რატომ მოენატრა მილანში ქართველი ბიჭები მარიტა ჯანაშიას და რას უყურებდა ის გაშტერებული და სუნთქვაშეკრული
მშვენიერი და საოცრად საყვარელი მარიტა ჯანაშია ახლახან მილანში იმყოფებოდა და სამოდელო სააგენტო „ვან მოდელსთან“ თანამშრომლობდა. მან წელს თეატრალურ უნივერსიტეტშიც ჩააბარა, სამსახიობო ფაკულტეტზე და სერიოზულად აპირებს ამ პროფესიის დაუფლებას. მომავალში კი, მაგისტრატურაში გააგრძელებს სწავლას, ოღონდ სხვა კუთხით.
მარიტა: სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი – ფრანკო საქართველოში იყო ჩამოსული და მან გადაწყვიტა რამდენიმე გოგონას წაყვანა მილანში. მათ შორის ვიყავი მეც. სამი გოგონა აგვირჩიეს: მე, თეონა და ნელი. ძალიან გამიხარდა, სამივე რომ მივდიოდით. უფრო მარტივად იქნებოდა ყველაფერი და კარგ დროსაც გავატარებდით. რაღაც მიზეზების გამო, მე ცოტა მოგვიანებით გავემგზავრე მილანში, გოგონები კი უფრო ადრე ჩავიდნენ. ამიტომ, მაინც მარტო მომიწია წასვლა. თვითმფრინავის აფრენის დროს, გრუხუნივით ხმა რომ ისმის, მე თვალებს ვხუჭავ, საკუთარ თავს ჩავაგონებ, რომ მძინავს. აფრენისაც მეშინია, ფრენისაც და დაჯდომისაც. ვიცი, რომ ქვევით არაფერზე დგას და შიშისგან ვკვდები. მოკლედ, მშვიდობიანად ჩავფრინდი მილანში. ძალიან გამიხარდა, სახლში რომ შევედი და გოგონები დამხვდნენ. შენიანი რომ გელოდება, მაინც, სულ სხვაა. მეორე დღეს წავედი სააგენტოში და როგორც კი დამინახეს, მაშინვე მითხრეს, იქნებ, თმა მოკლედ შეიჭრაო. არ შემიჭრია, ძლივს გავიზარდე, უბრალოდ, ოდნავ გამიმუქეს. ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით, ძალიან კარგად ვერთობოდით, ერთი ამბავი გვქონდა. რაც იქ ვიყავი, ძალიან მენატრებოდა აჯიკა, ბოლოსკენ – შემწვარი ქათამი, თეონას – ტყემალი, ნელის კი – ხინკალი. ბოლო დროს დილის 6 საათზე ვდგებოდით და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, ნეტავ, დაგვაძინაო. დამლაგებელმა ჭკუიდან გადამიყვანა. ორ დღეში ერთხელ მოდიოდა და ნაგავს გვიყრიდა. კვირაში ერთხელ ყველაფერს გვილაგებდა, გვიყრიდა. ერთ დღეს თეონამ სოკო იყიდა, ჩაშუშა, ისეთი სუნი ჰქონდა, ნერწყვები წამოგვივიდა. ქასთინგზე წავედით და რომ მოვედით, სოკო აღარ დაგვხვდა. ჯერ ვიფიქრეთ, სახლში მოჩვენებები ხომ არ გვყავსო, მაგრამ ისინი სოკოს არ შეჭამდნენ. მერე, კატამ ხომ არ მოიპარაო, მაგრამ კატა არ გვყავდა. ბოლოს ნაგავში ვიპოვეთ, დამლაგებელს გადაუყრია, დარჩა თეონა მშიერი. მე რა დამემართა?! ბოლო ფული რომ გაქვს გადათვლილი, უნდა იმყოფინო, სანამ ჯიბის ფულს მოგცემენ. ვიყიდე რძე, ვიფიქრე, რძეში რამეს გავიკეთებ-მეთქი, მაგრამ აღარ დამხვდა. სამი შემთხვევა მქონდა ასეთი და სამჯერვე გადამიღვარა.
– ალბათ, ხშირად დადიოდი ქასთინგებზე, გქონდა სხვადასხვა სამუშაო...
