რატომ იჩქმეტდა ხელებს პრეზიდენტთან შეხვედრისას მარია სარჩიმელია და სად გაერთო კარგად მარი ბუჩუკური
ორივე – მარია სარჩიმელია და მარი ბუჩუკური, მოდელები არიან და გარდა ჩვენებებისა, სხვადასხვა პროექტებშიც იღებენ მონაწილეობას. ახლახან ისინი „კომედი შოუშიც“ მონაწილეობდნენ და საქართველოს პრეზიდენტთან ჩამოსული რუსი ჟურნალისტები განასახიერეს.
მარია: „კომედი შოუს“ ბიჭებთან ჩემი პირველი ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ „ფარული კამერის“ დროს. რაღაც სიუჟეტს იღებდნენ და მეც მოვხვდი რამდენჯერმე, მას შემდეგ მაქვს ურთიერთობა მათთან.
მარი: მე „ვა-ბანკიდან“ მოვხვდი იქ. განსხვავებული სფეროა და ძალიან საინტერესო. ბიჭები ძალიან მხიარულები არიან და კარგად ვერთობით.
მარია: თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, მერე – აღარ. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ჩაწერის დროს არ გაგეცინოს. რამდენჯერაც რეპეტიცია გავიარეთ, იმდენჯერ სიცილისგან ვტიროდით.
მარი: თან, გვაფრთხილებდნენ, არ გაიცინოთ, თორემ ჩვენც გავიცინებთო და როგორია, არ გაიცინო?! ბიჭები ყველანაირად გვეხმარებოდნენ, რომ არ გვენერვიულა.
– ალბათ, იცოდით პრეზიდენტისა და რუსი ჟურნალისტების შეხვედრის შესახებ?
– სხვათა შორის, აზრზე არ ვიყავით, რაზე მივდიოდით. გვკითხეს – ნანახი გაქვთო, მაგრამ არ გვქონდა ნანახი.
მარია: უბრალოდ, დაგვირეკეს და გვკითხეს, ზუსტად ასეთი რამ უნდა გადავიღოთ და, თუ ნახეთო. სამწუხაროდ, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, ამიტომ რეპეტიციის წინ აგვიხსნეს.
მარი: პირველი, რაც გვკითხეს, ეს იყო, რუსული ხომ იცით კარგადო და კიდევ ისეთი გოგონები უნდოდათ, რომლებსაც ქერა თმა ექნებოდათ.
– მოგეწონათ პრეზიდენტი და მასთან ურთიერთობა?
– ფანტასტიკური იყო მასთან ურთიერთობა.
მარია: ისეთი კარგი პრეზიდენტი გვყავს, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან კარგი იყო. ჟურნალისტის როლში ყოფნაც ძალიან მომეწონა. ყველაზე მეტად იმაზე გვეცინებოდა, კაკალს რომ ტეხდა. ძლივს ვიკავებდით სიცილს, თითებს ვიჩქმეტდი, რომ არ გამცინებოდა.
– კომფორტულად გრძნობდი თავს პუტინისფოტოიან მაისურში?
– ვიცოდი, რომ ულვაშებს მომახატავდნენ, ამიტომ მშვიდად ვიყავი.
მარი: პრეზიდენტიც და მისი რჩეულიც ძალიან კარგი და საყვარელი, სასაცილო ხალხია, უნდა უყურო და იცინო.
– ყველაზე რთული პრეზიდენტთან განშორება იყო... ისეთი სახეები გქონდათ.
– ტრაპზე რომ ავდიოდით, მეგონა, ყველაფერი რეალურად ხდებოდა და გული მწყდებოდა – როლში შევიჭერი.
მარია: თვითმფრინავის კიბეზე რომ ავდივარ, ყოველთვის მწყდება გული. საქართველოდან წასვლის გამო, ყოველთვის სევდით ავდივარ ტრაპზე. ახლაც ასე დამემართა, თუმცა, ვიცოდი, რომ ტყუილად ავდიოდი.
– მიშა სააკაშვილს შეხვედრიხართ?
მარი: არასდროს.
მარია: მე „მის საქართველოზე“ შევხვდი, მონაწილეებთან მოვიდა, მოგვილოცა. პირადად არ შევხვედრივარ.
– ორივემ შეიცვალეთ თმის ფერი, ეს შინაგან განწყობაზე იყო დამოკიდებული, თუ პროფესიისთვის გჭირდებოდათ?
მარი: თმის ფერის შეცვლა ჩემზე არ იყო დამოკიდებული, იმ პროექტის ორგანიზატორებმა, სადაც ამჟამად ვარ, გადაწყვიტეს, ჩემთვის თმა გადაეღებათ. თანაც, მეც მინდოდა. როცა საქმეს სჭირდება, შეიძლება, მწვანედაც გადავიღებო. ვერ ვიტყვი, რომ განწყობაზე ძალიან იმოქმედა, ისევ ისეთი დავრჩი. მახსოვს, ახალი წელი იყო და მაშინ ვითამაშე უკრაინელის როლი. ძალიან კარგად გავერთე. ისეთი სასაცილო იყო, ჩემთვის ვერთობოდი და გულში დავცინოდი მათ, თან ძლივს ლაპარაკობდნენ, რომ რამე გაეგებინებინათ.
