იყო თუ არა მიხეილ ჯავახიშვილი 1924 წლის აჯანყების საქმის კურსში და არის თუ არა სერგო ორჯონიკიძე ერთ-ერთი პერსონაჟის პროტოტიპი
20 ნოემბერს სრულდება 130 წელი დიდი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან. მისი ბიოგრაფიის, შემოქმედების ირგვლივ ჯერაც დიდი ვნებათაღელვაა... ჩვენი რესპონდენტია ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, რომელიც დღეს „არსენა მარაბდელსაც“ შეეხება და სხვა საინტერესო თემებსაც.
– ბატონო გელა, თქვენ რამდენიმე პუბლიკაციაში გამოთქვით მოსაზრება, რომ „არსენა მარაბდელი“ ქაქუცა ჩოლოყაშვილზე მოგვითხრობს. მაშინ, როგორღა ახსნით იმ ფაქტს, რომ წერილში „როგორ იწერებოდა არსენა მარაბდელი“, მწერალი არსენას პროტოტიპად თავის ბიძაშვილ ბაგრატ ბურნაძეს, მოიხსენიებს. გაგახსენებთ ერთსაც: ჩვენი ამასწინანდელი შეხვედრისას, თქვენ ახსენეთ, რომ რომანში სერგო ორჯონიკიძეც არის გამოყვანილი. მაშინ მე წაგიყრუეთ, დღეს კი გეკითხებით: სად ოძელაშვილი და სად – ორჯონიკიძე?
– ილია ჭავჭავაძე ბოლშევიკებმა მოკლეს 1907 წლის 30 აგვისტოს ძველი სტილით... მიხეილ ჯავახიშვილი იმავე ბოლშევიკებმა დახვრიტეს 1937 წლის 30 სექტემბერს ახალი სტილით...
ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში (ფიზიკურ მკვლელობაში!) მთავარი როლი სერგო ორჯონიკიძემ შეასრულა, მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის (პირველი მცდელობა იყო – 1923 წელს) აცილებაშიც – მანვე...
გადარჩენილი მიხეილ ჯავახიშვილი, რომელსაც 14 წლით გადაუვადეს დახვრეტა, გგონიათ, ბედნიერი და მადლიერი იყო მოვლენათა ამგვარი განვითარებით? ნურას უკაცრავად! ის იყო ძალიან გაბოროტებული, შურისძიებით აღვსილი, შინაგანად მოტივირებული საბრძოლველად, რადგან სიკვდილის შიში უკვე დაძლეული ჰქონდა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, ყველაფერზე იყო წამსვლელი!
მისი უკლებლივ ყველა რომანი ანტიბოლშევიკურია! საყოველთაოდ დადგენილია: სიტყვას იარაღზე ნაკლები ძალა არ აქვს!
როგორ გგონიათ, რომ დაეწერა რომანი სათაურით „ქაქუცა ჩოლოყაშვილის თავგადასავალი“, ან – „ქაქუცა მატნელი“, 1926 წელს ვინმე დაუბეჭდავდა?
იგი იძულებული შეიქნა, ისეთი ლიტერატურული ხერხები გამოეყენებინა, რომლებითაც თავის სათქმელს (არსი – ბოლშევიკების სიძულვილი, სამშობლოს სიყვარული) მკითხველამდე მიიტანდა. ამასთან, ისე, რომ ნაწარმოების გაგება, გარკვეული მიმართულების მიცემისას, „მცირემცოდნე“ ხალხსაც კი შესძლებოდა.
მგონი, დამეთანხმებით, გასული საუკუნის 20-30-იან წლებში, ბოლშევიკების პროპაგანდისტული მანქანის წყალობით ეგნატე ნინოშვილი ლამის ყველა დროის საუკეთესო ქართველ მწერლად ითვლებოდა, ილია და აკაკი ფეოდალები იყვნენ, ვაჟა კი „გამოუსვლელი“, რომელიც თავისი კუთხის ადათ-წესების გადმოცემის თემატიკას ვერ გასცდა, კლასთა ბრძოლის თეორიამდე ვერ ამაღლდა!