– ძალიან დატვირთული არ ვიყავი, თუმცა მქონდა სამუშაოები. მილანში ყველას ძალიან პატარა ვეგონე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა გამიშვა სიგარეტის საყიდლად. საერთოდ, სიგარეტის მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს და პროტესტი გამოვუცხადე. თუმცა, მაინც წავედი საყიდლად. გამყიდველს ვეუბნები, სიგარეტი მომეცით-მეთქი, რამდენი წლის ხარო, მკითხა. 18 წლის-მეთქი. არ ხარ 18-ის, 15-ის ხარ. მაჩვენე პასპორტიო. არადა, თან არც პასპორტი მქონდა და არც პირადობის მოწმობა. დარჩა ჩემი მეგობარი სიგარეტის გარეშე. ანუ, გარეგნობით ყველას პატარა ვგონივარ, იქ კი უფრო სექსუალური, შევსებული გოგონები სჭირდებოდათ, ვიდრე სახასიათო ტიპაჟი, თუმცა იყო სამუშაო, სადაც სჭირდებოდათ ჩემნაირი გოგონებიც. მილანში ქართველი გოგონები კლიენტების მხრიდან დიდ მოწონებას ვიმსახურებდით. სამივე განსხვავებულები ვიყავით და ყოველთვის ამას აღნიშნავდნენ. თეონას უფრო ქალური სტილის გადაღებები ჰქონდა, მე – სახასიათო. რამდენიმე ჩვენება მქონდა „შანელის“ სტილში – ასე ერქვა ჩვენებას. ნელი ღია ფერებშია, ნაზია და უფრო ასეთი სტილის გადაღებებისთვის მოსწონდათ. სამწუხაროდ, „მილანის ფეშენ-ვიქს“ ვერ ჩავუსწარით. რომ ჩავედით, მაშინ დაიწყო. ძალიან ბევრ ქასთინგზე ვიყავი. საქართველოში ჭორი გავრცელდა, რომ მე „არმანის“ სახე გავხდი. „ფეშენ-ვიქის“ მერე „არმანის“ სამოდელო სახლში გაკეთდა წარდგენითი ჩვენება, რომელიც მე გავხსენი. შემდეგ მიდიოდა მოლაპარაკება, გადავეღე თუ არ გადავეღე. ძალიან ბევრი კონკურენტი გოგონა მყავდა, ბოლოს რამდენიმე აგვირჩიეს. თუმცა, „არმანის“ წარმომადგენელს ძალიან უნდოდა ჩემი გადაღება, მაგრამ ასაკი არ მიწყობდა ხელს. 18 წელს კი მიიჩნევენ სრულწლოვნად, მაგრამ ფოტოები ცოტა გამომწვევი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, მაინც ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. მერე სამოდელო სახლის წარმომადგენელი პარიზში გაემგზავრა და სანამ უკან დაბრუნდებოდა, მე თბილისში წამოვედი. ორი ნაბიჯი დამაკლდა, რომ „არმანის“ სახე გავმხდარიყავი. შანელის ჩვენებაც მქონდა – „ველასი“. ყველას თმა შეჭრეს, მაგრამ მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც არ შეჭრეს, მოეწონათ ჩემი თმა.
– წარმომიდგენია, როგორი რეაქცია გექნებოდა, როდესაც გაიგებდი, რომ „არმანის“ ჩვენებას სწორედ შენ ხსნიდი.
