ვის შეუძლიათ მიაწყდნენ „სეზონის“ ბიჭებზე გადარეული გოგონები და რატომ ცხოვრობდნენ ისინი მთავრობის სახლის სახურავზე
ძალიან გამიმართლა, რადგან ამ ფილმის პრემიერაზე ნახვა მოვახერხე. მართალია, „სეზონის” ანონსებიდან და სარეკლამო რგოლებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი მოლოდინი მქონდა ფილმთან დაკავშირებით, მაგრამ, თუ შეიძლებოდა, მსგავსი კადრები, ასეთი მაღალი ხარისხი ქართულ კინოში მენახა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ყველამ უნდა ნახოს, თუნდაც ერთი მიზნით – თავად შეაფასოს, როგორ განვითარდა ქართული ფილმი. კინოში მისულებს კი სხვა ბევრი სიამოვნებაც გელოდებათ. რატი ბაქრაძე და რეზი გოგეშვილი „სეზონის” მთავარი როლების შემსრულებლები არიან.
რატი ბაქრაძე: პროფესიით რეჟისორი ვარ, რეკლამებს ვიღებ. „სეზონის” რეჟისორი, დათო ბორჩხაძე, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, „თბილისურ ლავ სთორიში” მასთან ეპოზოდურ როლში ვითამაშე. ერთხელაც, ჩემთან აგარაკზე იყო და მითხრა, ძალიან მაგარი სცენარი მაქვს, მაგარ პროექტს ვიწყებთო. ზედაპირულად მომიყვა რაღაცეები და შემომთავაზა, იქნებ, მონაწილეობა მიიღო ქასთინგშიო. შინაარსი იმდენად მომეწონა, რომ ქასთინგზე მივედი. არანაირი კონკრეტული წარმოდგენა იმაზე, თუ რა უნდა მეთამაშა ან, რა გამოვიდოდა საბოლოოდ ამისგან, არ ვიცოდი. უფრო, როგორც რეჟისორს, მაინტერესებდა, როგორ შევითავსებდი მსახიობის ამპლუასაც. ქასთინგის შემდეგ მითხრეს, დაგამტკიცეთო და ძალიან გამიხარდა.
– რეზი, შენ რას აკეთებდი „სეზონამდე”?
რეზი გოგეშვილი: რატისგან განსხვავებით, კინოსთან, კამერასთან საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – „გაუ” დავამთავრე ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით. ჩემმა მეგობარმა, თეზი გობეჩიამ, რომელიც ამ ფილმზე მუშაობდა, დამირეკა და მითხრა, იქნებ, მოხვიდე ქასთინგზეო. ვიცოდი, რომ არაცნობილ სახეებს ეძებდნენ. მივედი, პატარა სცენა გავიარეთ, დამირეკეს და მითხრეს, დაგამტკიცეთო. შარშან 10 სექტემბერს დავიწყეთ გადაღება.
– ფილმზეც მოგვიყევით ცოტა, რა ხდება?
რატი: ოთხი ბიჭის ამბავია, რომლებიც უცებ, სპონტანურად გადაწყვეტენ ბათუმში ჩასვლას. წინა ღამით ვერთობით, ვსვამთ, დილით კი „პახმელიაზე” ვიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ქალაქში საერთოდ არავინაა. თავიდან ამ ამბით გადასარევად ვერთობით. ყველაფერი რომ შენს ხელშია – მთელი ბათუმი, ყველა მაღაზია თუ კლუბი, სასტუმრო თუ აუზი, მაგრად გაერთობი, რა თქმა უნდა.
– რატი როგორ მოიქცევა, მარტო რომ დარჩეს ქალაქში?
– ან იმავეს გავაკეთებ, ან – ცოტა უარესს. მართლა ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეიძლებოდა მოგეფიქრებინა, გადავდგით იქაურობა.
რეზი: მერე ეს ყველაფერი მოგვბეზრდება და თბილისში წამოსვლას გადავწყვეტთ, მაგრამ, აღმოჩნდება, რომ უკან ვერ ვბრუნდებით. აქედან იწყება მეორე ისტორია, რომელიც ყველაზე საინტერესოა. რა ხდება მერე, ამას აღარ მოგიყვებით.
– გავიგე, რომ გადაღებებისთვის მთელი ბათუმი გადაკეტეთ და დააცარიელეთ?
რატი: ეს იყო ყველაზე საინტერესო ამბავი. ქუჩების გადაკეტვაში ყველა ვიღებდით მონაწილეობას: მსახიობები, ცოლები, შეყვარებულები, ნათესავები. მოსახლეობაც დაგვიდგა გვერდში...
რეზი: თვითონ გამოჰყავდათ სახლის წინ მანქანები და კეტავდნენ ქუჩებს, ოღონდ გადაგვეღო და წავსულიყავით იქიდან – უნდოდათ, თავიდან მოვეშორებინეთ. ერთი ათი დღის შემდეგ მიხვდნენ, რომ, თუ გვერდით არ დაგვიდგებოდნენ, უფრო და უფრო გაიწელებოდა გადაღებები. წარმოიდგინეთ, მთელი თვის განმავლობაში ყოველდღე ვკეტავდით ცენტრალურ ქუჩებს, სანაპიროს. ყოველ დილით პატრული გვაკითხავდა და ფილმის მხატვარი სადაც იტყოდა – აქ უნდა გადავიღოთო, ლოკაციას სადაც ავირჩევდით, იქ გარშემო ყველაფერს ვკეტავდით.