მოდი, ვნახოთ, რა ლიტერატურულ ხერხს იყენებდა ნინოშვილი სისტემატურად. თავის პერსონაჟს ისეთ გვარს (ძირითადად მხოლოდ გვარს) მოუძებნიდა, რომელიც ზედმიწევნით გადმოსცემდა ამ პერსონაჟისადმი მწერლის დამოკიდებულების არსს! გაიხსენეთ მისი მუნჯაძე, უიშვილი, მცირიშვილი, ტარიელ მკლავაძე, დროიძე, ძალაძე, გულფუჭაძე...
– ასეთ ხერხს ხომ დოსტოევსკიც მიმართავდა...
– მაგრამ დოსტოევსკის ხომ ყველა ვერ გაიგებს, თანაც 20-30-იან წლებში ნათარგმნიც ცოტა იყო და, თანაც არც ბოლშევიკები სწყალობდნენ...
– მაშინ, ლავრენტი არდაზიანი – მასთან ხომ პერსონაჟებად არიან გამწკეპავიძე, რაინდიძე... თუმცა, არც არდაზიანი იყო ბოლშევიკებისგან განებივრებული.
– აგაშენათ ღმერთმა! ჯავახიშვილმა კი პირველი „რეპეტიცია“ ჯერ კიდევ „კვაჭი კვაჭანტირაძეში“ გაიარა: ჩხუბიშვილი, ავლაბრიანი... გაბო სულ საჩხუბრად მიიწევს, სედრაკა კი, ავლაბრიანის ნაცვლად არუთინაშვილი რომ ყოფილიყო, ვერ მივხვდებოდით მის სომხობას?
შემდეგ იყო „ჯაყოს ხიზნები“, რომელშიც ეს ლიტერატურული ხერხი უფრო გაართულა. გარდა ამისა, გამოიყენა ახალი ხერხი – გეოგრაფიულ სახელწოდებათა შეცვლით საკუთარი ჩანაფიქრის გადმოცემა...
– გეოგრაფია მოიცდის! ჯერ თქვენ უნდა მიპასუხოთ, რა უნდა ორჯონიკიძეს მეცხრამეტე საუკუნეში?
– არსენას მთელი მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეშიც ხდება და მეოცეშიც. მწერალი ასეთ ხერხს მიმართავს – ერთ პერსონაჟში ორ ან სამ პროტოტიპს მოიაზრებს. გაიხსენეთ, კვაჭიც ხომ „ნარევი“ ტიპია... რაც შეეხება სერგო ორჯონიკიძეს, მისი პროტოტიპი გახლავთ სევასტი ლაცაბიძე (უფრო სწორად პირიქით), რომელიც, ამავე დროს, ბორჩალოელი თავადის – ივანე მელიქიშვილის მზარეულია – იმერელი სანდრო.
– ვითომ, დასაჯერებელია? სერგო ხომ ფერშალი იყო, სევასტი კი მზარეული არის? თანაც, სევასტის ჩამოახრჩობენ, ორჯონიკიძის სიკვდილს, მართალია, მწერალი კი მოეწრო მაგრამ ...
– ლაცაბიძეც რომ ფერშალი ყოფილიყო, ნამეტანი იქნებოდა! ორჯონიკიძეს გარეგნობაში გამოსარჩევი რა ჰქონდა?
– ულვაშები.
– ნახეთ, მერე, „არსენაში“ აქვს თუ არა ლაცაბიძეს ულვაშები!
– დავუშვათ, ულვაშები დაემთხვა. სხვა რა?
– რა ერქვა ორჯონიკიძეს?
– სერგო.
– რა ჰქვია ლაცაბიძეს?
– სევასტი.
– ხომ იწყება ორივე სახელი „სე“-თი?
– თქვენ რა, ხუმრობთ?
– სულაც არა. სადაურია ორჯონიკიძე?
– ხარაგაულელი, ღორეშიდან.
– მერე, სადაურია ლაცაბიძე?
– ზუსტად არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ღორეშიდან არ უნდა იყოს!
