როგორ მოვუაროთ კანს თვალების გარშემო
თვალები – სულის სარკეა. თვალები არასდროს იტყუებიან. მათი მეშვეობით შეიძლება, ამოიცნოს ადამიანმა ის, რასაც ხანდახან ასე საგულდაგულოდ ვმალავთ: სევდა, სიხარული, იმედგაცრუება და... ასაკი.
მთელი მსოფლიოს ქალები უამრავ ენერგიასა და თანხას ხარჯავენ იმისთვის, რომ დაამარცხონ დრო და, რაც შეიძლება, დიდხანს იყვნენ ახალგაზრდები და ლამაზები, მაგრამ თვალების კუთხეებში გაჩენილი წვრილი ნაოჭები ვერაგულად გასცემენ ასაკს.
ცნობილია, რომ კანი თვალების გარშემო ძალიან ნაზია და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. სამწუხაროდ, არცთუ ისე ბევრი ქალი მიმართავს რადიკალურ ზომებს გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მისაღწევად. არსებობს სპეციალური კრემები, რომელთა მოხმარებითაც საოცარ შედეგს მიაღწევთ, მაგრამ მათ, ვისაც ამ კოსმეტიკური საშუალებების შეძენის საშუალება არ აქვთ, ვურჩევთ, არ დაიზარონ და დღის განმავლობაში დროის პატარა მონაკვეთი დაუთმონ საკუთარ თავს და, გვერწმუნეთ, არანაკლებ ეფექტს მიიღებენ.
პირველ ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ ნაოჭების გაჩენას საკმაოდ ადრეულ ასაკში უწყობს ხელს მიმიკები საუბრის, სიცილის ან კითხვის დროს, თვალების მოწკურვა. ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ, აკონტროლოთ თავი.
მეორე: როგორი ტიპის კანიც არ უნდა გქონდეთ (თუნდაც ცხიმიანი), თვალების გარშემო ყოველ დილით წაისვით დამატენიანებელი და დამცავი კრემები, საღამოს კი – დამატენიანებელი და მკვებავი (თვალის გელი). ანუ, დამატენიანებელი სულ უნდა გესვათ.
მესამე: როგორც უკვე გითხარით, კანი თვალების გარშემო ძალიან ნაზია. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, მასაჟი გააკეთებინეთ სპეციალისტს.
მეოთხე: სახის მკვებავის წასმა თვალების გარშემო რეკომენდებული არ არის, თვალის გელი კი, შეგიძლიათ, მთელ სახეზე წაისვათ.
ვისაც მაღაზიაში ნაყიდ კოსმეტიკურ საშუალებებს სახლში მომზადებული კრემები ურჩევნია, ვთავაზობთ თვალის გელისა და დამატენიანებელი კრემის რეცეპტებს:
თვალის გელი (პატარა ულუფა):
კაკლის ცხიმი – 5 გრამი, სპერმაცეტი – 4 გრამი, თაფლის სანთელი – 2,5 გრამი, ატმის ზეთი – 30 მილილიტრი, ახალგამოწურული ოხრახუში – 5 მილილიტრი.
კაკაოს ცხიმი და თაფლის სანთელი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და მოათავსეთ სპეციალურ როდინში. სპერმაცეტი წინასწარ გახსენით 15 მილილიტრ ზეთში და ისიც როდინში მოათავსეთ. როდინი დადგით წყლის აბაზანაზე და დაელოდეთ, სანამ ყველაფერი გადნება. გადმოდგით და გააჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. მასა რომ გაცივდება და შემაგრდება, ამ როდინისავე ფილთაქვით ძალიან ნაზად მოზილეთ. დაიწყეთ ერთი მიმართულებით. მთელ მასას რომ მოზელთ, წვეთ-წვეთად, მონაცვლეობით დაამატეთ დარჩენილი ზეთი (15 მილილიტრი) და ოხრახუშის წვენი, თან ინტენსიურად ზილეთ. ზეთი და ოხრახუშის წვენი რომ ამოიწურება, გელი მზად არის.
დამცავი კრემი (ნორმალური კანისთვის):
3 გრამი ზინცი, 3 გრამი ტალკი და 1 გრამი ქინაქინა ან სალოლი მოათავსეთ როდინში, ჩაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად აზილეთ. მერე ნელ-ნელა შეაზილეთ 100 გრამი ძირითადი მკვებავი.