კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მართალია თუ არა, რომ სელის თესლი ხელს უწყობს გახდომას? თუ ეს ასეა, გთხოვთ, მასწავლოთ მისი გამოყენების რეცეპტი.
პასუხი: სელის თესლი ნამდვილად დაგეხმარებათ გახდომაში. ის შეიცავს პროტეინებს, პოლისაქარიდებს, საკვებ ბოჭკოებს (ლიგანებს), გაჯერებულ ცხიმმჟავებს, A, B, E, F ვიტამინებს. გარდა ამისა, სელის ნახარშს ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლეიდები, ტოქსინები და სხვა შხამიანი ნივთიერებები, რაც დადებით გავლენას ახდენს ცხიმებისა და ქოლესტერინის ცვლაზე. ნახარში უნდა მოამზადოთ მხოლოდ ერთი დღის ულუფა: 2 სადილის კოვზი დაცეხვილი თესლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ დილამდე. სითხე მიიღეთ დილას და საღამოს (ნახევარ-ნახევარი), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სასურველია, ჩაიტაროთ 2-3 კურსი. თითო კურსი ათდღიანია, შემდეგ ათი დღე უნდა შეისვენოთ და ასეთივე შუალედებით გაიმეოროთ 2-3-ჯერ.
კითხვა: გამიგია, რომ ვარდი დადებითად მოქმედებს სახის კანზე. რაში გამოიხატება ეს და, კერძოდ, რა თვისებების გამო აქვს ვარდს ასეთი ეფექტი?
პასუხი: ვარდი შეიცავს ეთერზეთებს, რომლებსაც გამაახალგაზრდავებელი უნარი აქვთ. შესაბამისად, თუ თქვენს საწოლ ოთახში ყოველ საღამოს დადგამთ ვარდების თაიგულს, დილით აშკარად მხნედ და გაახალგაზრდავებულად იგრძნობთ თავს, რაც თქვენი სახის კანზეც დადებითად აისახება.
კითხვა: ზაფხულის განმავლობაში ძალიან გამიუფერულდა თმა, თითქოს ხარისხიც დაუქვეითდა. რომელი შამპუნითაც არ უნდა დავიბანო, არაფერი მშველის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ზაფხულში ხშირად ხდება ასე, მით უმეტეს, თუ ზღვაზე იყავით და დიდხანს გიწევდათ მზეზე ყოფნა. თქვენი თმა არათუ გაუფერულდა, არამედ, გამოიფიტა კიდეც: ამიტომ, აუცილებელია, ცოტა ხელი წააშველოთ: ყოველ მეორე საღამოს თმის ძირებში მონაცვლეობით შეიზილეთ A, D და E ვიტამინების ნაზავი, აბუსალათინის, ან, სულაც, ზეითუნის ზეთი, გაიჩერეთ 2 საათი, ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით და გადაივლეთ წყალში გახსნილი ძმარი. ეს არის საუკეთესო საშუალება თმის სტრუქტურის აღსადგენად.
კითხვა: სახეზე საკმაოდ მკვეთრად მეტყობა კაპილარები. საკმარისია, სკრაბი გამოვიყენო, რომ მთელი სახე თითქოს ვარდისფერი ბადით დამეფარება ხოლმე. როგორ უნდა მოვუარო ასეთ კანს?
პასუხი: ასეთი კანის გასაწმენდად უნდა გამოიყენოთ კოსმეტიკური რძე, რომლის შემადგენლობაში შედის ვიტამინები: C, K და P, რადგან სწორედ ისინი აძლიერებს სისხლძარღვებს. ასევე, კარგია მატონიზებელი ლოსიონების გამოყენებაც. ხმარებიდან საერთოდ ამოიღეთ სკრაბები, სპირტის შემცველი ტონიკები, კანის დამჭიმავი ნიღბები და აგრესიული პილინგები. კრემის შერჩევისას კი, უპირატესობა მიანიჭეთ იმას, რომელიც გამოიყენება კუპეროზის (კანის ზედა შრესთან ახლოს განლაგებული კაპილარების) დასათრგუნავად.
კითხვა: მალე 35 წლის გავხდები. ვარ 7 თვის ფეხმძიმე და მთელი ამ შვიდი თვის განმავლობაში ჩვეულებრივად ვხმარობ იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებსაც მანამდე ვიყენებდი. სწორად ვიქცევი თუ არა?
პასუხი: კოსმეტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორსულობის პერიოდში უმჯობესია, თავი შეიკავოთ კოსმეტიკური საშუალებებისგან და მკვებავის ნაცვლად სახეზე წაისვათ ორთქლზე გადადუღებული ზეითუნის ზეთი; ნაწილს კი მიაჩნია, რომ ფეხმძიმეებისთვის დასაშვებია იმ კოსმეტიკის მოხმარება, რომელსაც ისინი დაფეხმძიმებამდე იყენებდნენ, ანუ, რასაც მათი კანი უკვე შეჩვეულია. ოღონდ, თავი უნდა შეიკავოთ ალერგიული პრეპარატებისგან და იმ კოსმეტიკური საშუალებებისგან, რომელთა შემადგენლობაში შედის: ვიტამინი A და სპირტი (მაგალითად, ტონიკებსა და ლოსიონებში).
კითხვა: მართალია, ზაფხულის სეზონი უკვე გავიდა, მაგრამ, მაინც მაინტერესებს, როგორ უნდა დავიცვა წარბები და წამწამები გამოხუნებისგან?
პასუხი: წარბებისა და წამწამების გამოხუნებისგან დაცვის ყველაზე მარტივი საშუალებაა მზის სათვალის ტარება. გარდა ამისა, უკვე კარგა ხანია, საფირმო მაღაზიებსა და აფთიაქებში იყიდება ამ დანიშნულების მქონე ბალზამი, ზეთები, კრემები და გელი, რომელთაგან თქვენთვის სასურველი ვარიანტი უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით.