რის მიმართ გამოხატავენ აგრესიას დღევანდელი ქართველი პანკები და რა მიზანი აქვთ მათ ცხოვრებაში
დაახლოებით 60-იანი წლებიდან ინგლისში გვხვდება ადამიანთა უცნაური დაჯგუფება – პანკები. ამ ადამიანებმა ეს სტილი შექმნეს პროტესტის გამოსახატავად. ისინი ყველასა და ყველაფრის მიმართ გამოთქვამდნენ პროტესტს. ნელ-ნელა პანკები მთელ მსოფლიოს მოედნენ და, მათ შორის – საქართველოსაც. ჩვენ ქვეყანაში დღესაც არიან ამ იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. რას ფიქრობენ ისინი, როგორები არიან და რა მიზანი აქვთ ცხოვრებაში ამ თემაზე გვესაუბრებიან ნინია ბალავაძე, რომელიც პანკი არ არის, უბრალოდ, თავისი აზრი აქვს ამ ადამიანების შესახებ და პანკების ერთ-ერთი წარმომადგენელი ბილი.
– სად და როდის გაჩნდნენ პირველი პანკები?
ნინია: პირველი პანკები იყვნენ ინგლისელები, შემდეგ – ამერიკელები. ეს იდეოლოგია ჩამოყალიბდა დაახლოებით 60-იან წლებში, პოლიტიკური პროტესტის გამოსახატავად. ყველაფერი დაიწყო ვიეტნამის ომის დროს, როდესაც პაციფისტები გამოვიდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, რათა ამერიკას შეეწყვიტა ვიეტნამის დაბომბვა. ამის შემდეგ პაციფისტები კიდევ დიდხანს მართავდნენ სხვადასხვა სახის აქციებს. მაგალითად: „ფრი-ლავ“, „ფრი-სექს“ და ასე შემდეგ. ასე ჩამოყალიბდა „პანკის“ ცნება ჩვენს ცხოვრებაში. დროთა განმავლობაში ამ ადამიანებმა თავისუფლების გამოხატვა სხვანაირად დაიწყეს, მაგალითად, თუ მე ქუჩაში შიშველი ვივლი, ესე იგი, თავისუფალი ვარ.
ბილი: მე ვერ დაგეთანხმები. პანკები თავისუფლებას გამოხატავენ ისე, როგორც მათ სიამოვნებთ. აბა, ისაა კაი, ყველა ერთნაირად ჩაცმული რომ დადის, ერთნაირ მუსიკას უსმენენ და ერთნაირი ვარცხნილობა რომ აქვთ? რაღაცით ხომ უნდა იყო სხვისგან განსხვავებული. ჩვენ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ჩვენ გაგვიხარდება, არავინ გვზღუდავს.
– რატომ გადაწყვიტე, რომ გამხდარიყავი პანკი?
– პანკი არის ყველაზე თავისუფალი ადამიანი – აკეთებ იმას, რაც გინდა, როგორც გინდა და სადაც გინდა. ჩემი პანკად გრდაქმნა მოხდა თავისთავად. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე: ვერავინ მიგებდა, არავის მოსწონდა ჩემი შეხედულებები, საქციელი, საუბარი. ერთ დღესაც, გადავწყვიტე, დავმეგობრებოდი ამ ადამიანებს. ისინი ყველაზე კარგად მიგებდნენ, რადგან ყველაფერში ჩემნაირი შეხედულებები ჰქონდათ.
– როცა იკრიბებით, რას აკეთებთ ხოლმე, სად დადიხართ?
– თითქმის მთელ დღეს ქუჩაში ვატარებთ. ვმღერივართ მიწისქვეშა გადასასვლელებში, ვსვამთ ლუდს. მე მყავს ძალიან ჭკვიანი მეგობრები, რომლებისგანაც ვიგებ ძალიან ბევრს. ხანდახან სახლში არც მივდივართ და გარეთ გვძინავს. მაგარი „მუღამი“ აქვს ბოთლების მტვრევას.
– რაიმე ნიშანი თუ გაქვს სხეულზე, თუნდაც ტატუ, რომლითაც გამოხატავ შენს პროტესტს?
– სამი ტატუ მაქვს: ფეხზე მაქვს წარწერა „panks not dead” ანუ, „პანკები არ კვდებიან“; მეორე ტატუ მაქვს ხელზე. ობობის ქსელია გამოსახული მთელ მკლავზე, რომელიც ჯერ დამთავრებული არ არის; მესამეც მაქვს კიდევ სადღაც, არ დავასახელებ (იცინის).
– ნინია, შენი აზრით, ვის ან რის მიმართ გამოხატავენ პანკები აგრესიას?
