ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, საკვების რაოდენობა, რომელსაც ძაღლი ყოველდღიურად იღებს, უნდა გავაკონტროლოთ, თუ არ არის აუცილებელი?
პასუხი: მუდმივად უნდა გააკონტროლოთ მიღებული საკვების რაოდენობა. ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ თითოეული რა რაოდენობისა და სახის საზრდო ნივთიერებებს შეიცავს. როგორია მათი კალორიულობა და გადამუშავებისას დანაკარგის პროცენტი. ამით თქვენს ძაღლს არასასურველ სიმსუქნეს აარიდებთ.
კითხვა: არის შემთხვევები, როცა ძაღლი ასაკის მატებასთან ერთად აგრესიული ხდება, უმიზეზოდ იკბინება და პატრონზეც კი იწევს.
პასუხი: თუ ძაღლი მანამდე არ ავლენდა ანალოგიურ თვისებებს და ასაკის მატებასთან ერთად დაეწყო, ეწვიეთ ვეტერინარს. საქართველოში, სამწუხაროდ, ცხოველების ნევროპათოლოგი არ არსებობს. შესაბამისად, ყველაზე კარგ შედეგს მოვგცემს ცხოველებისთვის სპეციალიზებული დამაწყნარებელი საშუალების გამოყენება. ვეტერინარი ექიმი გამოუწერს, თუ რა დოზით უნდა მიიღოს ძაღლმა პრეპარატი და ნერვული სისტემაც მოუწესრიგდება. ასევე, აუცილებლად უნდა მიაგნოთ მიზეზს, თუ რატომ გახდა ძაღლი აგრესიული.
კითხვა: მაინტერესებს, ორსულობის დროს თუ ძაღლი ფილტვების ანთებით გახდა ავად, უქმნის თუ არა ეს პრობლებას მის ლეკვებს?
პასუხი: პრობლემას ნამდვილად უქმნის. ფილტვების ანთების პერიოდში ძაღლმა შეიძლება, საერთოდ ვეღარ იმშობიაროს, მოხდეს მუცელში მყოფი ლეკვების ორგანიზმში გაწოვა და ეს გამოსაჯანმრთელებლად გამოიყენოს. შეიძლება სუსტი ლეკვები ან საერთოდ მკვდარი ლეკვები დაბადოს. ორსულობის დროს ნებისმიერი პათოლოგია შეიძლება განვითარდეს, იმისდა მიხედვით, თუ რა სირთულის ფილტვების ანთება აქვს და რა პერიოდში მოხდა ჩარევა. ფილტვების ანთებისგან ძაღლის გამოჯანმრთელება ექიმის ჩარევის გარეშე ძნელია. როგორც წესი, ეს სიკვდილით მთავრდება. ამიტომ პატრონი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს.
კითხვა: ოჯახის წევრები საშობაოდ ევროპაში ვგეგმავთ გამგზავრებას. თან, აუცილებლად, ჩვენი ძაღლიც უნდა წავიყვანოთ. მაინტერესებს, რთულია თუ არა ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავით და რა არის ამისთვის საჭირო?
პასუხი: ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავის საშუალებით, რა თქმა უნდა, შეიძლება. ამისთვის, არცთუ ცოტა რამ არის საჭირო. მაგალითად, უნდა გქონდეთ ძაღლის სარეგისტრაციო მოწმობა, სადაც მითითებული იქნება – ძაღლის ჯიში, ასაკი, სქესი, ოფიციალური სახელი, მფლობელი და ჩაკრული მიკროჩიპის შტრიხკოდი. დაგჭირდებათ ძაღლის ვეტერინარული პასპორტი, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ძაღლსა და მისთვის ჩატარებულ ვაქცინაციაზე. გამგზავრებამდე 1 თვით ადრე მიდიხართ ვეტერინართან, რომელსაც ძაღლი კარანტინზე აჰყავს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ ოფიციალურ ცნობას კარანტინის გავლის შესახებ. ამ ცნობის საფუძველზე იღებთ ვეტერინარულ მოწმობას, ანუ ეგრეთ წოდებულ ფორმა ნომერ ერთს. ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავით დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სამგზავრო კონტეინერით, რომლითაც ის საბარგო განყოფილებაში მიჰყავთ. იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში არ არის გათბობა, მაშინ მას მოათავსებენ სალონისა და პილოტების კაბინის დამაკავშირებელ სპეციალურ ნიშაში. ფრენის განმავლობაში, თქვენ ძაღლთან ვერ იკონტაქტებთ, რადგან იქ შესვლა აკრძალულია.