მარია: ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ქერა გოგონები. ბევრს ვფიქრობდი თმის შეღებვაზე. ჩინეთში ვიყავი, იქ შემომთავაზეს თმის ფერის შეცვლა და მეც გადავწყვიტე. ისე, საქართველოში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდა, რატომ შევიღებე? ვის გამო? რის გამო? არადა, არავის გამო არ შემიღებავს. რაც თმა ქერად შევიღებე, ვინც არ მიცნობს, ძირითადად, ინგლისურად ან რუსულად მიწყებს ლაპარაკს. ჰგონიათ, რომ არ მესმის ქართული საუბარი, მე კი ვუსმენ და ჩემთვის ვიცინი.
მარი: ადამიანებს ბეზრდებათ ერთფეროვნება და კარგია, როდესაც საკუთარ გარეგნობაში რაღაცას ცვლი.
მარია: ჩინეთიდან რომ მოწვევა მომივიდა, იქ ეწერა, სასიამოვნო იქნებოდა, ქერა ყოფილიყავიო. სხვათა შორის, თმის შეღებვამ ჩემს ხასიათზეც იმოქმედა. ადრეც არ ვუჩიოდი უყურადღებობას, მაგრამ ახლა უფრო მეტ ყურადღებას მაქცევენ.
მარი: საქართველოში უმეტესობა შავგვრემანია, ბუნებრივი ქერა ცოტაა. ამიტომ, როდესაც ქერა თმა გაქვს, განსხვავებული ხარ – უკრაინელის ასოციაციას ტოვებ. ამიტომ, უფრო მეტ ყურადღებას გაქცევენ.
მარია: ხომ ამბობენ, ლამაზი ქალი მაინცდამაინც შტერი უნდა იყოსო, ქერა – მით უმეტესო. მაგრამ ეს ასე არ არის.
მარი: მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, კატეგორიულად არ ვეთანხმები. ასე ვისაც უთქვამს, კარგად გამომილანძღავს.
– ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცების მიმართ მოთხოვნები, გემოვნება გეცვლებათ?
– როცა ასაკი გემატება, უფრო ბევრ რამეზე ფიქრობ, სულ სხვა მოთხოვნები გაქვს. ადრე სხვანაირი მამაკაცები მომწონდა, ახლა – სხვანაირი. მამაკაცი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს განათლებული, რომ შევძლო მასთან დალაპარაკება – სერიოზული, ჭკვიანი, მშვიდი. უფრო იდეალური, ჰარმონიული ურთიერთობა მიყვარს ადამიანთან, ყველაფერში რომ ვუგებ, მიგებს, მეხმარება. ისე მოვიქცევი, რომ არ დასჭირდეს შეზღუდვების დაწესება. მაგრამ, თუ მაინც ექნება რაღაც პრობლემა, მაშინ ჩემ გვერდით ვერ იქნება. მან ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ და მეც ისეთს მივიღებ, როგორიც არის. არ დავუწესებ შეზღუდვებს. მამაკაცი არ უნდა შეზღუდო. რაც უფრო ზღუდავ მამაკაცს, მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებ მას და ისინიც გარბიან. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, მამაკაცი ვერ მომხიბლავს ლამაზი სიტყვებით.
მარია: როდესაც პატარა ხარ, ერთ ლამაზ სიტყვას გეტყვიან, ყვავილს გაჩუქებენ, და შენც ცაში დაფრინავ, ბედნიერი ხარ. მაგრამ დროთა განმავლობაში, სხვანაირად უყურებ, როგორც მამაკაცს, ასევე ცხოვრებასაც. რაც შეეხება მამაკაცს, სერიოზული უნდა იყოს და ჭკვიანი. არა მხოლოდ მამაკაცთან, არამედ მეგობართანაც ვერ ვიქნები მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი თოჯინა ვარ. ძალიან ჭკვიანი გოგონები ვართ ორივენი. შორიდან ვინც გვიყურებს, შეიძლება, მართლა ფიქრობს, ლამაზი გოგონაა, თოჯინა, მაგრამ ახლო წრეში ყველა გვიცნობს, როგორც პიროვნებებს. მამაკაცმა ჩვენი შინაგანი სამყარო უნდა დაინახოს, თორემ რამდენიმე წლის მერე ასეთები აღარ ვიქნებით. ეს დროებითია. ურთიერთობის ბოლოს მხოლოდ ორი ადამიანი რჩება და მათ შორის თუ მხოლოდ გარეგნობაა მნიშვნელოვანი, მაშინ არაფერი გამოვა.
– ყველა გოგონა ფიქრობს ოჯახზე, შვილებზე. როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი მეუღლის, დედის ამპლუაში?
მარი: ამაზე ხშირად მიფიქრია, ალბათ, ქმრისთვის საყვარელი მეუღლე ვიქნები. ჩემს დაქალებს სულ ეგონათ, რომ პირველი მე გავთხოვდებოდი, მაგრამ ისინი გათხოვდნენ.
მარია: იმედია, კარგი დედა და მეუღლე ვიქნები, თუმცა სახლში ფუსფუსი ცოტა შორს არის ჩემგან. ჩემი მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სკოლის დამთავრებამდე არ მოვიცდიდი და ისე გავთხოვდებოდი. სკოლაში რომ მივდიოდი, დედიკო მეუბნებოდა, რამეს თუ დააპირებ, მე მითხარიო. მე გაოცებული ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი, რა უნდა დამეპირებინა. ფაქტია, არაფერი დამიპირებია და ახლა უკვე საკითხს სერიოზულად უყურებენ. მეკითხებიან, რატომ არ თხოვდებიო.