისი პატრონობა. ეს ასე არ არის. მან დაიწყო ბრძოლა ქურდ-ავაზაკთა წინააღმდეგ და ეს სენი მთლიანად ამოძირკვა.

– როგორ?

– მემატინე წერს, ქურდსა და მოპარულს საქონელს ერთად ჩამოკიდებდნენ ხოლმე ძელზე გზის პირას, რომ ხალხისთვის საჩვენებელი ყოფილიყოო. გიორგი დიდი აღმშენებელიცაა. მის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი აშენდა. ასე რომ, გიორგი მართლაც საკმაოდ საინტერესო ფიგურაა, თუმცა არის მეორე ფაქტიც, რომელიც ამ მონარქის დადებით მხარეებს კიდევ ერთ ჩრდილს აყენებს.

– კერძოდ?

– 1177 წელს საქართველოში საკმაოდ დიდმა აჯანყებამ იფეთქა. როგორც ჩანს, ეს აჯანყება მეფისთვის მოულოდნელი იყო. მინდა გითხრათ, ასეთი დიდი აჯანყება საქართველოს ისტორიაში არც ისე ხშირად ყოფილა, ივანე ორბელიანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს მეფის შეპყრობა.

– რა იყო ამ აჯანყების მიზეზი?

– მიზეზი იყო გიორგის პირობა სამეფო კარის წინაშე – როგორც კი დემნა გაიზრდებოდა, ტახტი მისთვის დაეთმო. დემნა კი წამოიზარდა, ივანე ორბელიანის ქალიშვილზე იქორწინა და დადგა დრო მისი გამეფებისა. მაგრამ, გიორგი არ თმობდა ტახტს. ამის გამო დიდებულების დიდმა ნაწილმა ფარულად დადო პირობა, რომ გიორგი შეეპყროთ, მოეკლათ, ან მონასტერში გაეშვათ და ტახტზე დემნა აეყვანათ.

– მოახერხეს გიორგი მესამის შეპყრობა?

– არა, რადგან მასთან მივიდა ერთ-ერთი საკმაოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი – აფრიდონი, რომელიც მომავალში ხდება გიორგის ერთგული და ერთობ მაღალი თანამდებობის პირი მის კარზე და ფარულად ატყობინებს, აჯანყების შესახებ. ამის შედეგად, გიორგიმ ძალიან მალე მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, ჩაიკეტა და თბილისი მის მხარეს გადაიბირა. ამასობაში, გიორგის მიემხრო იმ დროს არსებული ყოვჩაღური გვარდია. იმდროინდელ სამეფო კარზე მსახურობდნენ ყოვჩაღები, მაგრამ არა, იმ ყოვჩაღთა შთამომავალნი, რომელნიც დავით აღმაშენებლის დროს ჩამოასახლეს, არამედ იყვნენ „ახალ ყოვჩაღები”, როგორც მათ მემატიანე უწოდებს. ესენი გახლდნენ დაქირავებული მეომრები.

გიორგიმ თავისი ერთგულები კახეთს გააგზავნა, სადაც აჯანყებულ კახელთა დამარცხება მოხერხდა. ამის შემდეგ კი მთელი რისხვა ქვემო ქართლში, ლორეს ციხეში დაბანაკებულ აჯანყებულებს დაატყდა. ლორეს ციხეში გამოკეტილ ივანე ორბელს, დემნა უფლისწულსა და მათ მომხრეებს, მუსლიმანური სამყაროდან დახმარების იმედი ჰქონდათ. გიორგიმ შემოარტყა ალყა ლორეს ციხეს. ალყა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს, მუსლიმების დახმარება რომ არ ჩანდა, აჯანყებულთა შორის დაიწყო ორჭოფობა. აჯანყებულები ნელ-ნელა, ფარულად იპარებოდნენ ლორეს ციხიდან და მეფისგან პატიებას ითხოვდნენ.

– როგორ მოიქცა ამ დროს გიორგი მესამე?

– როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, გიორგი მიხვდა, რომ მის გამარჯვებას, ფაქტობრივად, წინ აღარაფერი ეღობებოდა და საკმაოდ ეშმაკური ნაბიჯი გადადგა. ლორეს ციხიდან ყველა გამოპარული დიდი პატივით მიიღო, შეიწყალა და გულუხვად დააჯილდოვა. ამით, სტიმული მისცა დანარჩენ აჯანყებულებს.

ერთ მშვენიერ დღეს, მოხდა სასწაული – დემნა უფლისწული გოდორში ჩამჯდარი გადმოიპარა ციხიდან და წარდგა ბიძამისის წინაშე. გიორგიმ საკმაოდ კარგად მიიღო აჯანყების მთავარი ობიექტი. ამის შემდეგ აჯანყების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ამას მოჰყვა ივანე ორბელიანის დამორჩილებაც. ფაქტობრივად, აჯანყებაც დასრულდა. თუმცა, ტრაგედია, ამის შემდეგ იწყება. ერთ მშვენიერ დღეს სეირნობისას დემნა უფლისწულს უკნიდან მიეპარნენ და კლდეკარის კედლიდან გადმოაგდეს. ასეთი განაჩენი გამოუტანა გიორგი მესამემ საკუთარ ოჯახის წევრს. გიორგი მესამეს ორი ქალიშვილი ჰყავდა კანონიერი ქორწინებიდან და ერთიც ხარჭისგან ნაშობი. სამი ქალიშვილის მამა გახლდათ.

დემნა უფლისწულის მოკვლით გიორგი მესამემ ბაგრატიონთა ის შტო, რომელმაც შექმნა საქართველო, გააერთიანა – მხედველობაში მაქვს ამიერტაოს ბაგრატიონების შტო, რომელმაც საქართველოს ოსტორიას მისცა ბაგრატ მესამე, ბაგრატ მეოთხე, დავით აღმაშენებელი, არსებობა დაასრულა.

ბოლო მომენტამდე გიორგი მრისხანებით იყო მოცული. როდესაც დემნა გარდაიცვალა, ის არ დაასაფლავეს გელათში, სადაც იმხანად ბაგრატიონთა სამეფო საძვალე იყო. ის დაკრძალეს სვეტიცხოველში. ასე ტრაგიკულად დასრულდა დემნას ცხოვრება. გიორგი მესამემ ორბელები ქვეყნიდან გაყარა. ამის შემდეგ გიორგიმ იმისათვის, რომ ტახტი დაემტკიცებინა, 1178 მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზედაც დიდი პრივილეგიები მიანიჭა ეკლესიას, სანაცვლოდ კი, გიორგის თანამოსაყდრედ ქალი უნდა დაენიშნა. ამის შემდეგ მოდის ტახტზე თამარ მეფე. ის იყო ჯერ თანამოსაყდრე, 1186 წლიდან – ტახტის მემკვიდრე. ასეთი იყო გიორგი მესამის ცხოვრება. ძნელია თქვა, რომ ის იყო ანტიგმირი. თუმცა, მის მოღვაწეობაში არის რამდენიმე დეტალი, რომელიც მკითხველს მაინცდამაინც დიდი სიმპათიით არ განაწყობს. სამწუხაროდ, ტახტისათვის ბრძოლა გიორგი მესამეს გვამებზე გავლით მოუხდა.


скачать dle 11.3