ნინია: მგონი, ეს მათ თვითონაც არ იციან. მით უმეტეს, დღევანდელი პანკები რისთვის არიან საჭირონი, ამას ვერ ვხვდები. თუ მოგწონს პანკ-მუსიკა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ ქუჩაში უნდა იყო და არავის აზრი არ გაითვალისწინო. თუ პანკი ევროპაში ან ამერიკაში 50-იან 60-იან წლებში იყო, ჩვენთან 90-იან წლებში გამოჩნდნენ, მაგრამ დღეს 2010 წელია და ამის არანაირი საჭიროება აღარ არის. საქართველოში ხომ ყველაფერი ცოტა გვიან ხდება.
ბილი: გვიანი არასდროს არაფერი არ არის და ჩვენ ყოველთვის იმას გავაკეთებთ, რაც მოგვწონს, არავის აზრს არ გავითვალისწინებთ. ვისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ, იდიოტურად ჩაცმული ტრაფარეტული ადამიანების, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ტელევიზორში რაღაც ნახონ, რომ მერე იგივე გაიმეორონ?! ჩვენ ჩვენი აზრი გაგვაჩნია და სხვას არასდროს ვბაძავთ. ჩვენ უკომპლექსო ადამიანები ვართ: თუ გვინდა, ქუჩაში შიშვლები გამოვალთ და ვიმღერებთ ან ვიცეკვებთ. ჩვენ ჩვენს გემოზე ვცხოვრობთ, ვცდილობთ, ამ ხალხს დავანახვოთ, რომ შეუძლიათ, მოიქცნენ სხვანაირად, ჩაიცვან სხვისგან განსხვავებულად. ძალიან მომწონს, ქუჩაში თვალს რომ მაყოლებენ.
ნინია: თქვენს გემოზე რომ ცხოვრობთ, ამას შენი ვარცხნილობიდან გამომდინარეც ვხვდები (იცინის).
ბილი: ეს ვარცხნილობა მე და ჩემმა მეგობარმა ერთად გავიკეთეთ. ამას ჰქვია „იროკეზი“, ოღონდ, ჩემს მეგობარს შუაში თმა წითლის მაგივრად მწვანედ აქვს შეღებილი – თუნდაც ეს არის ჩვენი პროტესტი. ქუჩაში რომ გახვალ, ყველას ერთნაირი ვარცხნილობა აქვს, მე ეს არ მომწონს და ამიტომ მაქვს „იროკეზი“, ანუ გვერდებში აპარსული და შუაში წითლად შეღებილი თმა. ჩემი ეს ვარცხნილობა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ, მე არავისი აზრი არ მაინტერესებს, მე ვარ ჩემი თავის შემოქმედი.
– საერთოდ, რამის კომპლექსი, გაქვს?
– მე ვარ თავისუფალი ადამიანი და არაფრის კომპლექსი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ დედამიწა ჩემი და ჩემი მეგობრებისაა. ერთადერთი, რაც მინდა, – აქედან წასვლაა. სიამოვნებით მოვივლიდი მთელ მსოფლიოს მეგობრებთან ერთად. გზაში მაგრად გავერთობოდით, ვიგიჟებდით.
ნინია: ჩემი აზრით, პანკებს აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი. თითქოს თავისუფალი ადამიანები არიან, მაგრამ ამ დროს უამრავი კომპლექსი აქვთ. ისინი ვერ გარკვეულან, რა უნდათ, მნიშვნელობა არ აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭი. მე, მაგალითად, პანკ გოგოსა და ბიჭს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ. ისინი უსქესო ადამიანები არიან.
– ბილი, ცხოვრებაში ყველაზე გიჟური რა გაგიკეთებიათ შენ და შენს მეგობრებს?
ბილი: რასაც ვაკეთებთ ყველაფერი გიჟურია, ოღონდ, თქვენთვის, თორემ, ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი საქციელია. მაგალითად, ძალიან გვიყვარს ნაგვის ურნებით „კატაობა“, მთავარია, დაღმართი იყოს. ბევრჯერ მომიტეხია ხელი ამ „კატაობის“ შედეგად, მაგრამ მაინც მიყვარს.
– შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული მყავდა, მაგრამ ეხლახანს დავშორდით. მართალია, მე კიდე მიყვარს, მაგრამ, არ შევურიგდები. ვერ ვიტან „ძერსკი“ გოგოებს, ამ ბოლო დროს კი თითქოს ეგეთობას „აწვებოდა“. ჩემს შეყვარებულს იგივე იდეოლოგია უნდა ჰქონდეს, რაც მე მაქვს.
– ცხოვრებაში რაიმე მიზანი გაქვს?
– ჩემი მიზანია საქართველოდან წასვლა. საზღვარგარეთ მეტი თავისუფლებაა. აქ ხალხი მზღუდავს. იქ არავის აინტერესებ, ვინ ხარ, რას აკეთებ. ჩვენთან კი ყველას სულში უძვრებიან. მე ჩემი ცხოვრების სტილი მომწონს და არავის საქმე არ არის, როგორ ვიცხოვრებ. ქართველები საერთოდ ძალიან კომპლექსიანები არიან.