– ესე იგი, რადგან ღორეშიდან არ არის, პროტოტიპი ვერ იქნება? სევასტი ლაცაბიძე შორაპნის მაზრის სოფელ ხარაგაულიდან არის! თანაც, პოსტსაბჭოური პუბლიკაციებით სავარაუდოა, რომ ორჯონიკიძე მოკლეს... ჯავახიშვილმა ინტუიციით განჭვრიტა, უწინასწარმეტყველა, უფრო სწორად, ასე ჩათვალა საჭიროდ – მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, სევასტი ბუნებრივი სიკვდილით არ უნდა მომკვდარიყო. და არც სერგო მომკვდარა ბუნებრივად...
– იცით, მაინცდამაინც ვერ დამაჯერეთ. ახლა გეოგრაფიაზე გადავიდეთ – თქვენ რაღაცის თქმა გინდოდათ.
– ძალიან მალე დაიჯერებთ. ამჯერად გულახდილობისთვის მადლობას მოგახსენებთ.
„ჯაყოს ხიზნებში“ რეალური გეოგრაფიული გარემო არის აღწერილი: ლიახვის ხეობა, გორი, ცხინვალი, დუშეთი, სურამის ქედი, ქართლი, როკის მთები... აქვეა გამოყვანილი ორი სოფელი – ნაშინდარი და ლევანაშენი. სინამდვილეში ასეთი დასახელების სოფლები არც ადრე არსებობდნენ, არც ჯაყოს ხანაში და არც დღეს არსებობენ...
– ამით რისი თქმა გინდათ?
– კრიტიკოსთა, მკვლევართა უმრავლესობამ ეს ფაქტი ვერც შეამჩნია. საერთოდ, მიხეილ ჯავახიშვილს სჩვევია – ხანდახან დეტალებით ამბობს მთავარ სათქმელს! რეალურად ორმა კაცმა სცადა არარსებული სოფლის – ნაშინდარის ეტიმოლოგიაში გარკვევა და, რასაკვირველია, მცდარ გზას გაჰყვნენ, ხელი მოეცარათ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სოფლის სახელწოდების ანალიზი პერსონაჟთა სახელების (უფრო სწორად – სახელ-გვარების) ანალიზთან ერთ კონტექსტში ვერ გაიაზრეს, თანაც, ორივენი (მკვლევარნი) მხოლოდ ერთ მნიშვნელობას ანიჭებდნენ უპირატესობას, მაშინ როცა სინამდვილეში „ნაშინდარი“ მწერალს ორი მნიშვნელობით აქვს „ნათარგმანები“, ისევე, როგორც პერსონაჟთა უმრავლესობა.
– რადგან იმ მკვლევართა დასახელება არ გნებავთ, არც ჩაგეძიებით... თქვენ მიიჩნევთ, რომ „არსენაში“ შალვა ამირეჯიბიც არის გამოყვანილი. რა არგუმენტს ეყრდნობით?
– 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა ზუსტი ვინაობა დადგენილია: სულ ფიგურირებდა 98 კაცი (მთლიანად საქმეში გადიოდა 145 კაცი). ასეთი პიროვნება კი – შალვა ბარათაშვილი – იმ 98 კაცში არ გვხვდება. აშკარაა, იგი მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა მამამისი დუცალი რეალურად არსებული პიროვნება გახლდათ. ასე რომ, საყურადღებოა მხოლოდ სახელი – შალვა.
– ვთქვათ, მიხეილ ჯავახიშვილს აქვს რემინისცენციები 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეების თაობაზე. საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს ამბები, აკი იგი 1923 წლის აგვისტოდან ყოველგვარ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა?
– ჯავახიშვილი ძალზე კომუნიკაბელური ადამიანი გახლდათ, ძალზე ბევრ პოლიტიკოსსა, თუ პოლიტიკასთან დაკავშირებულს პირადად იცნობდა და ფართო არჩევანი ჰქონდა მათგან ინფორმაციის მისაღებად. მართალია, 1924 წლის აჯანყების მონაწილე შეფიცულთა დიდი ნაწილი იმავე წლის შემოდგომაზე საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში, მაგრამ აქ ხომ დარჩნენ მათი ოჯახის წევრები, ახლობლები... ერთი მათგანი ჩემი ნათესავიც გახლდათ.
– შეგიძლიათ, დაგვისახელოთ?