– სააგენტომ არ მითხრა, რომ ჩვენება იყო, უბრალოდ, მომწერეს „არმანის“ სამუშაოაო, მაგრამ სამუშაო შეიძლება მრავალნაირი იყოს. მივედი ადგილზე და რომ წავიკითხე – „არმანის“ შოუ, შოკში ჩავვარდი, ძალიან გამიხარდა. მილანში „არმანის“ სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ისეთი სიმპათიები დავიმსახურე, მითხრა, შენ გამოდი პირველიო. ჯერ ვიფიქრე, როგორც საქართველოში ხდება, ალბათ, დიზაინერის ფავორიტი გახსნის და მერე, ვინც მოჰყვება, ის იქნება პირველი-მეთქი. რეპეტიციაზე დავდექი ჩემთვის, არავინ რომ არ გაიარა, მითხრა, რატომ არ გამოდიხარო. პირველი შენ ხარო, ისე მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ სიცილი არ შეიძლებოდა, ვერაფრით ვიკავებდი და ძალიან ბედნიერი სახე მქონდა. „შანელის“ ჩვენებაც ძალიან საინტერესო იყო. ძველი, 40 წლის წინანდელი კოლექცია აჩვენეს თავიდან. ჯილ სანდერთანაც ვიმუშავე. მთელი მილანი რუსი გოგონებითაა სავსე, ყველგან ისინი არიან – „ბილბორდებზე“, ჩვენებებზე. თან, საკმაოდ კონფლიქტურები არიან, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამუშაო მიიღონ. ჩვენებებზეც ხდებოდა რაღაცეები, მაგრამ მე არ ვაქცევდი ყურადღებას. კიდევ მაქვს შემოთავაზებები. პარიზიდან, ლონდონიდან, ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით სწავლას უნდა მივაქციო ყურადღება. მერე აუცილებლად გავაგრძელებ რომელიმე ქვეყანაში ჩემს კარიერას. მილანში აღარ დავბრუნდები, იქ ამოვწურე უკვე ჩემი თავი, ახლა სხვა ქვეყანაში უნდა ვიპოვო.
– სეიშელებზეც ხომ იპოვე საკუთარი თავი?
– არა. იქ კინაღამ დავიკარგე, კი არ ვიპოვე. დიდი სიამოვნებით დავკარგავდი კიდევ თავს და ანა კოვაჩსაც.
– როგორც ვიცი, მილანში ანუკა არეშიძე და ბიჭოლა ნახე.
– ერთ დღეს ანუკამ „ფეისბუქზე“ დამიწერა, შენთვის სიურპრიზი მაქვსო და მეორე დღეს დამირეკა, ვიღაც უნდა განახოო. ვერაფრით მივხვდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. შევხვდი და უცებ ბიჭოლა არ დავინახე, ისეთი ყვირილი ავტეხე. ძალიან გამიხარდა, ამხელა იტალიაში ორი ქართველი რომ ვნახე, თავი საქართველოში მეგონა. გავისეირნეთ, ნაყინი ვჭამეთ, ბიჭოლამ ერთი ცალი მთლიანად შეჭამა, მე და ანუკა ვერ მოვერიეთ.
– როგორი შთაბეჭდილება დატოვა შენზე მილანმა?
– დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, ძალიან მომეწონა, მაგრამ ხალხი ქართველებზე უარესია, ფიცხები. იმდენი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი დადის. დაინახავ ბიჭს, მოგეწონება, გაეპრანჭები, მაგრამ სულ არ აინტერესებს. 25 კილოგრამს იწონიდა ჩემი ჩანთა, მხრები დამატყდა და ტაქსის მძღოლი არც კი მომეხმარა. ჩემი პატარა, მელნისფერი ჩანთა მომქონდა. იმ მომენტში ქართველი ბიჭები და საქართველო მომენატრა. მეტროში არ დაგითმობენ ადგილს, ნელი მათ „სუსტ სქესს“ ეძახდა. ერთი-ორჯერ თავზე გადამიარეს, ფეხსაცმელზე სულ ნაფეხურები მქონდა. ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც ქასთინგზე მივდიოდი და უდიდესი ტაძარი დავინახე. სუნთქვა შემეკრა, გაშტერებული ვუყურებდი. „საიდუმლო სერობის“ ნახვა მინდოდა და ვერ ვნახე. ძალიან დამწყდა გული და ხინჯად დამრჩა.
– ჯიბის ფულს რის მიხედვით გაძლევდნენ?
– კვირაში ერთხელ გვაძლევდნენ გარკვეულ თანხას, რომელიც გადაადგილებასა და ჭამაში უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მყოფნიდა. ფეხსაცმელი ჩემი სუსტი წერტილია. შემიძლია, საჭმელი მოვიკლო და ფეხსაცმელი ვიყიდო. ამიტომაც იყო რძის იმედზე რომ ვიყავი ხოლმე.