რატი: ერთხელ, გადაღება იწყებოდა და აღმოჩნდა, რომ ტიპი ზის კაფეში და ყავას სვამს. მთელი გადამღები ჯგუფი ეცა და, ეს ტიპი, თავისი ყავის ჭიქიანად ისეთი სისწრაფით, გაიყვანეს გადასაღები მოედნიდან, აზრზეც ვერ მოვიდა.
რეზი: იყო ისეთი ქუჩებიც, რომლებსაც თერთმეტი კვეთა ჰქონდა და ასეთი ადგილების გადაკეტვა ძალიან რთული იყო.
რატი: ლევან ვარშალომიძე დაგვეხმარა ძალიან. ის რომ არა, ალბათ, გადაღებას ვერც მოვახერხებდით. პატრულებიც გვერდში დაგვიდგნენ.
რეზი: გადაღება გვქონდა აჭარის მთავრობის სახლის თავზე. წარმოიდგინეთ, ჩვენ ხუთი დღე სახურავზე ვცხოვრობდით, ქვემოთ კი სხდომები მიმდინარეობდა. სხდომის პერიოდში ამდენი ხალხი შევიდოდით, ავიდოდით სახურავზე, იქ ვიღებდით და თან კარვებში ვცხოვრობდით.
– ვიცი, რომ გადაღებები ხშირად იმპროვიზებულად მიმდინარეობდა. არ გაგიჭირდათ?
რატი: თავიდან მართლა მაგრად გაგვიჭირდა. პირველი სცენა მე და რეზის გვქონდა და საშინლად დავიძაბეთ. თვალები კამერისკენ გაგვირბოდა და ძალიან ბევრ შენიშვნას ვიღებდით. მაგრამ, მალე მივეჩვიეთ და მერე უკვე იმპროვიზაციებსაც მივმართავდით.
რეზი: „მეტრო ფილმში” სულ ახალგაზრდები მუშაობენ, საერთოდ, ამ პროექტში 27 წელზე ზემოთ არავის უმუშავია და, ალბათ, ამიტომ იყო, რომ ტექსტებში თავისუფლება მოგვცეს. იყო შეფასებები, რეპლიკები, წინადადებები, რომლებსაც 20-22 წლის ბიჭი არ იტყვის. რეჟისორმა გვითხრა, გაიგეთ შინაარსი და, თქვენ როგორც იტყოდით, ისე თქვითო.
რატი: ბევრჯერ ყოფილა, რომ ყველანი ერთად დავმსხდარვართ და უცებ გადაგვიკეთებია სცენა, გადაღებამდე ათი წუთით ადრე. საერთოდ, ყველაფერი ისე სწრაფად და დინამიკურად მიმდინარეობდა, რომ სულ პატარა ჩავარდნაც კი არ გვქონია. მხოლოდ სამი დღე ჩაგვივარდა, რადგან, ისეთი წვიმა იყო, სასტუმროდან ვერ გამოვედით. მთელი სულითა და გულით ვმუშაობდით. იყო დღეები, როდესაც სრული ოცდაოთხი საათი ვმუშაობდით, შესვენების გარეშე. საბოლოოდ, მივიღეთ უმაგრესი ფილმი, ძალიან მაღალი ხარისხის.
– პირადად თქვენს ცხოვრებაში რა ხდება? დარწმუნებული ვარ, ფილმის ნახვის შემდეგ ძალიან ბევრი გოგონას სიმპათიის ობიექტები გახდებით.
– მყავს ცოლი და 4 წლის შვილი. ბევრი წლის წინ, როცა სარეჟისოროზე ჩავაბარე, გადავწყვიტე ფილმის გადაღება. სცენარი მქონდა დაწერილი – „მწვანე ჭიქა”. ვიყიდე სამოყვარულო კამერა და დავიწყე „მწვანე ჭიქის” გადაღება. ერთ ჩემს მეგობარს ვიღებდი და მასთან ერთად მოვიდა სალომე, ჩემი მომავალი მეუღლე. გაცნობიდან სადღაც ხუთ თვეში მოვიყვანე ცოლად.
რეზი: მე ცოლი არ მყავს, მაგრამ, ძალიან ბევრი წელია, შეყვარებული ვარ, თუმცა, ჯერჯერობით, დაქორწინებას არ ვაპირებ...
– ანუ, გოგონებს შანსი აღარ აქვთ?
– ჩემთან – არა. ჯეჯის არ ჰყავს შეყვარებული და გოგოებს შეუძლიათ, თამამად მიაწყდნენ. ისე, სიმართლე გითხრათ, ვერც წარმომიდგენია, თუ მსგავსი რამ მოხდება. ჩვენ პრემიერაზე მივიღეთ ის, რასაც ველოდით. ძალიან დიდი შრომა, ენერგია და რესურსები ჩავდეთ და შემდეგ კარგი კინო მივიღეთ. ანუ, რასაც ველოდით იმაზე კარგი გამოვიდა. ძალიან ბევრი კარგი შეფასება გამოითქვა და ამან გაგვახარა.
– არ გაქვთ თამაშის დეფიციტი?
– თავიდან უფრო ცუდად ვიყავი. მართალია, საშინლად ვიღლებოდით, მაგრამ გადაღებების გარეშე ვეღარ მივხვდით, რა უნდა გვეკეთებინა.
რატი: რაღაც სცენარები არსებობს და მინდა ფილმის გადაღება. ვნახოთ, რა გამოვა.