– ეს პიროვნებაა სოსო გარაყანიძე, პაპაჩემის ბიძაშვილი. იგი ქაქუცას მარჯვენა ხელის, ალექსანდრე სულხანიშვილის სიძე გახლდათ – დის ქმარი. სხვათა შორის, როცა ღრმად მოხუცებული ალექსანდრე, 66-წლიანი განშორების შემდეგ, 1990 წელს, საქართველოში დაბრუნდა, ის ათიოდე დღე, რაც მან გარდაცვალებამდე თბილისში დაყო, თავისი დისშვილის – მაყვალა გარაყანიძის ბინაში გაატარა.
მაყვალამ ბევრი რამ საინტერესო მიამბო თავის მამაზე, რომელიც, ასევე, 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. ისიც აღნიშნა, რომ სოსოს მიხეილ ჯავახიშვილთან ნაცნობობა აკავშირებდა... სიმართლე ითქვას, მაშინ მის ნათქვამს უნდობლად მოვეკიდე, მაგრამ, გავიდა 15 წელიწადი და მაყვალას სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდი. 2005 წელს ქალბატონებმა მარინე შიშნიაშვილმა და ცისანა გენძეხაძემ დიდებული საჩუქარი მიუძღვნეს ჯავახიშვილის შემოქმედებით დაინტერესებულთ – „უბის წიგნაკიდან“. აღმოჩნდა, რომ მწერალი მას მართლა იცნობდა, იგი მას თავის უბის წიგნაკში მოიხსენიებს...
ისე, სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ მიხეილ ჯავახიშვილი 1924 წლის აჯანყების საქმის კურსში გახლდათ, „ჯაყოს ხიზნებიდანაც“ ჩანს. რომანის ერთ ეპიზოდში მარგო ეუბნება თეიმურაზს:
„ნიკო შივაშვილი შემხვდა.
– რა დ...დდაგაბარა? სთქვი მალე, სთქვი!
და როცა დანაბარი მოისმინა, აცქმუტდა, აიშალა და ნახუცარ ივანესთან გაიქცა...
– ივანე, ახ...ხხალი ამბავი მომიტანა მარგომ. ნიკო შივაშვილს დაუბარებია, რომ...
და თეიმურაზმა ივანეს ქალაქიდან მოფრენილი ჩიტი შეუფრინა ყურში.“
– ამ ციტატის მოხმობით გამოდის, რომ თეიმურაზ ხევისთავის პროტოტიპად თავად მწერალი მიგაჩნიათ?
– თეიმურაზიც სამსახოვანია: საკუთრივ თეიმურაზ ხევისთავი, მწერალი და თეიმურაზ პირველი.
თეიმურაზ პირველი უკიდურესად ტრაგიკული ბედის ისტორიული პიროვნებაა: რაც მას დაჰმართა სპარსეთმა, ის დაჰმართა რუსეთმა (ჯაყომ) მარგოს (საქართველოს). რასაკვირველია, ორივე პერსონაჟი სამსახოვანია, მაგრამ, მათ ამოსაცნობად გარკვეული ცოდნის მარაგია საჭირო, კერძოდ: წასაკითხავი ან გადასაკითხავია სტალინის ბიოგრაფია და ალექსანდრე ყაზბეგის ნაწერები (ჯაყოს „გასაშიფრად“); აგრეთვე, ალექსანდრე დიუმას (მამის) „დედოფალი მარგო“ და ყაფლანიშვილთა გვარის ისტორია (მარგოს „გასაშიფრად“).
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ გამოხატა მწერალმა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა გასული საუკუნის 20-იან წლებში იმ ურთიერთობით, რაც გამოიხატება ჯაყოსა და მარგოს ქმედებებში...
ძველ ქართულ ისტორიულ ქრონიკებში გვხვდება სიტყვები: „შეუძახნეს“, „მიეტევნეს“, „გადრიკეს“, „გააქცივეს“, „აოტნეს“, „მოსტყვევნეს“... ის უწმაწური ზმნა კი, რომელიც გამოხატავს ჯაყოს ურთიერთობას მარგოსთან, ამ უკანასკნელი სიტყვის შეკვეცით არის მიღებული.